გლობალური სახელები, ახალი იდეები და განსხვავებული გამოცდილება – The Chapter საქართველოში იწყება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოში ახალი კონცეფციის ბიზნესნეთვორქინგისა და გამოცდილების გაზიარების პლატფორმა The Chapter იწყებს საქმიანობას. პროექტის მიზანია, ქვეყანაში საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი სპიკერები, მეწარმეები, ტრენერები და კრეატორები ჩამოიყვანოს და შექმნას სივრცე, სადაც ცოდნის მიღება, პირადი კომუნიკაცია, პრაქტიკული გამოცდილება და ახალი პროფესიული კავშირები ერთიან გამოცდილებად იქცევა.

The Chapter-ის პირველი შეხვედრა, სახელწოდებით The Introduction, 12-13 დეკემბერს, კურორტ "ყვარლის ტბაზე" გაიმართება. ღონისძიების მთავარი სპიკერი იქნება მეწარმე, ინვესტორი და კომპანია Nikolman-ის დამფუძნებელი, ვახო ნიკოლავა.

პროექტის დამფუძნებლის, სტელარ ეიჯენსისა და The Chapter-ის დამფუძნებლის, თამარ ბობოხიძის თქმით, იდეა ქართულ ბაზარზე ისეთი ფორმატის შექმნის სურვილიდან გაჩნდა, რომელიც ტრადიციული ბიზნესკონფერენციისა თუ ფესტივალის ფარგლებს გასცდებოდა.

"პროექტის შექმნის იდეა ჩემი, როგორც მეწარმისა და ღონისძიებების ინდუსტრიაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადამიანის, დაკვირვებიდან გაჩნდა. ქართულ ბაზარზე უკვე არსებობს ბევრი საინტერესო ბიზნესკონფერენცია და ღონისძიება, თუმცა დავინახე სივრცე ისეთი ფორმატისთვის, რომელიც მხოლოდ სპიკერის მოსმენით არ შემოიფარგლებოდა. მინდოდა შეგვექმნა გარემო, სადაც ცოდნა, პირადი კომუნიკაცია, პრაქტიკული გამოცდილება და ცხოვრების სტილი ერთიან გამოცდილებად იქცეოდა".

თამარ ბობოხიძის განმარტებით, პროექტის იდეა მხოლოდ პროფესიული ცოდნის გაზიარებას არ უკავშირდება. მისი მიზანია, მონაწილეებს მისცეს შესაძლებლობა, ყოველდღიურ რუტინას დროებით მოსწყდნენ, გადააფასონ საკუთარი მიზნები და განვითარების ახალი მიმართულებები დაინახონ.

"ყველა წარმატებული კარიერის, ბიზნესისა თუ პირადი ცხოვრების უკან დგას მნიშვნელოვანი გარდატეხის მომენტები – როდესაც უნდა შეჩერდე, გადახედო განვლილ გზას, გააცნობიერო, რა აღარ შეესაბამება შენს მიზნებს და გაბედო ახალი მიმართულების არჩევა. თუმცა, ყოველდღიური რუტინისა და მუდმივი პასუხისმგებლობების ფონზე, იშვიათად ვპოულობთ დროს ამ ყველაფერზე დასაფიქრებლად".

სწორედ ამ შესაძლებლობის შექმნას ისახავს მიზნად პროექტის პირველი შეკრება – ორი დღე ყოველდღიური გარემოსგან მოშორებით, საინტერესო და ამბიციური ადამიანების წრეში, სადაც მონაწილეებს საკუთარი შესაძლებლობების ახლებურად დანახვა და მომდევნო ნაბიჯების გააზრებულად დაგეგმვა შეეძლებათ.

The Chapter-ის კონცეფცია და სამი ძირითადი მიმართულება

The Chapter-ის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მისი მრავალშრიანი ფორმატია. პროექტი სამ ძირითად მიმართულებას გააერთიანებს: ექსკლუზიურ retreat-ის ტიპის გასვლით შეკრებებს, თბილისში დაგეგმილ მასშტაბურ ღონისძიებებსა და ციფრულ პლატფორმას – The Chapter Podcast-ს.

"The Chapter-ის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მისი მრავალშრიანი ფორმატია. ჩვენ არ გვინდა, მონაწილე, უბრალოდ, მოვიდეს ღონისძიებაზე, მოუსმინოს სპიკერს და მეორე დღეს მიღებული ინფორმაცია ყოველდღიურ რუტინაში დაიკარგოს. გვინდა, რომ ეს იყოს გამოცდილება, რომელიც მას რეალურად გაჰყვება".

პირველი მიმართულება 2-3-დღიანი გასვლითი შეკრებებია, რომლებიც მასტერკლასებს, ვორქშოფებს, დისკუსიებს, დახურულ შეხვედრებს, ვახშმებსა და სხვადასხვა სოციალურ აქტივობას მოიცავს. ეს ფორმატი მონაწილეებს მოწვეულ სპიკერებთან და ერთმანეთთან უფრო ახლო, არაფორმალური კომუნიკაციის შესაძლებლობას მისცემს.

მეორე მიმართულება თბილისში დაგეგმილი მასშტაბური keynote ღონისძიებებია, რომლებიც ფართო აუდიტორიისთვის იქნება ხელმისაწვდომი და დაახლოებით 1 500-2 000 ადამიანს გააერთიანებს.

მესამე კომპონენტი The Chapter Podcast-ია, რომლის ფარგლებშიც მოწვეულ სტუმრებთან სიღრმისეული საუბრები ჩაიწერება. პოდკასტის წამყვანს ორგანიზატორები მოგვიანებით დააანონსებენ.

"ჩვენი მიზანია, შევქმნათ არა ერთჯერადი ღონისძიება, არამედ ცოდნისა და ადამიანური კავშირების ეკოსისტემა, რომელიც ღონისძიების დასრულების შემდეგაც განაგრძობს არსებობას. ყველა მორიგი "ჩეფთერი" ერთი დიდი წიგნის ნაწილია და ერთ საერთო მიზანს ემსახურება".

პროექტის წლიური კონცეფცია სწორედ წიგნის სტრუქტურას ეფუძნება. თითოეული ღონისძიება დამოუკიდებელი თავია – Chapter, რომელსაც საკუთარი თემა, ავტორი და კონკრეტული მიმართულება აქვს. 2027 წლიდან ორგანიზატორები შეხვედრების კვარტალში ერთხელ ჩატარებას გეგმავენ.

2027 წლის პროგრამა რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს:

  • Introduction with Vakho Nikolava – პროექტის პირველი შეხვედრა.
  • Chapter 1 – THE BRAND by Chris Do – ბრენდინგი, კრეატიულობა, პოზიციონირება და ბიზნესის ღირებულების შექმნა.
  • Chapter 2 – THE GRAND TOUR by Supercar Blondie – ავტომობილების ინდუსტრია, ინოვაცია, ტექნოლოგიები, მედია და პირადი ბრენდის გლობალური განვითარება.
  • Chapter 3 – THE ENTREPRENEUR – მეწარმეობა, ბიზნესის შექმნა, მასშტაბირება და ლიდერობა.
  • Chapter 4 – THE WEALTH MINDSET – ფინანსური აზროვნება, ინვესტიციები და კაპიტალის მართვა.
  • Chapter 5 - THE OPTIMISED LIFE - პროდუქტიულობა, პიროვნული განვითარება, ჯანმრთელი ცხოვრების წესი და თანამედროვე ადამიანის ეფექტიანობა.

თითოეული მიმართულებისთვის სპიკერების შერჩევისას ორგანიზატორები ყურადღებას ამახვილებენ როგორც საერთაშორისო ცნობადობაზე, ისე რეალურ გამოცდილებასა და კონკრეტული სფეროს განვითარებაში შეტანილ წვლილზე.

"თითოეული თემისთვის ვარჩევთ ადამიანს, რომელსაც არა მხოლოდ საერთაშორისო ცნობადობა, არამედ რეალური გამოცდილება და საკუთარი სფეროს განვითარების მნიშვნელოვანი წვლილი აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სპიკერს შეეძლოს აუდიტორიისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და არა მხოლოდ წარმატების ისტორიის მოყოლა".

2027 წლის პირველი ორი საერთაშორისო სტუმარი უკვე განსაზღვრულია. აპრილში საქართველოში კრის დო (Chris Do) ჩამოვა, რომელიც ბრენდინგის, დიზაინისა და ბიზნესგანვითარების მიმართულებით არის ცნობილი. ივნისში კი პროექტი Supercar Blondie-ს უმასპინძლებს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ცნობადი სახეა ავტომობილების, ციფრული მედიისა და თანამედროვე კონტენტის ინდუსტრიაში.

ამასთან, ორგანიზატორები მომდევნო ღონისძიებებისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებენ ისეთ ცნობილ ფიგურებთან, როგორებიც არიან: საიმონ სინეკი, გარი ვეინერჩუკი, სტივენ ბარტლეტი, ტონი რობინსი და ვიმ ჰოფი.

მონაწილეებისთვის დაგეგმილი პროგრამა ინტერაქტიულ მასტერკლასებს, დისკუსიებსა და პრაქტიკულ ვორქშოფებს მოიცავს. მათ ექნებათ შესაძლებლობა, დასვან კითხვები და უფრო ახლოდან გაეცნონ მოწვეული სტუმრების პროფესიულ გამოცდილებას.

"ჩვენი მიდგომა ეფუძნება იდეას, რომ ყველაზე ღირებული ცოდნა ხშირად პირდაპირი კომუნიკაციის დროს მიიღება".

თამარ ბობოხიძის თქმით, არაფორმალურ კომუნიკაციასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. საერთო ვახშმები, საუზმეები, სოციალური აქტივობები და სპეციალურად დაგეგმილი შეხვედრები მონაწილეებს შორის პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

"მიგვაჩნია, რომ ნეთვორქინგი არ უნდა იყოს მხოლოდ ღონისძიების ერთი გამოყოფილი საათი. ის მთელი გამოცდილების ნაწილი უნდა იყოს".

პროექტის ციფრული მიმართულება კი იმ ადამიანებისთვის იქნება საინტერესო, რომლებიც ღონისძიებებს ფიზიკურად ვერ დაესწრებიან.

"The Chapter არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ იმ ადამიანებით, რომლებიც ფიზიკურად ესწრებიან ღონისძიებებს. გვინდა შევქმნათ ციფრული სივრცე, სადაც პროექტის მთავარი იდეა და მოწვეული სტუმრების გამოცდილება გაცილებით ფართო აუდიტორიისთვის იქნება ხელმისაწვდომი".

პირველი შეხვედრა ყვარელში და მონაწილეებისთვის შეთავაზებული შესაძლებლობები

The Chapter-ის პირველი გასვლითი შეხვედრისთვის ორგანიზატორებმა ყვარელი და კურორტი "ყვარლის ტბა" შეარჩიეს. როგორც თამარ ბობოხიძე აღნიშნავს, ლოკაცია პროექტის კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილია და არა მხოლოდ შეკრების ადგილი.

"ყვარელი და ზოგადად კახეთი The Chapter-ის კონცეფციას ძალიან კარგად ერგება. გვინდოდა ღონისძიების გარემო თავად ყოფილიყო გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილი და არა მხოლოდ ადგილი, სადაც მონაწილეები იკრიბებიან. ამ მხრივ კი "ყვარლის ტბის" რეზორტი თავისი უნიკალური ლოკაციით და კონცეფციით ჩვენი პირველი არჩევანი იყო. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მათი გუნდი იზიარებს ჩვენს ხედვებსა და პროექტ ჩეფთერის დიდ მიზნებს, რაც თანამშრომლობას კიდევ უფრო წარმატებულს ხდის".

ქალაქის ყოველდღიური რიტმისგან მოშორებით, ბუნებაში ყოფნა მონაწილეებს საშუალებას მისცემს, მეტი დრო დაუთმონ საკუთარ თავს, კონცენტრირდნენ ახალ იდეებზე და უფრო თავისუფლად დაამყარონ კომუნიკაცია სხვა სტუმრებთან.

The Chapter-ის ძირითადი აუდიტორია მეწარმეები, ბიზნესის მფლობელები, ტოპმენეჯერები, ინვესტორები, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები და კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები იქნებიან. თუმცა, პროექტი მხოლოდ ბიზნესსაზოგადოებით არ შემოიფარგლება.

"The Chapter განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებიც მუდმივად განვითარებასა და ახალი შესაძლებლობების ძიებაში არიან. ჩვენი ძირითადი აუდიტორიაა მეწარმეები, ბიზნესის მფლობელები, ტოპმენეჯერები, ინვესტორები, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები, კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები და ადამიანები, რომლებიც საკუთარ საქმიანობაში ახალ ეტაპზე გადასვლას გეგმავენ".

მისივე თქმით, განსხვავებული სფეროების წარმომადგენლების გაერთიანება პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია:

"არ გვინდა, პროექტი მხოლოდ ბიზნესის სამყაროთი შემოვფარგლოთ. ჩვენი აზრით, საინტერესო იდეები და მნიშვნელოვანი კავშირები ხშირად სრულიად განსხვავებული სფეროების გადაკვეთაზე ჩნდება".

ექსკლუზიური retreat-ების შემთხვევაში მონაწილეთა რაოდენობა დაახლოებით 200 ადამიანით განისაზღვრება, რაც ორგანიზატორებს საშუალებას მისცემს, შეინარჩუნონ ღონისძიების ხარისხი, ინდივიდუალური მიდგომა და სტუმრებს შორის კომუნიკაციის შესაძლებლობა. თბილისში დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიებები კი გაცილებით ფართო აუდიტორიაზე იქნება გათვლილი.

მონაწილეობის მსურველებს ინდივიდუალური ბილეთების გარდა კორპორაციული შეთავაზებებიც ექნებათ. ეს ფორმატი განკუთვნილია კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ თანამშრომლების წახალისება, გუნდური გამოცდილების შექმნა, პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავება ან მენეჯმენტისთვის განვითარების განსხვავებული შესაძლებლობის შეთავაზება.

"The Chapter-ის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, რომ მონაწილეს შევთავაზოთ სრულყოფილი გამოცდილება და არა მხოლოდ ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა. retreat-ის ფორმატის შემთხვევაში ბილეთი აერთიანებს ღონისძიების ძირითად კომპონენტებს, მათ შორის განთავსებასა და პროგრამით გათვალისწინებულ გამოცდილებებს".

The Introduction-ის მთავარი სპიკერი ვახო ნიკოლავა იქნება. თამარ ბობოხიძის შეფასებით, მისი გამოცდილება და ბიზნესისადმი დამოკიდებულება შეხვედრას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს.

"ბატონი ვახო იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთა გამოცდილების მოსმენა და გააზრება განსაკუთრებულად ღირებულია. მას უკან აქვს მრავალწლიანი პროფესიული გზა, არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, გამოწვევა და წარმატებული გამოცდილება, რომელთა გაზიარებაც დამწყები თუ უკვე ჩამოყალიბებული მეწარმეებისთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო იქნება".

მისი თქმით, პირველი შეხვედრა მხოლოდ სპიკერის მოსმენით არ შემოიფარგლება: მონაწილეები პროექტის განვითარების საწყის ეტაპზევე გახდებიან მისი ნაწილი.

"ამ პირველ შეხვედრას კიდევ ერთი განსაკუთრებული დატვირთვა აქვს: ჩვენ გვინდა, რომ ადამიანები, რომლებიც Introduction-ზე შემოგვიერთდებიან, საკუთარ თავს უბრალოდ პირველ სტუმრებად კი არა, ამ პროექტის შექმნის საწყის ეტაპზე მონაწილე ადამიანებად აღიქვამდნენ".

პირველი შეხვედრის სტუმრები გაეცნობიან The Chapter-ის სამომავლო ხედვას, 2027 წლის გეგმებს, მომდევნო ღონისძიებების კონცეფციებსა და საერთაშორისო სტუმრებს. მათთვის ასევე გათვალისწინებულია ექსკლუზიური შესაძლებლობები მომავალ ღონისძიებებზე – ბილეთებზე პრიორიტეტული წვდომა, სპეციალური პირობები და დახურულ შეხვედრებში მონაწილეობა.

"შეიძლება ითქვას, რომ Chapter-ის მონაწილეები გახდებიან ჩვენი დამფუძნებელი საზოგადოების წევრები – ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ დაესწრნენ პირველ ღონისძიებას, არამედ თავიდანვე ირწმუნეს იდეა და მის განვითარებასთან ერთად თავადაც გაიზრდებიან".

საქართველოდან საერთაშორისო ბაზრისკენ

The Chapter-ის გრძელვადიანი ხედვა საქართველოს ფარგლებს გარეთ გაფართოებასა და საერთაშორისო მასშტაბის ბრენდად ჩამოყალიბებას უკავშირდება. პირველ ეტაპზე პროექტის გუნდის ფოკუსი ადგილობრივ ბაზარზეა: საქართველოში საერთაშორისო დონის სპიკერების ჩამოყვანა, მაღალი ხარისხის ღონისძიებების სტანდარტის შექმნა და ქვეყნის ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად საინტერესო მიმართულებად პოზიციონირება.

თამარ ბობოხიძის თქმით, შემდეგი ეტაპი რეგიონულ და საერთაშორისო გაფართოებას ითვალისწინებს:

"შემდეგი ეტაპი რეგიონული და საერთაშორისო გაფართოებაა. გვინდა, The Chapter-ის ფორმატი ეტაპობრივად გავიტანოთ საქართველოს ფარგლებს გარეთ და სხვადასხვა ქვეყანაში შევქმნათ მსგავსი ღონისძიებები, ამავდროულად შევინარჩუნოთ პროექტის მთავარი იდენტობა და ხარისხის სტანდარტი".

პროექტის ამბიცია მხოლოდ საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება არ არის. მისი დამფუძნებლების მიზანია, ჩამოაყალიბონ ბრენდი, რომელიც ადამიანებს ცოდნის, შესაძლებლობებისა და პროფესიული კავშირების გარშემო გააერთიანებს.

"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, რამდენიმე წლის შემდეგ ადამიანებმა The Chapter გაიხსენონ არა როგორც უბრალოდ ღონისძიება, რომელსაც დაესწრნენ, არამედ როგორც გამოცდილება, რომელმაც მათ ახალი იდეა, მნიშვნელოვანი ნაცნობობა ან სულაც ახალი შესაძლებლობა მისცა".

The Introduction 12-13 დეკემბერს, კურორტ "ყვარლის ტბაზე" გაიმართება. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და მათი რაოდენობა შეზღუდულია. ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.GE-ზე.