Google-ის ყოფილი ექსპერტი და მეცნიერი გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე საუბრობს
By Amanda Breen
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა აღმოვჩენილვართ მსგავს სიტუაციაში. გადაწყვეტილების მიღების დროა და არ იცით რა არჩევანი გააკეთოთ. არ აქვს მნიშვნელობა, პატარა გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ თუ დიდი, დაბნეულობისა და გაურკვევლობის განცდა იშვიათი ნამდვილად არ არის. ექსპერტებიც კი ყოყმანობენ. ჰარვარდის ბიზნესის სკოლის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ექსპერტების 57%-ს გაუჭირდა არჩევანის გაკეთება.
ისევე როგორც ყველაფერი დანარჩენი, გადაწყვეტილების მიღებაც უნარია, რომლის განვითარება და დახვეწა შესაძლებელია. თუმცა ზოგჯერ ამ პროცესს სათანადო ყურადღება არ ექცევა და იმ ადამიანების ხელში რჩება, რომლებსაც ბოლომდე არ ესმით, თუ რა მნიშვნელობა აქვს სწორი არჩევანის გაკეთებას.
"ადამიანები გადაწყვეტილების მიღების პროცესს განიხილავენ როგორც რაღაცას, რაც უბრალოდ ხდება. სინამდვილეში მასში უამრავი იერარქიული საფეხურია. ხედვა ნიშნავს, ნებისმიერი სახის ინფორმაცია პრაქტიკულად გარდაქმნა და გამოიყენო", - ქესი კოზირკოვი, Google-ის მთავარი ექსპერტი და მეცნიერი გადაწყვეტილებების მიღების საკითხში.
კოზირკოვი ფლობს მათემატიკური სტატისტიკის, ფსიქოლოგიის და კოგნიტური ნეომეცნიერების ხარისხს დიუკის და ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტებში. იგი Google-ს მონაცემთა ბაზის შექმნაში დაეხმარა. დღეს Fortune 100-ის კომპანიების ლიდერების სანდო მრჩეველია ბიზნესის საკითხებში.
"არის რაღაცები, რაც თავისით ხდება. რაზეც კონტროლი არ გაქვს და არც იცოდი, რომ მოხდებოდა. ასეთ სიტუაციებში შენს უნარს გადაწყვეტილების მიღების ხარისხი განსაზღვრავს".
ქესის LinkedIn-ზე აქვს კურსი, რომლითაც ადამიანებს გადაწყვეტილებების მიღებას ასწავლის. პირველი ნაწილი ტექნიკის განვითარებას ემსახურება, ეს ე.წ. მომავლის განჭვრეტის უნარია, მაგრამ როგორც თავად ამბობს, მაგიური ქვები და კრისტალები აქ არაფერ შუაშია. ეს არის სავარჯიშო, რომელიც მონაცემთა პარამეტრების საშუალებით აზროვნებას ავითარებს.
წარმოიდგინეთ, რომ ხართ ექსტრასენსთან, რომელიც ყველა სახის ინფორმაციას გაწვდით, რაც საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად გჭირდებათ. თქვენ უნდა დაფიქრდეთ, ამ დეტალებისთვის რამდენს გადაიხდით. თუ ფიქრობთ, რომ ცოტას, მაშინ უმჯობესია, მთელი რესურსი არ გამოიყენოთ. ასეთ დროს საკუთარ გონებას უნდა ენდოთ. ეს შესაძლოა მონაცემების ანალიზზე უფრო ეფექტური იყოს.
კოზირკოვმა კითხვების ნაკრები შეიმუშავა, რომლითაც ადამიანებს რისკების და სარგებლის უკეთ გააზრებაში ეხმარება.
- რა არის სისტემის მიზანი?
- როგორ შექმენით მონაცემთა ბაზა? რამდენად შეგიძლიათ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობა? რამდენად ხშირად ამოწმებთ მას?
- როგორ მუშაობს? რა პირობებში ჩატარდა ტესტირება?
ქესი აღიარებს, რომ ეს კრიტერიუმები სუბიექტურია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რისი მიღწევა სურთ ადამიანებს. თუმცა იმ ფაქტის უგულებელყოფა, რომ ხელოვნური ინტელექტის უკან ადამიანები დგანან, რომლებიც მის ქცევას მართავენ, უამრავ ჩვენგანს დააზარალებს.
"ეს ყოველთვის ადამიანისგან მოდის, ამიტომ ადამიანის ამ საქმიდან ჩამოშორება შეუძლებელია".