Gvelebiani Law – იურიდიული სერვისები საერთაშორისო სტანდარტით ქართული ბიზნესისა და ორგანიზაციებისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"თანამედროვე ქართულ რეალობაში, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესს (SME) სულ უფრო მეტად სჭირდება პროფესიული მხარდაჭერა, იურიდიული სერვისების ხარისხი და ხელმისაწვდომობა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამ საჭიროებებს პასუხობს ინიციატივა, რომლის მთავარი მიზანია საქართველოში საერთაშორისო ხარისხის სტანდარტით იურიდიული სერვისების მიწოდება ხელმისაწვდომი პირობებით, რათა გაიზარდოს SME სექტორისა და ადგილობრივი ორგანიზაციების წვდომა პროფესიულ რჩევებსა და კონსულტაციაზე", – ჯაბა გველებიანი, Gvelebiani Law-ს დამფუძნებელი.
როგორც ჯაბა აღნიშნავს, ქართული საკონსულტაციო ბაზარი არსებითად საჭიროებს კარგი საერთაშორისო გამოცდილების უფრო აქტიურ ინტეგრაციასა და პროფესიული სტანდარტების გაძლიერებას. ამ პროცესში საკუთარი წვლილის შეტანა მისი ერთ-ერთი მთავარი მოტივაციაა.
"იდეა საკუთარი იურიდიული პრაქტიკის დაწყებისა ჩამოყალიბდა ქართულ და საერთაშორისო საკონსულტაციო გარემოში 15-წლიანი საქმიანობის შემდეგ. ამ გამოცდილებამ ნათლად აჩვენა, რომ გლობალური ორგანიზაციების ხარისხის კონტროლის სისტემები, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდების მკაფიო მექანიზმები და პროცესების გამართული მართვა ქართული ბაზრისთვის კვლავ მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს. ამავდროულად, კარგად იყო გააზრებული ადგილობრივი გარემოს სპეციფიკა, მოქნილობისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების აუცილებლობა.
სწორედ ამ ორი ასპექტის სინთეზის შესაძლებლობამ განაპირობა გადაწყვეტილება, დამეწყო საკუთარი იურიდიული პრაქტიკა".
ჯაბა ამბობს, რომ სხვადასხვა დროს საკუთარი ბიზნესი ქართულ რეალობაში არაერთმა პროფესიონალმა დაიწყო და მიიჩნევს, რომ თავად გამონაკლისი ნამდვილად არ არის. თუმცა, წლების განმავლობაში არსებული სტაბილური შემოსავლისა და კომფორტული სამუშაო გარემოს დათმობა, რომელსაც დამსაქმებლები სთავაზობდნენ, რეალურ რისკფაქტორს წარმოადგენდა. ეს იყო ნაბიჯი, რომლის გადადგმაც გარკვეულ დროსა და შინაგან მზადყოფნას მოითხოვდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
"ახალი ბიზნესის დაწყება ყოველთვის დაკავშირებულია მრავალ გამოწვევასთან. ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც პროფესიული თავდაჯერებულობისა და საკუთარი თავის რწმენის ახალ ეტაპზე გარდასახვა აღმოჩნდა. გადაწყვეტილების მიღების პროცესში არაერთხელ გაჩნდა კითხვა, რამდენად მიიღებდა ქართული ბაზარი და ის კლიენტები, რომელთაც წლების განმავლობაში სხვადასხვა კომპანია ემსახურებოდა, ახალ, დამოუკიდებელ პრაქტიკას.
ასევე, არსებობდა ეჭვი, ისეთი ფაქტორები, როგორიცაა საწყისი ინფრასტრუქტურისა და ოფისის არქონა, თანამშრომლების ნაკლებობა, შეგვაფერხებდა, თუმცა, დაფუძნებიდან 10 თვის შემდეგ მიღებულმა ფინანსურმა შედეგებმა და კლიენტების მრავალფეროვნებამ დაადასტურა, რომ გადაწყვეტილება სწორი იყო და საკუთარი თავის რწმენა ამ კუთხით სრულად გამართლდა".
ჯაბასთვის მთავარი ინსპირაცია, პირველ რიგში, ოჯახია. გარემო, სადაც პროფესიული განვითარება და განათლება ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა და დღესაც ასეა. მშობლები და ძმა მისთვის იმ ადამიანების მაგალითებია, ვინც საკუთარ საქმეს განსაკუთრებული სიყვარულით აკეთებდა. ამიტომაც საქმისადმი ერთგულება და დასახული მიზნებისკენ სწრაფვის პროცესით სიამოვნება მისთვის უცხო არასდროს ყოფილა.
პარალელურად, ინსპირაციის უმნიშვნელოვანეს წყაროდ რჩებიან კლიენტები. ერთი მხრივ, ეს არის სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც ქვეყნისთვის სასიკეთო საქმიანობას ხშირად სრულიად ენთუზიაზმის საფუძველზე ეწევიან. მეორე მხრივ, ბიზნესები, რომლებიც საქართველოსთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნიან. თითოეული წარმატებული საქმე, მოგებული დავა თუ გაფორმებული გარიგება და ამ პროცესებში ჩართულობა მის მთავარ მოტივაციას წარმოადგენს.
რაც შეეხება სამომავლო ხედვას, უახლოესი ერთი წელი განვითარების განსაკუთრებით საინტერესო ეტაპად არის აღქმული. გეგმაშია საკუთარი ოფისის გახსნა და მისი ისე მოწყობა, როგორზეც ყოველთვის ოცნებობდა.
ასევე, იგეგმება ახალი თანამშრომლების აყვანა და გუნდური მუშაობის იმ გარემოს დაბრუნება, რომელიც, როგორც თავად ამბობს, უკვე მოენატრა. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია გამოცხადებული პრო ბონო პროგრამის აქტიური განხორციელება, რომელიც ფინანსური საჭიროებების მქონე ორგანიზაციებს უფასო იურიდიული კონსულტაციის მიღების შესაძლებლობას მისცემს. სწორედ ამ მიმართულებით ელოდება განსაკუთრებულ შედეგებსაც.