გზა ლუვრამდე: სალომე მაჭარაშვილის ემოციური მოგზაურობა ხელოვნების დედაქალაქში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართველი ხელოვანები Carrousel du Louvre-ზე

პარიზი, 2026 წელი – ხელოვნების სამყაროს ყურადღებას კიდევ ერთხელ მიიპყრობს Carrousel du Louvre, სადაც პრესტიჟული ART SHOPPING Art Fair გაიმართება. ამ გლობალური მოვლენის ეპიცენტრში, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან ხელოვანთან ერთად, თავის სათქმელს 28 წლის ქართველი მხატვარი, სალომე მაჭარაშვილი იტყვის. ის ოფიციალურად არის მიწვეული გამოფენის ორივე, საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე, რაც ნებისმიერი შემოქმედისთვის უდიდეს აღიარებასა და ახალ შესაძლებლობებს ნიშნავს.

სალომესთვის ეს მხოლოდ მორიგი წარმატება არ არის; ეს არის დადასტურება იმისა, რომ ხელოვნება არ ცნობს საზღვრებს და გულწრფელი ემოცია ყოველთვის პოულობს გზას აუდიტორიის გულამდე. როდესაც პარიზიდან მოსული დადებითი პასუხი წაიკითხა, მისთვის ეს წამი ერთდროულად იქცა დიდ სიხარულად და უდიდეს პასუხისმგებლობად საკუთარი ქვეყნის წინაშე.

"როდესაც მოწვევა გავხსენი და ჩემი სახელი და გვარი დავინახე, ერთდროულად ბედნიერება და ღელვა ვიგრძენი. ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი, რომ დადებითი პასუხი მოვიდოდა, ამიტომ ეს მომენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. ეს მოწვევა ჩემთვის არის არა მხოლოდ აღიარება, არამედ ბიძგი მეტის მცდელობისა და იმის გააზრებისთვის, რომ ჩემი შემოქმედება გასცდა ლოკალურ საზღვრებს".

აღსანიშნავია, რომ სალომე მაჭარაშვილი ამ დიდ შემოქმედებით გზაზე მარტო არ არის. ის იმ ქართველ ხელოვანთა ჯგუფის წევრია, რომელთა პარიზში წარდგენასა და საერთაშორისო ასპარეზზე გამოყვანას სათავეში მხატვარი თეა სილაგაძე უდგას. ჯგუფში ასევე შედიან: თინათინ კრაწაშვილი, ნინო მაღლაკელიძე, გია ბარათაშვილი, თამარ თოიძე და ზეზვა საღლიანი.

ეს მასშტაბური პროცესი თეას იდეითა და მტკიცე გადაწყვეტილებით დაიწყო - მას სურდა შეექმნა ერთგვარი კულტურული ხიდი თბილისსა და პარიზს შორის. პროცესი რამდენიმე თვის წინ, რთული შესარჩევი ეტაპით დაიწყო: თეა სილაგაძის დახმარებით, ქართველი მხატვრების ნამუშევრებისა და პორტფოლიოების წარდგენა საერთაშორისო კურატორებთან მოხდა. მისი იდეა თავიდანვე სცილდებოდა უბრალო მონაწილეობას - მიზანი იყო, რომ ქართული ხელოვნება, თავისი ავთენტურობითა და თანამედროვე ხედვით, მსოფლიოს უდიდეს პლატფორმებზე ღირსეულად ყოფილიყო პოზიციონირებული.

თეა სილაგაძე ამ შესაძლებლობას არა მხოლოდ თითოეული ხელოვანის ინდივიდუალურ წარმატებად, არამედ ქვეყნის კულტურულ გამარჯვებად მიიჩნევს:

"ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქართველი ხელოვანებისთვის მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული კარი გაიღოს. ლუვრი ის ადგილია, სადაც ხელოვნების ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთს ხვდება და მინდა, რომ ეს მაჯისცემა ქართველმა შემოქმედებმაც შეიგრძნონ. ეს გამოფენა არის უნიკალური შანსი, ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს უწყვეტი, ცოცხალი და ძალიან საინტერესო თანამედროვე კულტურული იდენტობა. ეს ერთობლივი მოგზაურობა თითოეული მათგანისთვის ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება."

სალომე მაჭარაშვილის შემოქმედებითი გზა

საინტერესოა სალომეს, როგორც ხელოვანის, ტრანსფორმაცია. მისი გზა არ ყოფილა სტანდარტული – აკადემიური სახელოსნოებიდან საერთაშორისო გალერეებამდე. მიუხედავად იმისა, რომ ხატვა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ბავშვობიდანვე იყო, მან არჩევანი სამართალმცოდნეობასა და პოლიტიკის მეცნიერებებზე შეაჩერა. მაგისტრის ხარისხი სწორედ ამ მიმართულებით დაიცვა და ამავე მიმართულებით აქვს აქტიური პროფესიული კარიერა. თუმცა, ეს მას ხელს არ უშლის, რომ ფერწერაში თავისი ყველაზე ნამდვილი და თავისუფალი "მე" იპოვოს.

მისი შემოქმედება ერთგვარი პარალელური სამყაროა, სადაც კანონებს არა იურიდიული ნორმები, არამედ ფერები და ემოციები ადგენენ. გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგა, როცა საკუთარი შინაგანი სამყაროს საჯაროდ გაზიარება გაბედა. სწორედ მაშინ მიხვდა, რომ ის, რაც მისთვის პირადი თერაპია იყო, სხვებისთვისაც ახლობელი და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

"ხატვა ჩემთვის იმდენად ბუნებრივი პროცესი იყო ღრმა ბავშვობიდან, რომ ფაქტობრივად, დღემდე პროფესიულ გზადაც ვერ აღვიქვამდი. ხელოვნება დარჩა ჩემთვის ყველაზე ძვირფას სივრცედ, სადაც შემეძლო ყველაზე გულწრფელად გამომეხატა ჩემი ემოციები და ვყოფილიყავი ყველაზე თავისუფალი. ფერწერა ჩემთვის არის არა მხოლოდ პირადი თავშესაფარი, არამედ კომუნიკაციის ფორმაა".

როდესაც სალომე ტილოსთან მარტო რჩება, რეალური სამყარო თითქოს ქრება. მისთვის შემოქმედება ქაოსიდან ჰარმონიამდე მისასვლელი გზაა. მისი ნამუშევრები არ გვთავაზობენ მზა პასუხებს; ისინი უფრო კითხვებია, სივრცეა დიალოგისთვის, სადაც მნახველმა საკუთარი სევდა, იმედი ან სიყვარული უნდა ამოიცნოს.

ლუვრის კარუსელზე წარდგენილი ნამუშევრებიც სწორედ ამ კონცეფციის მატარებელი იქნება. მხატვარს სურს, ევროპულ პუბლიკას საქართველო არა მხოლოდ გეოგრაფიულ წერტილად, არამედ ცოცხალი, თანამედროვე კულტურული იდენტობის მქონე ქვეყნად გააცნოს. ეს არის შანსი, აჩვენოს ის უხილავი მდგომარეობები, რომლებიც სიტყვებს მიღმა რჩება.

"თითოეული ნამუშევარი წარმოადგენს პროცესს, გზას ქაოსიდან ჰარმონიამდე, სიჩუმიდან გააზრებამდე. როდესაც ტილოსთან მარტო ვრჩები, ეს ჰგავს არსებული რეალობიდან სხვა სამყაროში გადასვლის პროცესს. ეს ისეთი შეგრძნებაა, რომლის სიტყვებით გამოხატვა რთულია, მაგრამ ყველაზე მთავარი პროცესის დასრულების მომენტია: ამ დროს ყველა ნეგატიური ემოცია ქრება და რჩებით მხოლოდ შენ და შენი შემოქმედება".

2026 წლის ლუვრის გამოფენა სალომე მაჭარაშვილისთვის საბოლოო მიზანი ან მაქსიმუმი არ არის. პირიქით, ის ამას ახალი ეტაპის დასაწყისად მიიჩნევს. Art Shopping Art Fair მას საერთაშორისო ასპარეზზე უფრო მყარად დამკვიდრების საშუალებას მისცემს, რაც კიდევ უფრო მეტი ექსპერიმენტისა და შემოქმედებითი ძიების წინაპირობაა.

მისი ოცნება ერთი შეხედვით მარტივია, თუმცა ყველაზე რთულად მისაღწევი ნებისმიერი ხელოვანისთვის – შექმნას ისეთი რამ, რაც დროს გაუძლებს. მას სურს, მისმა ნამუშევრებმა წლების შემდეგაც შეძლონ ადამიანებში იმავე ღრმა ემოციების გაღვიძება, რასაც თავად გრძნობს შექმნის პროცესში.

"Carrousel du Louvre ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, თუმცა მას არ აღვიქვამ როგორც საბოლოო მიზანს. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ეს არის ერთგვარი დასტური იმისა, რომ სწორ გზაზე ვარ. მინდა შევქმნა ისეთი შემოქმედება, რომელიც დროში არ დაიკარგება და სხვადასხვა სივრცეში შეძლებს მის მნახველის ღრმა ემოციების გაღვიძებას".