Happy Land - როგორ შექმნა მზიკო დოლენჯაშვილმა ახალი სტანდარტის ბავშვთა გასართობი და საგანმანათლებლო ცენტრი?
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბავშვთა გასართობი ცენტრის იდეა მზიკო დოლენჯაშვილს პირველად 2017 წელს გაუჩნდა და საკუთარ დასთან, ლელა დოლენჯაშვილთან ერთად, "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში, კახეთში კომპანია დააფუძნა. იმ პერიოდისთვის რეგიონში არ არსებობდა ინოვაციური, უსაფრთხო და ასაკზე მორგებული გასართობი სივრცე ბავშვებისთვის. სწორედ ამ საჭიროებაზე საპასუხოდ, გადაწყვიტეს შეექმნათ ადგილი, სადაც ბავშვები არა მხოლოდ გაერთობოდნენ, არამედ განვითარდებოდნენ. მშობლები კი თავს უსაფრთხოდ, მშვიდად და კომფორტულად იგრძნობდნენ. სწორედ ასე შეიქმნა Happy Land-ი - ადგილი, რომელმაც გულწრფელი და ნათელი გამოცდილება შეიტანა რეგიონში.
"ბიზნესის დაწყება იმ კონკრეტულ დროსა და ვითარებაში ნამდვილად მოითხოვდა გაბედულებასა და სიმამაცეს. პირველი ნაბიჯები სრულიად უცნობ გზაზე იყო გადადგმული - რისკიანი, ხშირად შიშით სავსეც. მაგრამ ჩვენ გვქონდა მიზანი, გულით გვჯეროდა ჩვენი იდეის და იმის, რომ შრომით ყველაფერს მივაღწევდით. მეორე ნაბიჯი, როცა თბილისში გავხსენით Happy Land-ი –კიდევ უფრო სარისკო იყო და უფრო დიდი გამოწვევებიც არსებობდა, მაგრამ გამოცდილებაზე დაყრდნობითა და თავდადებით კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ გაბედულებას შედეგი მოაქვს.
დღეს ბაზარზე ერთადერთი ბავშვთა გასართობი კომპანია ვართ, ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანებული სამი ფილიალით, მალე მე-4 შემოგვემატება. ამ პროექტზე ვმუშაობთ", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს მზიკო დოლენჯაშვილი.
Happy Land-ის დამფუძნებლის განმარტებით, ყველაზე დიდი წინააღმდეგობა აღნიშნული ბიზნესის წამოწყებისას გახლდათ არასასურველი სტერეოტიპები და ბარიერები - დამფუძნებლებს ხშირად უმეორებდნენ, რომ ქალი ბიზნესში სერიოზულად ვერ აღიქმებოდა. გარდა ამისა, პროექტზე მუშაობისას ერთ-ერთი გამოწვევა ფინანსური კრიზისიც გახლდათ, თუმცა დაუღალავი შრომითა და თავდადებით მზიკო და ლელა დოლენჯაშვილებმა ჩანაფიქრი ბოლომდე მიიყვანეს - "რამდენჯერაც დავეცით, იმდენჯერ წამოვდექით – ალბათ ესაა ჩვენი ყველაზე დიდი გამარჯვება", - განმარტავენ Happy Land-ის იდეის ავტორები.
"განსაკუთრებით ბიზნესის დასაწყისში ხშირად მხვდებოდა დამაკნინებელი დამოკიდებულება - თითქოს "ეს ვერ გაამართლებს, ტყუილი ცდაა". იყო ხოლმე მსგავსი დამოკიდებულება, რომ მან შენზე წინ იფიქრა "ზუსტად მეც ბავშვთა გასართობი ცენტრი უნდა გამეხსნა წინა წელს...". ადამიანებს, ახლობლებს, ნაცნობებს, გარშემო მყოფებს, ვინც სკეპტიკურად გვიყურებდა,რომ ქალებს არ შეეძლოთ შეექმნათ წარმატებული ბიზნესი, შედეგებით ვაჩვენეთ, რომ სქესი არ განსაზღვრავს წარმატებას - თუმცა პასუხისმგებლობა და სტაბილურად შრომა განსაზღვრავს.
ბიზნესმა მასწავლა, რომ ყოველი დღე ახალი განვითარების შესაძლებლობაა. მასწავლა, რომ არ შეიძლება შენმა საქმემ განიცადოს პროგრესი, თუ შენ თვითონ არ იზრდები როგორც პიროვნულად. ჩემთვის წარმატების მთავარი ფორმულა არის - არასდროს გაჩერდე სწავლაზე, განვითარებაზე, ეძებე შენი განვითარების ყველა მიმართულება. დამწყებ მეწარმეებს ვურჩევდი: შეიყვარეთ თქვენი იდეა და ნუ გეშინიათ წარუმატებლობის, შეცდომების დაშვების. მთავარია გამოსასწორებელი გზები იპოვოთ, არასოდეს თქვათ, მე ვერ შევძლებ, მთავარია მუდმივი შრომით, ნელ-ნელა სვლებით განავითარო საკუთარი იდეა. ნუ შეეჯიბრეის სხვებს, მადლიერი იყავი ყველა შენი პატარ-პატარა წარმატებით, ეს აუცილებლად დიდ განვითარებას მოგიტანს. გოგონებს კი, ვინც ოცნებობენ თავიანთ საქმეზე - გთხოვთ, დაიწყეთ! არ მოუსმინოთ მათ, ვინც გეტყვით, რომ არ გამოგივათ. მოუსმინეთ საკუთარ თავს - თქვენი შიში სწორედ იმ გზისკენ მიგითითებთ, რომელიც უნდა გაიაროთ. არ აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობ, რა ასაკის ხარ, რა გამოცდილება გაქვს, მთავარია დაიწყო, აუცილებლად გამოგივა! წარმატება და გამოცდილება დროსთან ერთად მოდის", - აღნიშნავს რესპონდენტი.
მზიკო დოლენჯაშვილის აზრით, ანტრეპრენერი ის ადამიანია, ვინც ხედავს შესაძლებლობას იქ, სადაც სხვები სირთულეს ხედავენ. ადამიანი, ვისაც მარცხის არ ეშინია, რადგან იცის, რომ ყოველი მარცხი ზრდის მუხტს წარმატებისთვის. ანტრეპრენერი არის არა მხოლოდ ხელმძღვანელი, არამედ ლიდერი, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე გუნდისა და იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც საკუთარი საქმიანობით ემსახურება.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებსა და Happy Land-ის გაფართოების სტრატეგიას, კომპანიის უახლოესი გეგმა თბილისში მეოთხე ფილიალის გახსნაა. დამფუძნებლებს სურთ, Happy Land-ი გახდეს ის ადგილი, რომელიც არა მხოლოდ გართობის, არამედ განათლების მიღების, სოციალიზაციისა და ინკლუზიურობის სივრცე იქნება. ამ ეტაპზე გუნდი აქტიურად მუშაობს შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებულ პროგრამებზე. გარდა კომპანიის მასშტაბირებისა, თავად პროექტის დამფუძნებელიც არ წყვეტს განვითარებას. ამჟამად მზიკო დოლენჯაშვილი სწავლობს კავკასიის უნივერსიტეტში, PR-ის სამაგისტრო პროგრამაზე და სურს, საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით Happy Land-ი საზოგადოებისთვის საკეთილდღეო კომპანიად ჩამოაყალიბოს.
"ჩემი ინსპირაციაა ის ემოციები, რაც მომხმარებლებისგან მოდის. ბავშვების ბედნიერი თვალები, მშობლების მადლიერება, თანამშრომლების მოტივაცია - ეს ყველაფერი მაძლევს ძალას, გავაკეთო უფრო მეტი. რა თქმა უნდა, მუდმივი განვითარება, შრომა, სწავლა-განათლება - საკუთარ თავზე მუშაობა, ვიყო უკეთესი, არის ჩემი ინსპირაციის წყარო. ინსპირაციაში ხშირად მეხმარება საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება, ვცდილობ მაქსიმალურად გამოვიყენო სხვადასხვა ქვეყნის მიდგომები სხვადასხვა საკითხისადმი. საბოლოო ჯამში მსურს, საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით Happy Land-ი გავხადო ქართული კომპანია ბარიერების გარეშე, რომელიც გააერთიანებს ყველა ბავშვს შეზღუდვების გარეშე", - აცხადებს მზიკო დოლენჯაშვილი.