HER Store – როგორ აქცია ნინი დანელიამ აქსესუარების ბრენდი მომხმარებლისთვის ემოციურ გამოცდილებად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თუ წარმატებული ანტრეპრენერების ისტორიებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ წარმატებული ბიზნესი სწორედ იქ იბადება, სადაც პირადი საჭიროება და ბაზრის დეფიციტი ერთმანეთს ხვდება. ნინი დანელიასთვის HER Store-ის შექმნა სწორედ ასეთი მომენტი იყო – სურვილი, სამკაულის შეძენა უბრალო ნივთის ყიდვიდან განსაკუთრებულ ემოციურ გამოცდილებად ექცია. ბრენდი, რომლის საქმიანობაც 2019 წელს ერთი ადამიანის ენთუზიაზმით დაიწყო, დღეს უკვე 19 ქალისგან შემდგარ გუნდს, 6 ფიზიკურ ფილიალსა და საერთაშორისო ამბიციებს აერთიანებს.

"სამკაულები ყოველთვის მიყვარდა და ხშირად უცხოურ ონლაინპლატფორმებზე ვყიდულობდი, თუმცა საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობდა სივრცე, რომელიც ერთდროულად შესთავაზებდა მომხმარებელს ვიზუალურად მიმზიდველ, თანამედროვე არჩევანს, ყოველდღიურად ტარებად ხარისხსა და რეალურად კომფორტულ ონლაინგამოცდილებას. ასე გაჩნდა იდეა: შემექმნა ბრენდი, რომელიც მომხმარებელს არ დააყენებდა ორ არჩევანის შორის: შეეძინა ნაკლებად სტაბილური ხარისხი, თუ ძალიან ძვირადღირებული ნივთი. ამის ნაცვლად, მსურდა შემეთავაზებინა ოქროს შუალედი: ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და დროში გამძლე სამკაული. ასევე მსურდა, რომ სამკაულის შეძენა არ ყოფილიყო მხოლოდ ნივთის ყიდვა. მომხმარებელს უნდა ჰქონოდა ემოცია პროდუქტის მიღებისას – დახვეწილი დეტალებითა და შეფუთვით გამოწვეული კმაყოფილება, პროცესის კომფორტი და, რაც მთავარია, დაცულობის განცდა. ნებისმიერ კითხვაზე ჩვენი რეაგირება სწრაფი, პასუხისმგებლიანი და მომხმარებელზე ორიენტირებულია. სწორედ ეს ქმნის ნდობას და აქცევს HER-ს ბრენდად, რომელსაც მომხმარებლები ყოველთვის უბრუნდებიან", – ამბობს ნინი.

HER-ის დამფუძნებლის თქმით, ბრენდის მთავარი უპირატესობა მთლიან გამოცდილებაშია – ძლიერი ვიზუალური პრეზენტაცია, გამორჩეული შეფუთვა, პერსონალიზებული კომუნიკაცია და მომსახურების მაღალი სტანდარტი, რომელიც იწყება შეკვეთით, გრძელდება მიწოდებით და სრულდება გაყიდვის შემდგომი მხარდაჭერით. ნინი აღნიშნავს, რომ ონლაინ თუ ფიზიკურ სივრცეში – მომხმარებელი ყველგან ერთსა და იმავე სტანდარტს იღებს.

HER Store-ის შექმნა თავდაპირველად არა რისკიანი ბიზნესგადაწყვეტილება, არამედ იდეის გამოცდის მცდელობა იყო. თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან, ეს ნაბიჯი გაცილებით დიდ პასუხისმგებლობის მატარებელი იყო, ვიდრე მაშინ ჩანდა. ბრენდის შენება ნინიმ ცხოვრების ყველაზე დატვირთულ ეტაპზე დაიწყო – მაშინ, როცა მეორე შვილს ელოდებოდა და პარალელურად ორ წლამდე უფროს შვილზე ზრუნავდა.

მიუხედავად დედობის ყოველდღიური გამოწვევებისა, ბიზნესი სრულიად მარტომ დაიწყო. პირველ ეტაპზე ის თავად ითავსებდა ყველა რგოლს: პასუხობდა მომხმარებლებს, იღებდა შეკვეთებს, ამზადებდა და ფუთავდა პროდუქციას, მართავდა სოციალურ ქსელებს, ქმნიდა კონტენტს და აგვარებდა ფინანსურ საკითხებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბრენდის ფინანსური დამოუკიდებლობა – დაარსების დღიდან დღემდე, HER Store სრულად თვითდაფინანსებულია და გარე ინვესტიციის ან საბანკო სესხის გარეშე ვითარდება.

ბრენდისთვის ერთგვარ გარდამტეხ მომენტად პანდემია იქცა, რომელიც ბიზნესის დაწყებიდან სულ რაღაც ორ თვეში დაიწყო. თუმცა ნინი არ გაჩერებულა. იმ დროს, როცა ბევრმა კომპანიამ ოპერაციები შეაჩერა, HER-ში ონლაინგაყიდვებისა და მიწოდების სისტემა უკვე გამართულად მუშაობდა. მომხმარებლების მასობრივმა გადასვლამ ციფრულ პლატფორმებზე ბრენდის ზრდას შეუწყო ხელი. ნინი დანელიასთვის ეს პერიოდი მთავარი გაკვეთილი აღმოჩნდა: სწორად აწყობილი პროცესებით ბიზნესს შეუძლია არა მხოლოდ გადარჩეს კრიზისულ გარემოში, არამედ მნიშვნელოვანი პროგრესიც განიცადოს.

"დღეს ვფიქრობ, რომ გაბედულება ყოველთვის დიდი და რისკიანი ნაბიჯის გადადგმას არ ნიშნავს. ზოგჯერ ის იწყება პატარა იდეით, რომელსაც, გარემო ფაქტორებისა და სირთულეების მიუხედავად, უბრალოდ, ბოლომდე მიჰყვები".

ბიზნესის ზრდასთან ერთად ახალი გამოწვევების ეტაპიც დადგა. როდესაც პირველი ფიზიკური სივრცის გახსნის დრო მოვიდა, ნინი ყველაზე რთული პროცესის წინაშე აღმოჩნდა – ეს იყო გუნდის შეკვრა და პასუხისმგებლობების დელეგირება. ნინი იხსენებს, რომ ამ მოვალეობების სხვებისთვის გადაბარება თავიდან თითქმის შეუძლებელი ეჩვენებოდა. მას სჯეროდა, რომ მისი უშუალო ჩართულობის გარეშე HER-ის სტანდარტები და ის განსაკუთრებული ზრუნვა, რასაც თითოეული მომხმარებელი იღებდა, საფრთხის ქვეშ დადგებოდა. ეს იყო აუცილებელი გარდატეხა, რომლის გარეშე ბიზნესის ზრდა შეუძლებელი იქნებოდა.

"ეს პროცესი განსაკუთრებით მაშინ გართულდა, როდესაც 2022 წელს საცხოვრებლად საზღვარგარეთ გადავედი. მართალია, ხშირად ჩამოვდივარ და ყოველდღიურ საქმიანობაშიც ჩართული ვარ, თუმცა მუდმივად ადგილზე ყოფნა ფიზიკურად შეუძლებელია. ეს ფაქტი თავიდან გადაუჭრელ პრობლემად მეჩვენებოდა – როგორ უნდა შენარჩუნებულიყო ბრენდის სტანდარტი, მომსახურების ხარისხი და გუნდის ერთიანობა დისტანციურად? გამოსავალი გამართული სისტემის ჩამოყალიბება აღმოჩნდა: ყველა პროცესის დეტალური გაწერა, მკაფიო სტანდარტების შექმნა, პასუხისმგებლობების სწორად გადანაწილება და, რაც მთავარია, გუნდის ნდობა. დღეს უკვე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ამ ეტაპის გადალახვამ გახადა შესაძლებელი სტაბილური მუშაობა ჩემი ფიზიკური თანდასწრების გარეშეც. ბიზნესი აღარ არის მხოლოდ ერთ ადამიანზე დამოკიდებული და მას დამოუკიდებლად ფუნქციონირება შეუძლია".

ნინი დანელიას გამოცდილება ადასტურებს, რომ წარმატებული ბიზნესის გასაღები მხოლოდ კრეატიულ იდეაში არ მდგომარეობს – მისი საფუძველი ყოველდღიური შრომა, დისციპლინა და პროცესების ზუსტი ორგანიზებაა. მას მიაჩნია, რომ ბიზნესის სტაბილური ზრდის მთავარი გარანტი მომხმარებლის ნდობაა, რასაც მხოლოდ გრძელვადიანი და პასუხისმგებლიანი ურთიერთობები აშენებს.

ანტრეპრენერული გზა იშვიათად მიჰყვება წინასწარ გაწერილ გეგმას, ამიტომ ნინისთვის გადამწყვეტი უნარი სწრაფი ადაპტაცია და პრობლემებზე ორიენტირებული ხედვაა. მისი ხედვით, ნებისმიერი გაუთვალისწინებელი სირთულე არა დაბრკოლება, არამედ პროცესების კიდევ უფრო დახვეწის შესაძლებლობაა:

"დამწყებ ანტრეპრენერებს ვურჩევდი, პასუხისმგებლობების დელეგირება ისწავლონ. ბიზნესის ზრდასთან ერთად შეუძლებელია ყველა პროცესი ერთმა ადამიანმა მართოს. ეფექტური ლიდერი სწორედ ისაა, ვინც საქმეს კომპეტენტურ ადამიანებს ანდობს, ენდობა საკუთარ გუნდს და თავად სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე კონცენტრირდება. ქალებსა და გოგონებს კი, რომლებიც საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე ფიქრობენ, თუმცა მაინც ყოყმანობენ, ვეტყოდი: არ შეგეშინდეთ მარცხის, უბრალოდ, დაიწყეთ. პირველი ნაბიჯი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან იდეალური დრო და პირობები პრაქტიკულად არ არსებობს. ეს საკუთარ თავზე გამოვცადე – ბრენდის შენება, ალბათ, ყველაზე არახელსაყრელ პერიოდში დავიწყე. თუმცა, თუ დაუღალავად შრომობთ, გჯერათ საკუთარი საქმის და ყოველდღიურად თუნდაც მცირე ნაბიჯით მიიწევთ წინ, დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევთ".

ნინი დანელიასთვის HER Store-ის მამოძრავებელი ძალა და მთავარი ინსპირაცია ქალები არიან, როგორც ჩვენი მომხმარებლები, ისე ის ქალები, ვინც ბრენდის გუნდში მუშაობენ.

"ყველაზე მეტად მოტივაციას მომხმარებლის გამოცდილება მაძლევს: მათი ემოცია პროდუქტის მიღებისას, უკუკავშირი და ის მომენტები, როცა ვხედავ, რომ HER მათთვის არა უბრალოდ "შენაძენი", არამედ პატარა სიხარული და თვითგამოხატვის ფორმაა. სწორედ ეს მაძლევს სურვილს, მუდმივად გავაუმჯობესო პროდუქტი, მომსახურება და საერთო გამოცდილება. ჩემი მეორე დიდი ინსპირაცია ჩემი გუნდია. HER სრულიად მარტომ დავიწყე, თუმცა დღეს მის უკან 19 ქალი დგას – ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან იმ ხარისხსა და მომსახურების სტანდარტს, რომელსაც ჩვენი მომხმარებელი ჩვენგან ელოდება. ძალიან ვამაყობ იმით, რომ HER უკვე აღარ არის მხოლოდ ჩემი პროექტი – ეს არის სივრცე, სადაც ქალები ერთად ქმნიან ხარისხს, გამოცდილებას და საერთო ღირებულებას".

ბრენდის განვითარების ტემპი და მასშტაბები შთამბეჭდავია: დღეს HER Store საქართველოს მასშტაბით უკვე 6 ფიზიკურ ფილიალსა და მზარდ ონლაინპლატფორმას აერთიანებს. თუმცა, ნინი დანელიას ხედვა ლოკალურ ბაზარს სცილდება – ბრენდის პროდუქცია უკვე იყიდება საზღვარგარეთ და მომავალი წლის მთავარი სტრატეგიული მიზანი სწორედ საერთაშორისო პოზიციების გამყარებაა. პარალელურად, კომპანია აქცენტს საკუთარი დიზაინით შექმნილ, პერსონალიზებულ კოლექციებზე აკეთებს, რაც მომხმარებლისთვის კიდევ უფრო ინდივიდუალური გამოცდილების შეთავაზებას გულისხმობს.

ბრენდის ევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეტაპი ახალი მიმართულების – HIM-ის გამოჩენაა. მამაკაცის აქსესუარების ხაზი ბუნებრივად, თავად მომხმარებლების მოთხოვნის პასუხად შეიქმნა. ნინიმ დაინახა საჭიროება პროდუქტზე, რომელიც მამაკაცებისთვისაც იმავე ხარისხის, დახვეწილი დიზაინისა და მაღალი სტანდარტის გამოცდილებას შექმნიდა. მიუხედავად იმისა, რომ HIM დამოუკიდებელი იდენტობის მქონე კონცეფციაა, ის ორგანულად აგრძელებს იმავე ღირებულებებს, რაზეც თავის დროზე HER Store დაფუძნდა.

"ჩვენი მიზანია, HER ეტაპობრივად განვითარდეს არა მხოლოდ როგორც პროდუქტის ბრენდი, არამედ როგორც მომხმარებლისთვის შექმნილი ძლიერი და გამორჩეული გამოცდილება – ხარისხის, დიზაინისა და მომსახურების ერთიანი სტანდარტით".