HotelLead – როცა სასტუმროს წარმატება ადამიანებს ეყრდნობა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოში სასტუმრო ინდუსტრია ბოლო წლებში სწრაფად იზრდება, მაგრამ პარალელურად ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა ისევ უცვლელია – პროფესიონალი კადრებისა და რესურსის დეფიციტი.

ეკატერინე ეზუგბაია უკვე 17 წელზე მეტია ამ სფეროში მუშაობს. საერთაშორისო ბრენდების შემოსვლიდან ლოკალური სასტუმროების გაძლიერებამდე, მან საკუთარი თვალით ნახა, როგორ გაიზარდა ინდუსტრია და როგორ ვერ აუდის პროფესიული კადრების მომზადებას.

"სულ რაღაც 17 წლის წინ ჯერ კიდევ თითზე ჩამოსათვლელი საერთაშორისო სასტუმროები იყო, როდესაც ამ სფეროში მუშაობა დავიწყეთ. დღეს კი ლოკალური სასტუმროებიც აქტიურად ვითარდება, რამაც ქვეყანაში ადამიანური რესურსის მოთხოვნა გაზარდა", ამბობს ეკატერინე.

მისი თქმით, დასაქმების მსურველთა დეფიციტი აშკარაა, ხოლო ვინც არის, მხოლოდ მეტ-ნაკლებადაა კვალიფიციური, საკმარისი ცოდნა და გამოცდილება არ გააჩნია, რომ სწორი მასპინძლობა გაუწიოს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტურისტს.

ამ პრობლემის პასუხად შეიქმნა HotelLead – მოკლე, პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული სასწავლო კურსები სასტუმრო ინდუსტრიისთვის. მიზანი მარტივია: გააჩინოს დაინტერესება პროფესიის მიმართ, მოამზადოს და გადაამზადოს ადამიანები ისე, რომ მომსახურების დონემ, საერთო ჯამში, ქვეყნის სასტუმრო კულტურაც გააუმჯობესოს.

ეკატერინე განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმას, რომ მფლობელთა დიდი ნაწილი არასწორ პრიორიტეტებს უსაზღვრავს საკუთარ ბიზნესს:

"სამწუხაროა, როდესაც მფლობელთა მხრიდან აქცენტი მხოლოდ ლამაზ და ძვირადღირებულ ინტერიერ-ექსტერიერზეა გაკეთებული და არა თანამშრომლებზე, ვინც რეალურად ბიზნესს ქმნიან და მართავენ. ბევრს ჰგონია, რომ სასტუმრო ბუნებრივად დაიტვირთება სტუმრებით, მხოლოდ დიზაინის ხარჯზე და პირველივე წელიწადს მოგებას მიიღებს. ეს ასე არ არის. ხშირად მენეჯერსაც კი არ აქვს წარმოდგენა, რა არის გუნდი და როგორ უნდა მართოს ის".

HotelLead-ის პირველი და მთავარი ნაბიჯი იყო სასტუმრო მენეჯმენტის მოკლე, მაგრამ კონცეპტუალურად გამართული კურსის შექმნა.

"გავბედეთ და სასტუმრო მენეჯმენტზე ღიად საუბარი დავიწყეთ. ჩვენი კურსის გავლის შემდეგ, იქნება ეს მფლობელი, რიგითი თანამშრომელი თუ დამწყები, ადამიანს სრული წარმოდგენა ექნება, როგორ იმართება სასტუმრო და რა ასპექტებია მართლა მნიშვნელოვანი", ამბობს ეკატერინე Entrepreneur-თან ინტერვიუში.

კურსის სტრუქტურა სამი პრინციპით აშენდა: დროის ეფექტიანი გამოყენება, რეალურ ამოცანებზე ორიენტირებული სწავლება და ხელმისაწვდომი ფასი.

21-ე საუკუნეში ყველაზე ფასეული დრო, შედეგი და ფულია. ამიტომაც, ეკრატერინეს თქმით, სურდათ შეექმნათ მოკლე ფორმატი, კონკრეტულ ამოცანებზე ორიენტირებული სწავლება და ფინანსური მოქნილობა როგორც მფლობელისთვის, ისე დამწყები სპეციალისტისთვის.

HotelLead-ის ერთ-ერთი მთავარი სიახლე არის სასტუმრო მართვის სისტემის, Eptera-ს პრაქტიკული სწავლება.

"მიუხედავად იმისა, რომ სწავლება ონლაინრეჟიმში ტარდება, სტუდენტები სისტემას თეორიით კი არა, დემოვერსიაში, საკუთარი ინდივიდუალური მომხმარებლების მუშაობით სწავლობენ. მე თავად ვარ Eptera- ოფიციალური ტრენერი საქართველოში", ამბობს ეკატერინე.

გარდა ტექნიკური ცოდნისა, პროგრამაში ქოუჩინგის ბლოკიც არის ჩართული – ICF-ის მიერ სერტიფიცირებული ქოუჩი ემოციების მართვისა და თვითმოტივაციის თემებზე მუშაობს.

"ეს მიდგომა საქართველოში არა მხოლოდ სასწავლო კურსებში, არამედ სასტუმროების პრაქტიკაშიც თითქმის არ არსებობს. ჩვენ ვართ პირველები, ვინც ამ მიმართულებას სისტემურად იყენებს. როცა თანამშრომელი, შინაგანად ბედნიერია, ეს განწყობა ავტომატურად გადადის სტუმარზეც სწორედ აქედან იწყება წარმატებული სასტუმრო ბიზნესი", ამბობს ის.

ინსპირაციას ეკატერინე ყველაზე მეტად შედეგებში პოულობს. მისი თქმით, "თუნდაც ერთი კონკრეტული სტუდენტის ან სასტუმროს უკუკავშირი, აღიარება, მიღებული ჯილდო – გამარჯვების ტოლფასია".

მომდევნო წელს HotelLead გეგმავს YouTube-ზე გასვლას სასტუმრო თემატიკაზე შექმნილი მოკლე, მულტიპლიკაციური სასწავლო ვიდეოებით და ინდივიდუალური თუ ჯგუფური კურსების გაფართოებას ქართველი და უცხოელი მოწვეული სპიკერებით.

ეკატერინე ეზუგბაიას და HotelLead-ის გზავნილი მარტივია: სასტუმროს წარმატება მხოლოდ თვალწარმტაცი შენობით არ იწყება – ის იწყება სწორად მომზადებული, მოტივირებული ადამიანებით, რომლებიც თითოეულ სტუმარს ნამდვილ გამოცდილებას სთავაზობენ.