"იარე შენს გზაზე" – ახალგაზრდა ქალების ამბები და გზავნილები BDO Georgia-ს კამპანიაში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე მსოფლიოში Gen Z თაობის ხედვა, მათი ღირებულებები და საჭიროებები ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს. განვითარებული ქვეყნების წამყვანმა ინდუსტრიებმა კარგად გაიაზრეს მათი გავლენა – ეს თაობა მთავარი მომხმარებლებიც არის და ტრენდების შემქმნელიც, სამუშაო კულტურის ტრანსფორმატორიც და ინოვაციების მთავარი მამოძრავებელი ძალაც. Gen Z კარიერის და წარმატების ტრადიციულ მიმართულებას არ მიჰყვება – ისინი თავად ქმნიან საკუთარ გზას. ეს არის თაობა, რომელიც ამსხვრევს ჩარჩოებს და ახალ შეხედულებებს აყალიბებს.

სწორედ Gen Z თაობის წარმომადგენელი ახალგაზრდა ქალების ღირებულებები, მათი კრეატიულობა და სამყაროსადმი დამოკიდებულება იქცა BDO Georgia-ს ახალი კამპანიის შთაგონებად.

"იარე შენს გზაზე" – ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც მთავარი გმირების რეალურ ისტორიებს გვიზიარებს. შვიდი Gen Z გოგონა, რომლებიც ახლა იწყებენ გზას, გვიყვებიან საკუთარ ამბებს, თუ როგორ არღვევენ სტერეოტიპებს, როგორ აღიქვამენ კარიერას და რატომ არ უშინდებიან პირველ ნაბიჯს.

კამპანიის შესახებ დეტალებზე BDO Georgia-ს ბრენდის და მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი, ანანო ციცვიძე გვიყვება:

"კამპანიის ინსპირაცია მარტის, როგორც ქალთა თვის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გაჩნდა. გვინდოდა, რომ ჩვენი საკომუნიკაციო არხები გვექცია პლატფორმად, სადაც ახალგაზრდა ქალების რეალურ ამბებს მოვყვებოდით და შთავაგონებდით მათ, ვისაც ეს სჭირდება. ჩვენ ხშირად წაგვიკითხავს შემდგარი და წარმატებული ქალების ისტორიები – ამბები მათი განვლილი გზის, გადალახული გამოწვევების შესახებ, მაგრამ ნაკლებად გვესმის ისტორიები იმ გოგონებზე, რომლებიც ახლა იკრებენ ძალას და გამბედაობას, რომ პირველი ნაბიჯები გადადგან, დაძლიონ სტერეოტიპები და მიუხედავად შინაგანი, თუ გარე დაბრკოლებებისა, თავიანთ გზაზე გამბედავად იარონ."

"გაჩერება არაფერს ცვლის, მოქმედება კი შანსს გაძლევს, რომ შეცვალო"

კამპანია შვიდ ამბავს აერთიანებს: #დაამსხვრიე, #იარე, #აღმოაჩინე, #გადაწყვიტე, #შეცვალე, #დაიჯერე, #დაიწყე. სწორედ ამ ჰეშტეგებით გავრცელდა სოციალურ ქსელებში კამპანიის მონაწილე ახალგაზრდა ქალების ისტორიები. თითოეულ ამბავს თავისი უნიკალური შინაარსი აქვს. თუმცა მთავარი სათქმელი საერთოა – შიშის, თვითრწმენის ნაკლებობის, დაბრკოლებების და სტერეოტიპის მიუხედავად, მთავარია საკუთარი გზის პოვნა და მასზე შეუპოვრად სვლა. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ პირველი ნაბიჯის გადადგმის სირთულე განსაკუთრებით მწვავეა მათთვის, ვინც კარიერას ახლა იწყებს.

BDO Georgia-ს კამპანიის მიზანია, სწორედ ამ დილემის დაძლევაში დაეხმაროს ახალგაზრდა ქალებს და მეორე მხრივ საზოგადოებას მათ უკეთ გაცნობაში დაეხმაროს.

"გვინდოდა, სხვადასხვა პროფესიის და გამოცდილების გოგონების ამბები მოგვეყოლა, რომელთაც ერთი საერთო ექნებოდათ – წინსვლის და საკუთარი თავის გამოხატვის დიდი სურვილი. მონაწილეები BDO Georgia-ს სხვადასხვა დეპარტამენტს წარმოადგენენ და გვიყვებიან ნამდვილს ამბებს პირადი და პროფესიული გამოცდილებების შესახებ. კამპანიის დაგეგმვის პროცესში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ავთენტურობის შენარჩუნება იყო. გვინდოდა, რომ თითოეული მონაწილის ისტორია გულწრფელი ყოფილიყო და თითოეული ამბავი მაქსიმალურად ბუნებრივად, მათივე სიტყვებით გადმოგვეცა. ფოტოსესიიდან დაწყებული, ტექსტების მომზადებით დასრულებული, კამპანიის თითოეული ელემენტი მათ ინდივიდუალურობას და ხასიათის უნიკალურობას უსვამდა ხაზს. ამ პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ფოტოგრაფის ხედვას, რათა მონაწილე გოგონების ხასიათი წარმოჩენილიყო. ამ ამოცანას თავი ზედმიწევნით კარგად გაართვა Smart Production-ის გუნდმა."

"ვიცი, რომ თუ გულით მსურს, ადრე თუ გვიან ყველაფერი რეალობად იქცევა"

კამპანიის გაცნობის შემდეგ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით – Gen Z არ ელის, რომ შესაძლებლობები თავად მოვა. ისინი თავად ქმნიან ამ შესაძლებლობებს. ამ თაობას არ ეშინია კითხვების დასმის, შეცდომების დაშვების და ყველაფრის თავიდან დაწყების. Gen Z-ისთვის პროფესიული წარმატება და პიროვნული განვითარება განუყოფელია – კარიერა მხოლოდ სამსახური არ არის, ეს არის გზა, რომლითაც საკუთარი უნიკალურობის გამოვლენა შეუძლიათ. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ამ თაობის ხედვა და სამყაროს აღქმა განსაკუთრებულია.

როგორც ანანო ციცვიძე აღნიშნავს, BDO-ს გუნდს სურს, ამ ისტორიებმა მოტივაცია მისცეს ყველა იმ გოგოს, ვინც პირველი ნაბიჯის გადადგმაზე ჯერ კიდევ ფიქრობს:

"გვსურს იცოდნენ, რომ ყველაფერი იწყება სწორედ ერთი ნაბიჯით, რომელიც გვიბიძგებს დავამსხვრიოთ სტერეოტიპები, შევცვალოთ სტატუს კვო და ვიაროთ ჩვენს გზაზე, რომელიც სავსეა აღმოჩენებით."

"უნდა სცადო, ყველა გზა მონახო და გააკეთო."

კამპანიის იდეა და გზავნილები მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული BDO-ს ღირებულებებთან. ანანო ციცვიძე აღნიშნავს, რომ კომპანია სიახლეების მხარდამჭერია და მუდმივად ცდილობს, ახალგაზრდა პროფესიონალების გაძლიერებას დაუჭიროს მხარი განურჩევლად სქესისა.

"ყოველთვის ვცდილობთ ახალ თაობას დავეხმაროთ დაბრკოლებების გადალახვაში და მხარი დავუჭიროთ მათ იდეებს. ეს კამპანია ჩვენი ხედვის გაგრძელებაა – შევქმნათ სივრცე, სადაც ყველას შეუძლია გამოხატოს საკუთარი თავი და თავისი უნიკალურობით შეცვალოს გარემო," – ამბობს ანანო ციცვიძე.

კამპანიამ დიდი გამოხმაურება და ემოცია გამოიწვია, როგორც შიდა, ასევე გარე აუდიტორიებში. ამ ისტორიებმა სხვადასხვა თაობის ადამიანებს საკუთარ თავზე დაფიქრების საშუალება მისცა. ეს უკუკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნამდვილი ამბების გაზიარება – ამბების რომელიც შთაგვაგონებს, რომ გადავლახოთ შიში და ვიაროთ საკუთარ გზაზე.