იდეა, რომელიც იზრდება: "დაგეგმე" და მარიამ კვაშილავას შემდეგი ნაბიჯები
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მარიამ კვაშილავას ვიზუალური გამოხატვის ფორმების მიმართ ინტერესი საკმაოდ ადრეულ ასაკში გაუჩნდა. ინტერესი ყოველდღიურობის ნაწილი მალევე გახდა, მოგვიანებით კი მისი პროფესიული გზაც განსაზღვრა. მარიამი 14 წლის ასაკში გაცვლითი პროგრამით ამერიკაში გაემგზავრა, ხოლო 16 წლისა, ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით, A-level-ის სისტემით, ორი წლის განმავლობაში ნოტინჰემის კოლეჯში სწავლობდა. ამის შემდეგ მან საფრანგეთის სახელმწიფო სტიპენდიით სწავლა პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე გააგრძელა, სადაც ფრანგულ ენაზე სწავლობდა.
დღეს მარიამი არის ხელოვანი, რომელიც ასევე კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებზე მუშაობს, რომლებიც ხელოვნებას, საზოგადოებასა და თვითგანვითარებას აკავშირებს.
"დაგეგმე" – იდეის წარმოშობა და განვითარება
"დაგეგმე" მიმართულია ადამიანებისკენ, რომლებიც საკუთარი ცხოვრების დაგეგმვას მხოლოდ ტექნიკურ პროცესად არ აღიქვამენ. მისი აუდიტორია არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ საკუთარ თავთან დიალოგი, მოტივაცია და შინაგანი ბალანსი. ეს დღიური განსაკუთრებით ახლოს არის მათთან, ვინც ემოციურ და მენტალურ კეთილდღეობას ისეთივე მნიშვნელობას ანიჭებს, როგორც პრაქტიკულ მიზნებს, ან იმ ადამიანებთან, ვინც ჯერ მხოლოდ იწყებს ამ ურთიერთობას", – ამბობს მარიამ კვაშილავა.

ხელოვანი ამბობს, რომ "დაგეგმეს" იდეა ბუნებრივად დაიბადა რვა წლის წინ. ქალების ჯგუფის დაარსების შემდეგ ამჩნევდა, რამდენად მნიშვნელოვანია თვითრეფლექსია, მენტალური ჯანმრთელობა და ყოველდღიურობის გააზრებულად დაგეგმვა.
"მრავალწლიანი გამოცდილებიდან საბოლოო კონცეფცია ჩამოყალიბდა დაახლოებით შვიდი წლის წინ გადავწყვიტე, შემექმნა სამოტივაციო დღიური, რომელიც იქნებოდა არა მხოლოდ პრაქტიკული ინსტრუმენტი, არამედ ემოციური და ვიზუალური მხარდაჭერაც ადამიანის ყოველდღიურობაში", – ამბობს ის.
მარიამ კვაშილავას თქმით, პროექტების იდეა და შემოქმედებითი ხედვა ძირითადად მისგან მოდის, უშუალოდ ბიზნესის მართვაზეც, ფაქტობრივად, მარტო მუშაობს, თუმცა არასოდეს აქვს მარტოობის განცდა.
"სხვადასხვა ეტაპზე ვთანამშრომლობ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან – კომპანიებთან, პარტნიორებსა და პლატფორმებთან. ამასთან, მიმაჩნია, რომ "დაგეგმე" რეალურად თავისი მომხმარებლების კოლაბორაციით იქმნება. ყოველი წლის ბოლოს დაახლოებით 20 ადამიანი დღიურის ყოველდღიური გამოყენების შემდეგ მიზიარებს ყველა შენიშვნას, დაკვირვებასა და რჩევას, რაც მომდევნო გამოცემების განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს", – აღნიშნავს ის.
მარიამი ამბობს, რომ ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს პასუხისმგებლობა, როგორც საკუთარი იდეების, ასევე იმ ადამიანების წინაშე, ვინც ამ პროექტებს ენდობა.
"დაგეგმე" ბევრი ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილია და დიდი სიფრთხილით ვეკიდები, რა მესიჯები და კითხვები დახვდებათ მათ. ამერიკაში გადმოსვლის შემდეგ გამოწვევა გახდა მასშტაბის მართვა: როგორ შეინარჩუნო ხარისხი, შინაარსი და ღირებულებები მაშინ, როდესაც აუდიტორია იზრდება და მოთხოვნაც მატულობს, განსაკუთრებით შორიდან", – ამბობს ხელოვანი.
მარიამის თქმით, რამდენიმე წარმატებული წამოწყების შემდეგ გაიაზრა, რომ მთავარია მოგწონდეს და გჯეროდეს, რასაც აკეთებ. აღნიშნავს, რომ იდეის მონეტიზაცია არასოდეს არის თვითმიზანი – იგი ემსახურება იმ პროექტების მდგრადობასა და განვითარებას, რომელიც მას ძალიან აინტერესებს.
"მომხმარებელი უკვე ძალიან გათვითცნობიერებულია და დღევანდელ რეალობაში ის ყოველთვის პასუხობს გულახდილად შექმნილ და მიწოდებულ პროდუქტს. რა თქმა უნდა, ასევე, მტკიცედ მჯერა მარკეტინგის ძალის და ყოველთვის ვცდილობ, რაც შეიძლება ბევრი აქტივობა მოვსინჯოთ", – ამბობს ის.
გარდა ქართულენოვანი ვერსიისა, მარიამ კვაშილავამ "დაგეგმეს" ინგლისურენოვანი ვერსიაც შექნა – BEMIND, რომელიც იმავე ღირებულებებისაა, თუმცა განსხვავებულ კულტურულ კონტექსტში მოქმედებს.
"მისი აუდიტორია უფრო ფართო და საერთაშორისო გარემოა – ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ სწრაფ ტემპში და ეძებენ ინსტრუმენტს, რომელიც დაეხმარებათ საკუთარ თავთან კავშირის შენარჩუნებაში. კონცეფცია ერთია, მაგრამ ენა და გარემო განსხვავებულად ახდენს მის აღქმას", – გვეუბნება მარიამ კვაშილავა.
სამომავლო გეგმები
მარიამ კვაშილავა აღნიშნავს, რომ მისი სამომავლო მიზანია ხელოვნების, განათლებისა და საზოგადოებრივი დისკურსის კიდევ უფრო მჭიდროდ დაკავშირება. ის ამ ეტაპზე ასწავლის კულტურულ კვლევებსა და ფერწერას ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკაში.

"ამჟამად საქართველოში ვარ ჯგუფური გამოფენის მონაწილე self image, Identica art-ში, ხოლო იანვარში დაგეგმილია გამოფენა ლოს-ანჯელესში, Abigail Ogilvy-ს გალერეაში.
პარალელურად ვცდილობ BEMIND-ის საერთაშორისო ბაზარზე პოპულარიზაციას, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა აღმოაჩინოს ეს ინსტრუმენტი უკეთესი ყოველდღიურობისთვის.
მჯერა, რომ ხელოვნებას შეუძლია არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ მნიშვნელოვანი სოციალური ცვლილებების გამოწვევაც", – ამბობს მარიამ კვაშილავა.