იდეიდან ინსტიტუციურ ტრანსფორმაციამდე: NEU-ს განვითარების სამი ათწლეული

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს საგანმანათლებლო სივრცისთვის ჩვენს დროებაში გარდამტეხი ეტაპია. მიმდინარე რეალობაში უნივერსიტეტი აღარ არის მხოლოდ ცოდნის გადაცემის ადგილი, ის არის საზოგადოებრივი აზრის, ღირებულებებისა და მომავლის ფორმირების სივრცე. სწორედ ასეთ ინსტიტუციას წარმოადგენს "NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი", რომელიც აერთიანებს 30-წლიან იდეას, გამოცდილებასა და პასუხისმგებლობას.

"NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის" ისტორია 1996 წლიდან იწყება – იმ პერიოდიდან, როდესაც საქართველო საგანმანათლებლო თავისუფლებისა და ახალი აკადემიური კულტურის ძიებაში იყო. თავდაპირველად "საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის" სახელით დაფუძნებული სასწავლებელი წლების განმავლობაში არაერთი გამოწვევის ფონზე ვითარდებოდა.

უნივერსიტეტის ისტორიაზე, განვითარების ეტაპებზე, განათლების როლზე, უნივერსიტეტის პასუხისმგებლობაზე, ეროვნული იდენტობისა და გლობალიზაციის თანაარსებობაზე Entrepreneur-ს "NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის" რექტორი, სალომე პირველი ესაუბრა.

როდის და რა მთავარი მისიით დაფუძნდა უნივერსიტეტი?

"NEU ეროვნულ საგანმანათლებლო უნივერსიტეტს" საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობის შთამბეჭდავი ისტორია აქვს. უნივერსიტეტის დაარსება მოხდა 1996 წელს, როდესაც მისი სახელი იყო "საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი". შემდგომში მოცემულმა ინსტიტუციამ განიცადა რებრენდინგი და ბოლოს, 2025 წლის დეკემბერში სრულიად ახალი მისიით, შინაარსითა და ახალი საგანმანათლებლო პროგრამებით იკავებს დამსახურებულ ადგილს საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტებს შორის.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ინსტიტუციის დაარსებისას მე ამ სფეროს ნაწილი არ ვიყავი, ვფიქრობ, რომ იმ პერიოდში უნივერსიტეტები და სასწავლო დაწესებულებები უამრავი გამოწვევის წინაშე იდგნენ. თუმცა, ამავდროულად, 1996 წელი იყო ახალი საგანმანათლებლო თავისუფლების დასაწყისი. სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა პირველი მცდელობები ალტერნატიული აკადემიური სივრცეების შექმნისა და ისეთი უნივერსიტეტების დაფუძნებისა, რომელთა მთავარი ხედვა იქნებოდა აკადემიური თავისუფლება, ძლიერი მსოფლმხედველობა, სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომა და დამოუკიდებელი აზროვნება.

ჩემი მოსაზრებით სწორედ საზოგადოების მკვეთრი მოთხოვნა განათლებაზე – ისეთ განათლებაზე, რომელიც ადამიანს მოამზადებდა არა მხოლოდ დიპლომისთვის, არამედ ცხოვრებისთვის, პროფესიული დამოუკიდებლობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, იქცა უნივერსიტეტის ჩამოყალიბების მთავარ ქვაკუთხედად. სწორედ იმ დროს დაიბადა ახალი აკადემიური კულტურა საქართველოში და სწორედ ასეთი შინაარსის უნივერსიტეტებმა შექმნეს ჩვენი ქვეყნის მძლავრი ისტორია. ამრიგად, უნივერსიტეტის დაფუძნება 1996 წელს იყო პასუხი დროის გამოწვევაზე – ეს იყო იდეა, რომელიც ყველაზე რთულ და, ამავდროულად, საჭირო დროს დაიბადა.

როგორ შეიცვალა და განვითარდა ის დაარსებიდან დღემდე თქვენთან ერთად?

ჟამთა სვლამ უნივერსიტეტს დაფუძნების დღიდან მრავალი სირთულე მოუვლინა. 2019 წელს, როდესაც აღნიშნული ინსტიტუციის რექტორი გავხდი, უნივერსიტეტი უმძიმესი რეალობის წინაშე იდგა. უძლიერესი წარსულის მქონე ინსტიტუცია გადარჩენის ზღვარზე გახლდათ. შესაბამისად, უკიდურესად აუცილებელი იყო მოკლევადიან პერსპექტივაში გრძელვადიანი მდგრადობის მიღწევა და ისეთი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ინსტიტუციას იმ მწვავე კრიზისიდან გამოიყვანდა. სწორედ მოცემულ პერიოდში შეიქმნა ახალი სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები, განისაზღვრა სამიზნე ნიშნულები და შესრულების ინდიკატორები. სწორმა ხედვამ, სწორმა სტრატეგიამ შედეგი გამოიღო და 2026 წლისთვის უნივერსიტეტი წარმოადგენს სტრუქტურირებულ, მრავალპროგრამიან და განვითარებაზე ორიენტირებულ ინსტიტუციას. უნივერსიტეტმა განიცადა მნიშვნელოვანი ინსტიტუციური და კონცეპტუალური ტრანსფორმაცია – გაფართოვდა აკადემიური მიმართულებები, გაძლიერდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, დაინერგა საერთაშორისო სტანდარტები და ჩამოყალიბდა უნივერსიტეტის თანამედროვე იდენტობა, რომელიც აერთიანებს 30-წლიან იდეას, ტრადიციას, მოტივაციას, სიყვარულსა და ინოვაციას.

შეჯამების სახით შემიძლია გითხრათ, რომ NEU-მ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს უმაღლესი განათლების სივრცეში შექმნა უნიკალური განვითარების დინამიკა. მე და ჩემმა გუნდმა შევძელით ინსტიტუციის მცირე კოლეჯიდან უნივერსიტეტად ჩამოყალიბება. საანგარიშო პერიოდისათვის NEU-მ მოახდინა 11 პროგრამის იმპლემენტაცია, რომელთაც მიენიჭათ უპირობო აკრედიტაცია საერთაშორისო ექსპერტთა ჩართულობით, უნივერსიტეტი ჩაერთო ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ საერთაშორისო კრედიტმობილობის პროგრამაში, გახდა საერთაშორისო ორგანიზაციის EURAS-ის სრულუფლებიანი წევრი, შექმნა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ჩამოაყალიბა იურიდიული კლინიკა და თანამშრომლობა დაიწყო 60-ზე მეტ საერთაშორისო უნივერსიტეტთან მსოფლიოს მასშტაბით.

როგორ შეირჩა სახელი და რისი სიმბოლოა ის თქვენთვის?

ჩემი აზრით, უნივერსიტეტის სახელი ასახავს მის ღირებულებით საფუძველს. ის სიმბოლოა ცოდნის, ეროვნული თვითშეგნების და ერთიანობის, რომელიც ორგანულად ერწყმის გლობალურ აკადემიურ სივრცეს. სახელი არ არის მხოლოდ ფორმალური იდენტიფიკატორი, ის გამოხატავს უნივერსიტეტის იდეას, ხედვას, ღირებულებას. "NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის" სახელწოდებაც სწორედ ამ იდეის, ხედვისა და ღირებულებების შედეგად წარმოიშვა. ჩვენი სახელი წარმოადგენს ჩვენს მისწრაფებას, ძირითად მიზანს და არსს ეროვნული მნიშვნელობის საქმის კეთებისკენ. სწორედ სახელიდან გამომდინარე, ჩვენი მთავარი მისიაა ქართული ენის პოპულარიზაცია და ეროვნული განათლების სისტემაში გადამწყვეტი სიტყვის თქმა, რაც გამოიხატება მუდმივად ცვალებად ციფრულ სამყაროში მულტიკულტურული და დემოკრატიული ღირებულებების მქონე თაობების მომზადებაზე, ჩამოყალიბებასა და დასაქმებაზე.

რა იყო შინაგანი მოტივი, რომ თქვენ აირჩიეთ განათლება, როგორც თქვენი მთავარი პროფესიული მისია?

უნივერსიტეტი ჩემთვის არასოდეს ყოფილა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება. ის არის ადგილი, სადაც საუნივერსიტეტო საზოგადოება მომავალს ქმნის. ადგილი, სადაც ცოდნა არ არის პროდუქტი, ხოლო დიპლომი – მიზანი. უნივერსიტეტი არის პასუხისმგებლობა ადამიანის წინაშე, ქვეყნის წინაშე და დროის წინაშე. სწორედ ეს პასუხისმგებლობა გახდა ჩემი მთავარი მოტივაციაცა და მისიაც. მე მჯერა, რომ ძლიერი უნივერსიტეტი იქმნება მაშინ, როდესაც ის მკაფიოდ პასუხობს ერთ კითხვას: რისთვის არსებობს? "NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი" არსებობს მხოლოდ ერთი მიზნისთვის – განათლება იყოს ადამიანური და გადამდები. დამეთანხმებით, რომ განათლება არჩევანია და, ვინც ამ არჩევანს აკეთებს, მომავალიც მისია, სწორედ ამიტომ მე მაქვს ამბიცია და მოტივაცია, რომ ამ მომავლისკენ ჩვენ და ჩვენმა მომავალმა თაობამ ერთად ვიაროთ და ყველაზე მთავარი მოტივი – სიყვარული, რომ საგანმანათლებლო სფეროს აშენებით შენ ძალგიძს გავლენა იქონიო მომავალზე.

რა პასუხისმგებლობას გრძნობთ დღეს, როდესაც უნივერსიტეტს აღარ უყურებთ მხოლოდ როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებას, არამედ როგორც საზოგადოებრივ ინსტიტუციას?

ჩემთვის უნივერსიტეტი ნამდვილად არის საზოგადოებრივი ინსტიტუცია, რომელიც რეალურად ზემოქმედებს სოციალურ, კულტურულ და მოქალაქეობრივ პროცესებზე. ამ კონტექსტში პასუხისმგებლობა სცდება აკადემიური პროგრამების განხორციელებას და მოიცავს ღირებულებით, ეთიკურ და მოქალაქეობრივ ვალდებულებებს საზოგადოების წინაშე. როგორც რექტორი, ვგრძნობ პასუხისმგებლობას თითოეული კურსდამთავრებულის მიმართ – თუ როგორ ადამიანებს ვაყალიბებთ და ვის უნდა დარჩეს საქართველოს მომავალი. უნივერსიტეტი ხომ ის ადგილია, სადაც ყალიბდება საზოგადოებრივი ნორმებისადმი დამოკიდებულება, სამოქალაქო ცნობიერება და საჯარო ინტერესის გააზრება. როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუცია, უნივერსიტეტი ვალდებულია იყოს საჯარო სივრცე დიალოგისთვის, განსხვავებული მოსაზრებების მშვიდობიანი თანაარსებობისა და რთული საკითხების გააზრებისთვის. ის უნდა ასწავლიდეს განსხვავებას თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას შორის, უფლებასა და მოვალეობას შორის, რადგან დემოკრატიული საზოგადოება სწორედ ამ ბალანსზე დგას. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ეროვნული კონტექსტის მიმართ.

პატარა და ისტორიულად სენსიტიურ ქვეყანაში უნივერსიტეტი ვერ იქნება მხოლოდ ნეიტრალური დამკვირვებელი. მას აქვს ვალდებულება, შეინარჩუნოს ენა, კულტურული მეხსიერება და ეროვნული თვითშეგნება, ამავდროულად კი, დარჩეს ღია, მულტიკულტურული და ინტეგრირებული გლობალურ აკადემიურ სივრცეში. ჩემთვის უნივერსიტეტის მთავარი არსი არის იმ განათლების გადაცემაში, რომელიც ემსახურება ადამიანის, ქვეყნისა და მომავლის გაძლიერებას.

არის რაიმე გადაწყვეტილება, რომელიც თქვენი რექტორობის პერიოდში ყველაზე რთული იყო, მაგრამ მაინც სწორად მიიჩნიეთ? რატომ?

დამეთანხმებით, რომ მენეჯერულ პოზიციაზე ყოფნა ბევრ სირთულესა და პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. ყოველი დღე არის გამოწვევებით სავსე და შენ უნდა შეძლო ამ პროცესების ოპტიმიზაცია. საგანმანათლებლო სფეროში წინასწარ ვერ იტყვი რომელიმე გადაწყვეტილებაზე, იყო თუ არა მცდარი, რადგანაც ეს არის პროცესთა ერთობლიობა, სადაც დინამიკა მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული. თქვენ იცით, რომ უნივერსიტეტები ექვემდებარებიან ინსტიტუციურ ავტორიზაციას, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამები – პროგრამულ აკრედიტაციას. ამ პროცესებში გამარჯვების მიუღწევლად ინსტიტუცია ვერ იფუნქციონირებს. შესაბამისად, მიღებული ინსტიტუციური ავტორიზაცია და მინიჭებული პროგრამული აკრედიტაციები მაძლევს უფლებას ვთქვა, რომ ყველა გადაწყვეტილება იყო ძალიან რთული, თუმცა, მართებული. ასევე, ურთულესი იყო ჩემთვის ამ უნივერსიტეტის რექტორობა, სადაც უამრავი პრობლემა დამხვდა, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რაც მიმიღია კარიერულად, სწორედ ამ ინსტიტუციას უკავშირდება.

რამდენად შეიძლება იყოს პატარა უნივერსიტეტი გავლენიანი და სად ხედავთ ამ ძალას?

გავლენა არ იზომება მასშტაბით, გავლენა იქმნება იმით, თუ რამდენად მკაფიოა უნივერსიტეტის მისია, რამდენად თანმიმდევრულია მისი ღირებულებები და რეალურია მისი კავშირი ადამიანებსა და საზოგადოებასთან. პატარა უნივერსიტეტს აქვს ის უპირატესობა, რაც ხშირად აკლია დიდ ინსტიტუციებს – მოქნილობა, სწრაფი გადაწყვეტილებები და ინდივიდზე ორიენტირებული მიდგომა. ასეთ გარემოში უნივერსიტეტი არ არის დისტანციური სტრუქტურა. ის არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც უშუალოდ ხედავს თითოეულ სტუდენტს, მის საჭიროებებსა და პოტენციალს. მთავარი საზომი არის, რამდენ ადამიანზე მოახერხა რეალური ზემოქმედება ინტელექტუალურად, პროფესიულად და მოქალაქეობრივად.

სწავლა საქართველოში და სწავლა საზღვარგარეთ რას ეტყოდით ახალგაზრდას, რომელიც ფიქრობს, ღირს თუ არა საქართველოში სწავლა?

სწავლა საქართველოში ნიშნავს განათლების მიღებას კულტურულ, ისტორიულ და ადამიანურ სივრცეში, რომელსაც ღრმა ფესვები აქვს. ეს არის ქვეყანა, სადაც განათლება ყოველთვის იყო თვითიდენტობის, თავისუფალი აზრისა და წინააღმდეგობის ფორმა. ჩვენ გვქონდა და გვაქვს ძლიერი აკადემიური ტრადიცია, ინტელექტუალური სკოლები და ყველაზე ღირებული ადამიანური ურთიერთობები, რომლებიც ხშირად ვერ იზომება ტექნოლოგიებითა და/ან ფინანსებით.

სწავლა საზღვარგარეთ ნიშნავს გამოცდილებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანს სურს შეხვდეს საკუთარ თავს სხვა გარემოში, გამოცადოს საკუთარი შესაძლებლობები, ისწავლოს დამოუკიდებლად ცხოვრება და საკუთარ თავსა და სამყაროს დაანახოს, რომ უკვე ჩამოყალიბდა როგორც პიროვნება. ასეთ შემთხვევაში საზღვარგარეთ სწავლა ხშირად უფრო ცხოვრების სკოლაა, ვიდრე მხოლოდ აკადემიური პროცესი.

ვიტყოდი, რომ სრულიად ბუნებრივია სხვა ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემების მიმართ ინტერესის ქონა. ახალი სივრცეები ყოველთვის მიმზიდველია. გვხიბლავს მათი "სახელები", მასშტაბები, რესურსები, ინფრასტრუქტურა – მსოფლიო გახსნილია და გამოცდილება მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე, გულწრფელად ვფიქრობ, რომ განათლება, რომელიც მიიღება საკუთარი ქვეყნის კონტექსტში, ხშირად უფრო ღრმაა, რადგან ის არა მხოლოდ პროფესიულ უნარებს, არამედ იდენტობასაც აყალიბებს. განსხვავება ხშირად არა ცოდნის ხარისხში, არამედ მასშტაბშია. მსოფლიოში სხვა რესურსებია, სხვა მოცულობა, სხვა შესაძლებლობები და ეს ბუნებრივია, მაგრამ ხშირად გვავიწყდება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი: ჩვენ ვართ პატარა და მცირერიცხოვანი ქვეყანა და ჩვენი საგანმანათლებლო სივრცეც ამ რეალობის ფარგლებში ვითარდება.

პატრიოტიზმი ჩემთვის არ არის მხოლოდ ლოზუნგი. პატრიოტიზმი არის გადაწყვეტილება, დავრჩე, ვიმუშაო, ავაშენო მაშინაც კი, როცა ეს ძალიან რთულია. სწორედ განათლებაა ის სფერო, სადაც ეს გადაწყვეტილება ყველაზე მძაფრად იგრძნობა. ჩემი ღრმა რწმენით, აქ რჩებიან ისინი, ვინც იღებენ პასუხისმგებლობას არა მხოლოდ საკუთარ მომავალზე, არამედ საერთო მომავალზეც. მე მჯერა, რომ ქვეყანა ეკუთვნის მათ, ვინც მასზე ზრუნავს – ვისაც სჯერა, რომ საკუთარი მიწა, საკუთარი ენა და საკუთარი საგანმანათლებლო სივრცე ღირებულია. მე მინდა, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ შეძლოს სამყაროს ნახვა, მაგრამ ასევე მინდა იცოდნენ, რომ ეს ქვეყანა მათი სახლია და არა დროებითი გაჩერება. თაობა უნდა წავიდეს, გახდეს მსოფლიო განათლების ნაწილი, თუმცა აუცილებლად უნდა დაბრუნდეს უკან და თავისი ცოდნა საქართველოს დაუბრუნოს.

რა არის თქვენი უნივერსიტეტის მთავარი კონკურენტული უპირატესობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში?

NEU-ს მთავარი კონკურენტული უპირატესობა არ განისაზღვრება არც მასშტაბით, არც რაოდენობით და არც სწრაფი შედეგების დემონსტრირებით. ჩვენი უპირატესობა არის ისტორია, გამოცდილება, ღირებულებითი სიმტკიცე – მკაფიო გაგება იმისა, თუ რისთვის არსებობს უნივერსიტეტი და ვის წინაშე აგებს იგი პასუხს.

უნივერსიტეტი შეიქმნა და ვითარდება, როგორც საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მატარებელი ინსტიტუცია. აქ განათლება არ განიხილება, როგორც კომერციული პროდუქტი და სტუდენტი – როგორც მომხმარებელი. ჩვენი კონკურენტული ძალა იმალება ადამიანურ მასშტაბში. პატარა უნივერსიტეტად ყოფნა გვაძლევს შესაძლებლობას, ვიყოთ პასუხისმგებლები თითოეულ გადაწყვეტილებასა და თითოეულ ადამიანზე. აქ არ იკარგება სტუდენტი სისტემაში, არ იშლება აკადემიური ურთიერთობები და არ იკარგება პასუხისმგებლობა. ეს ქმნის რეალურ აკადემიურ სივრცეს, სადაც სწავლა არის ცოცხალი პროცესი და არა ფორმალობა.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეროვნული იდენტობისა და აკადემიური თავისუფლების თანაარსებობას. NEU მყარად დგას საკუთარ კულტურულ და ენობრივ საფუძველზე, მაგრამ ერთდროულად ღიაა საერთაშორისო აკადემიური სივრცისთვის. ჩვენ მივისწრაფვით გლობალურ სამყაროში ინტეგრაციისკენ ერთადერთი მიზნით, – შევუქმნათ სტუდენტებს გარემო, სადაც მათი განვითარების შესაძლებლობა უსაზღვრო იქნება. ჩვენი უპირატესობა გრძელვადიანი ხედვაა. ჩვენი კურსდამთავრებულები საქართველოს წამყვანი დარგების სათავეში დგანან და სწორედ ეს არის მთავარი შედეგი: NEU საზოგადოებრივი პასუხისმგებლობაა.

რას ეტყოდით აბიტურიენტებს, რომლებიც ახლა აკეთებენ არჩევანს რატომ უნდა აირჩიონ "ნეუ"?

NEU-ზე უსასრულოდ შემიძლია ვისაუბრო, რადგანაც ის ჩემი "იდეაა", ჩემი მისიაა, ჩემი განუყოფელი ნაწილია და ჩემი შეგნებული დროის უდიდესი ნაწილი იმაზე ფიქრია, როგორ უნდა იყოს ეს ინსტიტუცია ყოველწამიერად უკეთესი. ჩვენ ვაერთიანებთ ისტორიასა და ტრადიციას, პასუხისმგებლობასა და ეთიკას, კრიტიკულ აზროვნებასა და გამოცდილებას. NEU ქმნის ახალ აკადემიურ კულტურას საქართველოში – NEU ეს არის განათლების ახალი სტანდარტი.

ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იღებენ გადაწყვეტილებას, ვეტყოდი, რომ უნივერსიტეტის არჩევა არ არის მხოლოდ პროფესიის არჩევა – ეს არის არჩევანი იმ გარემოსა და ღირებულებებისა, რომლებიც ჩამოგაყალიბებენ, როგორც პიროვნებას. თუ მათ სურთ უნივერსიტეტი, სადაც ადამიანურ ურთიერთობებს, თავისუფალ აზრსა და პასუხისმგებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაშინ ეს ადგილი მათია.

NEU ჩვენი იმიჯია, იმიჯი ყველაფერია, ყველაფერი კი სტუდენტია!