Cyber Week Sale! 50% Off All Access

იქომერს ასოციაცია - საქართველოს საკონსულტაციო სერვისები ბიზნესებისთვის ყველაფერი, რაც ახალ პროექტზე უნდა იცოდეთ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნეს სამყაროში ციფრული ინოვაციების დანერგვა სულ უფრო აქტუალური ხდება და ელექტრონული კომერციის დარგი ახალ მწვერვალებს აღწევს. საქართველოში ამ ტრანსფორმაციის პროცესში იქომერს ასოციაცია – საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს — ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, ქმნის ინოვაციურ პროდუქტებსა და სერვისებს.

იქომერს ასოციაცია - საქართველო, USAID-ის ფინანსური და სტრატეგიული მხარდაჭერით, იწყებს პროექტს — "ორგანიზაციული მდგრადობის სერვისები", რომელიც მიკრო, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს ელექტრონული ვაჭრობის დარგში მეგზურობას გაუწევს და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ საკონსულტაციო მომსახურებას შესთავაზებს.

პროექტი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ შექმნილი OCAP ინიციატივის (ორგანიზაციაზე მორგებული მხარდაჭერის პროგრამა) ფარგლებში ხორციელდება.

პასუხი ელექტრონული კომერციის გამოწვევებს

ბიზნესის მრჩევლის კონსულტაცია, ციფრული მარკეტინგის საკონსულტაციო მომსახურება, მიწოდების საოპერაციო საქმიანობის საკონსულტაციო მომსახურება, პარტნიორების მოძიებისა და სწორი კავშირების დამყარების საკონსულტაციო მომსახურება — ეს იქომერს ასოციაცია საქართველოს ახალი საკონსულტაციო სერვისებია, რომლებით სარგებლობა ასოციაციის წევრ თუ არაწევრ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს შეუძლიათ.

"სერვისების მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ბიზნესები დაინახავენ სრულ სურათს, რა კომპეტენციები აკლიათ, რა სჭირდებათ ორგანიზაციულ სტრუქტურაში, რაში სჯობს ინვესტირება", — ამბობს ამირან შეროზია, იქომერს ასოციაცია – საქართველოს დამფუძნებელი.

ანდრო კიკნაძე, ასოციაციის დამფუძნებელი, აღნიშნავს, რომ ელექტრონულ კომერციაში ჩართული ბიზნესებისგან განვითარებისთვის მზადყოფნა შეინიშნება, თუმცა მათ არ აქვთ ბევრი ინფორმაცია საჭირო ხელსაწყოების თუ ტექნიკური საშუალებების შესახებ. "ახალბედა ბიზნესები ადგილობრივ ბაზარს იშვიათად თუ სცდებიან, არ იცნობენ მსოფლიოში აპრობირებულ ხელსაწყოებს და პროცესების ნაწილს ხელით მართავენ, ამიტომ გაგვიჩნდა იდეა, შევთავაზოთ მათ პრობლემების გადაწყვეტა, გავაცნოთ კომპანიები, რომლებიც, სხვადასხვა გამოწვევაზე საპასუხოდ, პროგრამულ უზრუნველყოფას მიაწოდებენ."

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საქართველოში სულ უფრო იზრდება იმ მომხმარებლების რაოდენობა, რომლებიც მზად არიან, ონლაინ ივაჭრონ და მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღონ. სწორედ ამიტომ, ბიზნესები, საკონსულტაციო სერვისების დახმარებით, სრულყოფილი ჯაჭვის აწყობისთვის საჭირო რეკომენდაციებს მიიღებენ და მზარდ მოთხოვნას ხარისხიანი მომსახურებით უპასუხებენ.

ოთხი სერვისი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

აღსანიშნავია ბაზარზე არსებული საკონსულტაციო კომპანიები უმეტესად დიდ ბიზნესებზე არიან ორიენტირებული, ხოლო მცირე კომპანიებს ელექტრონული კომერციის განვითარებაში მხარდაჭერა კვლავ სჭირდებათ. სწორედ მათთვის იქმნება ეს სერვისები.

ასოციაციის ოთხი სერვისიდან ერთ-ერთია "ბიზნეს მრჩეველი". ამ მომსახურებით სამი ექსპერტი აანალიზებს ბიზნესის სტრუქტურას, აღმოაჩენს კომპანიის ინდივიდუალურ საჭიროებებს და გამოწვევებს. ბიზნეს მრჩეველის, ისევე, როგორც სხვა სამი სერვისის სტანდარტები ექსპერტებმა — ამირან შეროზიამ, ანდრო კიკნაძემ და მურთაზ ფუტკარაძემ შეიმუშავეს.

ციფრული მარკეტინგის სერვისით, ასოციაცია მომხმარებელს სხვადასხვა ასპექტში ეხმარება. მათ შორისაა ონლაინ ხილვადობის გაზრდა, კომუნიკაციისა და კონტენტის სტრატეგია, SEO და PPC სტრატეგია, იმეილ მარკეტინგი და სხვა. ბიზნესებს კონსულტაციას ციფრული მარკეტინგის ექსპერტი, მურთაზ ფუტკარაძე გაუწევს.

"ბიზნესები შეძლებენ, იპოვონ საკუთარი ადგილი ციფრულ სივრცეში, გააცნობიერონ, თუ ვის ესაუბრებიან და სად შეიძლება შეხვდნენ მათ, ამასთან, მეტი რესურსი გამოითავისუფლონ პროდუქტის გაუმჯობესებისათვის", — ამბობს მურთაზი.

აწყობილი ლოგისტიკური სისტემები, სასაწყობე მეურნეობების ავტომატიზაცია, მიწოდების სისტემების გამართვა — სწორედ ესაა მესამე, მიწოდების საოპერაციო საქმიანობის საკონსულტაციო მომსახურების მიზანი და მას ბაზარზე ანალოგი არ აქვს.

"არაერთმა კვლევამ დაადგინა, რომ საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორი ინფრასტრუქტურის, მათ შორის სასაწყობე მეურნეობისა და ლოჯისტიკური სერვისების, სიმწირეა. მიწოდების ჯაჭვის აწყობა რთულია, რადგან არ არსებობს ალტერნატივები. სწორედ ამის შეცვლაა ჩვენი ამოცანა", — ამბობს ამირან შეროზია, მიწოდების საოპერაციო საქმიანობის საკონსულტაციო მომსახურების ექსპერტი.

პარტნიორების მოძიებისა და სწორი კავშირების დამყარების საკონსულტაციო მომსახურების დანიშნულება ბიზნესებისთვის სწორი ვენდორების, აიტი სერვისების პროვაიდერებისა და პარტნიორების შერჩევა, პროფესიონალური დახმარების მიწოდება და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის სტრატეგიების დასახვაა.

"ჩვენი სურვილია, ელექტრონული კომერციის დარგში მომუშავე კომპანიებმა და ლოჯისტიკური თუ პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერებმა ერთმანეთი იპოვონ, გაეშალოთ ხედვის არეალი, იცოდნენ, რა შესაძლებლობები არსებობს ადგილობრივ თუ ევროპულ ბაზარზე და, ზოგადად, იცნობდნენ ელ. კომერციის ლანდშაფტს", — ამბობს ანდრო კიკნაძე.

საკონსულტაციო სერვისები ორი ან სამი (Basic, Advanced, Implementation) შეთავაზებისგან შედგება. ისინი ერთმანეთისგან ფასებით განსხვავდება და ბიზნესის ზომასა და გადახდისუნარიანობაზეა მორგებული. აღსანიშნავია, რომ ასოციაციის წევრებისთვის სერვისებზე 20%-იანი ფასდაკლებაც მოქმედებს.

პროექტის ვადები და დეტალები

ასოციაცია პროექტს სექტემბრის ბოლოდან საპილოტე რეჟიმში ჩაუშვებს და შერჩეულ კომპანიებს ახალშემუშავებულ მომსახურებას 70%-იანი ფასდაკლებით, ერთი თვის განმავლობაში გაუწევს. საპილოტე რეჟიმის დასრულების შემდეგ, იგეგმება მისი ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა. მოგვიანებით კი სერვისები ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი დაინტერესებული კომპანიისთვის, ხოლო მათ მიწოდებაში სხვა კონსულტანტები ჩაერთვებიან.

"2019 წელს, როცა ასოციაცია დავაფუძნეთ, ჩვენი მოტივაცია საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარება იყო. გვსურდა, აგვემაღლებინა ამ სფეროში ჩართული ადამიანების კომპეტენცია. პანდემიის პერიოდში აქტიურად ვმუშაობდით — ჩავატარეთ სემინარები, ტრენინგები. კოვიდის შემდეგ, ბევრი ბიზნესი ამჩნევს ელექტრონული კომერციის საჭიროებას, თუმცა ბაზარზე გამოწვევებია როგორც ინფრასტრუქტურის, ისე ცოდნისა თუ ხარისხის კუთხით. ამ მიმართულებით სამუშაო კიდევ ბევრია", — ამბობს ამირან შეროზია და ასოციაციის სამომავლო პროექტს, Trustmark-ის ინიციატივას აანონსებს. ეს სავაჭრო ნიშანი სამომავლოდ იმ კომპანიებს მიეცემათ, რომლებიც სხვადასხვა პირობას დააკმაყოფილებენ, ამით კი მათი სანდოობა გაიზრდება.

იქომერს ასოციაცია — საქართველო აგრძელებს სხვადასხვა პროექტსა და ღონისძიებაზე მუშაობას, გეგმავს ელ. კომერციის კომუნის გაძლიერებას და ეძებს ინდუსტრიის გაჯანსაღების გზებს. საკონსულტაციო სერვისებით დაინტერესებულ კომპანიებს კი განაცხადის გაკეთება ამ ბმულიდან შეუძლიათ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინდუსტრიული ტრენდები

ასე დაიწყო L'Oréal-ის ისტორია

"შექმენით სილამაზე, რომელიც მსოფლიოს ამოძრავებს"