ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ილონ მასკმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს. სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმისთვის, რომ საშუალება მისცა ემართა საზოგადოებაში Doge-ის სახელით ცნობილი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი.
მასკის პოზიცია დროებითი იყო და მისი წასვლა მოულოდნელად არ მიიჩნევა. თუმცა ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ბიზნესმენის მხრიდან ტრამპის ბიუჯეტის გეგმის კრიტიკა. აღსანიშნავია, რომ ამ გეგმას პრეზიდენტი ტრამპი საკუთარი მმართველობის ერთ-ერთ მთავარ მონაპოვრად მიიჩნევს.
"მსურს მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არაეფექტური ხარჯების შემცირების შესაძლებლობისთვის. DOGE-ის მისია დროთა განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდება და მთავრობის მუშაობის ყოველდღიურობის ნაწილად იქცევა", – წერს მასკი X-ზე.
ილონ მასკი სპეციალური სტატუსით 130 სამუშაო დღით იყო დასაქმებული. თუ ამ ვადას 20 იანვრიდან, ტრამპის ინაუგურაციიდან დავთვლით, მისი უფლებამოსილება მაისის ბოლოს იწურებოდა. წასვლის შესახებ საჯარო განცხადების წინა დღეს მასკმა აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულია ტრამპის ბიუჯეტის კანონპროექტით, რომელიც ტრილიონობით დოლარის საგადასახადო შეღავათებსა და თავდაცვითი ხარჯების მკვეთრ ზრდას ითვალისწინებს. მასკის თქმით, ეს ინიციატივა არ არის თანხვედრაში Doge-ის მიერ შესრულებულ სამუშაოსთან.
თავდაპირველად ილონ მასკმა პირობა დადო, რომ ფედერალური ბიუჯეტიდან მინიმუმ 2 ტრილიონი დოლარის შემცირებას შეეცდებოდა. მოგვიანებით ეს მაჩვენებელი ჯერ გაანახევრა, შემდეგ კი 150 მილიარდ დოლარამდე შეამცირა. Doge-ის ფარგლებშიბდაახლოებით 260 000 ფედერალური სამოქალაქო სამსახური გაუქმდა. თანამშრომლების ნაწილმა პოზიცია, კომპენსაციის სანაცვლოდ, ნებაყოფლობით დატოვა.
ზოგ შემთხვევაში ფედერალურმა მოსამართლეებმა მასობრივი გათავისუფლება შეაჩერეს და გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენის სავალდებულო გადაწყვეტილებები მიიღეს. თანამშრომლების ნაწილის გათავისუფლება შეცდომით მოხდა – მათ შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც, მაგალითად, აშშ-ის ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდა.
აპრილის ბოლოს მასკმა განაცხადა, რომ კვლავ საკუთარ კომპანიებზე უნდა კონცენტრირდეს. "თუ რამე ცუდი ხდებოდა, ყველანაირად ჩვენ გვაბრალებდნენ – მაშინაც კი, როცა ამასთან Doge არანაირ კავშირში არ იყო", – განუცხადა მან Washington Post-ს ტეხასში, SpaceX-ის გაშვებამდე.
მასკის სამთავრობო საქმიანობის პერიოდი დაემთხვა Tesla-ს გაყიდვების მნიშვნელოვან ვარდნას – 2025 წლის პირველ კვარტალში კომპანიის გაყიდვები 13%-ით შემცირდა, რაც მისი ისტორიის ყველაზე დიდი ვარდნაა. აქციების ფასმა 45%-მდე იკლო, თუმცა ნაწილობრივ აღდგა და ამჟამად დაახლოებით 10%-ით არის შემცირებული.
გასულ თვეს ინვესტორებთან შეხვედრაზე მასკმა განაცხადა, რომ Doge-ზე დახარჯულ დროს მკვეთრად შეამცირებს და ბევრად მეტ დროს დაუთმობს Tesla-ს. დოჰაში, ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ Tesla ინდუსტრიის ლიდერის სტატუსს მინიმუმ მომდევნო 5 წლის განმავლობაში შეინარჩუნებს.
მაისის დასაწყისში მასკმა ასევე აღნიშნა, რომ შეამცირებს პოლიტიკურ კამპანიებზე გაწეულ ხარჯებს. 2024 წელს ილონ მასკმა ტრამპისა და სხვა რესპუბლიკელების მხარდამჭერ კამპანიებში თითქმის 300 მილიონი დოლარი დახარჯა