ინოვაციური P2P მოდელი საერთაშორისო ამანათების ბაზარზე: ODIN-ის აპლიკაცია 2026 წლის პირველ კვარტალში ამოქმედდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პირველად მსოფლიოში, საერთაშორისო ამანათების გაგზავნა განხორციელდება P2P (Peer-to-Peer) აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც პირდაპირ დააკავშირებს ამანათის გამგზავნებს მოგზაურებთან, რომლებიც უკვე მიფრინავენ იმავე დანიშნულების ადგილზე. ინოვაციური მობილური აპლიკაცია ODIN ("ოდინი") 2026 წლის პირველ კვარტალში ამოქმედდება.

ODIN წარმოადგენს მობილურ აპლიკაციას, რომელიც აკავშირებს ადამიანებს, რომლებსაც სურთ მცირე და საშუალო ზომის ამანათების საზღვარგარეთ გაგზავნა მოგზაურებთან, რომლებიც მიემართებიან იმავე მიმართულებით, აქვთ თავისუფალი ადგილი ბარგში და სურთ ამ სივრცის უტილიზებით დამატებითი შემოსავლის მიღება.

პროექტის იდეის ავტორი და სტარტაპის აღმასრულებელი დირექტორი, ქართველი ანტრეპრენერი და საერთაშორისო ტექნოლოგიების იურისტი გიორგი რაზმაძეა, ხოლო თანადამფუძნებელი და ტექნოლოგიური დირექტორი – პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, გიორგი შალამბერიძე.

გიორგი რაზმაძის თქმით, ODIN-ის იდეა რეალური პრობლემიდან გამომდინარე დაიბადა, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან საერთაშორისო ამანათების გაგზავნისას.

"წლების განმავლობაში ვხედავდით, რომ საერთაშორისო მიწოდება ხშირად ნიშნავს მაღალ ფასებს, ხანგრძლივ ლოდინსა და არაგამჭვირვალე პროცესს, რაც განსაკუთრებით მწვავდება არასამუშაო დღეებსა და სადღესასწაულო პერიოდებში. ამ დროს კი, მილიონობით ადამიანი ყოველდღიურად მიფრინავს სხვადასხვა მიმართულებით თავისუფალი ბარგით. ODIN სწორედ ამ ორ სამყაროს აკავშირებს ერთმანეთთან", – ამბობს გიორგი რაზმაძე.

როგორ მუშაობს აპლიკაცია?

აპლიკაციის საშუალებით ამანათის გამგზავნი აქვეყნებს მიწოდების მოთხოვნას, უთითებს წასაღები ნივთის დეტალებს, ირჩევს მიწოდების მეთოდს (კარიდან აეროპორტამდე ან კარიდან კარამდე) და ფასის მოდელს. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს სტანდარტული მოდელი, სადაც თავად განსაზღვრავს სასურველ ფასს, ან აუქციონის მოდელი – სადაც მოგზაურები განათავსებენ ბიდებს და შესთავაზებენ მათთვის მისაღებ თანხას.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ფასის განსაზღვრა არ ყოფილიყო ჩვენი პრეროგატივა და მიგვეცა ბაზრისთვის საშუალება, თავად მოეგვარებინა ეს . ODIN-ში ამანათის გამგზავნს აქვს არჩევანი – ან თავად განსაზღვროს ფასი, ან მისცეს მოგზაურს საშუალება, გააკეთოს შეთავაზება", – განმარტავს გიორგი რაზმაძე.

მოგზაურის არჩევის შემდეგ, გამგზავნსა და მოგზაურს შორის იხსნება აპლიკაციის შიდა ჩატი, რომლის მეშვეობითაც ისინი ათანხმებენ ამანათის გადაცემის დროსა და პირობებს.

ნდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ODIN-ში მოქმედებს მკაფიო და მრავალსაფეხურიანი სისტემა: აპლიკაციის გამოსაყენებლად ნებისმიერი მომხმარებელი რეგისტრირდება Google-ის, Facebook-ის, Apple-ის ან ელფოსტის მეშვეობით, თუმცა სრული ფუნქციონალის გამოყენებისთვის აუცილებელია როგორც ამანათის გამგზავნისთვის, ასევე მოგზაურისთვის Identomat-ის იდენტობის ვერიფიკაციის გავლა.

"P2P მოდელში ნდობა გადამწყვეტია. სწორედ ამიტომ თავიდანვე ავირჩიეთ მკაცრი ვერიფიკაციის სისტემა როგორც გამგზავნისთვის, ისე მოგზაურისთვის. მხოლოდ იდენტიფიცირებული მომხმარებელი იღებს პლატფორმაზე სრულ წვდომას", – ამბობს გიორგი რაზმაძე.

მოგზაური ვალდებულია, აპლიკაციას მიაწოდოს უკვე ნაყიდი ავიაბილეთის კონფირმაციის კოდი, რაც ფრენის ლეგიტიმურობას დაადასტურებს. ამანათის გადაცემამდე გამგზავნი ვალდებულია ნივთი მოგზაურს წარუდგინოს შეუფუთავ მდგომარეობაში, ხოლო მოგზაურმა უნდა მოახდინოს ღია ამანათის ინსპექცია.

ამანათის მიწოდების პროცესის მონიტორინგი ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი ლაივ ლოკაციისა და Flight Radar-ის ინტეგრაციის მეშვეობით.

"გვსურდა მომხმარებელს ნებისმიერ მომენტში ჰქონოდა განცდა, რომ პროცესი მის სრულ კონტროლს ექვემდებარება – სცოდნოდა, სად არის მისი ამანათი და რა ეტაპზეა მიწოდებ ის პროცესი", – აღნიშნავს ODIN-ის დამფუძნებელი.

ამანათის მიწოდების წარმატებით დასრულების შემდეგ მოგზაური იღებს ანაზღაურებას ODIN-ის შიდა ბალანსზე, საიდანაც თანხის განაღდება ნებისმიერ დროს შეუძლია.

შესაბამისად, ODIN-ის მიზანია საერთაშორისო ამანათების გაგზავნა გახადოს უფრო იაფი, მარტივი, სწრაფი და გამჭვირვალე – შექმნას მიწოდების ტრადიციული საკურიერო სერვისების ალტერნატიული ვერსია, თანამედროვე და ტექნოლოგიაზე დაფუძნებული P2P მოდელის მეშვეობით.

"უბერიზაცია გამოსავალია უამრავი ლოჯისტიკური პრობლემის გადასაჭრელად – ჩვენც ვცდილობთ ამ მოდელს მივყვეთ და არეალი პირველებმა გავაფართო ოთ", – ამბობს გიორგი რაზმაძე.