IO Consulting – ციფრული უსაფრთხოება ბიზნესებისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
IO Consulting-ის მთავარი მიზანია დაეხმაროს სხვადასხვა სექტორის ბიზნესს, რომ ციფრული რისკები არ იქცეს მათთვის ფინანსურ და რეპუტაციულ ზიანად. კომპანიის დირექტორი, ანზორ მეხრიშვილი აღნიშნავს, რომ დღეს ბევრი ორგანიზაცია სწრაფად ციფრულდება – გადადის ღრუბლოვან გარემოზე, ამატებს ონლაინსერვისებს, ავითარებს IT სისტემებს, დამოკიდებულია სხვა კომპანიების მიწოდების ჯაჭვზე, თუმცა უსაფრთხოებისა და მართვის ნაწილი ხშირად ამ ტემპს ვერ ეწევა.
"შედეგად ჩნდება პრობლემები: მონაცემთა გაჟონვის რისკები, კონტროლების სისუსტე, რეგულაციებთან შეუსაბამობა, ბიზნესუწყვეტობასთან დაკავშირებული რისკები, არაეფექტური IT და ციფრული მმართველობითი სტრუქტურა და სხვა.
იდეა გაჩნდა ჩემი და ჩემი მეგობრების მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებიდან ფინანსურ სექტორში, კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და საჯარო სექტორში, სადაც დავინახეთ მთავარი გამოწვევა: კომპანიებს ხშირად აქვთ სურვილი, მაგრამ არ აქვთ მკაფიო, სისტემური და რეალური გზა – როგორ დაიცვან თავიანთი ინფორმაცია, როგორ მოაწესრიგონ პროცესები, როგორ გააციფრულონ არსებული ბიზნესპროცესები ისე, რომ მაქსიმალური ეფექტი მიიღონ და როგორ შეესაბამონ მარეგულირებელ მოთხოვნებს", – ამბობს ის.
ანზორ მეხრიშვილის თქმით, IO Consulting რამდენიმე, მჭიდროდ დაკავშირებულ სერვისს აერთიანებს: ისეთი სტანდარტების დანერგვა, როგორიც არის ISO 27001, ISO 20000, ISO 22301, IT და უსაფრთხოების აუდიტი, რათა კომპანიის მენეჯმენტმა ზუსტად იცოდეს მის კომპანიაში არსებული რისკები. ეს ასევე მოიცავს ტრენინგებს IT და უსაფრთხოების მიმართულებით მაქსიმალური შედეგების მისაღებად, რათა შეძლონ ადამიანის, როგორც ტექნიკურ გარემოში ყველაზე სუსტი რგოლის, გაძლიერება და ორგანიზაციების დახმარება ადამიანური რისკების შემცირებაში.
"ჩვენი მიზანია, უსაფრთხოება და ბიზნესპროცესები ორგანიზაციებისთვის იყოს არა "ბიუროკრატია", არამედ მექანიზმი მოქნილობისა და ეფექტურობისთვის", – ამბობს კომპანიის დირექტორი.
ანზორ მეხრიშვილი აღნიშნავს, რომ როდესაც ბაზარი გაჯერებულია სხვადასხვა დონის სერვისის მიმწოდებლებით, დამოუკიდებლად ბიზნესის დაწყება ნიშნავს პასუხისმგებლობის სრულად აღებას როგორც შედეგებზე, ასევე თითოეულ გადაწყვეტილებაზე. მისი თქმით, ასეთ გარემოში აუცილებელია მკაფიო პასუხი საკუთარ თავსა და ბაზართან: რით ხარ განსხვავებული და რატომ უნდა აგირჩიონ შენ.
"ეს უკვე არ არის მხოლოდ იდეის ქონა, არამედ მზადყოფნა, შენი ხედვა პრაქტიკაში გადაიტანო და რეალური ღირებულება შექმნა. ჩემთვის ეს ნაბიჯი იყო გაცნობიერებული არჩევანი – სურვილი, უფრო მოქნილად, შედეგზე ორიენტირებულად და კლიენტის რეალურ საჭიროებებზე მორგებული ფორმატით მემუშავა. ამ ნაბიჯს არ აღვიქვამდი მხოლოდ როგორც რისკს. ეს იყო გაცნობიერებული გადაწყვეტილება, პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ ჩემი ხედვა და მიდგომა რეალურ შედეგებად გარდამექმნა ისე, რომ ეს შედეგები არა მხოლოდ კონკრეტულ დამკვეთს, არამედ ფართო კონტექსტში საქართველოს ბიზნესგარემოსთვისაც სარგებლის მომტანი ყოფილიყო", – ამბობს ის.
კომპანიის დირექტორის თქმით, ყველაზე დიდი გამოწვევა თავდაპირველად ბრენდის ნდობის შექმნა იყო ნულიდან.
"როდესაც ახალი ბრენდი გამოდის ბაზარზე, ნდობა არ არის ავტომატური, ის არ მოდის სახელთან ერთად და არ იქმნება ერთჯერადი წარმატებით. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ყოველდღიურ მუშაობას, პასუხისმგებლობასა და გამჭვირვალობას მოითხოვს. საქმიანობის დაწყებისთანავე საჭირო გახდა ყველაფრის ნულიდან და თანმიმდევრულად ჩამოყალიბება. პროცესების, მომსახურების სტრუქტურის, კომუნიკაციის და იმ განცდის შექმნა, რომ ბაზარზე არსებობს ორგანიზაცია, რომელსაც შეიძლება ენდო როგორც სისტემურ და პასუხისმგებლიან პარტნიორს", – ამბობს ის.
ანზორ მეხრიშვილი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით რთული იყო იმის ჩვენება, რომ ნდობა არ უნდა იყოს მიბმული მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებზე, არამედ თავად ბრენდზე, მის მიდგომებსა და ღირებულებებზე.
"საქართველოს რეალობაში ეს ნიშნავს არა მხოლოდ ხარისხიან მუშაობას, არამედ სიტყვასა და ქმედებას შორის სრულ თანხვედრას, გამჭვირვალობას და შედეგებით მუდმივ დადასტურებას. დღესაც გუნდთან ერთად ამ პროცესს ეტაპობრივად ვაშენებთ, თუმცა ის, რაც თავიდან გადაუჭრელი ჩანდა, უკვე მკაფიოდ გადალახვადია, რადგან ნდობა იქმნება მაშინ, როცა ბრენდი რეალურად აძლევს კლიენტს ღირებულებას და ამ ღირებულებას ყოველდღიური მუშაობით ამართლებს", – აღნიშნავს ის.
კომპანიის დირექტორისთვის საქმიანობაში ყველაზე დიდი ინსპირაციის წყარო არიან ადამიანები, ვისთან ერთადაც მუშაობს და ქმნის შედეგებს.
"როცა ხედავ, რომ გვერდით გყავს ადამიანები, რომლებიც მაღალი სტანდარტით მუშაობენ, პატივს სცემენ ხარისხს და რეალურად ზრუნავენ კლიენტის წარმატებაზე, ეს მუდმივად გაძლევს მოტივაციასა და ენერგიას. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი არის დამკვეთების ნდობა. განსაკუთრებით დასაფასებელია ის მხარდაჭერა, რომელიც დამოუკიდებელი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ვიგრძენი იმ პერიოდში, რომელიც ჩემთვის საკმაოდ რთული და გარდამტეხი იყო. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ზოგჯერ ყველაზე დიდი სტიმული მხოლოდ პროფესიული მიზნები კი არა, ის არის, როდესაც კლიენტები რეალურად გენდობიან და შენს მუშაობაში ხედავენ ღირებულებას. ეს ორი ფაქტორი – გუნდი და კლიენტის ნდობა – ჩემთვის არის ის ძალა, რაც მაძლევს სურვილს, ყოველდღე გავხდე უფრო უკეთესი და ჩემს გუნდთან ერთად შევძლო შეუძლებელი", – ამბობს ანზორ მეხრიშვილი.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას ანზორ მეხრიშვილი აღნიშნავს, რომ IO Consulting-ის განვითარების ხედვა ეფუძნება ერთ მთავარ მიზანს: გახდეს საქართველოსა და რეგიონში სანდო პარტნიორი კიბერუსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოების მართვისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით, სადაც ხარისხი და შედეგი არის მთავარი საზომი.
უახლოესი 12 თვის განმავლობაში კომპანიის პრიორიტეტს სამი მიმართულება წარმოადგენს:
1) სერვისების პორტფელის სტანდარტიზაცია და მასშტაბირება, რომ თითოეული სერვისი (ISO 27001/20000/22301, IT აუდიტი, კიბერუსაფრთხოების შეფასებები, ტრენინგები და სხვ.) იყოს მკაფიოდ სტრუქტურირებული – განსაზღვრული ეტაპებით, შედეგებით და ხარისხის კონტროლის მექანიზმებით. ეს უზრუნველყოფს პროგნოზირებად ხარისხს ყველა პროექტზე.
2) გუნდის გაძლიერება და ექსპერტიზის გაფართოება – IO Consulting-ის ზრდა ჩემთვის მხოლოდ "მეტი პროექტი" არ არის – ეს არის მეტი კომპეტენცია და ძლიერი პროფესიონალების გუნდი, რომელიც შეძლებს როგორც ტექნიკური, ისე მენეჯერული ამოცანების ერთიანად შესრულებას.
3) ბრენდის პოზიციონირება და ნდობის განმტკიცება ბაზარზე.
"მინდა IO Consulting უფრო მკაფიოდ აღიქმებოდეს, როგორც დამოუკიდებელი ბრენდი, რომელსაც აქვს მაღალი სტანდარტი, რეალური შედეგები და პასუხისმგებლობა. ამ მიზნის მისაღწევად ვგეგმავთ მეტ კომუნიკაციას: წარმატების ისტორიებისა და ცოდნის გაზიარებას, რათა ბაზარმა არა მხოლოდ სიტყვები მოისმინოს, არამედ შედეგი დაინახოს", – ამბობს IO Consulting-ის დირექტორი, ანზორ მეხრიშვილი.