"ირაო" მომხმარებლებზე ზრუნვის ახალ სტანდარტს ქმნის: დაზღვევა, რომელიც უმუშევრობასა და მენტალურ ჯანმრთელობას ფარავს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სადაზღვევო კომპანია "ირაო", რომელიც ბაზარზე მომხმარებელთა კმაყოფილებისა და ლოიალურობის მაჩვენებლებით ლიდერობს, ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტების მასშტაბურ განახლებას აანონსებს.

კომპანიის ახალი ხედვა ერთნაირად ეხება როგორც ინდივიდუალურ, ისე კორპორაციულ სეგმენტს, სადაც აქცენტი მაქსიმალურ პერსონალიზაციასა და ბიუროკრატიის შემცირებაზე გაკეთდა. ინდივიდუალური დაზღვევის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ხდება პირადი მომსახურების მენეჯერის სერვისი. ეს ბენეფიტი აქამდე მხოლოდ კომპანიებისთვის იყო განკუთვნილი. პარალელურად, კორპორაციულ პაკეტებს ისეთი ინოვაციური და ბაზრისთვის საჭირო კომპონენტები დაემატა, როგორიცაა უმუშევრობის დაზღვევა და მენტალური ჯანმრთელობის საკითხების დაფინანსება.

ეს ცვლილებები არ არის შემთხვევითი; ისინი მომხმარებელთა რეალური გამოცდილებისა და საჭიროებების ღრმა ანალიზის შედეგია. "ირაომ" გადახედა დაზღვევის პირობებს, გააფართოვა დაფარვები და მინიმუმამდე დაიყვანა გამონაკლისები, რათა დაზღვევის პროცესი იყოს მაქსიმალურად მარტივი, ციფრული და, რაც მთავარია, ადამიანების რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული. მიზანი ნათელია: თითოეულმა დაზღვეულმა თავი დაცულად იგრძნოს ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე.

Entrepreneur-თან ინტერვიუში თეონა ტეტელოშვილი, სამედიცინო დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დეტალურად გვიამბობს, თუ რატომ გადაწყვიტა კომპანიამ თამაშის წესების შეცვლა, რა ლოგიკით შეიქმნა ახალი პაკეტები და როგორ ეხმარება განახლებული სერვისები ადამიანებსა და ბიზნესებს უფრო მდგრადი მომავლის ფორმირებაში.

რა გახდა "ირაოს" ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტის განახლების მთავარი მიზეზი როგორც ინდივიდუალურ, ისე კორპორაციულ მიმართულებაში?

ჩვენთან გადაწყვეტილებებს მომხმარებლის რეალური გამოცდილება და საჭიროებები განსაზღვრავს. კვლევების მიხედვით, ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით კმაყოფილებისა და ლოიალურობის მაჩვენებლებით ლიდერები ვართ, რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ განვვითარდეთ. დაზღვეულთა საჭიროებების ანალიზისა და მათზე სწრაფი, ეფექტური რეაგირების საფუძველზე, გადავწყვიტეთ გაგვეახლებინა პროდუქტი, რათა კიდევ უფრო მეტად მოვარგოთ როგორც ინდივიდუალურ, ასევე კორპორაციული მომხმარებლების მოთხოვნებს.

თითოეული სიახლე, მათ შორის მცირედი დეტალებიც კი, შექმნილია იმ მიზნით, რომ დაზღვეულმა მაქსიმალურად დაცულად და თავდაჯერებულად იგრძნოს თავი.

რა სიახლეები დაამატეთ ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის ხაზში და როგორ პასუხობს ეს ცვლილებები მომხმარებლების განსხვავებულ საჭიროებებს?

ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის განახლებისას ჩვენი მთავარი ამოცანა იყო პროდუქტის უფრო მოქნილი, თანამედროვე და მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული ვერსიის შექმნა. სწორედ ამიტომაც გადავხედეთ დაზღვევის პირობებს, გავაფართოეთ დაფარვები და მნიშვნელოვნად შევამცირეთ გამონაკლისები, რითაც მოვხსენით ზედმეტი ბარიერები, რომლებიც მომხმარებლებისთვის დამატებით სირთულედ აღიქმებოდა. ამ ცვლილებების შედეგად პროდუქტი უფრო მოერგო მომხმარებლების მრავალფეროვან საჭიროებებს.

ინდივიდუალური დაზღვევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე – პირადი მომსახურების მენეჯერის სერვისია. თანამედროვე, აჩქარებული ცხოვრების ტემპის გათვალისწინებით, დრო ყველაზე დეფიციტური და ძვირფასი რესურსია, ამიტომ ჩვენს დაზღვეულებს ვთავაზობთ პერსონალურ მხარდაჭერას, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს მომსახურების მიღების პროცესს. პირადი მენეჯერი უზრუნველყოფს სადაზღვევო პროცესების კოორდინაციას, ამცირებს ბიუროკრატიას და ადამიანებს აძლევს საშუალებას, ყურადღება სრულად საკუთარ ჯანმრთელობაზე გადაიტანოს, ადმინისტრაციული საკითხები კი ჩვენს პროფესიონალ გუნდს მიანდოს.

აღსანიშნავია, რომ ეს მომსახურება ჩვენი კორპორაციული დაზღვევის მიმართულებით უკვე წლებია წარმატებით ფუნქციონირებს. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე კი გადავწყვიტეთ, ეს მნიშვნელოვანი ბენეფიტი ინდივიდუალური დაზღვევის მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომი გაგვეხადა.

როგორია ახალი ინდივიდუალური პაკეტების ლოგიკა უფრო ხელმისაწვდომ ალტერნატივებს სთავაზობთ მომხმარებელს, თუ აქცენტი პერსონალიზებულ არჩევანზე გაქვთ გაკეთებული?

ინდივიდუალური დაზღვევის ფარგლებში ჩვენ შევქმენით ორი განსხვავებული მიმართულება, რომლებიც პასუხობს განსხვავებულ საჭიროებებსა და პრიორიტეტებს. ერთი მხრივ, გვაქვს პრემიუმ კლასის გაუმჯობესებული პაკეტები, რომელიც ორიენტირებულია მაქსიმალურ კომფორტზე და მოიცავს დამატებით სერვისებს, მათ შორის პირადი მენეჯერის მომსახურებას.

მეორე მხრივ, მომხმარებლებს ვთავაზობთ უფრო ხელმისაწვდომ ალტერნატივას – პაკეტებს, რომლებიც ინარჩუნებს ხარისხიან სამედიცინო დაფარვას, თუმცა არ არის დატვირთული დამატებითი სერვისული კომპონენტებით.

ჩვენი მიზანია, რომ დაზღვეულმა თავად განსაზღვროს თავისი პრიორიტეტები და აირჩიოს მისთვის ოპტიმალური ბალანსი დამატებით კომფორტსა და ბიუჯეტურ პაკეტებს შორის. სწორედ ეს განსაზღვრავს ჩვენს პერსონალიზებულ მიდგომას.

ვისზეა გათვლილი ინდივიდუალური დაზღვევის განახლებული პაკეტები და რა ტიპის მომხმარებლისთვის შეიძლება იყოს ეს სიახლე ყველაზე რელევანტური?

ჩვენთვის მთავარია ადამიანები და მათი საჭიროებები, ასევე მაღალი ხარისხის შენარჩუნება და შესაბამისად, პროდუქტების მუდმივი განვითარება. "ირაოში" კარგად გვესმის, რომ დღევანდელი დინამიკური ცხოვრების ტემპი თითოეულ ადამიანში განსხვავებულ პრიორიტეტებსა და საჭიროებებს აყალიბებს. ამიტომ, ჩვენი პროდუქტების განახლებისას აქცენტი გავაკეთეთ არჩევანის მაქსიმალურ თავისუფლებაზე.

განახლებული პაკეტები განსაკუთრებით რელევანტურია მათთვის, ვისთვისაც უმნიშვნელოვანესია დროის დაზოგვა და პროცესების მაქსიმალური სიმარტივე. ამიტომაც შეიქმნა პერსონალიზებული მომსახურების მოდელი, სადაც პირადი მენეჯერი დაზღვეულის მუდმივი მხარდამჭერი და მეგზურია – ეს არის სერვისი, რომელიც სადაზღვევო ურთიერთობას ყოველდღიურ ცხოვრებაში კომფორტულ გამოცდილებად აქცევს.

ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევა განკუთვნილია ოჯახებისთვის, თვითდასაქმებულთათვის და ყველასთვის, ვისთვისაც სტაბილურობა, ხარისხი, ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტულია.

მომხმარებლებს სიახლეებს სთავაზობთ კორპორაციული დაზღვევის მიმართულებითაც რას მოიცავს ეს სიახლეები და ბაზარზე არსებულმა რა საჭიროებებმა დაგანახათ მათი დანერგვის აუცილებლობა?

კორპორაციული დაზღვევის მიმართულებითაც განვახორციელეთ ცვლილებები, რომლებიც პირდაპირ პასუხობს თანამედროვე სამუშაო გარემოს გამოწვევებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეებია უმუშევრობის დაზღვევის კომპონენტისა და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიმართულების დამატება.

დამსაქმებლებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება თანამშრომლების არა მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, არამედ ფინანსურ და მენტალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა. სწორედ ამ საჭიროებებიდან გამომდინარე, გავაფართოეთ ჩვენი კორპორაციული პროდუქტის სერვისების მოცვა, რათა კომპანიებს მივცეთ შესაძლებლობა, თანამშრომლებს შესთავაზონ უფრო სრულყოფილი და ღირებული დაზღვევა.

კორპორაციული დაზღვევის მიმართულებით ერთ-ერთ მთავარ სიახლედ უმუშევრობის დაზღვევას ასახელებთ - რას გულისხმობს ეს კომპონენტი და რატომ არის ის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?

უმუშევრობის დაზღვევა კორპორაციულ პაკეტში წარმოადგენს საკმაოდ ინოვაციურ და სტრატეგიულ გადაწყვეტას. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ფინანსური გარანტია, რომელიც იცავს დაზღვეულს შემოსავლის მოულოდნელი დაკარგვისგან.

ეს დაზღვევა ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ დაზღვეული სამსახურს კარგავს მისი ნებისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ასეთ დროს სადაზღვევო კომპანია სამსახურის დაკარგვიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფს დაზღვეულს ყოველთვიური კომპენსაციით. ეს მხარდაჭერა ადამიანს აძლევს ფინანსურ სიმშვიდეს და საშუალებას, ზედმეტი სტრესის გარეშე, მშვიდად მოძებნოს თავისი კვალიფიკაციის შესაფერისი ახალი სამსახური.

რამდენად ცვლის უმუშევრობის დაზღვევის დამატება კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ტრადიციულ აღქმას ბაზარზე?

უმუშევრობის დაზღვევის დამატება კორპორაციულ პაკეტში ფუნდამენტურად ცვლის თამაშის წესებს. თუ აქამდე ჯანმრთელობის დაზღვევა ძირითადად აღიქმებოდა, როგორც მხოლოდ სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების მექანიზმი, ახლა ის გარდაიქმნება უფრო ფართო მნიშვნელობის სერვისად. ახალი მიდგომით, დაზღვევა უკვე არა მხოლოდ ჯანმრთელობაზე ზრუნვის, არამედ თანამშრომლის ფინანსური, პიროვნული და სოციალური უსაფრთხოების გარანტია. ეს ქმნის სრულიად ახალ სტანდარტს ბაზარზე, სადაც კორპორაციული დაზღვევა წარმოადგენს არა უბრალოდ ბენეფიტს, არამედ თანამშრომელზე კომპლექსური ზრუნვის ინსტრუმენტს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ფსიქოთერაპიის დაფინანსება. რა გაჩვენათ ბაზარმა და მომხმარებლის საჭიროებებმა, რომ ეს სერვისი დაზღვევის პროდუქტში ინტეგრირებულიყო?

საქართველოში მენტალური ჯანმრთელობის მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. თუ ადრე ფსიქოლოგისთვის მიმართვა "უკიდურეს ზომად" აღიქმებოდა, დღეს ის მეტად განიხილება, როგორც პროფესიული და პიროვნული განვითარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ადამიანებმა გააცნობიერეს, რომ ემოციების მართვა, სტრესთან გამკლავება და ფსიქოლოგიური კეთილდღეობა პირდაპირ აისახება როგორც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ისე კარიერულ წინსვლასა და გადაწყვეტილებების მიღების ხარისხზე.

სწორედ ამ ცვლილებებზე დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერა აღარ არის დამატებითი სერვისი, არამედ ის თანამედროვე ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტისთვის აუცილებელი კომპონენტია.

როგორ ფიქრობთ, რას ეუბნება ეს ცვლილება დამსაქმებლებსა და თანამშრომლებს რამდენად იცვლება ჯანმრთელობის დაზღვევის შინაარსი, როცა მასში მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერაც ერთვება?

ბაზარმა გვაჩვენა, რომ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა აღარ არის ფუფუნება – ის კორპორაციული მდგრადობისა და თანამედროვე სამუშაო კულტურის განუყოფელი ნაწილია.

ორგანიზაციები, რომლებიც ზრუნავენ მენტალურ ჯანმრთელობაზე, ქმნიან უფრო სტაბილურ, პროდუქტიულ და გრძელვადიანად მდგრად სამუშაო გარემოს.

მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის თანახმად, ჯამრთელობის დაზღვევის მიმართულებით "ირაო" ბაზრის ლიდერია. რა ფაქტორებმა განაპირობა ეს შედეგი და რას აფასებენ მომხმარებლები ყველაზე მეტად?

"ირაოს" ლიდერობა ბაზარზე რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, რაც საბოლოოდ აისახა მომხმარებლის ნდობისა და კმაყოფილების მაღალ მაჩვენებლებში.

პირველ რიგში, ეს არის პროცესების სიმარტივე. ჩვენი ციფრული პლატფორმები, განსაკუთრებით მობილური აპლიკაცია ძალიან მოსახერხებელია. სწრაფმა ანაზღაურებამ და ბიუროკრატიის მინიმუმამდე დაყვანამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. თუმცა, წარმატების მთავარი ფორმულა ადამიანებზე რეალური ზრუნვაა, რაც ჩვენთან მნიშვნელოვან დეტალებში ვლინდება – ემპათიურ კომუნიკაციაში, ინდივიდუალურ მიდგომასა და მომხმარებლებთან სიახლოვეში. საბოლოოდ, სწორედ ეს ქმნის ნდობაზე დაფუძნებულ პარტნიორობას, რაც მომხმარებლებისთვის ძალიან ღირებული ფაქტორია.

საბოლოოდ, რა ძირითად გზავნილს უგზავნით დღეს როგორც ინდივიდუალურ მომხმარებლებს, ისე კომპანიებს, რომლებიც ჯანმრთელობის დაზღვევის არჩევის პროცესში არიან?

"ირაოს" მთავარი გზავნილი დღეისათვის არის ის, რომ დაზღვევა უკვე გასცდა სტანდარტულ ჩარჩოებს. კომპანიებს ვეუბნებით, რომ მათი მთავარი აქტივი ადამიანია. დღევანდელ ცვალებად გარემოში თანამშრომლისთვის ისეთი ინოვაციური ბენეფიტების შეთავაზება, როგორიცაა უმუშევრობის დაზღვევა და ფსიქოთერაპიის დაფინანსება, ნიშნავს არა მხოლოდ ლოიალური გუნდის შენარჩუნებას, არამედ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბებას.

ამავდროულად, ინდივიდუალურ მომხმარებლებს ვპირდებით, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მათი კეთილდღეობა და სიმშვიდეა. ჩვენი მიზანია, დაზღვევის პროცესი იყოს მაქსიმალურად მარტივი, ციფრული და ემპათიაზე დაფუძნებული, რათა მომხმარებელმა "ირაოსთან" ერთად თავი დაცულად იგრძნოს – როგორც ფიზიკური ჯანმრთელობის, ისე ემოციური და ფინანსური უსაფრთხოების თვალსაზრისით.