Black Friday Sale! 50% Off All Access

ქართველი მეთოჯინეს წარმატების ისტორია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur გაესაუბრა ქართველ მეთოჯინეს, ეკატერინე ბერიძეს, მის მიერ განვლილი გზის, საქმიანობისა და იმის შესახებ, თუ რამ განაპირობა მისი წარმატება. აღსანიშნავია, რომ ეკატერინე უკვე რამდენიმე წელია ქმნის სრულიად განსხვავებულ, ადამიანის ვიზუალთან მიახლოებულ ვინტაჟურ თოჯინებს, რითაც ფართო საზოგადოების ყურადღებას იპყრობს.

ეკატერინე, უპირველეს ყოვლისა, გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.
პროფესიით ბიბლიოგრაფი ვარ, თუმცა ყოველთვის მინდოდა რაიმე ისეთი შემექმნა, რაც იქნებოდა ლამაზი და უცხო − ისეთი, როგორიც საქართველოში ჯერ არავის შეუქმნია. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ვარ მრავალშვილიანი დედა. შესაბამისად, ყოველივე ამან გადამაწყვეტინა ხელნაკეთი თოჯინების შექმნა. თავდაპირველად ძალიან რთული აღმოჩნდა ეს საქმიანობა ჩემთვის, თუმცა თავდაუზოგავმა შრომამ, დიდმა სურვილმა და ძალიან საინტერესო კურსებმა შემაძლებინა ჩემი სურვილის განხორციელება.

რა არის თქვენი ინსპირაციისა და მოტივაციის წყარო?
ყოველთვის მქონდა სურვილი, ჩემივე საქმიანობით გადმომეცა საკუთარი სულიერი მდგომარეობა და ეს გამეკეთებინა ისე, რომ ყველასგან განსხვავებული ვყოფილიყავი. ალბათ ეს გამოარჩევს ჩემ მიერ შექმნილ თითოეულ თოჯინას − ინდივიდუალიზმი, განსხვავებული მიმიკა, ემოციები მათ სახეზე, ჩაცმულობა და ა.შ.

რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებსაც აქვთ რაიმე შექმნის სურვილი, მაგრამ მათი განხორციელებისკენ ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავენ?
ჩემი აზრით, თითოეული ადამიანი თავის საქმესა და სურვილს თავმდაბლობით უნდა მიუდგეს და ყველაფერი გააკეთოს თავისი სურვილისთვის, და არა იმისთვის, რომ ვიღაცას აჯობოს. მგონია, რომ თუ წარმატება მოსასვლელია, ის აუცილებლად გახდება ამა თუ იმ ადამიანის მეგზური.