"კავეა პლუსისა" და GAU-ის ერთობლივი პროექტი "ცვალებადი ნიშნები" თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების პირველ ქართულ გამოცემაში შევა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"კავეა პლუსის" პროექტი "ცვალებადი ნიშნები", რომელიც ,,ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან" პარტნიორობით შეიქმნა, წარმატებული მარკეტინგული ქეისით "თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების" (Eseentials of Modern Marketing (EOMM)) პირველ ქართულ გამოცემაში შევა.
მარკეტინგის მიმართულებით მსოფლიოში წამყვანი სახელმძღვანელო, "თანამედროვე მარკეტინგის მამის", Kotler Impact-ისა World Marketing Summit Group-ის დამფუძნებლის, დოქტორ ფილიპ კოტლერის, ავტორობით გამოიცემა.
პროექტი ხორციელდება თათა ჭოლარიას, რეგიონში, ისრაელსა და ავსტრიაში Kotler Impact-ის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენლისა და ადგილობრივ დონეზე, "ლურჯი ოკეანის", საქართველოში ბიზნესლიტერატურის მიმართულებით პირველი გამომცემლის პარტნიორობით.
გლობალური პროექტის ფარგლებში სახელმძღვანელოს ადგილობრივი გამოცემები 50-მდე ქვეყანაში იქნება წარმოდგენილი. სხვადასხვა ქვეყნის ლოკალურ გამოცემებში ისეთი კომპანიების ქეისებია შეტანილი, როგორებიცაა Danone, Meta Oracle, Lamborghini, Google, Porsche, Heineken, Ferrari, Accenture და ა.შ.
"კავეა პლუსი" პირველი ქართული ლეგალური ონლაინკინოთეატრია, რომელსაც 500 000-მდე მომხმარებელი ჰყავს ქვეყანაში და მაყურებელს ქართულ ფილმებსა და სერიალებთან ერთად მსოფლიოს წამყვანი კინოსტუდიების (Disney, Sony, Warner, Paramount, Universal, HBO) ნამუშევრებსაც სთავაზობს პროფესიონალური გახმოვანებით.
"ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი" (GAU) 2005 წლიდან საქართველოში პირველი ამერიკული სტანდარტების უმაღლესი დაწესებულებაა, რომელიც ემსახურება განათლების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას. GAU-ში სწავლა მიმდინარეობს სამივე საფეხურზე და ის 5 სკოლას, 19 საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამას აერთიანებს.
"ცვალებადი ნიშნები" GAU-ის ოთხ სტუდენტზეა. ისინი საცხოვრებლად ერთად გადადიან, საინტერესო თავაგადასავალში აღმოჩნდებიან და წინ აქვთ გამოწვევები, დილემები, პრობლემები და გადაწყვეტილებები, რომლებიც მათ ცხოვრებას განსაზღვრავენ.
რას ნიშნავს ამ მასშტაბურ, უპრეცედენტო პროექტში მონაწილეობა "ცვალებადი ნიშნების" შემქმნელებისთვის, როგორ იმოქმედებს ეს მათ სამომავლო გეგმებზე და რა მოლოდინები აქვთ "კავეა პლუსსა" და "ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში"? ამ საკითხებზე Entrepreneur-ი გიორგი თაქთაქიშვილსა და გვანცა გარმელიას ესაუბრა. გიორგი GAU-ის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი და სერიალის სეგმენტპროდიუსერია, ხოლო გვანცა - "ცვალებადი ნიშნების" კრეატიული პროდიუსერი.
როგორ მოხვდა ,,კავეა პლუსი" და "ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი" პროექტში - რა არის წარმატების ფორმულა, რამაც, თქვენი აზრით, ყურადღება მიიქცია?
ახალი ქართული სერიალი ,,ცვალებადი ნიშნები" წარმატებულ მარკეტინგულ ქეისად იქცა და მიზნად განათლების სექტორის გააქტიურებასა და ქართული კინოინდუსტრიის გაძლიერებას ისახავს.
"კავეა პლუსისა" და GAU-ის თანამშრომლობამ უნიკალური პროდუქტი შესთავაზა არამხოლოდ ახალგაზრდებს, არამედ საინტერესო აღმოჩნდა სხვა თაობისთვისაც.
"ცვალებადი ნიშნები" შეეხო არაერთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა თავისუფლება, დამოუკიდებლობა, თაობათა კონფლიქტი, შევიწროება, კიბერბულინგი, ბოდიშეიმინგი, სოციალური პრობლემები, მეგობრობა, ემიგრაცია, სექსუალური განათლება და სხვ. სწორედ ეს თემები გახდა დიდწილად იმ მასშტაბის გამოხმაურებების მიზეზი, რაც ამ სერიალის ირგვლივ დღესაც არ ცხრება.
გიორგი: პანდემიის შემდეგ "ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს" აუცილებლად უნდა გადაედგა ბრენდის განვითარებასა და გამრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, შესაბამისად, ახალ სტრატეგიაში მიდგომები და კომუნიკაციის ფორმები შევცვალეთ. უმთავრესი მიზანი იყო GAU-ს პოზიციონირების გამყარება, მისი რეპუტაციისა და იმიჯის გაძლიერება და ასევე, ცნობადობის მკვეთრი ზრდა.
სწორედ ამ დროს მოხდა ,,კავეა პლუსთან" გადაკვეთა. მათ გუნდს ჰქონდა იდეა ახალი ქართული სტუდენტური სერიალის შექმნის, რომელიც GAU-სთვის, როგორც აკადემიური სივრცისთვის, სარისკო ნაბიჯი იყო, თუმცა კინოინდუსტრიასთან პარტნიორობით მივიღეთ გამბედავი გადაწყვეტილება და ერთად შევძელით ხელი შეგვეწყო ქვეყანაში სრულიად უნიკალური პრეცედენტისთვის, როგორიცაა აკადემიური სივრცისა და კინოინდუსტრიის წარმატებული თანამშრომლობა.
სერიალმა GAU-სთვის აქამდე არსებულ ყველა სხვა მარკეტინგულ პროდუქტთან შედარებით ყველაზე ეფექტიანად გაშალა ის ღირებულებები და საკითხები, რომელზეც დგას ბრენდი, რომლებზეც ფიქრობს, იღვწის და ამით ბრენდის სულისკვეთება, მისი სოციალური სახე და იმიჯი შთამბეჭდავად გამოაჩინა. სერიალმა წამოწია ახალგაზრდების ცხოვრებაში დამოუკიდებლობის მნიშვნელობა და ცალკე ცხოვრების საკითხი, თავისუფლებისკენ სწრაფვა, თვითგამორკვევა, თაობათა შორის კონფლიქტი და ა. შ. აღარაფერს ვამბობთ GAU-ს იმ ძლიერი მხარეების ჩვენებაზე, რომლებიც სერიალმა ორგანულად წარმოაჩინა.
გვანცა: დღევანდელ რეალობაში ქართულ კინოინდუსტრიას თავისთავად უწევს დიდ კონკურენციაში თავის დამკვიდრება. ეს გამოწვევა განსაკუთრებული ამოცანა ხდება, როდესაც ცდილობ მიიპყრო ახალგაზრდა მაყურებლის ყურადღება თანამედროვე სამყაროში. სწორედ ამიტომ გაჩნდა ინოვაციური მიდგომების აუცილებლობა, რომლებიც არამხოლოდ იმ სივრცეს ამოავსებდა, რაც ტრადიციულ განათლებასა და ახალგაზრდა თაობის პრეფერენციებს შორის იყო, არამედ განათლებას ახალგაზრდებისთვის უფრო მიმზიდველსა და აქტუალურს გახდიდა და ამავდროულად, გაზრდიდა ქართული კულტურის მომხიბვლელობას გლობალიზებული კინოინდუსტრიის ჭრილში.
ვფიქრობთ, ამ პროექტის წარმატების ფორმულა ჩარჩოებს მიღმა ფიქრი აღმოჩნდა. სერიალმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. "ცვალებადი ნიშნები" არის უპრეცედენტო პროექტი, რომელსაც უმოკლეს დროში მაყურებელთა რეკორდული რაოდენობა ჰყავს გულშემატკივრად. სერიალი იქცა საუკეთესო შესაძლებლობის პლატფორმად, რომ ამ თაობის ღირებულებები და გზავნილები გაეგო ფართო აუდიტორიას.
სერიალის გამოსვლის შემდეგ "კავეა პლუსს"-ს არსებითი ზრდა ჰქონდა მომხმარებელთა ბაზაში, რაც პირდაპირ უკავშირდება "ცვალებადი ნიშნების" წარმატებას. სერიალის პრემიერის შემდეგ ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა.
რა მნიშვნელობა აქვს პროექტში მონაწილეობას თქვენთვის ?
გიორგი: ეს პროექტი არის უდიდესი შესაძლებლობა, რომ გავუზიაროთ ფართო აუდიტორიას ჩვენი ხედვა, მიდგომები, განსხვავებული კომუნიკაციის ფორმები. იმის გათვალისწინებით, რომ GAU წარმოადგენს აკადემიურ გარემოს, ხშირად ეს მკაცრ ჩარჩოებში აქცევს და მსგავს პროექტებში თანამონაწილეობისას დიდ გამბედაობას ითხოვს.
ჩვენ ამოვედით სწორედ ჩვენი მისიისა და ხედვის მთავარი არსიდან, რომ ვართ საგანმანათლებლო დაწესებულება და ჩვენი მთავარი მისია სწორედ განათლებისა და ცოდნის გავრცელებაა. ეს დაგვეხმარა, გადაწყვეტილება მარტივად მიგვეღო და ჩარჩოებს მიღმა გვეფიქრა. მარკეტინგიც, ბრენდინგიც და ნებისმიერი ეფექტიანი კომუნიკაცია ხომ აუცილებლად მოითხოვს განსხვავებულ აზროვნებას, მიდგომებსა და ქმედებებს.
კოტლერის პროექტის საშუალებით დაინტერესებული ადამიანები აღმოაჩენენ, როგორ მოვახერხეთ უმოკლეს დროში საქართველოს მასშტაბით "ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის" ცნობადობის გაზრდა. ამის პარალელურად კი შევძელით ასობით კომპანიის დაინტერესება, რომლებსაც სტუდენტების დასაქმების მიმართულებით მაღალი ინტერესი გაუჩნდა, გავზარდეთ მედიის მხრიდან მომართვიანობა და მკვეთრად გაუმჯობესდა ჩვენს ერთ-ერთ სტრატეგიულ სეგმენტში - მოსწავლეებში GAU- ს მიმართ ინტერესი. აუდიტორია აღმოაჩენს, როგორ გახდა ჩვენი პროექტი ონლაინპლატფორმებზე ტოპ ყველაზე ნახვადი სერიალი, სხვადასხვა ჯგუფში ყველაზე განხილვადი და მედიაგამოხმაურებით კი ბოლო წლებში არსებულ პროექტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი. ხოლო ციფრულ პლატფორმებზე მას რამდენიმემილიონიანი აქტიური მაყურებელი ჰყავს. მაგალითად, ტიკტოკზე მის კონტენტს უკვე 50 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
როგორ იმოქმედებს ეს თქვენს სამომავლო გეგმებზე?
გვანცა: საყოველთაოდ ცნობილია მარკეტინგის სფეროში დოქტორ ფილიპ კოტლერის გამოცემები და მისი გავლენა, შესაბამისად, ამ კრებულში თოთოეული კომპანიის თუ ორგანიზაციის ქეისის მოხვედრა იმის კიდევ ერთი აღიარებაა, რომ ჩვენი ხედვა და მიდგომა მარკეტინგის ისტორიაშიც ნამდვილად მნიშვნელოვან კვალს დატოვებს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის დამატებითი ინდიკატორი, რომ ჩვენს ინდუსტრიაში კვლავ გავაგრძელოთ ჩარჩოებს მიღმა ახალი, მნიშვნელოვანი და ღირებული პროექტების კეთება.
როგორ ფიქრობთ, რა სარგებელი მოაქვს ამ პროექტს მონაწილე ადგილობრივი კომპანიებისთვის? არამონაწილეთათვის?
გიორგი: პირველ რიგში, ჩვენთვის და შემდეგ ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია, როცა მსოფლიო გიგანტების გვერდით ადგილს იკავებ. ქართულ კომპანიებს მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენი წარმატებული და ინოვაციური მარკეტინგული მაგალითები კოტლერის გამოცემის მეშვეობით მსოფლიოს 50-მდე ქვეყანას გავაცნოთ. ისინი შეგვაფასებენ და, რაც მთავარია, გარკვეული ადამიანებისთვის შესაძლოა ჩვენი გამოცდილება ერთგვარი გზამკვლევიც კი გახდეს.