Get All Access for $5/mo

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - მეწარმეობაზე დაფუძნებული სწავლების მოდელი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) დაარსებიდან 28 წელს ითვლის. ამ დროის განმავლობაში, უნივერსიტეტმა განვითარების საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო გზა განვლო. ჯერ კიდევ 1995 წელს CIU მხოლოდ ერთი, მედიცინის ფაკულტეტით იყო წარმოდგენილი, დღეს კი იგი 5 სხვადასხვა ფაკულტეტს აერთიანებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე − ბიზნესისა და ტექნოლოგიების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სამართლის, მედიცინისა და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტებს. გარდა ამისა, უნივერსიტეტი ფლობს საკუთარ სამეწარმეო ბაზას, ვენახებს, ღვინის დამზადებისა თუ კვლევის სხვადასხვა შესაძლებლობას.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა მეწარმეობის თვალსაზრისით, მათ შორის, 5 წლის წინ უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსდა ბიზნესინკუბატორი, რომელიც სტუდენტებს საკუთარი იდეების ბიზნესად გარდაქმნაში ეხმარება. მალევე ცხადი გახდა, რამდენად მნიშვნელოვანია მეწარმეობის თემა სტრატეგიულად, სწორედ ამიტომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და განსაკუთრებით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტმა, მიზნად დაისახა, განახორციელოს მეწარმეობაზე დაფუძნებული სწავლების მოდელი.

უფრო ვრცლად, თუ რას გულისხმობს სწავლების აღნიშნული მოდელი და კონკრეტულად რა სახის აქტივობებსა და შესაძლებლობებს სთავაზობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს, Entrepreneur ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს, მარიკა კლდიაშვილს ესაუბრა.

მარიკა კლდიაშვილიბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი

მარიკა კლდიაშვილს ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის 24-წლიანი გამოცდილება აქვს, ხოლო აკადემიურ საქმიანობაში 7 წლის წინ ჩაერთო და თითქმის ერთი წელია, რაც დეკანის პოზიციას ფლობს. მარიკა ერთ-ერთი პირველი ქალი პროგრამისტი იყო საქართველოში, 15 წლის განმავლობაში მუშაობდა საბანკო სივრცეში და მონაწილეობდა არაერთ ინოვაციურ პროექტში, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა პირველი ინტერნეტბანკი, მობილბანკი და სხვა საინტერესო პლატფორმები. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს იგი ხელმძღვანელობდა პროექტებს, IT ბიზნესანალიტიკისა და ინფორმაციული სისტემების მიმართულებებს ქართულ და საერთაშორისო კომპანიებში, შემდეგ კი ტექნოლოგიების და საგანმანათლებლო სფეროებში ოპერაციებისა და ინოვაციების დირექტორი გახლდათ. 10 წლის წინ კარიერული გზა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას დაუკავშირა და დღემდე სხვადასხვა საქმითა თუ პოზიციით ჩართულია ბიზნესის აქსელერაციის პროგრამებში, ხელმძღვანელობს სხვადასხვა პროექტს, არის ცვლილებების მართვის ექსპერტი, საერთაშორისო პროექტების მენეჯერი და პროფესიონალი ქოუჩი.

"კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ძლიერი ემოციური ბმა მაქვს. 7 წლის წინ უნივერსიტეტში კონსულტანტად და ექსპერტად მომიწვიეს, მაშინ უნივერსიტეტის გუნდი 7-წლიან სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობდა, მე კი თავიდან ბოლომდე ჩართული ვიყავი ამ პროცესში. ერთობლივად შემუშავებული გეგმის განხორციელების დანახვა ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის შემთხვევაში არა მხოლოდ ის გაკეთდა, რაც დაიგეგმა, არამედ გაცილებით მეტი. იმის დანახვა, თუ რამდენად სწორად ვითარდება უნივერსიტეტი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მაქვს შეგრძნება, რომ მეც ამ ყველაფრის თანამონაწილე ვარ", − აღნიშნავს მარიკა კლდიაშვილი.

ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტი

ამჟამად ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი ახორციელებს როგორც ქართულენოვან, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებს. ფარავს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებს რამდენიმე მიმართულებით − ფინანსები, მენეჯმენტი, მარკეტინგი, ტურიზმი, ბიზნესის ადმინისტრირება და ინფორმაციული ტექნოლოგიები. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს პრაქტიკაზე დაფუძნებულ განათლებას, მუდმივად ზრუნავს, რომ ისინი დააკავშიროს პოტენციურ დამსაქმებლებთან საჯარო და კერძო სექტორში როგორც სასწავლო პრაქტიკის ორგანიზებით, ასევე პრაქტიკული გასვლითი ლექცია-სემინარებით. უნივერსიტეტი განსაკუთრებით ზრუნავს მაღალი მოსწრების მქონე სტუდენტებზე და მათ სტიპენდიებსა და დამატებითი დაფინანსების პროგრამებს სთავაზობს.

ფაკულტეტზე არსებული ყველა პროგრამისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მეწარმეობის მხარდაჭერა და მეწარმეობის კომპონენტის ინტეგრირება ყველა საქმიანობაში, როგორც სასწავლო, ასევე სამეცნიერო და კვლევით პროცესებში.

როგორც მარიკა აღნიშნავს, ფაკულტეტი სტუდენტებს პარტნიორ კომპანიებთან ერთად დასაქმების დიდ არჩევანს სთავაზობს, ხოლო მათ, ვისაც საკუთარი ბიზნესიდეები აქვთ, შესაძლებლობა ეძლევათ ძალები სხვადასხვა პროექტსა და სამეწარმეო საქმიანობაში მოსინჯონ.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს აქვს კარიერული ქოუჩინგისა და მენტორინგის პროგრამა, სადაც სტუდენტებს კარიერული განვითარების ხედვის ჩამოყალიბებაში ეხმარებიან. აღნიშნული პროგრამა თანმიმდევრული და მრავალფეროვანი მიდგომებით სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას აღმოაჩინონ და გააცნობიერონ საკუთარი კარიერული მისწრაფებები, მიიღონ გააზრებული გადაწყვეტილება და დაისახონ პროფესიული მიზნები.

"მნიშვნელოვანია, სტუდენტმა დაინახოს შესაძლებლობები, ამიტომ მას მთელ სპექტრს ვაჩვენებთ და შემდეგ ვეხმარებით ჩამოყალიბდეს, რეალურად რა უნდა. თუ სტუდენტი გადაწყვეტს, რომ აინტერესებს ბიზნესი და სურს მომავალ მეწარმედ განვითარდეს, ჩვენ მას შესაძლებლობების მთელ ასპარეზს ვთავაზობთ", − აღნიშნავს მარიკა.

მეწარმეობის პრაქტიკული შესაძლებლობები CIU-ში

ბიზნესინკუბატორი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი მოწინავე პროექტია, რომელიც 6-თვიან პროგრამას მოიცავს და სტუდენტებს საკუთარი გამოცდილების, სურვილებისა და გემოვნების მიხედვით სხვადასხვა ბიზნესიდეაზე მუშაობაში ეხმარება. ამჟამად პროექტი მეხუთედ ტარდება და სამეწარმეო უნარების განვითარებასთან ერთად, კრეატიულობის კომპონენტებსაც აერთიანებს. პროექტის დასკვნითი ნაწილი სადემონსტრაციო დემო-დღეს მოიცავს, სადაც მოწვეული სტუმრებისა და პოტენციური ინვესტორების წინაშე სტუდენტები დამუშავებულ ბიზნესიდეებს წარადგენენ.

"ჩვენი თვითმიზანი არაა, რომ ამ იდეის ფარგლებში დაფინანსდნენ სტუდენტები, ჩვენი KPI არის ის, რომ მათ შეიძინონ უნარები და ისწავლონ მეწარმეობა. შესაძლოა, მომავალში შეცვალონ იდეა ან გუნდი, თუმცა, რაც უნდა გააკეთონ, მათ უკვე შეძენილი ექნებათ ის უნარები და ცოდნა, რომლითაც საკუთარი იდეების განხორციელებას შეძლებენ. ჩვენ ვაპირებთ, ინკუბატორის კარი გავუღოთ არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ ახალგაზრდა მეწარმეებს, რომლებსაც სურთ მსგავს პროგრამაში მონაწილეობა, მაგრამ ვერ ახერხებენ", − აღნიშნავს მარიკა კლდიაშვილი.

სწორედ ბიზნესინკუბატორის ბაზაზე იქმნება ქართველი მეწარმეების ქეისების კრებული, რომელსაც სხვა სასწავლო დაწესებულებებსაც გაუზიარებენ, სამეწარმეო სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიური ხარისხის განვითარების მიზნით. პროექტზე მუშაობა მიმდინარე წელს დაიწყო, კრებულის პირველი ვერსია კი 2024 წლის შემოდგომისთვის გამოიცემა. კრებული გააერთიანებს ცალკეული კომპანიების ისტორიებს, კერძოდ, განვითარების რა გზა განვლო თითოეულმა მათგანმა, რა შეცდომები დაუშვეს ამ პროცესში და როგორ შეიძლებოდა მათი თავიდან არიდება, ასევე განხილული იქნება წარმატების განმაპირობებელი მიზეზები და სხვა. აღსანიშნავია, რომ პროცესში სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალიც აქტიურადაა ჩართული.

"ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ქეისების შესწავლა, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია არსებობდეს ქართული ქეისებიც. უკვე საკმაო გამოცდილება დაგროვდა. პირადად მე, 3 წლის განმავლობაში ტექნოპარკში ბიზნესინკუბატორის სტარტაპების მენტორი ვიყავი. როდესაც პირველი ბიზნესინკუბატორი გაიხსნა, მახსოვს პირველი ნაბიჯები და გამოწვევები. დღეს უკვე დაგროვდა ბევრი საინტერესო ქეისი, რაც შესაძლებლობას გვაძლევს გავამდიდროთ სასწავლო ბაზა. თუ სხვა უნივერსიტეტებსაც ექნებათ სურვილი, შემოგვიერთდნენ ამ ინიციატივაში, სიამოვნებით გავუღებთ კარს", − აღნიშნავს მარიკა კლდიაშვილი.

მარიკას თქმით, დარგის განვითარების მიზნით, მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობები და ერთობლივი ქმედებები. მისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის თანამშრომლობის პლატფორმა − "ჩვენი ამოცანა არაა მხოლოდ მეწარმეობის სწავლება, არამედ ვიყოთ ქვეყანაში მეწარმეობის განვითარების პროცესის თანამონაწილეები".

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტს, საკუთარი საქმიანობით, წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციაში და ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებაში. მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხელს უწყობს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წამოწყებას, გაფართოებას და განვითარებას. ამ მიზნით, უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა "ბიზნესის და მეწარმეობის კლინიკა", რომელიც, ერთი მხრივ, ეხმარება მეწარმეებს გადალახონ სხვადასხვა გამოწვევა, მეორე მხრივ კი, სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, დააკვირდნენ კონსულტაციის პროცესს რეალურ გარემოში.

ბიზნეს კლინიკაში მოსულ მეწარმეს ფაკულტეტის აკადემიური საბჭოსგან დაკომპლექტებული კომისია ხვდება, ერთობლივი ძალებით ცდილობენ გაარკვიონ პრობლემის არსი და შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა. სტუდენტები ამ პროცესს აკვირდებიან ცოცხალ რეჟიმში და საკონსულტაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთობლივად მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ ჩატარდა შეხვედრა, როგორ დაისვა დიაგნოზი და სხვა. ყოველივე ეს სასწავლო პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის, სტუდენტებს კი უფრო დიდ მოტივაციას სძენს.

მდგრადი განვითარების კუთხით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და გაერო-საქართველოს 30-წლიანი პარტნიორობის აღსანიშნავად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში "მდგრადი განვითარების მიზნების ლაბორატორია" გაიხსნა.

მიმდინარე წელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაეროს ინიციატივის − UN Global Compact Network Georgia-ს წევრი გახდა და არაერთ საინტერესო ინიციატივას ახორციელებს, მათ შორის "მწვანე ეკონომიკის ელჩების" პროექტს. პროექტის მიზანია, ცნობიერების ამაღლება ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებასთან და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებასა და ახალგაზრდებში "მწვანე" უნარ-ჩვევების პოპულარიზებასთან დაკავშირებით. პროგრამის ფარგლებში, გაიმართა "მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების კვირეული", რომელიც მრავალფეროვან ღონისძიებას აერთიანებს.

CIU მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ინიციატივებს და რაც მთავარია, მონაწილეობს საერთაშორისო პროგრამებში. ნოემბრის თვეში, უნივერსიტეტმა "გლობალური მეწარმეობის კვირეულის" (Global Entrepreneurship Week 2023 / GEW) ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს უმასპინძლა.

GEW საერთაშორისო კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს ანტრეპრენერთა ეკოსისტემის ხელშეწყობასა და წახალისებას. კვირეულის ფარგლებში, ყოველწლიურად, 2008 წლიდან მოყოლებული დღემდე, 200-მდე ქვეყანა იღებს მონაწილეობას. აღნიშნულ ღონისძიებაზე საქართველოს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარადგენდა. კვირეულის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა ტრენინგი, საჯარო ლექციები, დახურვის ღონისძიებაზე კი გაიმართა ფაკულტეტის პარტნიორ მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვა, წარმატებული ქეისების გაზიარება სტუდენტებთან, პანელური დისკუსია და დარგის მიმდინარე საჭიროებების განხილვა, განხილვაში მონაწილეობდნენ როგორც მეწარმეები, ასევე აკადემიური პერსონალი და მოწვეული სტუმრები − პარტნიორი ასოციაციების წარმომადგენლები, კერძოდ, "საცალო ვაჭრობის ასოციაციის", "მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ასოციაციის", "ელექტრონული კომერციის ასოციაციის", "გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის" წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ დისკუსიის პროცესში გაჩნდა ახალი იდეები და ინიციატივები, რომლითაც ფაკულტეტი და მისი პარტნიორები უახლოეს მომავალში წარდგებიან საზოგადოების წინაშე.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი აღნიშნავს, დღეს ბიზნესი ფაქტობრივად აღარ არსებობს ტექნოლოგიის გარეშე და პირიქით. აღნიშნული ორი კონცეფცია იმდენად შერწყმულია ერთმანეთთან, რომ მათ სასწავლო პროცესებშიც შეიტანეს ცვლილებები. თემასთან დაკავშირებით, ფაკულტეტი პარტნიორ ასოციაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში 2024 წლის გაზაფხულზე გეგმავს ელექტრონული კომერციის და ფინტექ (ფინანსების და ტექნოლოგიების) ლაბორატორიების გახსნას.

მეწარმეობის სამეცნიერო შესაძლებლობები CIU-ში

სტუდენტებს, რომლებსაც სამეცნიერო სფეროში სურთ დააგროვონ გამოცდილება, აქვთ შესაძლებლობა მეწარმეობისა თუ მომიჯნავე სფეროებში სხვადასხვა კვლევით პროექტში მიიღონ მონაწილეობა. უნივერსიტეტს არაერთი პარტნიორი კომპანია ჰყავს სამეცნიერო მიმართულებითაც.

2023 წლის გაზაფხულზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში განხორციელდა კვლევითი პროექტი "ბიზნესკვლევები მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად", რომელიც 5 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტში მონაწილეობდნენ როგორც ფაკულტეტის სტუდენტები, ასევე სკოლის მოსწავლეები. მონაწილეებს მენტორობას უწევდნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის − მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია SMEDA-ს, FAO − გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა და საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის წარმომადგენლები.

კვლევის ძირითად თემას "სურსათის ნარჩენების მართვის პრობლემები და გამოწვევები მიწოდების ჯაჭვებში" წარმოადგენდა. ძირითად მიზანთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისება და მხარდაჭერა.

პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს ჩაუტარდათ 6 ტრენინგი და გასვლითი ღონისძიება "ნატახტარის" საწარმოში. გარდა ამისა, გაიარეს მენტორინგის პროცესი, ითანამშრომლეს 15 სხვადასხვა საცალო-სავაჭრო, სარესტორნო, სასტუმრო და სადისტრიბუციო ორგანიზაციასთან, მოიპოვეს სასურველი ინფორმაცია და ჩაატარეს ინტერვიუები მაღალი რგოლის მენეჯერებთან.

სამეცნიერო მიმართულებით კიდევ ერთი ღონისძიება − CIU "საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ" 2024 წლის 9-11 თებერვალს არის დაგეგმილი, რომელიც თბილისსა და თელავში გაიმართება. მართალია, კონფერენცია წელს პირველად ტარდება, თუმცა იგი აუცილებლად იქცევა ყოველწლიურ ტრადიციად.

კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და მეწარმეობის შესახებ უახლესი სამეცნიერო კვლევების განვითარებას და ინტერნაციონალიზაციას საქართველოში, მის პოპულარიზაციას ახალგაზრდა მეცნიერებს შორის, აკადემიურ, საჯარო და ბიზნესსექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას. იგი აერთიანებს მეცნიერებს, პრაქტიკოსებს, დარგობრივ ასოციაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს, ქმნის ინოვაციებისა და მეწარმეობის დარგში აქტუალურ საკითხებზე უახლესი კვლევების, მიგნებებისა და საუკეთესო გამოცდილების წარმოდგენისა და გაზიარების პლატფორმას.

პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ღონისძიების მასპინძელი, პროექტის წამყვანი და თანადამფინანსებელი ორგანიზაციაა. კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან QS World University Ranking-ის საუკეთესო უნივერსიტეტების სიაში მყოფი დაწესებულებები − ალკალას უნივერსიტეტის მეწარმეობის სკოლა (ესპანეთი) და დეგენდორფის ტექნოლოგიების ინსტიტუტი (გერმანია).

"სამეცნიერო კონცეფციის ეფექტიანი განხორციელებისთვის გამოვიყენებთ ინოვაციების "სამმაგი სპირალის" მოდელს (The Triple Helix Model for Innovation), რაც გულისხმობს სამი ინსტიტუტისუნივერსიტეტის, სახელმწიფოს და ბიზნესის ერთობლივ მოქმედებას ინოვაციების შექმნის და განვითარების პროცესში (Etzkowitz & Leydesdorff, 2000). სამმაგი სპირალის მოდელი უაღრესად დიდ როლს თამაშობს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობაშიუნივერსიტეტები, მეწარმეები და სახელმწიფო ურთიერთზემოქმედებენ ინოვაციური პროექტების შექმნის დროს", − აღნიშნავს მარიკა კლდიაშვილი.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტსა და Smeda • მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა,მემორანდუმს ხელი მოაწერეს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა - კახაბერ კორძაიამ და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - გიგა ფაიქიძემ

CIU-ის დამატებითი შესაძლებლობები

2023 წელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჩაერთო პროექტში, სახელწოდებით Consulting Services for Promoting Internationalization of Higher Education, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო "საქართველო − ინოვაცია, ინკლუზია და ხარისხი" პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტის მიზანია, საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა, რომელიც რამდენიმე ძირითად ამოცანას მოიცავს − ერთობლივი სადოქტორო პროგრამის შემუშავება განათლებისა და მეცნიერების მენეჯმენტში, სპეციალობის ინგლისური ენის მოდულებისა და მეწარმეობის მოდულების, საერთაშორისო სეზონური სკოლების შემუშავება და განხორციელება დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის.

პროექტის მეორე ამოცანის განსახორციელებლად სწორედ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეირჩა. CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაზაზე, პროექტის საერთაშორისო ექსპერტებთან, University College London Consultants-ის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით შემუშავდება "ბიზნეს ინგლისურის" და "მეწარმეობის" .. Benchmark მოდულები, რომლებსაც პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოს სხვა უსდ-ებს შესთავაზებენ, როგორც გზამკვლევი აღნიშნული მოდულების დანერგვისას.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტები აქტიურად არიან ჩართულნი სკოლებში ფინანსური განათლების მხარდამჭერ პროექტში. კერძოდ, უნივერსიტეტის დოქტორანტები და თანამშრომლები ჩართულები არიან საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების "ფინედუს" პროექტში − "მოიწვიე ფინედუს დესპანი კლასში". კამპანიის ფარგლებში უნივერსიტეტის დესპანები სკოლის მოსწავლეებს სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე გაკვეთილებს უტარებდნენ, რომლის მიზანია ახალგაზრდებში ეკონომიკური და ფინანსური განათლების დონის ამაღლება. ამასთან ერთად, უნივერსიტეტის ინიციატივით, სკოლებში ჩატარდება პროექტი "აწარმოე შენთვის − აწარმოე ქვეყნისთვის", რომლის მთავარი მიზანია სკოლის მოსწავლეებისთვის სამეწარმეო უნარებისა და კრეატიული აზროვნების განვითარების მხარდაჭერა.

ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერის იდეით, ფაკულტეტის ინიციატივით, 2024 წლის ზაფხულში ჩატარდება ინოვაციებისა და მეწარმეობის ბანაკი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები, რომლებსაც ჩაუტარდებათ ტრენინგები და საბოლოოდ, ერთმანეთს ბიზნესიდეების კონკურსში შეეჯიბრებიან.

როგორია სამომავლო გეგმები?

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის გუნდი, მარიკა კლდიაშვილის ხელმძღვანელობით ორიენტირებულია სტუდენტების საჭიროებებზე და ზრუნავს ფაკულტეტის მუდმივ განვითარებაზე. ამისთვის დეკანს ჰყავს სტუდენტური მრჩეველთა საბჭო, რომლის მიზანია, მუდმივი, სრულყოფილი, ურთიერთსასარგებლო და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის უზრუნველყოფა დეკანს, ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალსა და ყველა საფეხურის სტუდენტებს შორის.

გარდა ამისა, უნივერსიტეტში შექმნილია საპროექტო სივრცე, სადაც სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა დამოუკიდებლად დაგეგმონ და განახორციელონ პროექტები. რაც მთავარია, თითოეულ პროექტში ჩართული არიან მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე მენტორები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორც სამეცნიერო მიმართულებით, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით, რაც განვითარების ტემპს კიდევ უფრო აჩქარებს.

მარიკას თქმით, სამომავლოდ დაგეგმილია კროსდისციპლინური მრავალკომპონენტიანი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების განვითარება და მასშტაბის ზრდა, განსაკუთრებით კი მეწარმეობისა და ინოვაციების მიმართულებით. ამ გეგმის განხორციელებას კი ხელს უწყობს უნივერსიტეტის ფაკულტეტების და სხვადასხვა სამსახურის ურთიერთთანამშრომლობა და მხარდაჭერა. შესაბამისად, მომდევნო წელს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან საინტერესო სიახლეებს უნდა ველოდოთ.