"ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში მთავარი დროული და სწორი ადაპტაციაა" ანა ავალიანი და თიბისი ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებაზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რას ცვლის ხელოვნური ინტელექტი შრომის ბაზარზე? როგორ დაიწყოს ბიზნესმა ადაპტაცია? ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე პასუხის გასაცემად, თიბისიმ 2026 წლის მდგრადი განვითარების ღონისძიების მთავარ თემად მდგრადი ტრანსფორმაციის მნიშვნელობა შეარჩია. ღონისძიებამ 100-ზე მეტი სტუმარი და წამყვანი სპეციალისტი გააერთიანა.

ღონისძიების მთავარი მოხსენება ანა ავალიანმა წარადგინა, ის ბრიტანეთის ინჟინერიის სამეფო აკადემიის საწარმოთა და სივრცითი განვითარების დირექტორია. ანა ავალიანმა ვრცლად ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის ზეგავლენაზე, ბიზნესის ადაპტაციაზე, მონაცემების მნიშვნელობასა და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან განვითარებაზე.

ანა ავალიანის შესახებ

ანა ავალიანი ბრიტანეთის ინჟინერიის სამეფო აკადემიის საწარმოთა და სივრცითი განვითარების დირექტორია. მას ინოვაციების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში, დიდ ბრიტანეთსა და საერთაშორისო დონეზე. სამეფო აკადემიამდე მუშაობდა კომპანია PA Consulting Group-ში, სადაც მაღალი რანგის პროექტებს ხელმძღვანელობდა, მათ შორის ბეირუთში UK Lebanon Tech Hub-ის დაარსებას. ის არის "Women in Spinouts: A Case for Action"-ის საკონსულტაციო საბჭოს წევრი და სტრათკლაიდის უნივერსიტეტის მრჩეველი. Inspiring50-მა ის ევროპის ტექნოლოგიურ სფეროში ერთ-ერთ ყველაზე შთამაგონებელ ქალად დაასახელა.

ხელოვნური ინტელექტი, შრომის ბაზარი და ბიზნესის ახალი რეალობა

ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიური ცხოვრების სულ უფრო მეტ სფეროს მოიცავს. თუმცა მისი ზეგავლენა მხოლოდ ტექნოლოგიური განვითარებით არ შემოიფარგლება. ხელოვნური ინტელექტი ცვლის სამუშაოს ხასიათს, ბიზნესის პროდუქტიულობას, ექსპერტული მომსახურების ღირებულებას და იმ წესებსაც, რომლითაც ორგანიზაციები გადაწყვეტილებებს იღებენ.

"საინტერესოა, რომ ინდუსტრიას სურს, ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურობაში შეუმჩნევლად იყოს ჩაშენებული. ისე, რომ არც კი ვიცოდეთ, რა ტექნოლოგია დგას სერვისების უკან", - აღნიშნა ანა ავალიანმა.

მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტის ზეგავლენაზე საუბრისას ყურადღება ხშირად სამუშაო ადგილების შესაძლო დაკარგვაზე გადადის, თუმცა არსებული პროგნოზები უფრო კომპლექსურ სურათს გვიჩვენებს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასებით, 2030 წლისთვის შესაძლოა 92 მილიონი სამუშაო ადგილი გაქრეს. ამავე პერიოდში კი 170 მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნაა მოსალოდნელი, რაც ჯამში 78 მილიონით ზრდას ნიშნავს. ამ ფონზე საუკეთესო სტრატეგია ხელოვნურ ინტელექთან დაკავშირებული ახალი უნარების ათვისებაა, რომ თითოეულ პროფესიულ საქმიანობაში ახალი შესაძლებლობები შეიქმნას ტექნოლოგიების დახმარებით და პროცესები გაუმჯობესდეს.

ხელოვნური ინტელექტის ზეგავლენა ეკონომიკაზე განსაკუთრებით თვალსაჩინოა ექსპერტული მომსახურების სფეროში. იურიდიული მომსახურება, დოკუმენტების მომზადება, თარგმნა, ბაზრის კვლევა, დიზაინი და პროგრამირება იმ სფეროების არასრული ჩამონათვალია, სადაც ადრე მომსახურების მიღება ხშირად სპეციალისტებთან ხანგრძლივ ხელშეკრულებებსა და მნიშვნელოვან რესურსებს მოითხოვდა. დღეს ასეთი სერვისების ნაწილი გაცილებით ხელმისაწვდომი გახდა და მათი მიღება ციფრული შეთავაზების გამოწერითაც (subscription) შეიძლება.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ხელოვნურმა ინტელექტმა მნიშვნელოვნად გაამარტივა ისეთი პროცესები, როგორიცაა პროგნოზირება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება. მაგალითად, საცალო ვაჭრობისა და ლოგისტიკის სფეროში ხელოვნური ინტელექტი კომპანიებს ეხმარება უფრო ზუსტად განსაზღვრონ, რა სიჩქარით იყიდება პროდუქცია და როგორ შეიძლება შეიცვალოს მომხმარებელთა ქცევა დროთა განმავლობაში. ამგვარ ანალიზს პირდაპირი კავშირი აქვს მდგრადობასთან. მონაცემების ეფექტიანი გამოყენების შედეგად კომპანიებს შეუძლიათ, მაღაზიის მდებარეობის, მომხმარებელთა რაოდენობისა და მოთხოვნის სპეციფიკის გათვალისწინებით, უფრო ზუსტად დაგეგმონ პროდუქციის შევსების სიხშირე, მოცულობა და ასორტიმენტი, რაც უზრუნველყოფს მიწოდების პროცესის სიზუსტესა და დროულობას. შედეგად, მწარმოებლები და რეალიზატორები თავიდან ირიდებენ როგორც ჭარბი რაოდენობის პროდუქციის წარმოებას, ისე დეფიციტის რისკს. ეს არა მხოლოდ ზრდის პროცესების ეფექტიანობას, არამედ ამცირებს რესურსების არამიზნობრივ ხარჯვას, ნარჩენების წარმოქმნას და მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით ზემოქმედებას, რაც მდგრადი ბიზნესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ტექნოლოგიის შენელება თუ მისი სწორად მართვა?

ხელოვნური ინტელექტის სწრაფ განვითარებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა: საჭიროა თუ არა ტექნოლოგიის განვითარების ტემპის შენელება, თუ მთავარი გამოწვევა მისი პასუხისმგებლიანი მართვაა?

ანა ავალიანმა აუდიტორიას ამ საკითხის ირგვლივ არსებული განსხვავებული მოსაზრებები გააცნო. ზოგიერთი ტექნოლოგიური ლიდერი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით მძლავრი ხელოვნური ინტელექტის სისტემების განვითარება უფრო ფრთხილად უნდა წარიმართოს, რათა შესაძლო რისკები დროულად შეფასდეს. მეორე მხრივ, არაერთი ექსპერტის აზრით, მთავარი აქცენტი ტექნოლოგიის შეზღუდვაზე კი არა, მისი გამოყენების მკაფიო წესების, კონტროლის მექანიზმებისა და მმართველობითი ჩარჩოების შექმნაზე უნდა გაკეთდეს.

ამ დისკუსიაში ხშირად განიხილება შემთხვევებიც, როცა ხელოვნური ინტელექტის სისტემები მოულოდნელ ან წინასწარ გაუთვალისწინებელ ქცევას ავლენენ. თუმცა მსგავსი რისკები თავად ტექნოლოგიის ბუნებიდან კი არა, უფრო მეტად მისი დიზაინიდან, მართვის პრინციპებიდან და ადამიანების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარეობს. ისტორია აჩვენებს, რომ ახალი ტექნოლოგიების გავრცელებას ყოველთვის თან ახლავს რისკები, რომელთა სამართავად დროთა განმავლობაში სხვადასხვა მექანიზმი შეიქმნა. აუდიტი, რეგულაციები, შიდა კონტროლის სისტემები და ანგარიშვალდებულების პრინციპები სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ინოვაციები უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი ფორმით განვითარდეს. ამ მიდგომის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის მომავალი ტექნოლოგიის შეჩერებაში კი არა, ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის ეფექტიან თანამშრომლობაშია. ასეთ მოდელში საბოლოო პასუხისმგებლობა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების უფლება ადამიანების ხელში რჩება, ხოლო ხელოვნური ინტელექტი გადაწყვეტილებების მიღების პროცესს მონაცემებით, ანალიზითა და რეკომენდაციებით აძლიერებს.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მუდმივად ზრუნავს, რომ ტექნოლოგიურ განვითარებასთან და ინოვაციების დანერგვასთან ერთად დაცული იყოს ეთიკური სტანდარტები. ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო ფართოდ გამოიყენება როგორც ბიზნესში, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში. მნიშვნელოვანია, მისი გამოყენება მხოლოდ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე არ იყოს დაფუძნებული. იმისთვის, რომ ხელოვნური ინტელექტი იყოს უსაფრთხო, გამჭვირვალე და პასუხისმგებლიანი, ორგანიზაციებს მკაფიო წესები და პრინციპები სჭირდებათ.

ეს პრინციპები განსაზღვრავს, როგორ უნდა შეიქმნას, დაინერგოს და გამოიყენებოდეს ხელოვნური ინტელექტი. ისინი ეხმარება ორგანიზაციებს, შეამცირონ რისკები, დაიცვან მომხმარებელთა ინტერესები და უზრუნველყონ, რომ ტექნოლოგიამ ადამიანებს რეალური სარგებელი მოუტანოს. სწორედ ამიტომ, დღეს სულ უფრო მეტი კომპანია ხელოვნური ინტელექტის განვითარებასა და გამოყენებას წინასწარ განსაზღვრულ ეთიკურ და მმართველობით პრინციპებს უქვემდებარებს, რათა ინოვაციასთან ერთად პასუხისმგებლობაც შენარჩუნდეს.

თიბისიში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრინციპებზე მუშაობა წლების წინ დაიწყო, როცა კომპანიამ მონაცემთა მართვისა და ანალიტიკური შესაძლებლობების გასაძლიერებლად ანალიტიკური მონაცემები სრულად ღრუბლოვან პლატფორმაზე გადაიტანა. თიბისი პირველი ფინანსური ინსტიტუციაა საქართველოში, რომელმაც ეს ცვლილება განახორციელა. დღეს ეს ინფრასტრუქტურა თანამშრომლებს მონაცემებზე სწრაფ წვდომასა და ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული ანალიტიკის გამოყენების შესაძლებლობას აძლევს, რაც ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების განვითარებას მნიშვნელოვნად აჩქარებს. პარალელურად, კომპანიაში მუდმივად ვითარდება ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენების წესები და პრინციპები, რომლებიც თანამშრომლებს ახალი ტექნოლოგიების სწორად და ეფექტიანად გამოყენებაში ეხმარება.

ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობით გამოყენება 5 ძირითად პრინციპს ეფუძნება:

1. პროპორციულობა - თითოეული ამოცანისთვის შესაბამისი ხელოვნური ინტელექტის მოდელის გამოყენება. ყველა დავალება არ საჭიროებს დიდი და კომპლექსური მოდელის ჩართვას. მოდელის არჩევანი უნდა შეესაბამებოდეს ამოცანის სირთულეს, მოცულობასა და მასთან დაკავშირებულ რისკებს. მაგალითად, მცირე ტექსტის რედაქტირებისთვის და პროგრამული უზრუნველყოფის კოდის გენერირებისთვის განსხვავებული შესაძლებლობებისა და მასშტაბის მოდელებია საჭირო.

2. ადამიანის პასუხისმგებლობა - ხელოვნური ინტელექტი დამოუკიდებლად არ მოქმედებს და მისი გამოყენება მკაფიო მმართველობით ჩარჩოს უნდა ეყრდნობოდეს. ყველა იმ გადაწყვეტილების უკან, რომლის მიღების პროცესშიც ხელოვნური ინტელექტი მონაწილეობს, საჭიროა, იდგეს პასუხისმგებელი პირი ან გუნდი. ეს მიდგომა უზრუნველყოფს, რომ წინასწარ იყოს განსაზღვრული, რა შემთხვევებში შეიძლება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, რა შეზღუდვები აქვს მას და ვის ეკისრება საბოლოო პასუხისმგებლობა მიღებულ შედეგებზე.

3. გამჭვირვალობა და გასაჩივრების შესაძლებლობა - ადამიანებს უნდა შეეძლოთ გაიგონ, რა ლოგიკასა და მონაცემებზე დაყრდნობით მიიღო ხელოვნურმა ინტელექტმა კონკრეტული გადაწყვეტილება. აუცილებელია, საჭიროების შემთხვევაში არსებობდეს ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილების გადახედვისა და გასაჩივრების მექანიზმი.

4. სამართლიანობა და მიკერძოების პრევენცია - ხელოვნური ინტელექტის სისტემის შედეგების ხარისხი პირდაპირ არის დამოკიდებული იმ მონაცემებზე, რომლებსაც ის სწავლობს. ამიტომ საჭიროა, სისტემები რეგულარულად მოწმდებოდეს და იტესტებოდეს შესაძლო მიკერძოებებზე. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ალგორითმი მხოლოდ ისტორიულ მონაცემებს არ დაეყრდნოს და შეფასდეს გენდერული, ასაკობრივი, ეთნიკური თუ სხვა სახის მიკერძოების რისკების კუთხით.

5. მონაცემთა ხარისხიანი მართვა - ნებისმიერი ხელოვნური ინტელექტის სისტემა იმდენად სანდოა, რამდენადაც სანდოა მონაცემები, რომლებზეც ის არის აგებული. საჭიროა არსებობდეს მონაცემებთან მუშაობის მკაფიო წესები და პროცესები. ეს მოიცავს მონაცემების შეგროვებას, დაცვას, განახლებასა და გამოყენებას. კარგად ორგანიზებული მონაცემები არა მხოლოდ უფრო ზუსტი ანალიზის გაკეთებას უწყობს ხელს, არამედ ზრდის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების სანდოობას.

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ხელოვნური ინტელექტი უკვე ის რეალობაა, რომელიც ცვლის ბიზნესს, სამუშაო პროცესებსა და გადაწყვეტილებების მიღების მიდგომებს.

თიბისი აგრძელებს ინოვაციების დანერგვას, რათა ტექნოლოგიური პროგრესით კიდევ უფრო მეტი დადებითი შედეგები მოიტანოს მომხმარებლებისთვის, თანამშრომლებისა და საზოგადოებისათვის.