ხუთი წიგნი, რომელიც ამ ზამთარს უნდა წაიკითხოთ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

არდადეგები ახლოვდება, მე კი ყოველთვის მიყვარს წელიწადის ამ დროის გამოყენება კითხვისთვის და ვიცი, რომ ბევრი ადამიანიც ასე გრძნობს თავს. არდადეგების გარშემო მშვიდ დღეებში არის რაღაც, რაც კარგი წიგნით დროის გაყვანას აადვილებს. ამიტომ, რამდენიმე ბოლო დროის საყვარელ წიგნს გაგიზიარებთ.

თითოეული ეს წიგნი ფარდას ხდის იმას, თუ როგორ მუშაობს სინამდვილეში რაღაც მნიშვნელოვანი: როგორ პოულობენ ადამიანები მიზანს ცხოვრების გვიან ეტაპში, როგორ უნდა ვიფიქროთ კლიმატის ცვლილებაზე, როგორ ვითარდება შემოქმედებითი ინდუსტრიები, როგორ ურთიერთობენ ადამიანები და როგორ დაკარგა ამერიკამ დიდი რაღაცების შექმნის უნარი და როგორ დაიბრუნოს იგი.

იმედი მაქვს, აქ ისეთ რამეს იპოვით, რაც თქვენს ცნობისმოყვარეობას გააღვივებს. ასევე, იმედს ვიტოვებ, რომ თქვენი სადღესასწაულო სეზონი ბედნიერი საყვარელი ადამიანებით, გემრიელი საჭმლითა და სასიამოვნო დიალოგებით იქნება სავსე.

შელბი ვან პელტის "Remarkably Bright Creatures"

მხატვრულ ლიტერატურას ხშირად არ ვკითხულობ, მაგრამ როდესაც ვკითხულობ, მსურს საინტერესო პერსონაჟებზე წავიკითხო, რომლებიც სამყაროს ახლებურად დანახვაში მეხმარებიან. "Remarkably Bright Creatures" სწორედ ასეთი წიგნია. ძალიან მომეწონა ეს შესანიშნავი რომანი ტოვას შესახებ – 70 წლის ქალი, რომელიც ღამის ცვლაში აკვარიუმს ასუფთავებს და კმაყოფილებას პოულობს ჭკვიან რვაფეხაზე ზრუნვით. ტოვა ცდილობს ცხოვრების აზრის პოვნას, რასაც ბევრი ადამიანი ასაკის მატებასთან ერთად აწყდება. ვან პელტის ისტორიამ დამაფიქრა სამუშაოს შეწყვეტის შემდეგ დღეების შევსების გამოწვევაზე და იმაზე, თუ რა შეუძლია გააკეთოს საზოგადოებამ, რათა ხანდაზმულ ადამიანებს მიზნის პოვნაში დაეხმარონ.

ჰანა რიჩის "Cleaning The Air"

წლების განმავლობაში ვადევნებდი თვალყურს ჰანას ნამუშევრებს Our World in Data-ში და მისი ახალი წიგნი კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ახსნაა, რაც კი ოდესმე წამიკითხავს. ის წიგნს 50 მნიშვნელოვან კითხვაზე აშენებს – მაგალითად, უკვე გვიანია თუ არა მოქმედება, საშიშია თუ არა ბირთვული ენერგია და ნამდვილად ხელმისაწვდომია თუ არა განახლებადი ენერგია – თითოეულ კითხვას კი ლაკონიური და გასაგები ენით პასუხობს. ის რეალისტურად უყურებს რისკებს, მაგრამ აფუძნებს მათ მონაცემებზე, რომლებიც რეალურ პროგრესს აჩვენებს: მზისა და ქარის ენერგია რეკორდული სიჩქარით იზრდება, ელექტრომობილები უფრო იაფი ხდება და ინოვაციები აჩქარებულია ისეთ სფეროებში, როგორიცაა ფოლადი, ცემენტი და სუფთა საწვავი. თუ გსურთ იმედისმომცემი, ფაქტებზე დაფუძნებული მიმოხილვა იმის შესახებ, თუ სად არის კლიმატის ცვლილებების პრობლემის გადაწყვეტა, ეს წიგნი შესანიშნავი არჩევანია.

ბარი დილერის "Who Knew"

ბარის ათწლეულებია ვიცნობ, თუმცა მისმა მემუარებმა მაინც გამაკვირვა და ბევრი რამ მასწავლა. ის თანამედროვე მედიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. მან შექმნა ტელევიზიისთვის განკუთვნილი მხატვრული ფილმის ფორმატი, მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო მინისერიალის შექმნაში, Paramount #1 კინოსტუდიად აქცია, დააარსა Fox-ის სამაუწყებლო ქსელი და მოგვიანებით ინტერნეტიმპერია შექმნა. ის მთელი ცხოვრების განმავლობაში დებდა ფსონებს ისეთ იდეებზე, რომელთა მომავალიც განსაზღვრული არ ყოფილა, მის მიერ შექმნილი ინდუსტრიები კი აშკარად აჩვენებს, როგორ გაამართლა ამ ფსონებმა.

სტივენ პინკერის "When Everyone Knows That Everyone Knows"

ცოტა ვინმე თუ ხსნის ადამიანის ქცევის საიდუმლოებებს სტივენ პინკერზე უკეთესად, ხოლო მისი უახლესი წიგნი აუცილებლად წასაკითხია ყველასთვის, ვისაც სურს მეტი გაიგოს იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთობენ ადამიანები. "When Everyone Knows That Everyone Knows" აჩვენებს, თუ როგორ აძლევს "საყოველთაოდ ცნობილი ინფორმაცია" ადამიანებს კოორდინაციის საშუალებას: როდესაც ვიცით ის, რაც სხვებმა იციან, არაპირდაპირი სიგნალები ნათელი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ თავად თემა საკმაოდ რთულია, წიგნი ადვილად იკითხება და პრაქტიკულია, რაც ყოველდღიური სოციალური ურთიერთობების ახლად დანახვაში დამეხამარა.

ეზრა კლაინისა და დერეკ ტომპსონის "Abundance"

ეს წიგნი ნათლად ასახავს, თუ რატომ უჭირს ამერიკას რაღაცების აშენება და რა არის საჭირო ამის გამოსასწორებლად. კლაინი და ტომპსონი ამტკიცებენ, რომ პროგრესი დამოკიდებულია არა მხოლოდ კარგ იდეებზე, არამედ იმ სისტემებზეც, რომლებიც ხელს უწყობენ იდეების გავრცელებას. დღეს ეს სისტემები ხშირად ანელებენ ყველაფერს – საცხოვრებლიდან და ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, სუფთა ენერგიითა და სამეცნიერო მიღწევებით დამთავრებული. ბევრი ის შემაფერხებელი ფაქტორი, რომელსაც ისინი აღწერენ გლობალური ჯანმრთელობისა და კლიმატის სფეროში, ჩემივე ნაშრომიდან ამოვიცანი."Abundance" არ აჩვენებს თავს მკითხველს, თითქოს ყველა კითხვაზე მოეპოვება პასუხი, მაგრამ სვამს სწორ კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია აშშ-ს, აღადგინოს ჩვენი შესაძლებლობები დიდი საქმეების შესასრულებლად.