"კნეინა": როგორ აქცია მარიამ ქურდიანმა კულინარიისადმი სიყვარული ბიზნესად
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დღეს, როდესაც ცხოვრების ტემპი ასეთი აჩქარებულია, რუტინული ყოველდღიურობა სულ უფრო გვაშორებს სახლურ გარემოს და მის სითბოს. "კნეინა" კი ის ადგილია, რომელიც სახლურ გემოებს აცოცხლებს. როგორც "კნეინას" დამფუძნებელი, მარიამ ქურდიანი ამბობს, ეს არ არის მხოლოდ კვების ობიექტი – აქ თითოეული კერძი სითბოთი და სიყვარულით მზადდება, ისე, როგორც ეს დედას, ბებიას ან ოჯახის წევრს შეუძლია.
ახალი კვების ობიექტები მუდმივად იხსნება, თუმცა ბევრი მალევე იხურება. მარიამ ქურდიანი საკუთარ გამბედაობად მიიჩნევს გადაწყვეტილებას, რომ ასეთ კონკურენტულ სფეროში ბიზნესის დაწყება გამოცდილების გარეშე გადაწყვიტა. მარიამმა შეძლო თავისი იდეა რეალობად ექცია – მოიძია ინვესტორები და დაარწმუნა, რომ ამ სივრცის გახსნა ნამდვილად ღირდა.
"ასე დავიწყეთ ამ საქმის კეთება იმ პირობებში, როდესაც ბაზარზე, ამ სექტორში უდიდესი კონკურენციაა. თუმცა დღემდე ვუმასპინძლდებით ჩვენს სტუმრებს და იმედი მაქვს, მომავალში გავფართოვდებით. ძალიან დიდი გამოწვევა იყო ადგილის სწორად შერჩევა. იმ პერიოდში ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეები აქტიურად შემოდიოდნენ. თითქმის ექვსი თვე ვეძებდით შესაფერის ადგილს. ერთ დღესაც დამირეკა უძრავი ქონების გაყიდვების აგენტმა და მაჩვენა სივრცე, რომელიც იდეალური იყო ჩვენი კონცეფციისთვის", – გვიყვება მარიამ ქურდიანი.
მიუხედავად დაბრკოლებისა, რომელიც ბიზნესს, მით უფრო კონკურენტულ სფეროში დაწყებულ ბიზნესს ახლავს, შრომისმოყვარეობა და მიზნისკენ შეუპოვრად სიარული ანტრეპრენერების წარმატებას განსაზღვრავს. მარიამ ქურდიანის შემთხვევაში ამ მიზანდასახულობამ გაამართლა და დღეს "კნეინა" არაერთი გურმანის საყვარელი ადგილია.
დღევანდელი გადმოსახედიდან მარიამი თავისი გამოცდილებით დამწყებ ანტრეპრენერებს რჩევასაც უზიარებს:
"ჩემი უპირველესი რჩევა იქნება, რომ ყველაფერი საკუთარ თავზე არ აიღოთ. შემოიკრიბეთ ის ხალხი, ვინც ერთმანეთს შეავსებთ. მაგალითად ერთს თუ ესმის კულინარია, მოიყვანეთ ადამიანი, რომელიც მარკეტინგში ერკვევა. მესამე აიყვანეთ ისეთი ადამიანი, ვინც ფინანსებში ერკვევა. ბიზნესში ყველა ერთი მიმართულების არ უნდა იყოს. ეცადეთ საქმის გადანაწილებას. თუ ყველაფერს თქვენს თავზე აიღებთ, ერთ დღეს აღმოაჩენთ, რომ გადაიღალეთ და თქვენი ორგანიზმი ამას შესაბამისი რეაგირებით უპასუხებს".
როგორც მარიამი ამბობს, მისთვის ტერმინი ანტრეპრენერი იმ ადამიანს აღწერს, ვისაც თავისი ოცნებების სწამს, შეუძლია ამაში სხვებიც დაარწმუნოს და ყველაფერს აკეთებს, რომ ოცნება რეალობად აქციოს.
მარიამ ქურდიანი:
"საქმის გაგრძელების მოტივაცია მარიამ ქურდიანისთვის მომხმარებლების დადებითი და გულწრფელი ემოციებია. სამომავლოდ "კნეინას" გაფართოებაც იგეგმება – საკუთარი სივრცის შეძენა და ფილიალების დამატება".