კომპანიები ანაგი, არტსტუდიო პროექტი და სიემსი კვლავ აერთიანებენ ძალებს სამშენებლო სფეროს განვითარებისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
23 თებერვალს სამშენებლო კომპანია - ანაგს, არქიტექტურულ კომპანია - არტსტუდიო პროექტსა და სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია - სიემსის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ერთობლივი შეთანხმებით, კომპანიებმა დააანონსეს სამომავლო პროექტი, რომლის მართვას, პროექტირებას და მშენებლობას ერთობლივად, BIM-ის გამოყენებით გეგმავენ.
BIM ანუ Building Information Modeling საშუალებას იძლევა სამშენებლო პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე მშენებლობაში ჩართულმა მხარეებმა იხილონ პროექტი 3D მოდელში.
"BIM-ი პირველ ნაბიჯებს დგამს საქართველოში, ხოლო მისი დანერგვა და განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, რომ ჩვენი ქვეყნის სამშენებლო სექტორი განვითარდეს საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად "- აცხადებს ირაკლი ბერიძე, სიემსის აღმასრულებელი დირექტორი.
BIM-ის დახმარებით პროექტში შეტანილი ყველა ცვლილება თუ გაწეული სამუშაოები ისახება რეალურ რეჟიმში და ხელმისაწვდომია არქიტექტორებისთვის, ინჟინრებისთვის, კონსტრუქტორებისთვის, პროექტის მენეჯერებისთვის და მშენებლებისთვის, რაც უზრუნველყოფს სამშენებლო პროექტის ეფექტურად წარმართვას.
,,მსოფლიო პროექტირების სფეროში BIM ტექნოლოგია საუკეთესო პრაქტიკის ერთერთი განუყოფელი კომპონენტია, რომელსაც ჩვენი არქიტექტურული სტუდია, უკვე რამდენიმე წელია აქტიურად იყენებს." - აცხადებს არტსტუდიო პროექტის აღმასრულებელი დირექტორი - არქიტექტორი ოთარ სულაბერიძე - "პროექტირების კუთხით BIM-ი საგრძნობლად ამარტივებს და ინტერაქტიულს ხდის პროცესს. სხვადასხვა სპეციალისტების კოლაბორაცია და ყველა მხარის ჩართულობა კი, რაც BIM-ის მნიშვნელოვანი ნაწილია, დადებითად აისახება სამუშაოს შესრულების დროსა და ფინანსურ ნაწილზე."
BIM-ის გამოყენება უზრუნველყოფს სრულყოფილი ინფორმაციის არსებობას, რომელიც აუცილებელია შენობის ექსპლუატაციისა და ოპერირების ეტაპზე.
"BIM-ი მნიშვნელოვნად ამარტივებს არა მხოლოდ სამშენებლო პროცესს, არამედ საოპერაციო საქმიანობასაც. ჩვენი თანამშრომლობით, გვინდა BIM-ის საჭიროება დავანახოთ არამხოლოდ უშუალოდ მშენებლობაში ჩართულ მხარეებს, არამედ დამკვეთებსაც." - აცხადებს სამშენებლო კომპანია ანაგის დირექტორი, ირაკლი გოგოლიშვილი.
სამშენებლო სფეროს ლიდერი კომპანიები ანაგი, არტსტუდიო პროექტი და სიემსი უკვე მეორედ აერთიანებენ ძალებს BIM-ის პოპულარიზაციის მიზნით. საქართველოს სამშენებლო სექტორში სტანდარტებისა და ხარისხის ამაღლების მიზნით გასული წლის შემოდგომაზე კომპანიების პარტნიორობით საქართველოში პირველი საერთაშორისო BIM კონფერენცია ჩატარდა.