კონკურენციის ძალა ფედერერ-ნადალის ლეგენდარული დაპირისპირების მაგალითზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ერთ რაღაცას გულწრფელად ვაღიარებ:
შენმა არსებობამ თამაში უფრო მეტად შემაყვარა".

"მე ვამაყობ, რომ შენს ეპოქაში მიწევს ცხოვრება და მაქვს პატივი, ვითამაშო ჩემი როლი და გიბიძგო მეტის მიღწევაში, ისევე როგორც ეს შენ გააკეთე ჩემთვის ბოლო 18 წლის განმავლობაში".

ეს გენიალური სიტყვები ჩოგბურთის თანამედროვე ლეგენდას, როჯერ ფედერერს ეკუთვნის. თავად დიდი სლემის ტურნირის ოცგზის გამარჯვებულმა, მთავარ მოწინააღმდეგესა და კონკურენტს, რაფაელ ნადალს ასე მიულოცა ოცდამეერთე გამარჯვება:

"ჩემს მეგობარს და დიდ კონკურენტს, რაფაელ ნადალს, გულითადად ვულოცავ დიდი სლემის ოცდამეერთე ტურნირის მოგებას, რითიც ის გახდა პირველი კაცი ჩოგბურთელი, ვინც ეს შეძლო. შენი წარმოუდგენელი სამუშაო ეთიკა, თავდადება და მებრძოლი სულისკვეთება არის შთაგონება ჩემთვის და უთვალავი სხვა ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ დიდი მიღწევები გელის, მაგრამ ახლა ისიამოვნე ამ მომენტით!"

ამ უნიკალური სიტყვებით ფედერერი აღიარებს კონკურენტისა და მოწინააღმდეგის უმნიშვნელოვანეს როლს ახალი მწვერვალების დასაპყრობად. ეს კი ლიდერებისთვის უმნიშვნელოვანესი გაკვეთილია: კონკურენცია გამოწვევასთან ერთად განვითარების შესაძლებლობაა.

ლიდერები, ვინც კონკურენციას ჯანსაღად უყურებენ და მოწინააღმდეგის როლს აღიარებენ, ამით ისევ საკუთარი თავის განვითარებაზე, ინოვაციურობასა და თვითგაუმჯობესებაზე მუშაობენ.

კონკურენციის გახსნილი გონებით მიღება შეიძლება უკეთესი სტრატეგიებისა და ძლიერი ლიდერული უნარების ჩამოყალიბებაში დაგეხმაროს.

ფედერერისა და ნადალის ურთიერთობა მწვავე დაპირისპირებიდან მეგობრობაშიც გადაიზარდა, რაც გვიჩვენებს, რომ კონკურენტები შეიძლება ერთმანეთის მენტორებიც გახდნენ.

ბევრი შესაძლოა ვერც აცნობიერებდეს, რამდენად მნიშვნელოვანია სწავლა კონკურენციის საშუალებით.

გსურს, იყო ნამდვილი ლიდერი? აღიარე კონკურენტის როლი და მნიშვნელობა შენსავე წარმატებაში, ისწავლე კონკურენტებისგან, რამაც შესაძლოა, ახალი პერსპექტივები მოგიტანოს და ლიდერობის ახალ საფეხურზე აგიყვანოს.

"მიწის საფარზე თამაშს ხშირად შენს ტერიტორიაზე სტუმრობას ვამსგავსებდი, სადაც თითოეული პუნქტი ორმაგ ძალისხმევას მოითხოვდა. შენ მაიძულე, თავიდან დამეფიქსირებინა ჩემი სტილი, ტექნიკა, მიდგომა".

ფედერერის ეს სიტყვები, რომელიც მან ნადალს კარიერის დასრულებისას მიუძღვნა, ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი უნარი, ადაპტირება მოეხდინა მოწინააღმდეგის თამაშის სტილზე. ამით მან მაგალითი აჩვენა, როგორ შეიძლება სხვებისგან, განსაკუთრებით კი ძლიერი კონკურენტებისგან, სწავლა.

ლიდერებს ნებისმიერ სფეროში, ბიზნესიდან პოლიტიკამდე, შეუძლიათ იგივე გააკეთონ: იყვნენ გახსნილები სწავლისა და განვითარებისთვის როგორც თანაგუნდელებისგან, ისე კონკურენტებისგან.

ამით კი შეძლებთ, საკუთარი სტრატეგიები გააუმჯობესოთ და ეს დიახაც რომ კონკურენტებზე დაყრდნობით მოახერხოთ.

ეს მიდგომა არა მხოლოდ პიროვნულ ზრდაში, არამედ ორგანიზაციულ წარმატებაშიც დაგეხმარებათ.

ფედერერისა და ნადალის დაპირისპირება საუკეთესო მაგალითია, როგორ შეიძლება კონკურენციის გამოყენება მეტი გამძლეობისთვის. ჯანსაღი წინააღმდეგობა მარცხის გადალახვასა და მაღალი შედეგების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში გვეხმარება.

ეს კი ყველა ლიდერისთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილი უნდა იყოს, რადგან გამძლეობა და შეუპოვრობა ლიდერებისთვის ყველაზე კრიტიკულია. გამძლეობის უნარი გადაგვალახვინებს გამოწვევებს, მოგვცემს ბრძოლის გაგრძელების მოტივაციას და აგვიმაღლებს არდანებებისა და შეუპოვრობის სულისკვეთებას.

ფედერერისა და ნადალის ურთიერთობა გვახსენებს, რომ კონკურენციას შეუძლია გახდეს ზრდისა და მუდმივი განვითარების ძლიერი კატალიზატორი.

ლიდერობა მუდმივ ევოლუციას მოითხოვს, ღირსეული კონკურენტი კი დიდ გავლენას ახდენს ამ მოგზაურობაზე.

"შენ ხშირად მიგებდი. უფრო ხშირად, ვიდრე მე და სწორედ ამას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. შენ მაყენებდი ისეთი გამოწვევების წინაშე, რაც შენ გარდა სხვას არავის შეეძლო", – ეტყვის ფედერერი ნადალს სპორტული კარიერის დასრულებისას.

მიიღე კონკურენცია, ისწავლე მისგან და მისით განივითარე შენი ლიდერობა.

და გახსოვდეს: ყოველდღე ისე იცხოვრე, როგორც გინდა, რომ გაგიხსენონ შენი კარიერის დასრულებისას.

დაბოლოს, ისევ ფედერერის უნიკალური სიტყვებით მინდა დავასრულო. სიტყვებით, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავს ღირსეული კონკურენციის ძალას:

"მაქვს პატივი, ვითამაშო ჩემი როლი და გიბიძგო მეტის მიღწევაში".

გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
editor@entrepreneur.ge

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge