კრიპტოდღე საქართველოს უნივერსიტეტში – კონფერენციის მიზანი და ახალი შესაძლებლობები
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
11 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება კრიპტოდღე. კონფერენცია ჩატარდება საკონსულტაციო კომპანია CryptoEthica-ის დამფუძნებელისა და საქართველოს უნივერსიტეტის ბლოკჩეინისა და დეცენტრალიზებული საინფორმაციო სისტემების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის, ვახტანგ ჩხენკელის ხელმძღვანელობით.
ვახტანგ ჩხენკელის თქმით, კონფერენციის მთავარი მიზანია საქართველოში შეიქმნას მაღალი დონის პროფესიული ფორუმი, სადაც ვირტუალური აქტივების სფეროს წამყვანი ექსპერტები, პოლიტიკის გამტარებლები და აკადემიური წრეები შეიკრიბებიან.
"ჩვენ გვსურს დეტალურად განვიხილოთ ის ტექნიკური და სამართლებრივი გამოწვევები, რომლებიც დღეს ინდუსტრიის წინაშე დგას. ეს არ არის მხოლოდ თეორიული მსჯელობა, ჩვენ ვეძებთ გადაჭრის გზებს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, რათა საქართველო ამ მიმართულებით კონკურენტუნარიანი იურისდიქცია გახდეს ", – ამბობს ის.
ვახტანგ ჩხენკელი აღნიშნავს, რომ დღეს ქართულ ბაზარზე კვალიფიციური კადრების დეფიციტი ერთ-ერთი უდიდესი ბარიერია, ხოლო კონფერენცია არის დამაკავშირებელი აუდიტორიასა და რეალურ ბიზნესს შორის. მისივე თქმით, სტუდენტები ხედავენ, თუ რას ითხოვს დამსაქმებელი და სად არის ცოდნის ვაკუუმი, რომლის შევსებაც მათ შეუძლიათ.
"საქართველოს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა სწორედ ამ პრაქტიკულ საჭიროებებზეა ორიენტირებული. ჩვენ არ ვასწავლით მხოლოდ აბსტრაქტულ თეორიებს, ჩვენ ვამზადებთ პროფესიონალებს, რომლებიც სწავლის დასრულებისთანავე მზად იქნებიან კარიერული ნაბიჯების გადასადგმელად.
"ბლოკჩეინისა და დეცენტრალიზებული საინფორმაციო სისტემების" სამაგისტრო პროგრამა პირველი და უნიკალურია ქვეყანაში. მისი მთავარი უპირატესობა მულტიდისციპლინურობაა: ჩვენ არ ვამზადებთ მხოლოდ პროგრამისტებს, ჩვენ ვამზადებთ პროფესიონალებს, რომლებსაც ესმით ტექნოლოგიის, ფინანსების, უსაფრთხოებისა და სამართლის თანაკვეთა. ჩვენი ლექტორები არიან მოქმედი პრაქტიკოსები საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ სტუდენტები იღებენ აქტუალურ ცოდნას. პროგრამის დასასრული სამაგისტრო ნაშრომია, რომელიც გულისხმობს რეალური პროდუქტის შექმნას. უნივერსიტეტი და ჩვენი პარტნიორები სტუდენტებს ეხმარებიან, რომ მათი იდეა პროტოტიპად ან ბიზნესპროექტად იქცეს", – აღნიშნავს ის.
მისი თქმით, კონფერენციაზე მომხსენებლები ვირტუალური აქტივების სფეროს პრაქტიკოსი პროფესიონალები არიან, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დაბეგვრა, აქტივების ტოკენიზაცია და რეგულაციებთან შესაბამისობა.
"ჩვენთან იქნებიან წარმომადგენლები ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციებიდან, როგორებიცაა "საქართველოს ეროვნული ბანკი", "ანდერსენი საქართველო", "კლარსენი" და "კრიპტოეთიკა". მათი გამორჩეულობა ისაა, რომ ისინი ფლობენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ აქვთ უშუალო შეხება ქართულ და საერთაშორისო ბაზრებთან", – ამბობს ვახტანგ ჩხენკელი.
კრიპტოდღე საქართველოს უნივერსიტეტში შედგება შემდეგი ექვსი პანელისგან:
- გლობალური და ქართული კრიპტოინდუსტრიის ევოლუცია;
- უძრავი ქონების, საბანკო დეპოზიტებისა და ფინანსური ინსტრუმენტების ტოკენიზაცია საქართველოში;
- ვირტუალური აქტივების ახალი ქართული საკანონმდებლო ჩარჩო და ცვლილებები;
- პრუდენციული ვალდებულებები, კაპიტალის მოთხოვნა და კრიპტოაქტივების სეგრეგაცია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერთათვის;
- ევროკავშირის "კრიპტოაქტივების ბაზრების შესახებ" რეგულაცია და მისი გავლენა კრიპტოინდუსტრიაზე.
- ფისკალური პოლიტიკა, ვირტუალური აქტივის მომსახურება და გადასახადები საქართველოში.
ვახტანგ ჩხენკელი განსაკუთრებით საინტერესოდ მიიჩნევს პანელს, რომელიც კრიპტოკანონმდებლობაში განხორციელებულ ბოლოდროინდელ ცვლილებებს ეხება. მისი თქმით, ეს საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანია სერვისპროვაიდერებისთვის, რადგან ახალი რეგულაციები აწესებს მკაცრ სტანდარტებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის, კიბერუსაფრთხოებისა და კაპიტალის მოთხოვნების კუთხით.
"გარდა ამისა, პრუდენციული ვალდებულებების განხილვა არის ის სიახლე, რომელიც ბაზრის ყველა მონაწილემ უნდა გაითვალისწინოს სამომავლო საქმიანობის დასაგეგმად.
ჩვენი პროგრამა ისეა სტრუქტურირებული, რომ ყველა რგოლის პროფესიონალმა იპოვოს თავისი ინტერესის სფერო; თითოეული სესია დაეხმარება მათ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში, რათა კომპანია იყოს კონკურენტუნარიანი ახალი რეგულაციების პირობებში. იურისტებისა და შესაბამისობის სპეციალისტებისთვის საინტერესო იქნება ახალი კანონმდებლობა და ევროპული MiCA რეგულაცია; ბუღალტრებისა და ფინანსისტებისთვის ფისკალური პოლიტიკა და ვირტუალური აქტივების დაბეგვრის სპეციფიკა იქნება საინტერესო, ხოლო ფინანსური სექტორისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება ტოკენიზაციის მოდულები, რაც საბანკო და საფინანსო სექტორის მომავალია", – ამბობს ის.
ის ხაზს უსვამს, რომ ვირტუალური აქტივების ინდუსტრია გლობალურია და თავისი ბუნებით საზღვრებს გარეშეა – ეს წარმოადგენს სფეროს, სადაც გეოგრაფიული მდებარეობა მეორეხარისხოვანია, მნიშვნელოვანი კი მხოლოდ ცოდნაა.
"ქართველ ახალგაზრდას შეუძლია საქართველოდანვე იმუშაოს მსოფლიოს წამყვან პროექტებზე. გარდა ამისა, რადგან საერთაშორისო რეგულაციები (მაგალითად, MiCA ევროკავშირში) მსგავს პრინციპებს ეფუძნება, საქართველოში მიღებული ცოდნა პირდაპირკონვერტირებადია ნებისმიერ განვითარებულ ბაზარზე. ეს არის მათთვის ე.წ. ოქროს ბილეთი გლობალურ შრომის ბაზარზე", – ამბობს ვახტანგ ჩხენკელი.
ვახტანგ ჩხენკელი აღნიშნავს, რომ ეს კონფერენცია მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია. მისივე თქმით, მთავარი სტრატეგიაა მსგავსი შეხვედრებისთვის რეგულარული, სისტემური ხასიათის მიცემა.
"ეს იქნება დამატებითი პლატფორმა როგორც ჩვენი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის, ისე ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს დეტალურად შეისწავლოს ბლოკჩეინტექნოლოგიები", – ამბობს ის.
ვახტანგ ჩხენკელი აღნიშნავს, რომ იგეგმება ვორქშოფების სერია, რომლებიც კონკრეტული უნარების, მაგალითად, სმარტკონტრაქტების აუდიტის ან კრიპტოშესაბამისობის (Compliance) მიმართულებით იქნება ფოკუსირებული.
"კონფერენციის მთავარი გზავნილი არის ის, რომ მომავალი უკვე აქ არის და ის მათ ხელშია. მინდა სტუდენტებმა დაიჯერონ, რომ კრიპტოინდუსტრია არ არის მხოლოდ ვიწრო სფერო, ეს არის ახალი ეკონომიკური და ტექნოლოგიური რეალობა. სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ამ სფეროში პროფესიონალად ჩამოყალიბება რეალურია, რესურსები ხელმისაწვდომია და ისინი არიან სწორ დროს და სწორ ადგილას", – გვეუბნება იგი.
კონფერენციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ღონისძიების მიზანია დამსწრეები მხოლოდ პასიური მსმენელები არ იყვნენ.
"გვსურს, მათ მიღებული ინფორმაცია მომენტალურად აითვისონ და გამოიყენონ. სწორედ ამიტომ, კონფერენციის დასკვნით ეტაპზე ჩატარდება ინტერაქციული ქვიზი, რომელიც კონფერენციაზე გაჟღერებულ საკითხებს დაეფუძნება. გამარჯვებული სამეული დაჯილდოვდება ვირტუალური აქტივებით (კრიპტოვალუტით). ეს სიმბოლურიც არის და პრაქტიკულიც, პრიზის მისაღებად მათ უნდა გამოიყენონ საკუთარი კრიპტოსაფულეები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ტექნოლოგიის პრაქტიკულ გამოყენებას", – განმარტავს კონფერენციის ხელმძღვანელი, ვახტანგ ჩხენკელი.
დაინტერესებულ პირებს კონფერენციაზე დასასწრებად რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე შეუძლიათ.