"კრისტალის" ახალი ეტაპი – ახალი შესაძლებლობები და სამომავლო გეგმები
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თანამედროვე ეკონომიკურ გარემოში ძლიერი და პასუხისმგებლიანი საფინანსო ინსტიტუტების არსებობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც გამოცდილებას, სტაბილურობასა და ინოვაციურობას აერთიანებენ.
სწორედ ამ კრიტერიუმებით შეგვიძლია დავახასიათოთ კომპანია "კრისტალი" – ის უკვე 27 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და არაერთი მომხმარებლის ნდობასა და ლოიალობას იმსახურებს.
"კრისტალის" ისტორია 1998 წელს იწყება, როდესაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა დააფუძნეს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი". ცენტრმა წამოიწყო მიკროდაკრედიტების საპილოტე პროგრამა, რომლის საწყისი კაპიტალი მხოლოდ 10 000 აშშ დოლარს შეადგენდა. თითქმის 27 წლის განმავლობაში "კრისტალმა" გაიარა ხანგრძლივი გზა, სავსე გამოწვევებითა და წარმატებებით.
დღეს "კრისტალი" თავისი საქმიანობის ისტორიაში ახალ და მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის – კომპანია ქართულ საფინანსო ბაზარზე ოპერირებას მიკრობანკის სტატუსით აგრძელებს. შესაბამისი ლიცენზია საქართველოს ეროვნული ბანკისგან უკვე მიღებულია.
ლიცენზიის მოპოვების პროცესში "კრისტალმა" არაერთი ეტაპი გაიარა და დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბითაც წარმოადგენს ძლიერ, პასუხისმგებლიან, სტაბილურ, გამჭვირვალე და სანდო საფინანსო ინსტიტუტს.
კომპანიამ 2023 წლის ბოლოს ეროვნული ბანკისთვის მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად ოფიციალური განაცხადი წარადგინა. ამ ნაბიჯს თან სდევდა კომპანიის ინტენსიური და კომპლექსური ტრანსფორმაცია, რათა ახალი კანონმდებლობისა და საბანკო რეგულაციების მოთხოვნებთან სრულად თავსებად ორგანიზაციად ჩამოყალიბებულიყო. ცვლილებები შეეხო როგორც პროდუქტებსა და მომსახურებას, ასევე სამართლებრივ საკითხებს, ციფრულ ტექნოლოგიებს, რისკების მართვას, შიდა ორგანიზაციულ სტრუქტურასა და თანამშრომელთა პროფესიულ მომზადებას.
"კრისტალი" მრავალი წელია, გამორჩეულია გამართული სერვისებით, მაღალი მოგებიანობითა და მყარი რეპუტაციით. ის საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საფინანსო ინსტიტუტად და მეწარმეობის მხარდამჭერ ორგანიზაციად მიიჩნევა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. "კრისტალი" მუდმივად ორიენტირებულია ინოვაციებზე, მომხმარებელთა საჭიროებების იდენტიფიცირებასა და მათთვის შესაბამისი სერვისების შეთავაზებაზე.
"კრისტალის" გენერალური დირექტორი, ილია რევია, მიკრობანკის ლიცენზიის მიღებას მნიშვნელოვან წარმატებად აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს შედეგი კომპანიის მიერ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გადადგმულ დინამიკურ ნაბიჯებს უკავშირდება.
"მიკრობანკების გამოჩენა ბაზარზე არის იმ რეფორმის ნაწილი, რომელიც 2023 წელს პარლამენტმა მიკრობანკების შესახებ კანონის დამტკიცებით დაიწყო. ამ ცვლილებების მთავარი მიზანი ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა, განსაკუთრებით მცირე მეწარმეებისა და აგროსექტორისთვის. კანონმდებლობის მიხედვით, მიკრობანკების საკრედიტო პორტფელის არანაკლებ 50% სწორედ ამ მიმართულებაზე უნდა იყოს მიმართული", – ამბობს ილია რევია.
მიკრობანკის ლიცენზიის მიღებამდე "კრისტალი" ქართულ საფინანსო ბაზარზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით ოპერირებდა. ახალ ეტაპზე გადასვლისას კომპანიას 520 მილიონი ლარის მოცულობის სასესხო პორტფელი, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომელი და 105 000-ზე მეტი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს.
ილია რევია:
"მიკრობანკის სტატუსი გააოთხმაგებს ჩვენი ზრდის პოტენციალს. "კრისტალის" საკრედიტო პორტფელი უკვე ნახევარ მილიარდ ლარს გასცდა და საბანკო პროდუქტების მზარდი მოთხოვნა ამ ტენდენციას კიდევ უფრო განამტკიცებს. გარდა ამისა, შეგვეძლება საშუალო მეწარმეების კრედიტით დაფინანსება 1 მილიონი ლარის ლიმიტში. ჩვენი სახსრები დიდწილად უცხოეთიდან მოდის – მათ 20-ზე მეტი საერთაშორისო პარტნიორი გვაწვდის,მათ შორის უმეტესობა დასავლური ფონდია. ახლა კი, როგორც მიკრობანკს, გვექნება შესაძლებლობა, ადგილობრივი დეპოზიტების ბაზარზეც ვიმუშაოთ – ეს დიდი უპირატესობაა, რომელიც აქამდე მხოლოდ კომერციულ ბანკებს ჰქონდათ".
"ჩვენ ყოველთვის კონკურენტუნარიანები ვიყავით სერვისის ხარისხითა და მიკრობიზნესების სპეციფიკის ცოდნით. განსაკუთრებით კარგად გვესმის მცირე და საშუალო ბიზნეს და აგრომეწარმეების საჭიროებები, რასაც სწორად ვაფასებთ და შესაბამისი პროდუქტებით ვპასუხობთ. მიკრობანკის სტატუსი გვაძლევს საშუალებას, კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობები შევთავაზოთ მომხმარებლებს. ასევე, შესაძლებლობა გვექმნება, მონაწილეობა მივიღოთ სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულ პროგრამებში, როგორიც, მაგალითად, არის "აწარმოე საქართველოში", – ამბობს "კრისტალის" გენერალური დირექტორი.
მიკრობანკის ლიცენზია "კრისტალს" ანაბრების მიღების უფლებასაც აძლევს, რაც კომპანისათვის დამატებით შესაძლებლობებს აჩენს.
ილია რევია:
"უკვე დავიწყეთ ანაბრების მოზიდვა და მომხმარებელს საინტერესო საინვესტიციო პროდუქტი – "მონეტა" შევთავაზეთ. დიდი მოთხოვნის გამო მცირე დროში შევძელით როგორც ლარის, ისე უცხოურ ვალუტაში ანაბრების მოზიდვა. ამ პროდუქტით მომხმარებლებს კონკურენტუნარიან საპროცენტო განაკვეთებს ვთავაზობთ, რაც კომერციული ბანკების პირობებთან შედარებით საკმაოდ მიმზიდველია".
"კრისტალის" განახლებული მისია იქნება მეწარმეების კაპიტალით, ცოდნითა და უნარებით გაძლიერება, რათა მათ თავიანთი შესაძლებლობები საყოველთაო კეთილდღეობად გარდაქმნან. "კრისტალი" ახალ ეტაპზე გადადის სლოგანით – "შენი შესაძლებლობების ბანკი". კომპანია აქტიურად იმუშავებს არსებულ და ახალ მომხმარებლებთან, მათთვის მრავალფეროვანი, დივერსიფიცირებული და ციფრული პროდუქტების შეთავაზებაზე, განსაკუთრებული აქცენტი აგროსექტორსა და მიკრომეწარმეებზე გამახვილდება.
მიკრობანკის სტატუსით "კრისტალი" კვლავაც რჩება მომხმარებელზე ორიენტირებულ, ინოვაციურ და მოქნილ ორგანიზაციად. გამოცდილებით, კომპეტენციით, მომავლის ხედვითა და შესაძლებლობების გაზრდილი მასშტაბით კომპანია განვითარების ახალ ეტაპს იწყებს და მომხმარებელს არაერთ საინტერესო სიახლეს ჰპირდება.