"კრისტალის" მიკრობანკად ტრანსფორმაციის წელი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს საფინანსო სექტორი, "კრისტალი", წლებია სტაბილურობისა და განვითარების სიმბოლოა, თუმცა გასული წელი ორგანიზაციისთვის ისტორიული აღმოჩნდა. მიკრობანკის ლიცენზიის მიღებიდან ერთი წელი გავიდა – ეს არის პერიოდი, როდესაც კომპანიამ არა მხოლოდ სტატუსი შეიცვალა, არამედ სრული შინაარსობრივი და სტრუქტურული ტრანსფორმაცია განიცადა.
ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია როგორც ბაზრისთვის, რომელიც ახალი ტიპის მოთამაშეს იღებს, ისე მომხმარებლისთვის, რომლისთვისაც ფინანსური სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი ხდება. თუმცა, ყველაზე დიდი გარდატეხა თავად "კრისტალის" გუნდში მოხდა. ილია რევია, "კრისტალის" გენერალური დირექტორი (CEO), Entrepreneur-თან ინტერვიუში იხსენებს, თუ რატომ დადგა ეს სტრატეგიული აუცილებლობა და რა სირთულეების ფასად მოხდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სრულფასოვან საფინანსო ინსტიტუტად გარდაქმნა.
ტრანსფორმაციის ისტორია – "რატომ და როგორ"
"კრისტალის" მიერ მიკრობანკის ლიცენზიის მოპოვება არ ყოფილა სპონტანური გადაწყვეტილება; ეს იყო ლოგიკური პასუხი ბაზრის ევოლუციასა და მომხმარებლის გაზრდილ მოთხოვნებზე და კომპანიის ზრდისა და განვითარების ტრაექტორიის ლოგიკური გაგრძელება. ილია რევიას თქმით, ორგანიზაცია ბაზარზე საკმაოდ დიდხანს ოპერირებდა, როგორც მიკროსაფინანსო, თუმცა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, შეიცვალა ბიზნესგარემოც.
"ბუნებრივად დადგა ეტაპი, როცა კლიენტებსაც დასჭირდათ უფრო მრავალფეროვანი საბანკო მომსახურება და არა მხოლოდ საკრედიტო სერვისების მიღება. იმის გარდა, რომ ბიზნესის დაფინანსებისას გაჩნდა მოთხოვნა უფრო დიდ თანხებზე, ამავდროულად, დღის წესრიგში დადგა ისეთი სრულფასოვანი საბანკო სერვისებით მომსახურება, როგორიცაა საბანკო ანგარიშები, ბარათები, ანაბრები, დეპოზიტები, გადარიცხვები და ა.შ." – აღნიშნავს ილია რევია.
ილია რევია, გენერალური დირექტორი
გარდა მომხმარებლის საჭიროებებისა, ორგანიზაცია ტრანსფორმაციისთვის შიგნიდანაც მომწიფდა. გასული წლების განმავლობაში გაზრდილმა საერთაშორისო ინვესტორების ბაზამ, რისკების მართვის სისტემების დახვეწამ და პასუხისმგებლობის მაღალმა დონემ "კრისტალი" იმ ნიშნულამდე მიიყვანა, სადაც მიკრობანკად გარდაქმნა კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისთვის ყველაზე ლოგიკური გზა იყო.
რა ხდება მაშინ, როდესაც გუნდის ამბიცია და ბაზრის მოთხოვნა ერთმანეთს ემთხვევა? ილია რევია მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი იმპულსი სწორედ კლიენტების მხრიდან წამოსული სიგნალები იყო.
"მომხმარებლებმა დაიწყეს სრული საბანკო სერვისების მოთხოვნა. ეს იყო კრიტიკული მომენტი. ჩვენ დავაკვირდით სხვა ორგანიზაციების მაგალითებსაც, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ბანკად ტრანსფორმაციის გზა. დავინახეთ, როგორ გაძლიერდა მათი ბიზნესმოდელი, როგორ გახდნენ ისინი ფინანსურად და სისტემურად უფრო მდგრადები. ამ ყველაფერმა საბოლოო გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა".
მიკრობანკად გარდაქმნა არ ნიშნავს მხოლოდ აბრის შეცვლას. ეს ნიშნავს ფუნდამენტურ ცვლილებას ყველაფერში – ახალი პროცესებისა და პროდუქტების შექმნიდან დაწყებული, თანამშრომელთა კომპეტენციით დასრულებული. ილია რევიას განმარტებით, დღევანდელი "კრისტალი" ძველისგან, პირველ რიგში, საქმისადმი განსხვავებული მიდგომით და რისკებისა და ტექნოლოგიების მართვის გაუმჯობესებული დისციპლინით განსხვავდება.
ტექნოლოგიური და სისტემური ცვლილებები რთული იყო, თუმცა გენერალური დირექტორის აზრით, ყველაზე დიდ გამოწვევას მაინც ადამიანური ფაქტორი წარმოადგენდა:
"ორგანიზაციის ტრანსფორმაციისას ყველაზე რთული მენტალური და კულტურული ფაქტორებია. უფრო რეგულირებულ გარემოში შესვლასთან ერთად, ფოკუსი ძლიერდება უხარვეზო მუშაობასა და რისკების სწორად მართვაზე. ამ ცვლილებების შესაბამის ტემპში განხორციელება და ამავდროულად, ბიზნესის განვითარება დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. უამრავი გამოწვევის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ "კრისტალის" მთელმა გუნდმა თავისი პროფესიონალიზმის ამ ამოცანას უბადლოდ გაართვა თავი. "კრისტალმა" ტრანსფორმაციის ფარგლებში შეძლო ის, რაც ბევრი კომპანიისთვის ძალზე რთულია: არა მხოლოდ შეინარჩუნა თავისი დადებითი, ადამიანებზე ორიენტირებული კულტურის მახასიათებლები, არამედ მათ ახალი, მერიტოკრატიული კომპონენტებიც დაუმატა. აქ ახლა მთავარია შედეგი, რომელიც პასუხისმგებლიანი გზებით არის მიღწეული. ახალმა ცოდნამ და მიზნების განხორციელების უნარებმა "კრისტალი" ჩამოაყალიბა ორგანიზაციად, სადაც საქმის სიზუსტე და შესრულების დისციპლინა კრიტიკული მნიშვნელობისაა".
რა მოიტანა ტრანსფორმაციამ?
თუკი ტრანსფორმაციის შემდგომი პირველი წელი ბაზარზე შესვლას დაეთმო, შემდეგი წელი უკვე ბაზარზე დამკვიდრების პერიოდია. "კრისტალმა" მოახერხა ის, რაც ბევრი ფინანსური ინსტიტუტისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს: რთული გარდაქმნის პროცესში შეინარჩუნა არა მხოლოდ ოპერაციული ეფექტურობა, არამედ მძლავრი ფინანსური მაჩვენებლებიც.
განსაკუთრებით შთამბეჭდავია ტრანსფორმაციის ტემპი: ლიცენზიის მიღებიდან სულ რაღაც 4 თვეში "კრისტალმა" ძირითადი საბანკო სერვისები და პროდუქტები სრულფასოვნად აამუშავა, ხოლო 6 თვეში, მარკეტინგული კამპანიის გარეშე, ადგილობრივი ბაზრიდან 80 მილიონი ლარის ადგილობრივი დაფინანსების მოზიდვა შეძლო. ეს რიცხვები მხოლოდ სტატისტიკა არაა – ეს არის ბაზრის მხრიდან გამოცხადებული მაღალი ნდობის ნიშანი.
მელანია კუჭუხიძე, კომერციული დირექტორი
რა შეიცვალა რეალურად მომხმარებლისთვის? მთავარი სიახლე "სერვისული ნაპრალის", ე.წ. გეფის ამოვსებაა. თუკი ადრე მომხმარებელი "კრისტალთან" მხოლოდ საკრედიტო ურთიერთობით იყო დაკავშირებული, დღეს ის სრულფასოვან საბანკო პარტნიორობას მიიღებს.
ამავე პერიოდში ყველაზე მაღალი მოთხოვნა დეპოზიტებსა და საბანკო ანგარიშებზე დაფიქსირდა. ილია რევია განმარტავს, რომ ეს ბუნებრივი პროცესია: "ადრე მომხმარებლები კრედიტისთვის მოდიოდნენ, თუმცა დეპოზიტები და ანგარიშები სხვაგან ჰქონდათ გახსნილი... ჩვენ მივაწოდეთ სწორედ ის, რაც აკლდათ და მათაც მყისიერად გვიპასუხეს თავიანთი ნდობით".
ამასთანავე, "გაბანკებამ" გახსნა კომპანიის ოპერაციების გაციფრულების ახალი შესაძლებლობები. მომავალ წლებში "კრისტალი ყველაზე დიდ ინვესტიციებს სწორედ ციფრული ტექნოლოგიების გაუმჯობესებასა და, შესაბამისად, მოხმარებლების მომსახურების მიწოდების გამარტივებაში ჩადებს.
ფინანსურ სამყაროში ნდობა ყველაზე ძვირადღირებული ვალუტაა. "კრისტალის" შემთხვევაში ტრანსფორმაციამ სრულიად ახალი კლასის მომხმარებლები გააჩინა – დამზოგველები და ინვესტორები. ეს ის ხალხია, ვინც ბანკს საკუთარ დანაზოგებს ანდობს, რაც ინსტიტუტის მიმართ მაღალი რეპუტაციის ნიშანია.
სტაბილურობის გარანტი კი განახლებული ორგანიზაციული სტრუქტურაცაა. მიკრობანკად გარდაქმნის პროცესში:
- მკაფიოდ გაიმიჯნა მმართველობითი, აღმასრულებელი და ზედამხედველობითი როლები.
- მნიშვნელოვნად გაძლიერდა რისკების მართვის კულტურა.
- უმაღლეს დონეზე ავიდა ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.
- სრულად გადახალისდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროცესები.
რას უნდა ელოდოს მომხმარებელი დღეს?
"კრისტალის" მიზანი აღარ არის, იყოს მხოლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც სესხებთან ასოცირდება. ჩვენი მიზანია გავხდეთ ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სრულ საბანკო ციკლს და სერვისებს, რაც მომხმარებლის განვითარებას ეხმარება. ჩვენი მისიაა, გავაძლიეროთ საქართველოს მეწარმეები კაპიტალით, უნარებითა და ცოდნით, რათა მათ საკუთარი შესაძლებლობები ყოველდღიურ კეთილდღეობად გარდაქმნან და ამით განავითარონ ქართული ეკონომიკა. ამიტომაც ჩვენი ტრანსფორმაცია არ არის მხოლოდ სტატუსის ცვლილება, ეს არის პირობა – მუდმივად გაიზარდო და შეიცვალო მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად".
პოზიციონირება ბაზარზე და კონკურენტული უპირატესობები
საქართველოს საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და მაღალკონკურენტული სფეროა. ამ გარემოში "კრისტალი" არ ცდილობს "დიდი ბანკების" გზის კოპირებას; პირიქით, მისი სტრატეგია საკუთარი, უნიკალური ნიშის გამაგრებაა. მიკრობანკის მთავარი ძალა ფოკუსირებული მიდგომაა.
გიორგი მეგენეიშვილი, რისკების დირექტორი
თუ მსხვილი ბანკები ყველა სექტორს თანაბარი ინტენსივობით ემსახურებიან, "კრისტალის" ფოკუსი იქაა, სადაც ფინანსური რესურსი ხშირად ყველაზე მეტადაა საჭირო – რეგიონებში, მცირე მეწარმეებსა და თვითდასაქმებულებთან.
ბევრი ფინანსური ინსტიტუტისთვის ციფრული ტრანსფორმაცია მომხმარებლისგან დისტანცირებას ნიშნავს, "კრისტალისთვის" კი პირიქით, ეს არის გზა, უკეთ გაიგოს კლიენტის საჭიროება. ილია რევიას მიაჩნია, რომ მათი უპირატესობა სწორედ მომხმარებლის ქცევის ცოდნასა და შესაბამისი ურთიერთობების აგებაშია:
"ის სიახლოვე, რაც ჩვენს სეგმენტთან გვაქვს, უნიკალურია. გვესმის მათი საჭიროებების, ვაფასებთ მათ ბიზნესებს, მათ შორის აგრომიმართულებას. შედეგად, ბევრად უკეთ გვესმის რისკებიც. ეს გვაძლევს საშუალებას, სწორად ვუპასუხოთ მოთხოვნას იქ, სადაც სხვები შესაძლოა ზედაპირულები იყვნენ".
ეს "ადამიანზე ორიენტირებული" მოდელი დაბალანსებულია რისკების მართვის თანამედროვე პოლიტიკით. ორგანიზაცია ზრუნავს, რომ გაცემული კრედიტიმომხმარებლისთვის მძიმე ტვირთად არ იქცეს, რაც გრძელვადიანი პარტნიორობის საფუძველია.
დავით ბენდელიანი, ფინანსური დირექტორი
საერთაშორისო პარტნიორობა, როგორც ნდობის ქვაკუთხედი
"კრისტალის" ტრანსფორმაციის პროცესში დადებითი როლი საერთაშორისო პარტნიორებმა ითამაშეს. დღეს ორგანიზაცია 20-მდე საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს, საიდანაც ქართულ ეკონომიკაში გასული პერიოდის განმავლობაში 1 მილიარდ ლარზე მეტი აქვს მოზიდული, რაც უმაღლესი გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის სტანდარტს მოითხოვს.
ილია რევიას ფორმულით, ნდობა ფინანსურ სექტორში სწორედ ამ ჯაჭვით იგება:
"როცა ორგანიზაცია სანდოა საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის, ის ბუნებრივად სანდოა მომხმარებლებისთვისაც. ლიცენზიის მიღებას მოჰყვა ნდობის უდიდესი ტალღა – თუ ადრე სანდო მიკროსაფინანსო ვიყავით, ახლა სანდო მიკრობანკი აღმოვჩნდით. ეს იყო ყველაზე დიდი წარმატება ჩვენთვის".
პარტნიორების შერჩევისას "კრისტალი" მხოლოდ კაპიტალზე არ აკეთებს ფოკუსს. მათთვის მნიშვნელოვანია ღირებულებითი თანხვედრა. ინვესტორები, რომლებიც მომხმარებლებისთვის მისაწოდებელი სერვისების და ტექნოლოგიურ განვითარებაში დაეხმარნენ, იზიარებენ ბანკის ხედვასაც: ფინანსებური მომსახურება არ უნდა იყოს მხოლოდ რთული პროცესი, ის ეკონომიკური კეთილდღეობის ინსტრუმენტი უნდა გახდეს.
ტექნოლოგიური განვითარება, როგორც ზრდის ძრავა
მიკრობანკად გარდაქმნის პროცესში ტექნოლოგია არ ყოფილა მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტი – ის იქცა ზრდის მთავარ ძრავად. ბოლო პერიოდის განმავლობაში "კრისტალმა" ნულიდან დანერგა მრავალი საბანკო სისტემა და ტექნოლოგია, რამაც მომხმარებლის გამოცდილება სრულიად სხვა დონეზე აიყვანა.
ნინო ფანჯიკიძე, საოპერაციო დირექტორი
დღეს მონაცემთა ანალიტიკის განვითარება კრიტიკულია ახალი პროდუქტების სწორად შეთავაზებისა და მომხმარებლის ქცევის სიღრმისეული გააზრებისთვის. ამავდროულად, ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად, უპირველესი პრიორიტეტი უსაფრთხოებაა.
"კიბერუსაფრთხოება და მონაცემთა დაცვა მუდმივი პროცესია – რაც უფრო კომპლექსური ხდება ორგანიზაცია, მით მეტია დაცვის გაძლიერების საჭიროება.
სოციალური პასუხისმგებლობა და რეალური გავლენა
"კრისტალისთვის" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) არ არის მხოლოდ ლამაზი დევიზი; ეს არის ყოველდღიური პრაქტიკა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებაზეა ორიენტირებული:
- ქალი მეწარმეების გაძლიერება: ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ქალი მეწარმეებისთვის ცოდნის გადაცემასა და წახალისებაზე, რათა მათ მეტი გაბედონ ბიზნესის დაწყებისას და ამ გზით გაზარდონ საკუთარი კეთილდღეობა.
- განათლების მხარდაჭერა: "კრისტალი" გამოყოფს სტიპენდიებს ახალგაზრდა ქალებისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომლებიც წარმატებით ხვდებიან უმაღლეს სასწავლებლებში, ზუსტი მეცნიერების, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებებით.
- ენერგოეფექტურობა და ეკოლოგია: ბანკი ეტაპობრივად ახდენს თავისი ფილიალების "გამწვანებას". მაგალითად, ქუთაისის სათავო ოფისი და კიდევ ხუთი სხვა ფილიალი სრულად გადავიდა მზის ენერგიის მოხმარებაზე.
ტრანსფორმაცია ადამიანებით იწყება
ილია რევია დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი სისტემური ცვლილების უკან ადამიანები დგანან. მიკრობანკად გარდაქმნამ გუნდისგან სრულიად ახალი ძალისხმევა, გუნდური მუშაობა და კომპეტენციები მოითხოვა. მომავალი "კრისტალელი" მულტიფუნქციური პროფესიონალია, რომელსაც ესმის არა მხოლოდ თავისი ვიწრო პროდუქტი ან სეგმენტი, არამედ მთელი საბანკო არქიტექტურა.
"მნიშვნელოვანი გახდა საკუთარი როლის სისტემური აღქმა. როცა შენს საქმეს აკეთებ, უნდა ხვდებოდე, როგორ აისახება ეს მოხმარებელსა თუ ორგანიზაციაზე. გაიზარდა როგორც საქმეზე პასუხისმგებლობის აღების, ასევე სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარების მნიშვნელობა".
როგორ ინარჩუნებს "კრისტალი" სტანდარტებს სწრაფი ზრდის პირობებში? მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია გაიზარდა და გაციფრულდა, მან შეინარჩუნა თავისი ისტორიული დნმ – აკეთოს მეტი საქმე ნაკლები რესურსით. კორპორაციული კულტურა შედეგზე ორიენტირებულობასა და გუნდურობაზე დგას.
კახა გაბესკირია, ლიზინგის დირექტორი
"კრისტალელი" არ ეძებს მიზეზს, თუ რატომ ვერ გამოვა საქმე – ის ეძებს გზებს შედეგამდე სწორი გზებით მისასვლელად. ჩვენი სტილია საქმის ძალიან მაღალ დონეზე კეთება, ამავდროულად, მისი ნაკლები აფიშირება და საბოლოოდ რეალური შედეგის შექმნა. ეს არის ის, რაც გვაერთიანებს და რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ზრდისა და ცვლილებების მნიშვნელოვანი ტემპის მიუხედავად, არ დავკარგოთ მომსახურების ხარისხი და მომხმარებელთან სიახლოვე".
"კრისტალის" პირველი წელი მიკრობანკის ამპლუაში მხოლოდ დასაწყისია. ტექნოლოგიური წინსვლის, სოციალური პასუხისმგებლობისა და მერიტოკრატიული გუნდის სინთეზით, ორგანიზაცია აგრძელებს იმ გზას, რომელიც წლების წინ დაიწყო: იყოს საიმედო ფინანსური პარტნიორი იქ, სადაც რეალური ეკონომიკური ღირებულება იქმნება.
სამომავლო ხედვა და გეგმები: ციფრული ევოლუცია და ადამიანური ნდობა
ტრანსფორმაციის შემდგომ ორგანიზაცია განვითარების ახალ ფაზაში შედის. კომპანიის მენეჯმენტი მომავალ 2-3 წელს "გაციფრულების წლებად" აცხადებს. მიკრობანკის სტრატეგია ორმხრივია: ერთი მხრივ, მომსახურების პროცესების ტექნოლოგიური სრულყოფა და, მეორე მხრივ, მომხმარებელთა სეგმენტებისა და სერვისების ეტაპობრივი გაფართოება.
მთავარი აქცენტები შემდეგ მიმართულებებზე გაკეთდება:
- მცირემეწარმეობის სეგმენტის ზრდა: მიკრობიზნესთან ერთად, "კრისტალი" ეტაპობრივად გააფართოებს მომსახურებას მცირე მეწარმეებისთვის (SMB).
- ტრანზაქციული პროდუქტები: ფოკუსი გაძლიერდება არასაკრედიტო სერვისებზე, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ყველა ფინანსური ოპერაცია ერთ სანდო პარტნიორთან აწარმოოს.
- ციფრული არხების ექსპანსია: მომდევნო ორი წელი სრულად დაეთმობა დისტანციური მომსახურების დახვეწას და კომპანიის სერვისების ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომობის ზრდას.
მიუხედავად ციფრული ამბიციებისა, ბანკი არ აპირებს საქართველოს რეგიონებში პოზიციების დათმობას. პირიქით, "კრისტალის" მიზანია, ციფრული სიმარტივე და რეგიონული ფოკუსი ერთმანეთს ორგანულად შეუხამოს.
საბანკო სექტორში დღეს ყველაზე დიდ გამოწვევად ილია რევია სწორედ იმ ზღვრის პოვნას მიიჩნევს, რომელიც ტექნოლოგიურ პროგრესსა და ადამიანურ ნდობას შორის გადის. როდესაც ინსტიტუტი იზრდება და ციფრულდება, არსებობს საფრთხე, რომ მან მომხმარებელთან უშუალო კავშირი დაკარგოს.
"ჩვენი მომხმარებლის ქცევაში არ შეინიშნება სრულად ადამიანებთან ინტერაქციის გარეშე სერვისის მიღების მოთხოვნილება. ტრენდი ასეთია – ძირითადი არხი ციფრული უნდა იყოს, თუმცა ადამიანთან კონტაქტი ნდობის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს ქმნის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ კლიენტთან სიახლოვე და მოქნილობა ციფრულ ეპოქაშიც", – განმარტავს ილია რევია.
პატარა და საშუალო ზომის ფინანსური ინსტიტუტისთვის ბაზარზე თავის დამკვიდრება მუდმივ მოქნილობას, გამბედაობასა და სისწრაფეს მოითხოვს – თვისებებს, რომლებიც "კრისტალმა" მიკროსაფინანსო სექტორიდან მემკვიდრეობით მიიღო და ახალ რეალობაში გადაიტანა.
ლაშა ყანჩაველი, ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი
"კრისტალის" ტრანსფორმაცია საუკეთესო პასუხია კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა სექტორული "ნახტომი" ისე, რომ არ დაკარგო ორგანიზაციული იდენტობა? წარმატებით განვლილმა ამ ეტაპმა დაამტკიცა, რომ ლიცენზია მხოლოდ იურიდიული სტატუსი არ არის; ეს არის შესაძლებლობა, უფრო მეტი გააკეთო იმ ადამიანებისთვის, ვინც რეგიონებში ეკონომიკის ხერხემალს ქმნის. ამისთვის კი დიდი მადლობა ჩვენს გუნდსა და პარტნიორებს, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ იმისთვის, რომ ჩვენი კომპანიის მისია და სტრატეგია რეალობად ვაქციოთ".