Get All Access for $5/mo

ქუთაისის მუსიკალური მემკვიდრეობა – ახალი დოკუმენტური ფილმი "მთავარი, რაც ამ ფილმმა შეიძლება ყველას უთხრას – არასდროს დამთმონ თავისუფლება და ყოველთვის აკეთონ ის, რისი კეთებაც ყველაზე მეტად უყვართ"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გასული ორი საუკუნის ქართული კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი სივრცე, გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ადამიანებისა და იდეების დაბადების ქალაქი იყო ქუთაისი. ლამის ყველა ჟანრული გადატრიალება ხელოვნების ყველა დარგში დაიძრა მამაქალაქიდან – ლიტერატურა, მხატვრობა, თეატრი და, ზოგადად, კულტურა საზრდოობდა ქუთაისური კოლორიტით.

მათ შორისაა მუსიკაც – ზაქარია ფალიაშვილის ოპერები, რობი კუხიანიძის გიტარის რიფები და ჯერონიმოს ვერსები – ჟანრული სივრცეების აბსოლუტური ათვისება და თანამედროვე დროის ყველაზე უფრო ადეკვატური გაგება ახასიათებდა ამ ქალაქს და ეს ინერცია დღემდე დარჩა და დღემდე მიწის ზემოთ თუ მიწის ქვემოთ იქმნება მუსიკა, რომელიც საუკეთესოდ აღიქვამს დროსა და სივრცეს.

სწორედ ამ მუსიკალური მემკვიდრეობის უკეთ გასაცნობად და გასაცნობიერებლად, საქართველოს ბანკისა და Film Asylim-ის თანამშრომლობით, გაჩნდა დოკუმენტური ფილმის შექმნის იდეა, რაზე უფრო კონკრეტულად რეჟისორი გიგა ბაინდურაშვილი ისაუბრებს:

იდეა

პირველი, რაც გავაკეთე, ჩავჯექი და დავიწყე ქექვა ინტერნეტში და მასალების მოძიება. პარალელურად, ისე დაემთხვა, რომ რობი კუხიანიძეს დავუახლოვდი და ხშირად ვსტუმრობდი სახლში. ბევრს ვლაპარაკობდით, უფრო სწორად, რობი ლაპარაკობდა, მე კი უფრო კითხვებს ვსვამდი და პასუხებს ვისმენდი.

მერე და მერე ამ ქექვის პროცესში აღმოვაჩინე ძალიან საინტერესო ადამიანი, რომელმაც, ფაქტობრივად, გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ პროექტის განხორციელებაში – ეს ადამიანი არის ლაშა გაბუნია ქუთაისელი მუსიკის ჟურნალისტი. ლაშა ქუთაისური ალტერნატიული მუსიკის ერთადერთი მემატიანეა, რომელსაც ასევე აქვს ბლოგი და ბევრი საინტერესო სტატია აქვს მიძღვნილი ქუთაისურ მუსიკაზე. ასევე აქვს უნიკალური აუდიო-ვიდეო არქივი 90-იანი წლების ქუთაისური ბენდების, რაც უშუალოდ ფილმშიც აქტიურად გვაქვს გამოყენებული. მოკლედ, ლაშასგან კიდევ დამატებით ბევრი საინტერესო რჩევა და ჩვენთვის უცნობი ისტორიები მოვისმინეთ, რამაც შეიძლება ითქვას, პროცესი დაძრა – გამოიკვეთა მთლიანი ისტორია და სურათი, თუ რაზე უნდა ყოფილიყო ეს ფილმი. ბოლო ნაბიჯი იყო თავად ქუთაისში ჩასვლა.

პროცესი

გადაღებამდე ჯერ ორი კვირა უბრალოდ ვიცხოვრეთ ქუთაისში, რომ უკეთ გაგვეცნო ქალაქი. ბევრს დავბოდიალობდით სხვადასხვა ქუჩაში, უბნებში, პარკებში, ბარებში, კლუბებში. ბევრ დროს ვატარებდით სხვადასხვა ადამიანთან ერთად და ვაკვირდებოდით, ვუსმენდით ყველაფერს. გადაღების პროცესი ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო იყო.

ბევრი რამეა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორია შემოქმედებითი ჯგუფი, რამდენად ესმით მათ ერთმანეთის, რამდენად ერთიანობაა. ამ ფილმს ორი რეჟისორი ყავს მე და ჩემი მეგობარი, რეჟისორი ნოდარ ნოზაძე, რომელმაც ასევე დიდი როლი ითამაშა ფილმის შექმნის მთლიან პროცესში. ფილმი გადავიღეთ სულ ექვსმა ადამიანმა. თამამად ვიტყოდი, რომ ამ ფილმს ყავს 6 რეჟისორი, 6 ოპერატორი, 6 ხმის რეჟისორი, 6 ასისტენტი, მძღოლი, მზარეული, და ა.შ. რადგან ყველა მთლიანად ჩართული ვიყავით შემოქმედებით პროცესში, ყველას უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის და ყველას მიზანი საერთო იყოფილმი კარგი გამოსულიყო.

პროცესი საკმაოდ მრავალფეროვანი გამოდგა. ვცხოვრობდით ქუთაისის ერთ-ერთ უბანში, გორაზე არსებულ ერთ ძველ ქუთაისურ სახლში. მთავარი მეგზურები იყვნენ ლაშა გაბუნია, რობი კუხიანიძე, ჯერონიმო და სკაზი, რომელთა მეშვეობითაც გავიცანით ბევრი საინტერესო ადამიანი, ცნობილი თუ უცნობი მუსიკოსები, ჯგუფები, ჰიპ-ჰოპ არტისტები, უბრალოდ მუსიკის მოყვარული ადამიანები.

დაახლოებით, 2 თვე გაგრძელდა გადაღება. ზოგადად, დოკუმენტური ფილმის გადაღებას ახასიათებს ასეთი რაღაც, რომ დაგეგმილთან ერთად ბევრ დაუგეგმავ და შენთვის უცნობ მოვლენებს აწყდები და რაც მთავარია, შენც ამ ყველაფრის დამკვირვებელი და ხანდახან თანამონაწილეც ხდები. ეს გამოცდილება ყოველთვის რაღაც ახალს და საინტერესოს გაძლევს.

რა გავიგეთ ისეთი, რაც აქამდე არ ვიცოდით? ფაქტობრივად, ყველაფერი. პირველ რიგში, ალბათ, ადამიანები და ქალაქი. ქუთაისში აქამდეც ნამყოფი ვიყავი, მაგრამ საჭიროა, ცოტა ხანი იცხოვრო, რომ გაიცნო ეს ქალაქი. პატარა ქალაქია, ყველა ყველას იცნობს, ყველგან შეგიძლია ფეხით მიხვიდე. ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ სხვადასხვა კულტურა ერთმანეთთან უფრო მჭიდროდ თანაცხოვრობს.

ჯერომ მომიყვა, რომ შავი პრინცი პირველად რობი კუხიანიძეს კონცერტზე გავიცანიო. დღესაც ეგრეა. ყველა ერთმანეთს ემეგობრება, ერთმანეთს ეხმარება. ყველა ყველას პატივს სცემს, არ არიან ჯგუფებად დაყოფილი, რაც უფრო თბილისს ახასიათებს. გარდა იმისა, რომ ქალაქ ქუთაისს უდიდესი ისტორია აქვს, სწორედ ამ ერთიანობის დამსახურებაა, რომ მან შეინარჩუნა თავისი ენა, და დარჩა ქართული, გულწრფელი, ნამდვილი და თავისუფალი ქალაქი, როგორიც ადრე იყო. არ აჰყვა რაღაც ფსევდოთანამედროვე ტრენდს და ქმნიდა/ქმნის იმას, რაც თავისია, ქართულს, ქართულ ენაზე.

სათქმელი

ცოტა მიჭირს, კონკრეტულად რომ ვთქვა, თუ რა სათქმელი აქვს ილმს. სიტყვით რთულია, ზუსტად გადმოსცე ის, რაც რეალურად ფილმმა უნდა თქვას. მგონია, რომ ბევრი სათქმელი აქვს ფილმს, ალბათ იმდენი, რამდენი ადამიანიც ნახავს მას. ყველა თავისას იპოვის

მთავარი, რაც ამ ფილმმა შეიძლება ყველას უთხრას – არასდროს დათმონ თავისუფლება და ყოველთვის აკეთონ ის, რისი კეთებაც ყველაზე მეტად უყვართ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"