ლიდერებად იბადებიან, თუ?...
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ბესთ-ბაის" გასაოცარი საგა, რომელსაც უბერ ჟოლი და მისი გუნდი ქმნიდა, ამ საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი და სამაგალითო ამბავია". - მარშალ გოლდსმიტი, "ნიუ-იორკ თაიმსის" ნომერ პირველი ბესტსელერის Triggers and What got you here won't get you there-ის ავტორი
ლიდერობის შესახებ უამრავი წიგნი არსებობს და მათ ერთი საერთო აქვთ: თითოეულის წაკითხვისას გიჩნდება განცდა – "ეს ხომ ვიცოდი". ამგვარი წიგნების გაცნობისას მოდის ზღვა თეორია და სწავლება იმაზე, თუ რა უნდა გააკეთო და... რა არ უნდა გააკეთო! დახურავ წიგნს და გავიწყდება ამ თეორიის პრაქტიკაში გადმოტანა – იმის, რაც წიგნში წერია და რაც თითქოს ისედაც იცოდი.
"ბიზნესის გულიც" ამ ჟანრის ლიტერატურაა და ალბათ, სანამ გადაშლი, გაიფიქრებ, კიდევ ერთი "ჭკუის სასწავლებელი" წიგნი ლიდერობაზე? მაგრამ, თუ გადაშლი, პირველივე გვერდებიდან მიხვდები, რომ ავტორი თხრობასა და მსჯელობას გულწრფელობაზე აგებს და მოვლენების აღქმისა და შეფასების სრულიად განსხვავებულ ხედვას გთავაზობს. წიგნი იწყება ფრაზით: – ჯიმ, შენ ხომ არ გაგიჟდი?! და უკვე ხვდები, რომ აქედან უნდა დაიწყოს რაღაც უჩვეულო თავგადასავალი.
წიგნი მარტივი ენითაა დაწერილი და ამიტომ ლაღად იკითხება, ისე, თითქოს მხატვრულ ლიტერატურას კითხულობ და მიუხედავად ამისა, მთელი 300 გვერდი "ქეის-სტადია" იმაზე, თუ როგორ შემოაბრუნა "თამაშში" უბერ ჟოლიმ ამერიკის საცალო ბაზრის ერთ დროს წამყვანი გიგანტი "ბესთ-ბაი" და გაქრობას გადაარჩინა.
ლიდერებად იბადებიან? – ეს არის მარადიული შეკითხვა, რომელზეც ჟოლი წიგნის თითოეული გვერდის თითქმის ყველა წინადადებაში ასე პასუხობს: არა, ლიდერებად არ იბადებიან, ლიდერები ხდებიან! და აი, ერთ-ერთი მაგალითი:
"ლოიდ ბლენკფაინი ჯერ კიდევ საინვესტიციო ბანკის "გოლდმენ-საქსის" აღმასრულებელი დირექტორი იყო, როცა მისი სიტყვით გამოსვლა მოვისმინე მინეაპოლისის კლუბში. ბლენკფაინმა გაგვიმხილა, რომ ყოველ დილით, როცა წვერს იპარსავდა, საკუთარ თავს ეკითხებოდა: "დღეს?! დღეს გაიაზრებენ, რომ ამ სამსახურისთვის არაკომპეტენტური ვარ?" ჩვენ წინ იდგა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბანკირი, რომელსაც ეჭვი ეპარებოდა საკუთარ შესაძლებლობებში. ლიდერთა უმეტესობა, რომელთაც ვიცნობ, ჩემი ჩათვლით, ამგვარი თვითმარქვიას სინდრომით იტანჯებიან. ეს სინდრომი ნაწილობრივ განპირობებულია მცდარი წარმოდგენით, რომ თითქოს ლიდერობა შინაგანი უნარია, გამოვლენილი ინტელექტის დონით, თვითრწმენითა და ქარიზმით. იბადები ამით ან ამის გარეშე. ეს რომ მართალი იყოს, მხოლოდ ცოტა შეძლებდა ამ საქმის შესრულებას, დანარჩენებს კი არ გაგვიმართლებდა".
მაშ, თუ ლიდერობის სწავლა შესაძლებელია, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: როგორია კარგი ლიდერი? თანამედროვე ქართულ რეალობაში, და არამხოლოდ, არსებობს ასეთი მანკიერი რწმუნებულება, თითქოს ლიდერი "სუპერგმირია", რომელსაც ყველაფერზე აქვს პასუხი, იცის ყველაფერი და შეუძლია ყველაფერი. "ბიზნესის გული" კი გვასწავლის, როგორ ჩამოყალიბდე საზრისის მქონე ჰუმანურ ლიდერად. უბერ ჟოლის თქმით, "როგორც ლიდერი, შენ უნდა ემსახურო წინა ხაზზე მყოფებს, რომლებიც ამოძრავებენ ბიზნესს; შენ ემსახურები შენს კოლეგებს; შენ ემსახურები დირექტორთა საბჭოს; შენ ემსახურები გარშემო მყოფებს, პირველ რიგში იმის გაგებით, თუ რა სჭირდებათ მათ, რათა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინონ. ეს იმისთვის, რომ შენ შეძლო მათი მაქსიმალურად მხარდაჭერა".
ჟოლი ზედმიწევნით და რუდუნებით გვიხსნის, "როგორ დაუკავშირო ბიზნესის საზრისი თანამშრომლების საზრისს და როდესაც "ბიზნესის გულში" არიან ადამიანები და მათ იციან, რას და რატომ ემსახურებიან კონკრეტული საქმის კეთებით, ეს ავტომატურად კორელაციაშია ბიზნესის მოგებასთან. თანამედროვე სამყაროს განსხავებული თამაშის წესები აქვს, ყოველდღიურობაში აუცილებელია კრეატიულობისა და ადამიანურობის შემოტანა, სხვა შემთხვევაში დავემსგავსებით ჩარლი ჩაპლინის პერსონაჟს ფილმიდან "ახალი დროება" (1933).
ეს წიგნი არის ყველასთვის: ლიდერებისთვის, დამფუძნებლებისა და, უპირველესად, ბიზნესსკოლის სტუდენტებისთვის. ჰარვარდის ბიზნესსკოლის უფროსი მკვლევრის, ბილ ჯორჯის თქმით: "უბერ ჟოლიმ ამ შესანიშნავ წიგნში, რომელიც მთელ მის ფილოსოფიას მოიცავს, ამ კონცეფციის მიღწევის გზა დაგვანახა. თუ ბიზნესლიდერები ამ წიგნის სათქმელს გაითვალისწინებენ და აქ წარმოდგენილ მიდგომას მიჰყვებიან, მსოფლიო უკეთესი გახდება".
და, რაც მთავარია, ეს წიგნი ავტოტრენინგია! მისი თითოეული თავის ბოლოს მოცემულია შეკითხვები თვითრეფლექსიისთვის. ეს ეხმარება მკითხველს, როგორც ინდივიდს, საკუთარი თავის შეცნობასა და საზრისის პოვნაში.
გისურვებ შთამაგონებელ მოგზაურობას უბერ ჟოლისთან ერთად და, რაც მთავარია, საკუთარი თავისა და იმ მამოძრავებელი ძალის პოვნას, რომელსაც ღირებულის შექმნის სურვილი ჰქვია:
"გეტყოდნენ მავანნი, რომ სამსახური წყევლის ტოლფასია და შრომა – უბედობის, თუმც დამიჯერე, როცა შრომობ, დედამიწის ოცნებას ახდენ. იმ ოცნების დაბადებისას შენ სხვებთან ერთად დაგევალა მისკენ ლტოლვა და მისთვის შრომა, და როცა იღვწი ოცნებისთვის, ყველაზე მეტად გიყვარს სიცოცხლე, და როს შრომაში გიყვარდება სიცოცხლე შენი, ნიშნავს, მიიწევ დღენიადაგ სიცოცხლის უღრმეს საიდუმლოსკენ". - ჯიბრან ხალილ ჯიბრან
იმედი მაქვს, ეს წიგნი წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს შენზე და თუ ასე იქნება, გთხოვ, გამიზიარო შთაბეჭდილებები: mariamg@bubblhead.ge
კითხვა რეფლექსიისთვის:
– რა მიყვარს, რა გამომდის, რა სჭირდება სამყაროს, რაში გადამიხდიან ფულს
– რას მიიღებ ამ მოცემულობების გადაკვეთის წერტილში?
