ლიდერობა, რომელიც სხვებს შთააგონებს - მარიამ კვიციანის გზა წარმატებულ საგანმანათლებლო ბიზნესამდე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

22-წლიანი პროფესიული გამოცდილებით, მუდმივი სწავლითა და წამყვან პოზიციებზე მუშაობის შედეგად მიღებული ცოდნით, მარიამ კვიციანმა ბიზნესის მართვის აკადემია (BMAcademy) დააფუძნა, რომელიც კერძო და საჯარო სექტორებს ეხმარება მართვის გაუმჯობესებაში, ორგანიზებასა და თანამშრომლების გადამზადებაში.

მარიამ კვიციანი აღნიშნავს, რომ ბიზნესის დაწყების იდეა მისი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარეობს. მან დაინახა, რომ ბაზარზე არსებობს მოთხოვნა სივრცეზე, სადაც ადამიანები პრაქტიკულად შეძლებენ პროფესიული, პიროვნული და ემოციური ინტელექტის განვითარებას, რაც გადამწყვეტია, როგორც საჯარო, ისე ბიზნესსექტორის წარმატებისთვის. BMAcademy სწორედ ამ გამოწვევების გადაჭრას ემსახურება: სთავაზობს კერძო და საბიუჯეტო სექტორს პრაქტიკულ ტრენინგებს, ინდივიდუალურ თემატურ კონსულტაციებსა და მენტორინგის პროგრამებს.

"ვფიქრობდი, რომ საკუთარი ბიზნესის დაწყება მომცემდა მეტ შესაძლებლობებს, თვითრეალიზების საშუალებას და საყვარელი საქმის კეთების შანსს", – აღნიშნავს მარიამი.

მარიამ კვიციანის თქმით, ბიზნესის დაწყება ყოველთვის რისკებთანაა დაკავშირებული. თუმცა, მისი უმთავრესი ინტერესი და მოწოდება სწორედ განათლება და განვითარებაა.

"ტრენერობა ჩემთვის მხოლოდ ცოდნის გადაცემას არ ნიშნავს – ეს არის შესაძლებლობა, შევცვალოთ ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ, დავეხმაროთ მათ ახალი უნარების განვითარებაში და უზრუნველვყოთ მათი პიროვნული თუ პროფესიული ზრდა. წინასწარ ჩატარებულმა კვლევამ გამოკვეთა ის სფეროები, სადაც საჭირო იყო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება", – ამბობს მარიამი.

ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად მარიამი გუნდის შეკრებას ასახელებს.

"მინდოდა, თითოეული ნაბიჯი უნიკალური ყოფილიყო, თითოეული სიტყვა – განსხვავებული. მე მჭირდებოდა არა უბრალოდ პროფესიონალები, არამედ ადამიანები, რომლებსაც გულით ეყვარებოდათ საქმე, რომელსაც ერთად გავაკეთებდით", – იხსენებს მარიამი.

სწორედ ამიტომ გახდა აკადემიის სლოგანი – "ერთად ვაკეთოთ საქმე სიყვარულით!" მიუხედავად სირთულეებისა, მარიამმა და მისმა გუნდმა ნდობის მოპოვება და ხარისხის შენარჩუნება შეძლეს.

"როგორც ხედავთ, მე დღეს აქამდე მოვედი და ეს შევძელი ჩემს გუნდთან ერთად. ჩვენ ვიპოვეთ ის ადამიანები, რომლებმაც გაიზიარეს ჩვენი ხედვა და რომლებიც ისევე გულმოდგინედ მუშაობენ, როგორც მე. ჩვენ შევქმენით გუნდი, სადაც სიყვარულით კეთდება საქმე და სადაც თითოეული წევრი გრძნობს, რომ მისი როლი მნიშვნელოვანია", – ამბობს BMAcademy-ს დამფუძნებელი.

როგორც ქალი ანტრეპრენერი, მარიამს არაერთხელ შეხვედრია გენდერული სტერეოტიპები. თუმცა, ის ამ გამოწვევებს დამატებით მოტივაციად აღიქვამდა და ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ წარმატებას გენდერი არ განსაზღვრავს.

"ვიღებდი ამ გამოწვევებს, როგორც დამატებით სტიმულს იმისთვის, რომ დამემტკიცებინა – წარმატება გენდერული ნიშნით არ განისაზღვრება", – აცხადებს მარიამი. მისი აზრით, ქალებს ხშირად უწევთ უფრო მეტი ძალისხმევა კომპეტენტურობისა და ლიდერობის უნარის დასამტკიცებლად, მაგრამ საკუთარი შედეგებითა და გამოცდილებით მარიამ

კვიციანი მუდმივად ამტკიცებს, რომ ქალებს წარმატებით შეუძლიათ ბიზნესის მართვა და შთამაგონებელ ლიდერებად ქცევა.

მარიამს ბიზნესსაქმიანობამ მრავალი რამ ასწავლა.

"ეს არის თვითრეალიზაციის გზა. აქ შენ ხარ ყველაფერი: მწვრთნელი, რომელიც გიბიძგებს წინსვლისკენ; მოთამაშე, რომელიც ყოველდღიურად იბრძვის გამარჯვებისთვის; მსაჯი, რომელიც სამართლიანად აფასებს შენს ნაბიჯებს; და მაყურებელი, რომელიც აღფრთოვანებით ადევნებს თვალს შენს წარმატებას", – ამბობს მარიამ კვიციანი.

მარიამი, დაგროვებული გამოცდილებიდან და ცოდნიდან გამომდინარე, დამწყებ ანტრეპრენერებს და მენეჯერებს ურჩევს, საქმე დაყონ პატარა ნაბიჯებად და, უბრალოდ, იმოქმედონ. იყვნენ ცნობისმოყვარეები და ინიციატორები, მუდმივად განვითარდნენ პროფესიულად და პიროვნულად:

"განვითარდით თქვენს პროფესიულ სფეროში და გაძლიერდით პიროვნული უნარებში – ეს არის წარმატების ორი ფრთა, რომელიც ახალ სიმაღლეებზე აგიყვანთ!"

როგორც ქალი ლიდერი, ქალებსა და გოგონებს, რომლებსაც ბიზნესის დაწყება სურთ, ურჩევს, გაარღვიონ შემზღუდველი ჩარჩოები, დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების, იპოვონ მხარდამჭერი ჯგუფი, მუდმივად განვითარდნენ და რთული ამოცანები მარტივ ეტაპებად დაყონ.

მარიამის აზრით, ანტრეპრენერი შთამაგონებელი ლიდერია, რომელსაც სხვების მოტივირება და შთაგონება შეუძლია. მისი ხედვით, ანტრეპრენერის ძირითადი თვისება ცნობისმოყვარეობაა. "ანტრეპრენერი არის ის, ვისაც ცვლილებების შეტანა შეუძლია დამკვიდრებულ წესებში, ვინაიდან მათ უკვე ამოწურეს მოქმედების ვადა".

საქმიანობაში მარიამის ინსპირაცია ცნობისმოყვარეობა და ახალი აღმოჩენებია. მისთვის ასევე დიდი შთაგონებაა კურსდამთავრებულების წარმატება და საკუთარი გუნდის წევრები.

BMAcademy-ის განვითარების ხედვა მოიცავს ახალი, განსაკუთრებული ტრენინგებისა და კურსების შექმნას, ონლაინსწავლების პლატფორმის განვითარებას, მენეჯერების გაერთიანების პლატფორმის შექმნას, ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობასა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებას. აკადემიის მისიაა, გააძლიეროს ქართული ბიზნესი ინოვაციური და ეფექტიანი სასწავლო პროგრამების შექმნით. BMAcademy-ის მიზანია, გახდეს ბიზნესის განვითარების ცენტრი საქართველოში.

"შენი შესაძლებლობები უსაზღვროა – უბრალოდ, დაიჯერე, რომ ყველაფრის სწავლა

არის შესაძლებელი. გახსოვდეს, რომ მხოლოდ ერთხელ მოდიხარ ამ სამყაროში! გაარღვიე ჩარჩოები, რომლებიც საკუთარ თავს დაუწესე. გაიღიმე და დაიჯერე, რომ ყველაფერი გაცილებით მარტივია", – მიმართავს მარიამ კვიციანი Entrepreneur Georgia-ს მკითხველს.

Business News

Talkpal - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელმაც მსოფლიოს მილიონობით ადამიანს ენის სწავლა გაუმარტივა

ქართული გუნდის მიერ შექმნილი გლობალური სტარტაპი უკვე მილიონობით მომხმარებელს ითვლის და მისი ამბავი მხოლოდ ახლა იწყება.