ლიზი ბასილაძე - ქართველი პიანისტის საერთაშორისო წარმატების ისტორია და ბრწყინვალე კარიერა ამერიკაში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ლიზი ბასილაძე 20 წლის სტუდენტი და მუსიკოსია, რომელიც ამერიკაში, ბოსტონის ბერკლის უნივერსიტეტში 70%-იანი დაფინანსებით სწავლობს. მუსიკით პირველად 6 წლისა დაინტერესდა. მაშინ დედამ პატარა გოგონა მუსიკის მასწავლებელთან მიიყვანა და ლიზი მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლე გახდა.
ამის შემდეგ მან გრძელი და რთული გზა გაიარა. უამრავ კონკურსსა და ფესტივალში მონაწილეობდა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ლიზი 2019 წელს გრან პრის მფლობელი, შემდეგ კი American protege international piano competition 2019-ის გამარჯვებული გახდა და "კარნეგი ჰოლის" სცენაზე გალა კონცერტზე დაუკრა. 2024 წელს კი ბოსტონის კონსერვატორიაში ჩატარებულ კონკურსში Churchill piano competition-ში გაიმარჯვა და ჯილდოდ 25 000$ მიიღო.
"მუსიკა ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა. ჩემს პატარა ნათესავებთან ერთად კონცერტებს ხშირად ვმართავდი. ვმღეროდით, ვცეკვავდით, მე ფორტეპიანოს ვუკრავდი. არც დაკვრა ვიცოდი და არც ნოტების კითხვა, ამიტომ მელოდიების აწყობას ვცდილობდი. ექვსი წლის ვიყავი, როცა დედამ ჩემს მასწავლებელთან, ანჟელა დოლაბერიძესთან მიმიყვანა და ყველაფერი აქედან დაიწყო. მიმაჩნია, რომ ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ. საუკეთესო მასწავლებელი მყავდა, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა".
ლიზი იხსენებს, რომ ბავშვობაში დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. მას გზა უნდა აერჩია და გადაეწყვიტა, სურდა თუ არა, საკუთარ ოცნებებს გაჰყოლოდა.
"ბევრი ადამიანი მეუბნებოდა, რომ ეს, უბრალოდ, გატაცება იყო და მალე მომბეზრდებოდა, თუმცა რაც დრო გადიოდა, მეტად მიყვარდებოდა ის, რასაც ვაკეთებდი. მივხვდი, რომ არ მინდოდა მუსიკის გარეშე მეცხოვრა".
ლიზის ცხოვრება ადრეულ ასაკში შეიცვალა, მან ბავშვობის უდიდესი ნაწილი პატარა ოთახში, პატარა პიანინოსთან გაატარა, სადაც დაუღალავად შრომობდა და მსოფლიო მწვერვალების დასაპყრობად ემზადებოდა.
"თავისუფალი დრო თითქმის არ მქონდა, თუმცა როცა რაღაც ძალიან გიყვარს და გინდა, მიზნისთვის უნდა იბრძოლო. ყველაფერი პატარა ფესტივალებით და კონკურსებით დაიწყო. ჩემი მუსიკალური კარიერის განვითარებაში ყველა გამარჯვებამ და დამარცხებამ დიდი როლი შეასრულა.
ჩემი პედაგოგი ძალას არ იშურებდა, ცდილობდა რაც შეიძლება ბევრ მუსიკოსსა და პროფესორს შევხვედროდი. ის არის ყველაზე ძლიერი ქალბატონი, რომელიც მზად იყო, ჩემთვის და ყველა თავისი მოსწავლისთვის თავი გაეწირა. მან დამაჯერა, რომ მე საკმარისი ვარ, რომ მე ყველაფერს შევძლებ.
ჩემს წარმატებაში სწორედ ოჯახმა და მასწავლებელმა შეასრულეს ყველაზე დიდი როლი. მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ოცნებები ამეხდინა. ჩემი და-ძმა კი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან, რომლებსაც 12 წლის განმავლობაში ჩემი ხმამაღალი მეცადინეობების ფონზე უწევდათ გაკვეთილებისა და გამოცდებისთვის მზადება".
ლიზი გვიყვება, რომ სწავლის ამერიკაში გაგრძელებაზე არასდროს უფიქრია, რადგან მისთვის ეს წარმოუდგენელი ოცნება იყო. თუმცა ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა საქართველოში მერაბ ებრალიძე ჩამოვიდა ახალგაზრდა ტალანტების შესარჩევად.
გაიმართა შესარჩევი ტური და აირჩიეს 5 ქართველი, რომელიც American Protege International Piano Competiton-ში მიიღებდა მონაწილეობას. ლიზი პირველი პრემიის მფლობელი გახდა და ამერიკაში გაემგზავრა, სადაც, როგორც თავად აღნიშნავს, ცხოვრების საუკეთესო დღეები გაატარა. "კარნეგი ჰოლში" გამართული კონცერტის შემდეგ კი ამერიკული ოცნებაც დაიწყო.
"ერთ დღესაც ჩემი მშობლები მოვიდნენ, ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ეს ნაბიჯი უნდა გადაგვედგა. აპლიკაციები ამერიკის 4 კონსერვატორიაში გავგზავნეთ და ოთხივედან დადებითი პასუხი მივიღეთ. საბოლოო არჩევანი კი ბოსტონის კონსერვატორიაზე შევაჩერეთ".
გზა ბოსტონამდე გრძელი და რთული იყო. ლიზიმ მზადება 2021 წელს დაიწყო. წინასწარი მოსმენა წარმატებით გაიარა. ინგლისური ენის გამოცდა ჩააბარა, საჭირო დოკუმენტები შეაგროვა და ბოლოს ფინალური გამოცდის ჯერიც დადგა.
"ფინალური გამოცდა დისტანციურად ჩატარდა. დროში არსებული სხვაობის გამო, დაკვრამ დილის ორ საათზე მომიწია, მაგრამ იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ დაღლა არც მიგრძნია. მოსმენამ იმდენად კარგად ჩაიარა, თავი სიზმარში მეგონა.
მეორე დღეს პროფესორ მაიკლ ლუინისგან ვრცელი მეილი მივიღე, თუ რამდენად ისიამოვნა ჩემი მოსმენით და როგორ დამეხმარებოდა ყველა ჩემი ოცნების რეალობად ქცევაში. მისი სიტყვები, "ლიზი ნამდვილი პიანისტია", არასდროს დამავიწყდება. ეს უდიდესი მოტივაცია იყო, რაც სირთულეებისა და გამოწვევების დაძლევაში დამეხმარა.
ძნელია იმის თქმა, თუ რას მოითხოვდა კონსერვატორია ჩემგან, ან როგორი იყო მათი სტანდარტები, მუსიკას ჩარჩოებში ვერ მოაქცევ და ვერც ყველას სტანდარტებს დააკმაყოფილებ. ჩემი ერთადერთი მიზანი იყო, მათ დაენახათ, თუ რამდენად მიყვარს მუსიკა, რამდენად მიყვარს ყველა ნოტი, ყველა ნაწარმოები, რომელიც ოდესმე შემისრულებია. რომ არ ვარ ხელოვნური. ყველა ემოცია, რომელსაც ისინი ხედავენ და გრძნობენ, ნამდვილი და გულიდან ამოსულია. მინდოდა ჩემი ისტორია მოესმინათ და ჩემი სათქმელი მათ გულებამდე მიმეტანა".
ლიზი გვიყვება, რომ ბერკლიში უამრავი საინტერესო, ნიჭიერი და გამორჩეული ადამიანი სწავლობს. აქ შეხვდებით მომავალ პროდიუსერებს, მომღერლებს, მოცეკვავეებს, მსახიობებს, კინომუსიკოსებსა თუ კომპოზიტორებს.
"ერთადერთი ადამიანი, რომელსაც კონკურენტად აღვიქვამ, არის საკუთარი თავი. ყოველ წელს ჩემი მიზანი არის ის, რომ იმაზე უკეთესი გავხდე, ვიდრე წინა წელს ვიყავი. ვცდილობ, საკუთარ თავზე ვიმუშაო და ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო.
რაც შეეხება ყველა იმ უზომოდ ნიჭიერ მუსიკოსს, რომელიც ჩემ გარშემო ტრიალებს, დიდ პატივს ვცემ და მათი ყველა გამარჯვება ძალიან მახარებს. ყოველდღიურად ვსაუბრობთ და ერთმანეთისგან ბევრ ახალ რამეს ვსწავლობთ. ერთმანეთის წინაშე სხვადასხვა ნაწარმოებს ვასრულებთ და ყველა შენიშვნასა და კომპლიმენტს ვითვალისწინებთ".
ლიზის დილა 7 საათზე იწყება. კონსერვატორიაში მიდის, სადაც ლექციებს მთელი დღის განმავლობაში ესწრება. სწავლობს, მუშაობს, ამბობს, რომ სამსახურიც და საქმეც ძალიან უყვარს. დამატებით სადირიჟორო პროფესიის შესწავლაც დაიწყო, რამაც მისი ცხოვრება კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადა.
"ამერიკაში ცხოვრება თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა და ძალიან ბევრი სირთულის გადალახვამ მომიწია. მაგრამ დრო რაც უფრო გადის, მით უფრო მიყვარდება და ვხვდები, რომ ამ ქვეყანაში შეუძლებელი არაფერი არ არის.
საერთაშორისო სტუდენტისთვის განსაკუთრებით რთულია აქ ცხოვრება. შეზღუდული და დამოკიდებული ხარ იმ წესებზე, რომლებიც სტუდენტურ ვიზას თან ახლავს. ასევე რთულია, შეეგუო და ფეხი აუწყო ცხოვრების სტილს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატარა ქვეყნის ძალიან პატარა ქალაქიდან მოდიხარ, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერს ეჩვევი".
ლიზი ახალგაზრდა მუსიკოსებსა და პიანისტებს ურჩევს, რომ არასდროს დანებდნენ. საკუთარ თავს შეცდომების დაშვების უფლება მისცენ. მარცხი დასასრული არ არის, ყოველთვის შეგიძლია ფეხზე წამოდგე და გზა გააგრძელო. მთავარია, გვჯეროდეს საკუთარი ოცნებებისა და მიზნების. მარცხის შიშით ოცნების თავისუფლებას შეზღუდვის ნება არ უნდა მივცეთ.
"მინდა ჩემი ოცნება ავიხდინო და პიანისტი გავხდე. მინდა ჩემი ქვეყანა მსოფლიოს გავაცნო. მინდა საქართველოს შესახებ ყველამ იცოდეს. უნდა იცოდნენ, თუ რამდენად ძლიერები და განსაკუთრებულები ვართ. საბოლოოდ ვისურვებდი, რომ ჩემი საკუთარი მუსიკალური სასწავლებელი დავაარსო და ყველა პატარა მუსიკოსის დიდი ოცნებები ავასრულო!"