ლოკალური იდეიდან საერთაშორისო სტანდარტამდე – "კრისტალ ჯგუფის" განვითარების ისტორია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
როგორ იქცევა 27-ნომრიანი პატარა სასტუმრო რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და წარმატებულ საკურორტო ეკოსისტემად? პასუხი მარტივია: სწორი ხედვის, სისტემური მართვისა და უწყვეტი განვითარების შედეგად. "კრისტალ ჯგუფი" დღეს ბაკურიანში არა მხოლოდ დასასვენებელ ადგილს, არამედ ავტონომიურ ინფრასტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს, რომელიც საერთაშორისო დონის მოთხოვნებს პასუხობს.
მათემატიკური სიზუსტით გათვლილი ნაბიჯები, მრავალწლიანი გამოცდილება კერძო სექტორში და გუნდი, რომელიც კომპანიის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს – "კრისტალ ჯგუფის" კომერციული დირექტორი, ქეთევან ხარაძე გვიზიარებს კომპანიის ტრანსფორმაციის გზას, არსებულ მიღწევებსა და სამომავლო გეგმებს, რომლებიც ბაკურიანის ფარგლებს სცილდება.
მოგვიყევით თქვენ შესახებ: რა გზა გაიარეთ "კრისტალ ჯგუფამდე" და როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა ამ ბრენდთან?
ჩემი პროფესიული საფუძველი მათემატიკაა, რამაც ანალიტიკური აზროვნებისა და სისტემური ხედვის გამომუშავებაში დიდი როლი ითამაშა. კარიერა სახელმწიფო სტრუქტურებში დავიწყე, თუმცა გარდამტეხი მომენტი 2000 წელს, კერძო სექტორში გადასვლას უკავშირდება. განსაკუთრებით გამოვყოფდი "აქსის ჯგუფში" მუშაობის პერიოდს – გაყიდვების მენეჯერის პოზიციიდან მარკეტინგისა და გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელობამდე განვლილმა გზამ მასწავლა, თუ რას ნიშნავს დიდი სტრუქტურის მართვა და ბრენდის შენება.
შემდგომში უკვე საკუთარ ბიზნესს ვმართავდი და მომხმარებელს ინტერიერის აქსესუარებსა და ავეჯს ვთავაზობდი, სწორედ საქმიანი ურთიერთობისას გავიცანი ვლადიმერ სტეფანიანი, "კრისტალის" დამფუძნებელი. ჩვენი ხედვების თანხვედრა იმდენად აშკარა იყო, რომ მივიღე შემოთავაზება, გავმხდარიყავი მისი გუნდის წევრი და სასტუმროს გენერალური მენეჯერის პოზიცია დამეკავებინა. ეს იყო 2009 წელი – დრო, როცა "კრისტალი" მხოლოდ 27-ნომრიანი სასტუმრო იყო, თუმცა მაშინაც კი იგრძნობოდა ის დიდი პოტენციალი, რომელიც დღეს უკვე რეალობაა. 17 წელია ამ გუნდის ნაწილი ვარ, ვმუშაობდი ჰოლდინგში შემავალი კომპანიის დირექტორის პოზიციაზე, ბოლო სამი წელია "კრისტალ ჯგუფისა" და მასში შემავალი ჰოლდინგების კომერციული დირექტორის პოზიციიდან ვუძღვები კომპანიის განვითარებას.
"კრისტალ ჯგუფი" ბაზარზე მკვეთრად გამოხატული ნიშით ოპერირებს. 17-წლიანი დაკვირვების შედეგად, როგორ შეაფასებდით, რა არის ის ფუნდამენტური მახასიათებელი, რაც "კრისტალს" გამოარჩევს?
ბაზარზე ბევრი კარგი პროექტია, მაგრამ "კრისტალი" ქმნის გარემოს სადაც სრული კომფორტია ერთ სივრცეში. ყველაფერი: სათხილამურო ტრასები, საბაგიროები, კაფე-რესტორნები, სპა ცენტრები თუ საცხოვრებელი ზონა არის ფეხით სავალ მანძილზე. ვინც ბაკურიანის სპეციფიკას იცნობს, იცის, რამხელა გამოწვევაა სეზონზე გადაადგილება. ჩვენ შევქმენით რეალობა, სადაც დამსვენებელს ავტომობილი საერთოდ არ სჭირდება. განსხვავებაც სწორედ ეს არის: ჩვენ არ ვყიდით მხოლოდ კვადრატულ მეტრებს ან სასტუმროს ნომრებს, ჩვენ ვქმნით კომფორტს, სადაც მთელი ოჯახი ერთ სივრცეში ახერხებს სრულყოფილ დასვენებას.
რას ნიშნავს საქართველოსთვის და კონკრეტულად ბაკურიანისთვის "კრისტალის" ბიზნესმოდელი?
"კრისტალის" ბიზნესმოდელი უნიკალურია თავისი მასშტაბითა და შინაარსით. ჩვენ შევძელით შეგვექმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც ოთხივე სეზონზე მუშაობს. ეს არ არის მხოლოდ ზამთრის კურორტი; ეს არის სივრცე, რომელიც მზად არის უმასპინძლოს საერთაშორისო დონის ღონისძიებებს.
ფაქტი, რომ საერთაშორისო ოლიმპიადებს საქართველოში სწორედ ჩვენ ვმასპინძლობთ, შემთხვევითი არ არის. ეს არის ნდობა ჩვენი ინფრასტრუქტურის მიმართ – შეგვიძლია ერთდროულად დავაბინაოთ, კვებაზე ვიზრუნოთ და მოვემსახუროთ ასობით ადამიანს უმაღლესი სტანდარტით. 27 ნომრიდან 170 ნომრამდე და 650 აპარტამენტამდე გაზრდილი ფონდი ნიშნავს, რომ ჩვენ პირდაპირ ვზრდით ბაკურიანის საინვესტიციო ღირებულებას და მის მიმზიდველობას საერთაშორისო რუკაზე.
ბოლო წლებში კრისტალის ტერიტორიაზე არაერთი პროექტი განხორციელდა. რა არის ის მთავარი სიახლეები, რითაც დამსვენებელს ხვდებით?
ბოლო რამდენიმე წელი გარდამტეხი იყო ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით. ჩვენი მიზანი იყო, რომ "კრისტალი" გამხდარიყო ადგილი, სადაც არ მოიწყენ. გავზარდეთ სათხილამურო ტრასების სიგრძე 12 კილომეტრამდე და დავნერგეთ ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რაც სეზონის სტაბილურობის გარანტიაა. ღამის სრიალი კი ის დამატებითი ემოციაა, რომელიც სტუმრებს ძალიან ხიბლავთ.
თუმცა, მხოლოდ სრიალი არ არის საკმარისი. ექსტრემის მოყვარულებს ჩვენთან დახვდებათ ტობოგანი, ე.წ. მთის ციგა. ფუნქციონირებს ატრაქციონების პარკი ბავშვებისთვის, ასევე გავზარდეთ კაფე-რესტორნების რაოდენობაც. დღეს ჩვენთან მოსულ სტუმარს ხვდება სრულყოფილი გარემო, სადაც თითოეული დეტალი, იქნება ეს ბავშვის გართობა თუ უფროსების რელაქსაცია, წინასწარ არის გათვლილი.

27-ნომრიანი სასტუმროდან დღევანდელ კომპლექსამდე – რა არის წარმატების მთავარი ფორმულა?
წარმატების უკან ყოველთვის დგას ხედვა და ადამიანები. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ვლადიმერ სტეფანიანი – ლიდერი, რომელმაც არა მხოლოდ ჩაიფიქრა ეს იდეა, არამედ შეძლო მისი მასშტაბურად რეალიზება. თუმცა იდეას შემსრულებლები სჭირდება.
"კრისტალის" სიძლიერე მის გუნდშია. ჩვენი საკადრო პოლიტიკა ეფუძნება შიდა ზრდას: უამრავი ადამიანია, ვინც რიგითი პოზიციიდან დაიწყო და დღეს მენეჯერულ რგოლს წარმოადგენს. ეს ქმნის განსაკუთრებულ ერთგულებასა და მოტივაციას, რადგან თითოეული თანამშრომელი გრძნობს, რომ ეს წარმატება მისი პირადი დამსახურებაცაა.
როგორ წარმოგიდგენიათ "კრისტალის" მომავალი და რა არის ის ერთი სიტყვა, რომელიც კომპანიის ხასიათს აღწერს?
სიტყვა, რომელიც ყველაზე ზუსტად გადმოსცემს ჩვენს ფილოსოფიას, არის "განვითარება". ჩვენ არასდროს ვჩერდებით მიღწეულზე.
რაც შეეხება მომავალს – ვთვლი, რომ უახლოეს 5-10 წელიწადში "კრისტალი" ბაკურიანის არსებულ ლოკაციაზე განვითარების მაქსიმუმს მიაღწევს. დასრულდება პროექტები, როგორიცაა "კრისტალ პარკ ჰოტელის" A და B ბლოკები, ტბის კეთილმოწყობა და ზიპლაინი. ვფიქრობ, ამის შემდეგ კომპანია აქცენტს სხვა ტერიტორიების ათვისებაზე გადაიტანს, პარალელურად კი უკვე არსებული სერვისების დახვეწასა და სრულყოფაზე იმუშავებს. ჩვენი მისიაა, რომ ეს ქართული ბრენდი გახდეს ხარისხისა და განვითარების ეტალონი საერთაშორისო დონეზე.