"ლოკო პარკი" – როგორ ყალიბდება ახალი ურბანულ-კულტურული ცენტრი თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ურბანიზაციის ტემპი ქალაქების იერსახესა და ცხოვრების წესს მნიშვნელოვნად ცვლის – სწრაფი განაშენიანება და გადატვირთული ცენტრები ქალაქებისთვის დიდ გამოწვევად იქცა. ასეთ პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ურბანული დაგეგმარების ახალი, გრძელვადიანი ხედვა, რომელიც ქალაქის განტვირთვასა და მდგრად განვითარებას შორის ბალანსს პოულობს.

თანამედროვე ქალაქის განვითარების ერთ-ერთი საფუძველი პოლიცენტრიზმია – როცა ახალი მიზიდულობის ცენტრები ისტორიული უბნების მიღმაც ჩნდება. ამ პროცესში კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს დეველოპერული სექტორი, რომლის ამოცანა დღეს აღარაა მხოლოდ საცხოვრებელი უძრავი ქონების შექმნა. წარმატებული თანამედროვე პროექტები აერთიანებს საცხოვრებელ, საზოგადოებრივ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებს, რაც დადებითად აისახება ქალაქის სწორ განვითარებაზე და გავლენას ახდენს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. სწორედ ამ ხედვას იზიარებს "ლოკო პარკი" – ინოვაციური პროექტი, რომელიც თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში, გურამიშვილის გამზირზე, ახალ ურბანულ, კულტურულ და საზოგადოებრივ ცენტრს ქმნის.

თბილისისთვის ასეთი მიდგომა ჯერ კიდევ სიახლეა, სწორედ ამიტომ "ლოკო პარკი" გახდა ქალაქში პირველი მასშტაბური დეველოპერული პროექტი, რომელიც ტერიტორიის განვითარებას იწყებს არა საცხოვრებელი განაშენიანებით, არამედ ღია საზოგადოებრივ-კულტურული სივრცის შექმნით. როგორც წესი, დაპირებული მწვანე სივრცეების მოწყობა დეველოპერულ სექტორში მშენებლობის ბოლო ეტაპია ხოლმე, რომელიც ხშირად დაპირებადვე რჩება. "ლოკო პარკი" კი თანამედროვე დეველოპმენტში დამკვიდრებული პრაქტიკის საპირისპირო მიდგომას გვთავაზობს, რასაც ტერიტორიის სახელწოდებაც ეხმაურება – "ლოკო პარკის" მთავარი ბირთვი საზოგადოებრივი პარკია, რომლის გარშემოც ვითარდება მთელი პროექტი.

"ლოკო პარკი" ყოფილი ელმავალმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს. პროექტი ინდუსტრიულ მემკვიდრეობასა და თანამედროვე ურბანულ ესთეტიკას აერთიანებს. ტერიტორია ადაპტირებულია სხვადასხვა მასშტაბის კულტურული ღონისძიებების, გამოფენებისა და კონცერტების მასპინძლობისთვის. პროექტის მთავარი მახასიათებელი ინდუსტრიული არქიტექტურისა და ვრცელი რეკრეაციული ზონის სინთეზია. რამდენადაც ლოკაცია მეტროსადგურ "გურამიშვილიდან" სულ რამდენიმე ნაბიჯზე მდებარეობს, ის უზრუნველყოფს სატრანსპორტო ხელმისაწვდომობას და ამავდროულად, ქმნის ქალაქის ხმაურისგან თავისუფალ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს.

სოციალურ ქსელებში უკვე დიდი ყურადღება მიიქცია "ლოკო პარკის" განსხვავებულმა კონცეფციამ, რომელიც კულტურულ და საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს. დეტალურად, იდეასა და თბილისის ურბანულ განვითარებაში მისი როლის შესახებ, Entrepreneur-ს პროექტის გუნდი ესაუბრა.

იდეა თავად სივრციდან გაჩნდა. ყოფილი ქარხნის ტერიტორიის შესწავლისას გუნდმა დაინახა, რომ ეს უბრალოდ დიდი მიწის ნაკვეთი არ იყო, სადაც ახალი პროექტის განხორციელება შეიძლებოდა. ამ ადგილს უკვე ჰქონდა საკუთარი ხასიათი, გამწვანება, ინფრასტრუქტურა და ძლიერი იდენტობა.

თავიდანვე გადაწყდა, რომ პროექტი არ უნდა განხორციელებულიყო სტანდარტული საცხოვრებელი კომპლექსის შექმნის ლოგიკით. გუნდისთვის მთავარი კითხვა იყო, როგორ შექმნილიყო არსებულ გარემოში ქალაქის ახალი, სრულფასოვანი ნაწილი. ასე გაჩნდა "ლოკო პარკის" კონცეფციაც – ღია, მრავალფუნქციური ურბანული გარემო, სადაც მწვანე ზონები, საზოგადოებრივი სივრცეები, საცხოვრებელი უბნები, კულტურული, სპორტული, კომერციული და საბავშვო ინფრასტრუქტურა ერთიან ეკოსისტემას შექმნიდა.

ყოფილი ინდუსტრიული ზონების გარდაქმნა თანამედროვე ურბანულ ცენტრებად აღიარებული გლობალური გამოცდილებაა. თუმცა, საერთაშორისო მოდელების პირდაპირი გადმოღების ნაცვლად, "ლოკო პარკის" გუნდმა პროექტი თბილისის კონტექსტს, ადგილის თავისებურებებსა და ქალაქის რეალურ საჭიროებებს მოარგო.

პროექტის წარმატებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ლოკაციის პოტენციალი. თბილისის ჩრდილოეთ ნაწილი, განსაკუთრებით გურამიშვილის გამზირის მიმდებარე ტერიტორია, ურბანული ტრანსფორმაციის აქტიურ ფაზაშია. ისტორიული ცენტრისგან განსხვავებით, ეს ზონა ჯერ კიდევ ინარჩუნებს ავთენტიკურობას, სადაც ინდუსტრიული მემკვიდრეობა, საცხოვრებელი გარემო და მწვანე სივრცეები ერთიან სინთეზს ქმნის. "ლოკო პარკის" გუნდი Entrepreneur-თან საუბრისას, ამ ურბანული სივრცის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად ტრადიციული სამეზობლო კულტურის შენარჩუნებას ასახელებს, რომელიც თანამედროვე ქალაქებში სულ უფრო იშვიათია. "ლოკო პარკის" მიზანი კი სოციალური კავშირების გამყარებაა. სწორედ ამიტომ ყალიბდება პროექტი, როგორც ღია საზოგადოებრივი ცენტრი – ადგილი, რომელიც ადამიანების შეხვედრისა და ურთიერთობის სივრცე გახდება.

გარდა ამისა, სრულიად გამორჩეულია ტერიტორიის ეკოლოგიური პოტენციალი, როგორც უშუალოდ "ლოკო პარკის" სივრცეში, ასევე მის გარშემო. სანზონას, როგორც "სანიტარიულ ზონას", თავისი მიკროკლიმატი ისტორიულად ჩამოუყალიბდა – აქ განთავსებული წყლის რეზერვუარების გამო, არეალი თავიდანვე დაცული იყო მავნე წარმოებისგან. რაც შეეხება თემქას, რომელსაც სახელწოდება სწორედ თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის გამო დაერქვა, მისი ინდუსტრიული წარსულიდან დღეს მხოლოდ ისტორია და მასშტაბური მწვანე ზონები დარჩა.

ადგილის რესურსის შენარჩუნება და მასზე ახალი ღირებულების დაშენება საერთაშორისო ურბანისტების მიერ მომავლის ქალაქის სწორი განვითარების სტრატეგიად არის აღიარებული. როგორც "ლოკო პარკის" აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კოსტავა აღნიშნავს, ბალანსი მემკვიდრეობასა და თანამედროვე არქიტექტურას შორის პროექტის კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია.

"ჩვენი მიდგომა არ გულისხმობს წარსულის ჩანაცვლებას ან მის დეკორაციად ქცევას. პირიქით – ახალი განვითარება უნდა დაეყრდნოს იმ იდენტობას, რომელიც ამ ტერიტორიას უკვე აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ "ლოკო პარკის" განვითარება არ აღიქმებოდეს, როგორც ახალი პროექტის აშენება ძველ ტერიტორიაზე. ეს არის ადგილის განვითარების შემდეგი ეტაპი, სადაც წარსული რჩება იდენტობის ნაწილად, ხოლო თანამედროვე არქიტექტურა ამ ისტორიას აგრძელებს და მას ახალ ფუნქციებსა თუ შესაძლებლობებს სძენს".

"ლოკო პარკი" სტანდარტული დეველოპმენტის ფარგლებს სცდება და ყალიბდება, როგორც ერთგვარი საგანმანათლებლო პლატფორმა ურბანისტიკის, არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების სფეროში. პროექტის გუნდის ხედვით, ამ მიდგომას შეუძლია გრძელვადიანი გავლენა მოახდინოს ქალაქში მიმდინარე პროცესებზე. სწორედ ამ მისიის ნაწილია პროექტები თუ შემეცნებითი ინიციატივები. მათ შორის არის არქიტექტურული კონკურსიც, რომელშიც ქართული და უცხოური არქიტექტურული სააგენტოები მონაწილეობენ.

"ისეთი პროექტისთვის, როგორიცაა "ლოკო პარკი", არქიტექტურული კონკურსის გამოცხადება პრინციპული გადაწყვეტილებაა, რათა ასეთი გამოკვეთილი ხასიათის მქონე ტერიტორიის მომავალი არქიტექტურა ერთი წინასწარი განსაზღვრული ხედვით არ შემოიფარგლოს. კონკურსის მთავარი ამოცანაა, რომ მონაწილე გუნდებმა უპასუხონ კითხვას: როგორი შეიძლება იყოს თანამედროვე საცხოვრებელი არქიტექტურა ტერიტორიაზე, რომელსაც უკვე აქვს ძლიერი ხასიათი და იდენტობა. შესაბამისად, გამარჯვებულის შერჩევისას გადამწყვეტი მხოლოდ ვიზუალური ეფექტი არ იქნება. მნიშვნელოვანი იქნება არქიტექტურული ხარისხი, ფუნქციურობა, ადამიანური მასშტაბი, საზოგადოებრივ სივრცეებსა და ლანდშაფტებთან კავშირი, პროექტის რეალიზებადობა და ის, თუ რამდენად ბუნებრივად შეძლებს ახალი არქიტექტურა "ლოკო პარკის" უკვე არსებულ გარემოსა და ინდუსტრიულ მემკვიდრეობასთან დიალოგს. ამასთანავე, კონკურსი არ ეძებს არქიტექტურას, რომელიც წარსულის იმიტაციაა. მისი მიზანია, იპოვოს თანამედროვე არქიტექტურა, რომელიც ამ ადგილის წარსულს პატივს სცემს და მისი ისტორიის შემდგომ თავებს დაწერს", – ამბობს არქიტექტურული კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე, ურბანისტი მარკუს აპენცელერი.

"ლოკო პარკს" ასევე გამოარჩევს მისი მკაფიო კულტურული მიმართულება, რომელიც პროექტის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. თანამედროვე ურბანისტიკაში კულტურა აღარ აღიქმება ქალაქის დამატებით ფუნქციად – ის მდგრადი განვითარების აუცილებელი კომპონენტია. როგორც "ლოკო პარკის" გუნდი Entrepreneur-თან ინტერვიუში აღნიშნავს, გამართულ კულტურულ ინფრასტრუქტურას პირდაპირი გავლენა აქვს ტურიზმზე, ადგილობრივ ეკონომიკასა და საზოგადოების გრძელვადიან კეთილდღეობაზე. სწორედ ამ ღირებულებებს იზიარებს "ლოკო პარკი", რომლის მთავარი მიზანი კულტურული ურბანიზმის ხელშეწყობა და თბილისის ჩრდილოეთ ნაწილის ახალ მიზიდულობის ცენტრად ქცევაა. ამ ხედვას გამოხატავს Loco Arts – პროექტის მიმართულება, რომელიც ტერიტორიის სახელოვნებო ცენტრად გარდაქმნას ისახავს მიზნად – ქალაქის პირველი არტპარკით, საგამოფენო სივრცეებითა და შემოქმედებითი სახელოსნოებით.

"Loco Arts პროექტის კულტურული გული და მთავარი მამოძრავებელი ძალაა. მისი ამოცანაა, ხელოვნება "ლოკო პარკის" ყოველდღიურობის ბუნებრივ, განუყოფელ ნაწილად აქციოს. ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ ტრადიციული საგამოფენო სივრცეების შექმნა, სადაც აუდიტორია მხოლოდ კონკრეტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მიდის. გვსურს, ადამიანები ხელოვნებას ყოველ ნაბიჯზე ხვდებოდნენ – პარკში სეირნობისას, საზოგადოებრივ სივრცეებში, ინდუსტრიულ ნაგებობებსა თუ არქიტექტურულ დეტალებში. სწორედ ამ ფილოსოფიას ეფუძნება თბილისში პირველი არტპარკის კონცეფცია. ხელოვნება აქ არ იქნება უბრალო დეკორაცია – ის სივრცის იდენტობასა და ორგანულ განვითარებას განსაზღვრავს. ეს გულისხმობს როგორც მუდმივ და დროებით ინსტალაციებსა თუ საჯარო ხელოვნებას, ისე მასშტაბურ გამოფენებს, არტისტებთან კოლაბორაციებს, შემოქმედებით რეზიდენციებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს", – განმარტავს გიორგი კოსტავა.

როგორც კულტურული პლატფორმა, "ლოკო პარკი" უკვე ხდება ქალაქის ერთ-ერთი მოთხოვნადი კულტურული ცენტრი. ტერიტორიამ უმასპინძლა სხვადასხვა პროფილის ღონისძიებებს. სივრცე ერთნაირ ინტერესს იწვევს მუსიკის, სახვითი ხელოვნების, ფოტოგრაფიის, ექსტრემალური სპორტის, მოდისა თუ სხვა სფეროების წარმომადგენლებში. მისმა მასშტაბმა და გამორჩეულმა კინემატოგრაფიულობამ "ლოკო პარკი" გადასაღებ მოედნადაც აქცია, ხოლო მისი, როგორც მასშტაბური საკონცერტო ლოკაციის პოტენციალი, საერთაშორისო არტისტის, ტომ ოდელის შოუთი დადასტურდა. ოქტომბრის დასაწყისში "ლოკო პარკი" კიდევ ერთ მნიშვნელოვან და მასშტაბურ ღონისძიებას მასპინძლობს – ტერიტორიაზე ელექტრონული მუსიკის ყველაზე დიდი ქართული ფესტივალი 4GB გაიმართება.

მიზეზი, თუ რატომ ირჩევენ ორგანიზატორები ფესტივალებისა და კონცერტებისთვის "ლოკო პარკს", პირველ რიგში, ის ატმოსფეროა, რომელიც პირველივე ნაბიჯიდან სტუმრებში განსაკუთრებულ ემოციას იწვევს და ნებისმიერ ღონისძიებას უნიკალურ ხიბლს სძენს.

როგორც ღონისძიებების კურატორი, ალექსანდრე გვენეტაძე განმარტავს, ამ მხრივ სივრცის ერთ-ერთი მთავარი პრაქტიკული უპირატესობა ლოკაცია და სატრანსპორტო ხელმისაწვდომობაა. სივრცე ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე მდებარეობს, სადაც მოძრაობა რამდენიმე მიმართულებიდანაა შესაძლებელი, რაც საცობების თავიდან არიდებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა – მეტროსადგური "გურამიშვილი" "ლოკო პარკის" შესასვლელიდან სულ რაღაც 1 წუთის სავალ მანძილზეა. ეს კი მნიშვნელოვნად ამარტივებს ნაკადების მართვას, რაც, როგორც წესი, თბილისში მასშტაბური ღონისძიებების მთავარი გამოწვევაა. გარდა ამისა, სტუმრებისა და ორგანიზატორების კომფორტისთვის, ტერიტორიაზე ამჟამად ავტოსადგომის მოსაწყობად სამუშაოები მიმდინარეობს.

"კიდევ ერთი ფაქტორი სივრცის მრავალფუნქციურობაა. ტერიტორია საშუალებას გვაძლევს, ვუმასპინძლოთ როგორც კამერულ, ისე მასშტაბურ, მრავალათასიან ღონისძიებებს როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში. მომავალ წელს დავამატებთ ახალ ლოკაციებსაც, რაც მოგვცემს საშუალებას, გავმართოთ რამდენიმე პარალელური ღონისძიება, ან, საჭიროებისამებრ, გავაერთიანოთ ისინი ერთი მასშტაბური ფესტივალისთვის. "ლოკო პარკის" საბოლოო მიზანი მხოლოდ საკონცერტო ან საფესტივალო სივრცედ ჩამოყალიბება არ არის. კონცერტები და ფესტივალები ამ ტერიტორიის დინამიკური ცხოვრების ერთი შემადგენელი ნაწილია და არა მისი ერთადერთი ფუნქცია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევქმნათ ხარისხიანი, კომფორტული და მრავალფუნქციური ურბანული გარემო, პირველ რიგში, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის – მწვანე ზონებით, ყოველდღიური სერვისებით, გასტრონომიული, კულტურული, საგანმანათლებლო და საოჯახო სივრცეებით.

4GB-ის და მასშტაბური კონცერტების მსგავსი ღონისძიებები კი ამ ეტაპზე გვაძლევს შესაძლებლობას, ტერიტორიას ახალი სიცოცხლე ვაჩუქოთ. თუმცა პროექტის განვითარებასთან ერთად, ღონისძიებების მასშტაბი და სპეციფიკა ბუნებრივად დაბალანსდება საცხოვრებელი უბნის ფუნქციასთან. გვინდა, "ლოკო პარკში" ყველა ინტერესის მქონე ადამიანს ჰქონდეს მოსვლის მიზეზი, მაგრამ ამავდროულად, მათთვის, ვინც აქ იცხოვრებს, ეს იყოს მშვიდი, უსაფრთხო და მაღალი ხარისხის საცხოვრებელი გარემო. სწორედ ამ ორ ფუნქციას შორის ოქროს კვეთის პოვნაა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი", – აღნიშნავს Entrepreneur-თან საუბრისას ალექსანდრე გვენეტაძე.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ლოკო პარკი" არ არის უბრალოდ მორიგი დეველოპერული პროექტი – ეს არის ქალაქის განვითარების ახალი ლოგიკა, სადაც მთავარი საზომი ადამიანი და მისი ყოველდღიური ცხოვრების ხარისხია. პროექტის უნიკალურობა მის არაორდინარულ გადაწყვეტაშია – შექმნას არა დახურული კომპლექსი, არამედ, პირიქით – გახსნას ტერიტორია და კერძო საკუთრება საზოგადოებრივ სარგებლად აქციოს. ამით კი შექმნას ქალაქის გონივრული დაგეგმარების პრეცედენტი, უპასუხოს ქალაქისა და მოსახლეობის ინტერესებს და გურამიშვილის გამზირზე ახალი მიზიდულობის ცენტრის შექმნით თავად გახდეს ქალაქისთვის სასარგებლო პროცესების დაძვრისა და მიმდებარე უბნების სწორი განვითარების ლოკომოტივი.