ლურჯი ოკეანე - 2025 წლის შეჯამება "2025 წელს პირველი წიგნის გამოცემიდან ათი წლის იუბილე აღვნიშნეთ. 600 000-მდე გაყიდული ეგზემპლარი და 90-მდე ავტორის 130-მდე წიგნის პირველი ქართულენოვანი გამოცემა – ასე გამოიყურება ჩვენი ათწლიანი მოგზაურობა ციფრებში."

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წლის ბოლო საუკეთესო დროა თვითრეფლექსიისთვის – რა ვისწავლეთ 12 თვის განმავლობაში და საით მივდივართ? ეს პროცესი განსაკუთრებით აქტუალურია ბიზნესსექტორისთვის.

ცვალებადი გეოპოლიტიკური თუ ლოკალური რეალობა და მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ძვრები ქართული კომპანიებისთვისაც სერიოზულ გამოცდად და, ამავდროულად, შესაძლებლობებად იქცა. რა ბარიერების გადალახვამ მოუწიათ მათ 2025 წელს და რით ამაყობენ ყველაზე მეტად?

ENTREPRENEUR GEORGIA-სთან საუბარში განვლილ პერიოდს აჯამებს და 2026 წლის მოლოდინებს გვიზიარებს თამთა ჯაფარაშვილი, "ლურჯი ოკეანის" ხელმძღვანელი.

2025 წელს პირველი წიგნის გამოცემიდან ათი წლის იუბილე აღვნიშნეთ. 600 000-მდე გაყიდული ეგზემპლარი და 90-მდე ავტორის 130-მდე წიგნის პირველი ქართულენოვანი გამოცემა – ასე გამოიყურება ჩვენი ათწლიანი მოგზაურობა ციფრებში. გაყიდვების ყოველწლიურად მზარდი მაჩვენებელი და მკითხველის უკუკავშირი მათთვის დროული და საჭირო სიახლეების შეთავაზებაზე მეტყველებს. ამ კუთხით 2025 წელიც წარმატებული და დატვირთული იყო.

"ლურჯის ოკეანის" მთავარი ამოცანა საერთაშორისო ბესტსელერების ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობაა. თუმცა ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ბიზნეს და self-help მიმართულებით ქართველი ავტორების ისეთი ტექსტების გამოცემა, რომლებსაც საერთაშორისო ბაზარზე გასვლის პოტენციალი აქვთ. ვგულისხმობ წლის ორ მთავარ სიახლეს – პირველ ქართულ წიგნს ბრენდინგზე "ჩამოყალიბდით: ბრენდის სტრატეგიის გზამკვლევი დამწყები მეწარმეებისა და საკუთარი ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის", ბრენდინგის გურუს, შოთა ჩინჩალაძის, ავტორობით და თვითგანვითარების თემაზე შექმნილ პირველ ქართულ წიგნს "კაცმანობის გარეშე: გზა გამთლიანებისკენ", ანტრეპრენერის, პოდკასტერის, პიროვნული და ორგანიზაციული ცნობიერების განვითარების მენტორის, საშა კაცმანის, ავტორობით. ორივე წიგნი სექტემბერში გამოიცა და სულ რაღაც ორ თვეში "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში ბესტსელერი გახდა.

გასული წლის სიახლეებიდან დამატებით გამოვყოფდი გაბორ მატეს შედევრს, რომელიც პანაცეას სერიის ფარგლებში გამოიცა – "რა არის ნორმალური? მითი თუ სინამდვილე: ტრავმა, ავადმყოფობა და განკურნება ტოქსიკურ კულტურაში". თუ მთხოვდნენ დამესახელებინა ერთი წიგნი self-help კატეგორიიდან, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს, ალბათ გაბორ მატეს ამ წიგნს დავასახელებდი. "ყველაფერი გამოღვიძებით იწყება... იმის მიმართ, რასაც ჩვენი სხეული გამოხატავს, და იმის მიმართ, რასაც ჩვენი გონება ახშობს" – თითქმის შეუძლებელია საკუთარი სხეულისა და ემოციების მოსმენის გარეშე შინაგან ჰარმონიასა და ბალანსს მიაღწიო. მუდმივ სტრესსა და შფოთვაში მყოფი ადამიანი კი ვერ იქნება, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავისთვის, შემდეგ კი – კომპანიისა თუ საზოგადოებისთვის სასარგებლო.

წლის ბოლო სიახლე მელ რობინსის მსოფლიო ბესტსელერი იყო, 8 მილიონზე მეტი გაყიდული ეგზემპლარითა და არაერთი ჯილდოთი – New York Times-ის სიის სათავეში. "ნება მიეცი მათ" თეორია გზამკვლევია პიროვნული თავისუფლების მისაღწევად. ჩემი აზრით, წიგნისა და მისი მთავარი კონცეფციის ხიბლი სწორედ სიმარტივესა და პრაქტიკულობაშია. ამ წიგნის მიმართ ქართველი მკითხველის დამოკიდებულების შეფასებას ალბათ 2026 წლის ბოლოს უკეთესად შევძლებთ.

წიგნის თარგმნა და გამოცემა ხანგრძლივი პროცესია, რომელიც რამდენიმე საკვანძო ეტაპისგან შედგება. ერთი გამოცემის მომზადებას, იდეიდან ბეჭდური პროდუქტის მიღებამდე, საშუალოდ 9-14 თვე სჭირდება. როგორც წესი, საგამომცემლო წელიც ამ ვადების გათვალისწინებით იგეგმება ხოლმე. თუმცა წელს მთავარი გამოწვევა მკითხველებამდე სიახლეების დროული მიტანა იყო, ძირითადად, სტამბების მხრიდან ვადების დარღვევის გამო.

2026 წლის მოლოდინებზე საუბრისას მნიშნელოვანია დავაკვირდეთ საერთაშორისო ტენდენციებს. უახლესი კვლევებისა და პროგნოზების მიხედვით, მსოფლიო საგამომცემლო ინდუსტრია ზრდას აგრძელებს და 2026 წლისთვის დაახლოებით 112,8 მილიარდი დოლარის ღირებულება ექნება. ბეჭდური წიგნის გარშემო შექმნილი ხმაურის მიუხედავად, გამომცემლობების მოგების ძირითად წყაროდ ისევ ბეჭდური წიგნის გაყიდვები რჩება, რომელიც მთლიანი მოგების 60-80%-ს შეადგენს. სამწუხაროდ, 2020 წლის შემდეგ ქართული საგამომცემლო ინდუსტრიის შესახებ სიღრმისეული კვლევა არ ჩატარებულა. მაგრამ შიდა მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს შემთხვევაში ბეჭდური წიგნის ხვედრითი წილი გაცილებით მაღალია და მკითხველის ინტერესი ოდნავადაც არ ჩამქრალა.

თუმცა, მეორე მხრივ, მართალია საერთაშორისო ტენდენციებთან შედარებით ბევრად ნელი ტემპით, მაგრამ აუდიო და ელექტრონული წიგნების პოპულარობაც იზრდება. "ლურჯი ოკეანის" შემთხვევაში, ჩვენი გამოცემების სპეციფიკიდან და სამიზნე ჯგუფებიდან გამომდინარე, ვიტყოდი, რომ აუდიო და ელექტრონული წიგნების მოხმარებისათვის შესაბამისი სოფტის განვითარება/დახვეწა და ამ მიმართულების პოპულარიზებისთვის მარკეტინგული ბიუჯეტის გამოყოფა კრიტიკული მნიშვნელობისაა მკითხველის ლოილურობის შენარჩუნებისთვის, მათთვის ისევ აქტუალურად და მთავარ არჩევანად დარჩენისთვის.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას ორ ძირითად მიმართულებას გამოვყოფდი. პირველი, რა თქმა უნდა, ისევ მკითხველს უკავშირდება. ჩემი აზრით, ბიზნესისა და თვითგანვითარების თემაზე შექმნილი წიგნი არ არის მხოლოდ პროდუქტი, არც თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალება. ბიზნესწიგნი არის ინსტრუმენტი, რომელიც მკითხველს ცოდნისა და პერსპექტივის მუდმივ განახლებაში, ფაქტებზე აგებული, მაგრამ ამავდროულად, შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებასა და ყველაზე ეფექტიანი ბიზნესპრაქტიკების გაცნობაში ეხმარება. ვფიქრობ, რომ მსგავსი ლიტერატურის მკითხველებს ბევრი რამ აერთიანებთ, უპირველ ყოვლისა კი – წარმატებისკენ სწრაფვა და საკუთარი თავის მუდმივი გაუმჯობესების სურვილი. შესაბამისად, მინდა, რომ ჩვენი როლი მხოლოდ წიგნების შერჩევით, გამოცემითა და მკითხველამდე მიტანით აღარ შემოიფარგლებოდეს. საჭიროა, შევქმნათ ბრენდის მიმართ ლოიალური თანამოააზრეების ქომუნითი, გავაძლიეროთ და საერთო, მუდმივი ზრდისა და განვითარების კულტურაზე დაფუძნებულ მოძრაობად ვაქციოთ.

ამ მიზნის მისაღწევად არაპირდაპირი გზა, და შესაბამისად, 2026 წლის მეორე მთავარი ამოცანა B2B გაყიდვების გააქტიურებაა. რა თქმა უნდა, ცალკეულ მსხვილ კომპანიებთან ვმუშაობთ, მაგრამ გაცილებით მეტია გასაკეთებელი იმისთვის, რომ თანამშრომლებამდე ჩვენი გამოცემები კომპანიების გავლით მივიდეს.