"მაკდონალდს საქართველოს" HR დეპარტამენტის ხელმძღვანელს პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო Shining Light Award გადაეცა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"მაკდონალდს საქართველოს" ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ლაზარაშვილი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს Shining Light Award-ის 2023 წლის გამარჯვებული გახდა.
მსოფლიოს მასშტაბით "მაკდონალდსი" ამ ჯილდოს ყოველწლიურად გადასცემს კორპორაციის იმ თანამშრომლებს, რომელთაც წლის განმავლობაში საკუთარი შედეგებითა და მიღწევებით გამორჩეული წვლილი შეიტანეს კომპანიის წარმატებასა და ფასეულობების განვითარებაში.
მარიამ ლაზარაშვილი "მაკდონალდს საქართველოს" რამდენიმე წლის წინ HR სპეციალისტის პოზიციაზე შეუერთდა, თუმცა მალევე მიეცა კარიერული წინსვლის შესაძლებლობა და 2020 წლიდან ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.
როგორც თავად ამბობს, მისთვის და თითოეული თანამშრომლისთვის "მაკდონალდსი" ადამიანებზე ორიენტირებული, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ძლიერი, გლობალური ბრენდია, რომელიც საკუთარი ფასეულობების ერთგულია და კორპორაციის მრავალწლიანი ღირებულებების გაზიარებით მოქმედებს.
"Shining Light Award-ის მოპოვება "მაკდონალდს საქართველოს" მიერ თანამშრომლებს შორის დანერგილი HR სისტემების, პროცესებისა და პროექტების უდიდესი აღიარებაა მსოფლიოს მასშტაბით. მიხარია, რომ წლების განმავლობაში ამ მიმართულებით საკუთარი წვლილი შემაქვს და ჩემს გუნდთან ერთად, ვზრუნავ ისეთი გარემოს შექმნაზე, რაც მთლიანობაში ჩვენი მომხმარებლის ნდობისა და კეთილგანწყობის მოპოვებაზე აისახება. თავის მხრივ, კომპანია საშუალებას გაძლევს გახდე რაღაც დიდის, განსაკუთრებულის ნაწილი და მასთან ერთად გაიზარდო პიროვნულად თუ პროფესიულად. მე და ჩემი გუნდის თითოეული წევრი ვამაყობთ, რომ შევძელით საკუთარი შედეგებით კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოგვეპოვებინა კომპანიისთვის", - ამბობს მარიამ ლაზარაშვილი.
Shining Light Award-ის ნომინაციაზე მსოფლიოს მასშტაბით, "მაკდონალდსის" 3 000-ზე მეტი თანამშრომელი იყო წარდგენილი, თუმცა ჯილდო მხოლოდ 60 ქვეყნის 227 თანამშრომელს გადაეცა.
"მაკდონალდსის" აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტისა და პერსონალის მართვის გლობალური დირექტორის ჰეიდი კაპოზის თქმით, ეს არის ჯილდო, რომელიც აფასებს ადამიანებს, ვისაც ყოველდღიურად წვლილი შეაქვს კორპორაციის ფასეულობების დანერგვასა და განვითარებაში.
"მინდა, კორპორაციის ხელმძღვანელობის სახელით, მადლობა გადავუხადო თითოეულ გამარჯვებულს, რომელთაც ყოველდღიურად საკუთარი შრომით ფასდაუდებელი წვლილი შეაქვთ, რომ "მაკდონალდსში" გამორჩეული სამუშაო გარემო იყოს", - აღნიშნა ჰეიდი კაპოზიმ.
25-წლიანი ისტორიის განმავლობაში "მაკდონალდს საქართველოს" არა ერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის გასულ წლებში Shining Light Award-ის მფლობელები კომპანიის ფინანსური დირექტორი ბექა სტურუა და იურიდიული და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკატერინე ებრალიძე გახდნენ.
"მაკდონალდს საქართველოს" გენერალური დირექტორის თენგიზ კაპანაძის განცხადებით, ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნითა და ადამიანებზე ორიენტირებული მიდგომების წყალობით კომპანია ფაქტობრივად ყოველწლიურად იღებს პრესტიჟულ გლობალურ ჯილდოებს.
"ვულოცავ ჩვენი გუნდის კიდევ ერთ წევრს საერთაშორისო აღიარებს. გასული წლების მსგავსად, ჩვენ წელსაც შევძელით მსოფლიოს ათობით ქვეყანას შორის საქართველოს სახელი გაგვეტანა და დაგვემტკიცებინა, რომ "მაკდონალდს საქართველოს" ოპერირების ხარისხი, მიდგომები, თანამედროვე სტანდარტები, რომელსაც თითოეული ჩვენი თანამშრომელი ქმნის, აღიარებას იმსახურებს. მინდა მარიამს მივულოცო ეს წარმატება და მადლობა გადავუხადო კომპანიის საერთაშორისო წარმატებისთვის. ამ ჯილდომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ "მაკდონალდს საქართველო" პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდია, რომელთა განვითარებაზე ზრუნვა , კარიერული წინსვლა და ჯანსაღი სამუშაო პირობების შექმნა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია", - აღნიშნა თენგიზ კაპანაძემ.