MAMAKOTA: როგორ იქცა დედობა და მოდა ერთ ამბად - ნინო მესხის გზა წარმატებისკენ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნინო მესხი ყოველთვის ოცნებობდა თავისი ბრენდის შექმნაზე, თუმცა მუდმივად რაღაც აკავებდა - უდროობა, საქმე, ყოველდღიურობა. ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც დედა გახდა.
"ელენეს დაბადების შემდეგ სამსახურიდან წამოვედი და ბავშვზე ზრუნვამ ჩემი მთელი დრო დაიკავა. სწორედ ამ პერიოდში გადავწყვიტე, ოცნება რეალობად მექცია და შემექმნა ჩემი ბრენდი", - იხსენებს ნინო.
ნინომ ბრენდი MAMAKOTA ინსტაგრამზე შექმნა. პლატფორმა იქცა სივრცედ, სადაც მომხმარებლებს ორიგინალი, მაღალი მოდის ბრენდები ბევრად დაბალ ფასად შეეძლოთ შეეძინათ.
"ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა ისეთი ბრენდები, როგორიცაა DOLCE&GABBANA ან MANOLO BLAHNIK-ი. ამიტომ დავამატე მეორე არხი - Facebook ჯგუფი MAMAKOTA-CLOTHES-ი, სადაც ხარისხიანი, მაგრამ ბიუჯეტური ვარიანტებია ხელმისაწვდომი", — გვიყვება ის.
ნინომ კარგად დაინახა მომხმარებლის საჭიროებები - მათ ეზარებათ ან, უბრალოდ, არ აქვთ დრო ათასგვარ საიტზე ძებნისთვის, ზომების შერჩევისთვის, მიწოდების სქემის შესასწავლად. სწორედ ამ კომფორტის უზრუნველყოფას ემსახურება MAMAKOTA.
"ადამიანებს, უბრალოდ, ფოტო მოსწონთ, მწერენ ზომას, რიცხავენ თანხას და ორ კვირაში ნივთს ადგილზე იღებენ - საბაჟოს, საკურიეროსა და წონის დამატებითი გადასახადების გარეშე", - ამბობს ნინო.
ნინო არ მალავს - ეს გზა არც მარტივი იყო და არც პირველია, ვინც მსგავსი სერვისით ბაზარზე გამოჩნდა. თუმცა იცის, რატომ განსხვავდება მისი ბრენდი სხვებისგან.
"MAMAKOTA არ არის მხოლოდ ყიდვა-გაყიდვა. ეს ბრენდი თავიდან ბოლომდე აგებულია პროფესიონალიზმზე - დიზაინით დაწყებული, ფოტო/ვიდეო მასალით, მომსახურებითა და შეფუთვით დამთავრებული. ეს დეტალები ქმნის ნამდვილ განსხვავებას".
ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა მომხმარებლის ნდობის მოპოვება იყო. ნინომ იცოდა, რამდენად რთულია დღეს სრულად ენდო ვინმეს ონლაინ, განსაკუთრებით, როცა ნივთის ღირებულების წინასწარ გადახდაა საჭირო.
"გამჭვირვალობითა და პირდაპირობით ეს ბარიერი გადავლახე. დღეს უკვე მყავს ერთგული მომხმარებლები და თითოეულს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი", - გვიზიარებს იგი.
დამოუკიდებელმა ბიზნესმა ნინოს ასწავლა ფინანსების მართვა - ის, რაც ადრე მისთვის სუსტი წერტილი იყო.
როგორც იხსენებს, დროის მართვა ყოველთვის მშვენივრად გამოსდიოდა და სწორედ მისი ეს ძლიერი მხარე დაეხმარა საქმიანობაში პირველივე დღიდან.
ჩვენს კითხვაზე, რას ეტყოდა დამწყებ ანტრეპრენერებს, ნინოს რჩევები პირდაპირია და გულწრფელი:
"არ დანებდეთ. არ მოუსმინოთ ყველას, თუ არ გჭირდებათ რჩევა. მთელი გულით გააკეთეთ ის, რაც გიყვართ და ყველაფერი გამოგივათ. შეცდომა? პრობლემა არაა. ყველაფერი გამოცდილებაა. მაღლა ასწიეთ თავი და მიხვდებით - ის, რაც რთული გეგონათ, სინამდვილეში თქვენი განვითარების ნაწილი იყო".
ნინოსთვის ყველაზე დიდი მოტივაცია მისი ოჯახია - მეუღლე და შვილი. ამბობს, რომ მეუღლის მხარდაჭერამ მისცა ბიძგი, ოცნება რეალობად ექცია.
"მის გვერდში დგომას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს ის მოტივაციაა, რომელიც გიბიძგებს, ხვალ გუშინდელზე უკეთესი იყო".
დღეს MAMAKOTA ონლაინსივრცეში ფუნქციონირებს, თუმცა ნინოს დიდი ოცნებაა ფიზიკური მაღაზიის გახსნა.
"მინდა მქონდეს ჩემი პატარა, მყუდრო მაღაზია, სადაც ყველა დეტალი ჩემი ხელწერით იქნება შექმნილი. არა მხოლოდ ტანსაცმლის შესაძენად, არამედ სითბოსა და გულწრფელი დამოკიდებულებისთვის მოვიდნენ ადამიანები. ვიცი, შრომა სჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამასაც აუცილებლად შევძლებ".