"მანდეჰოუმი": უსაფრთხოება, კომფორტი და ყოველდღიური სიმშვიდე თქვენი სახლისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული ტექნოლოგიები დღეს მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყოველდღიურობაში. სწორედ ამ მიმართულებას ეხმიანება ახალი პროექტი "მანდეჰოუმი" (Mandehome), რომელიც მომხმარებელს არა მხოლოდ პროდუქტს, არამედ სიმშვიდესა და უსაფრთხოების განცდას სთავაზობს.

ანა ქურდაძის ბიზნესსაქმიანობა ორ, ერთი შეხედვით განსხვავებულ, თუმცა საერთო მიზანზე, ადამიანის კომფორტსა და შინაგან სიმშვიდეზე ორიენტირებულ მიმართულებას აერთიანებს.

თუ უკვე ცნობილი ქალის თეთრეულის ბრენდი "ანათე" ქალბატონებისთვის თავდაჯერებულობის, კომფორტისა და საკუთარი თავის სიყვარულის გაძლიერებას ემსახურება, "მანდეჰოუმი" სრულიად განსხვავებულ, ტექნოლოგიურ სივრცეში ოპერირებს და უფრო პრაქტიკულ გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას.

როგორც ანა აღნიშნავს, ახალი პროექტი ორი ძირითადი პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად. ერთ-ერთი მათგანი ყოველდღიური რუტინით გამოწვეული სტრესია, დაკარგული გასაღებების ან დაუკეტავი კარის შიში, რომელიც ბევრისთვის ნაცნობი განცდაა.

"ჩვენ ვათავისუფლებთ ადამიანებს დაკარგული გასაღებების ან ღიად დარჩენილი კარის სტრესისგან. მომხმარებელს შეუძლია დისტანციურად მართოს საკუთარ სახლთან წვდომა, თუნდაც მსოფლიოს მეორე წერტილიდან".

მისი თქმით, ეს გადაწყვეტა განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვინც ბინებს აქირავებს ან გადატვირთული გრაფიკით ცხოვრობს. მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა კი უსაფრთხოების მოძველებული სტანდარტებია. არსებული სისტემების ნაწილი ან ზედმეტად რთულია, ან არასაკმარისად დაცული, რაც მომხმარებლისთვის დამატებით სირთულეებს ქმნის.

"მანდეჰოუმით" შემოთავაზებული მიდგომა სწორედ ამ ბალანსის პოვნას ცდილობს, ტექნოლოგია უნდა იყოს მარტივი, ხელმისაწვდომი და ამავდროულად, საიმედო.

"ვამკვიდრებთ სისტემას, სადაც ტექნოლოგია ადამიანს კი არ ურთულებს ცხოვრებას, არამედ მის უხილავ მცველად იქცევა".

პროექტის ფილოსოფიას კარგად ასახავს სლოგანიც, "მანდეთ თქვენი უსაფრთხოება", რომელიც მომხმარებლისთვის დროისა და სიმშვიდის დაბრუნებას გულისხმობს. ანას თქმით, ჭკვიანი საკეტების ინსტალაციის შემდეგ ადამიანები თავს უფრო დაცულად და კომფორტულად გრძნობენ.

"მანდეჰოუმის" იდეა 2024 წელს ჩამოყალიბდა, მაშინ, როდესაც ანამ გააცნობიერა, რომ საქართველოში ჭკვიანი სახლის სისტემები ხშირად რთულად აღქმადი და ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო. სწორედ ამან გააჩინა სურვილი, შეექმნა ბრენდი, რომელიც ტექნოლოგიას გაამარტივებდა და მას უფრო ფართო აუდიტორიისთვის გასაგებს გახდიდა.

"მინდოდა შემექმნა გამოცდილება, სადაც მომხმარებელი ყიდულობს არა უბრალოდ პროდუქტს, არამედ უსაფრთხოების გარანტიასა და კომფორტს".

მიუხედავად საწყისი ენთუზიაზმისა, პროექტის განვითარება ერთ ეტაპზე შეჩერდა, თუმცა დღეს ის ახალი ენერგიითა და მოტივაციით განახლდა.

ტექნოლოგიურ სფეროში შესვლა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკვე წარმატებული და ცნობილი ბრენდი გაქვს სრულიად სხვა მიმართულებით, მარტივი გადაწყვეტილება არ არის. ეს ნაბიჯი მისთვის მნიშვნელოვან გაბედულებასთან იყო დაკავშირებული.

ანას გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა საერთაშორისო ტექნოლოგიურ გამოფენაზე მიღებულმა გამოცდილებამაც, სადაც თანამედროვე ჭკვიანი სახლების სისტემები და ინოვაციები საკუთარი თვალით ნახა.

ამ ეტაპზე "მანდეჰოუმი" ძირითადად ჭკვიან საკეტებზეა ფოკუსირებული, თუმცა სამომავლო ხედვა ბევრად უფრო ფართოა და მოიცავს სრული ეკოსისტემის შექმნას.

ბიზნესის განვითარების გზაზე ერთ-ერთ ყველაზე რთულ ეტაპად იგი დასაწყისს ასახელებს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ ადამიანზეა კონცენტრირებული.

"თავიდან ყველაზე რთული თავად დაწყება იყო. მთავარი კითხვა იყო, შევკრებდი თუ არა იმ გუნდს, რომელიც ჩემს ხედვას გაიზიარებდა. მივხვდი ერთ მთავარ ჭეშმარიტებას: გუნდი არ ჩნდება იქ, სადაც მხოლოდ იდეაა, გუნდი იქ ყალიბდება, სადაც მოქმედებაა".

პირველი ნაბიჯების გადადგმის შემდეგ პროცესიც მნიშვნელოვნად შეიცვალა, იდეის რეალიზაციამ თანამოაზრეების მოზიდვაც გაამარტივა.

"როგორც კი მოქმედება დავიწყე, დავინახე, რომ ენთუზიაზმი გადამდებია. თუ შენი იდეის გჯერა და პირველ ნაბიჯს გადადგამ, სწორი ადამიანები თავად პოულობენ შენამდე გზას".

დღეს, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ანა დამწყებ ანტრეპრენერებს მნიშვნელოვან რჩევას უზიარებს.

"მე 2024-ში დავიწყე, მერე გავჩერდი და ახლა ვხვდები, რამდენი დრო დავკარგე. ამიტომ ვეტყვი ყველას, ნუ გადადებთ! თქვენი ხედვა უნიკალურია, ტექნოლოგიებშიც კი. ნუ შეგაშინებთ სფეროს სირთულე. მთავარია გადადგათ ნაბიჯი და შემდეგ გზა თავისით გამოჩნდება".

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, "მანდეჰოუმის" მთავარი მიზანი უახლოეს ერთ წელიწადში საქართველოში ჭკვიანი სახლის სისტემების ბაზარზე ლიდერობის მოპოვებაა.

პროექტი იწყებს ჭკვიანი საკეტებით, თუმცა გეგმაშია სრულყოფილი ეკოსისტემის შექმნა, რომელიც განათების მართვას, უსაფრთხოების კამერებსა და სხვადასხვა სენსორს გააერთიანებს.

როგორც ანა ამბობს, საბოლოო მიზანი ტექნოლოგიების პოპულარიზაცია და მომხმარებლის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.

"მინდა, რომ "მანდეჰოუმი" თითოეული ოჯახისთვის სიმშვიდესთან ასოცირდებოდეს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები გადავიყვანოთ უფრო კომფორტული ცხოვრების სტილზე და გავაცნოთ ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიები".