მანუსკრიპტი: ბრენდი, რომელიც ხელით წერას ახალ მნიშვნელობას ანიჭებს

By მარიამ ქობალია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ციფრულ ეპოქაში, როდესაც წერა ეკრანზე ინაცვლებს და კლავიატურაც კი ანაქრონისტულად გამოიყურება, ხელით წერის კულტურა თითქოს მნიშვნელობას კარგავს. ამის მიუხედავად, არსებობს და ჩნდება ახალი ბრენდებიც, რომლებიც ხელით წერას ახალ მნიშვნელობას სძენენ. "მანუსკრიპტი" სწორედ ასეთი ქართული ბრენდია, რომელიც პრემიუმ კლასის ბლოკნოტების წარმოებასთან ერთად, ყოველდღიურ ცხოვრებაში წერის კულტურის პოპულარიზაციაზე ზრუნავს.

იდეა და ფილოსოფია

"მანუსკრიპტის" თანადამფუძნებელი და მწერალი, ტორესა მოსი ამბობს, რომ იდეა ერთ დღეში არ დაბადებულა – ის რამდენიმე ადამიანის გონებაში წლების განმავლობაში მწიფდებოდა.

"მანუსკრიპტის" დამფუძნებლები ოთხი განსხვავებული პროფესიისა და გამოცდილების ადამიანი ვართ, მაგრამ კალმით ფურცელზე წერის სიყვარული და მრავალწლიანი ყოველდღიური პრაქტიკა გვაერთიანებს. მანუსკრიპტი სწორედ ჩვენი ამ გამოცდილების შეერთებით დაიბადა და ამიტომ სრულყოფილებასთან ყველაზე ახლოსაა. ის შექმნილია წერით სიამოვნებისთვის და ამავდროულად, ქართული წერის კულტურის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს გადმოსცემს", – ამბობს ტორესა მოსი.

მისი თქმით, წერა პირველ რიგში სიამოვნებაა, თუ იცი, როგორ შეარჩიო სწორი კალამი, სწორი მელანი და სწორი ქაღალდი.

"ამ სამყაროში ძალიან ცოტა რამაა ერთდროულად სასარგებლო და სასიამოვნო. წერა კი სწორედ ასეთი გამონაკლისია. როდესაც ირჩევ იმ საწერ ინსტრუმენტს, რომლითაც საათობით შეგიძლია დაუღლელად, სიამოვნებით წერო, როდესაც ირჩევ საწერად შექმნილ უმაღლესი ხარისხის ქაღალდს, რომელთან შეხებაც ცალკე სასიამოვნო განცდას გგვრის, ეს წერას ყოველდღიურ რიტუალად აქცევს. დღეს უკვე კვლევებით, დადასტურებულად ვიცით, რომ კალმით ფურცელზე წერა ტვინის იმ უბნებს ააქტიურებს, რომლებიც მეხსიერებაზე, კონცენტრაციასა და შემოქმედებითობაზეა პასუხისმგებელი. როდესაც წერა სიამოვნებაა და ყოველდღიურ რიტუალად იქცევა, რამდენიმე თვეში ცვლილებები შესამჩნევი ხდება.

ასე რომ, წერა იქცევა ერთგვარ ჯადოქრობად, ემოციური სტაბილურობის წყაროდ, თერაპიად და მედიტაციად, გეხმარება აქ და ახლა ყოფნაში და პრაქტიკულად ყველა იმ ნეგატიურ გვერდით ეფექტს აკომპენსირებს, რაც ციფრულ ეპოქას თან მოჰყვა. ჩვენ თუ გვკითხავთ, დღეს კალმით ფურცელზე წერა კიდევ უფრო საჭირო და მნიშვნელოვანია, ვიდრე ციფრული ეპოქის დადგომამდე იყო".

"მანუსკრიპტის" ყველა კომპონენტი, ბეჭდვის გარდა, ხელით იქმნება და მუშავდება. ტყავის გარე ყდებად უმაღლესი ხარისხის ქართული ტყავი გამოიყენება, რომელიც ხელით, ცვილით, ტრადიციული ქართული მეთოდით მუშავდება. წიგნაკები იკინძება ხელით, ხელნაწერების კინძვის ტრადიციული მეთოდით, რაც მას ანიჭებს სიმტკიცეს. ბლოკნოტი იშლება თავისუფლად 180 გრადუსით და გადაშლილ მდგომარეობაში რჩება ძალდაუტანებლად, რაც მას წერისთვის, ჩანახატებისთვის, შემდგომში გასაციფრულებლად, კომფორტულსა და მოსახერხებელს ხდის. გარდა ამისა, ხელით კინძვა თითოეულ მათგანს ანიჭებს ინდივიდუალიზმს და უნიკალურ ეგზემპლარად აქცევს.

"ყველა ოსტატს აქვს თავისი ხასიათი, როდესაც მანუსკრიპტის წიგნაკებს რეგულარულად იყენებ, ეს ნიუანსები შენთვის ცხადი ხდება და შეგიძლია, გაარჩიო ესა თუ ის წიგნაკი ვის მიერ იქნება შეკერილი. ამჟამად ორი მკინძავი გვყავს, ეკაკო და Tun Keres, ორივეს თავისი გამორჩეული ხასიათი აქვს და სწორედ ამიტომ ყველა წიგნაკში გხვდება ბარათი, საიდანაც იგებ, ვინ შეკერა შენთვის ეს კონკრეტული წიგნაკი. შემდეგ წიგნაკებზე ასევე ხელით წებდება შიდა ყდები. ამ პროცესში ვიყენებთ ე.წ. თეთრ წებოს, რომელიც ასევე ტრადიციულად, ხორბლის მოხარშვით მზადდება, რის შემდეგაც წნეხში გადადის გაშრობამდე. პროცესი სრულდება მექანიკურ გილიოტინაზე, რომლის მეშვეობითაც ასევე ხელით ჩამოიჭრება კიდეები და გადავა ხარისხის კონტროლზე. ხარისხის კონტროლი საბოლოო პროდუქტს ფურცელ-ფურცელ ამოწმებს, ანიჭებს ინდივიდუალურ კოდს და ამზადებს სარეალიზაციოდ", აღნიშნავს ტორესა მოსი.

პროდუქტი და გამოცდილება

"მანუსკრიპტში" დამფუძნებლებმა სცადეს დაებრუნებინათ ის, რაც მასიურმა წარმოებამ დროთა განმავლობაში დაკარგა – ექსკლუზიურობა და ამბავი. ტორესა მოსი აღნიშნავს, რომ მათი ხედვით, ბლოკნოტი არ უნდა იყოს მხოლოდ ფუნქციური ნივთი ან ვიზუალურად მიმზიდველი ყდა – იგი უნდა ჰყვებოდეს ისტორიას. სწორედ ამიტომ, "მანუსკრიპტში" ამბავი მხოლოდ დიზაინში არ იკითხება – ის თითოეულ კომპონენტშია გაშიფრული და ერთდროულად უკავშირდება როგორც მრავალსაუკუნოვან ქართული წერის კულტურას, ისე თავად მის მფლობელს.

ბრენდის კონცეფციის მიხედვით, "მანუსკრიპტი" გარკვეულწილად მისი მფლობელის გაგრძელებადაც იქცევა -– ის ასახავს მის დამოკიდებულებას დეტალებისადმი, ესთეტიკისადმი და წერით კულტურასთან კავშირს. ამ მიდგომით შექმნილი სტანდარტი, ტორესა მოსის თქმით, გამორჩეულია არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ საერთაშორისო დონეზეც და სცდება ისეთი ცნობილი ბრენდების ჩარჩოებსაც, როგორებიცაა Montblanc, Graf von Faber-Castell თუ Smythson, რომ აღარაფერი ვთქვათ მასობრივ მწარმოებლებზე.

ამ უნიკალურობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი მასალებში იკვეთება. "მანუსკრიპტის" ბლოკნოტებისთვის გამოიყენება ქართული ტყავი, რომელიც ხელით, ცვილით მუშავდება ტრადიციული მეთოდით. მისი ფაქტურა მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ ტყავებისგან, რომლებიც ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო ბაზარზე – იქნება ეს იტალიური, ესპანური, გერმანული თუ იაპონური წარმოება. სწორედ ამიტომ, ადამიანები, რომლებიც კარგად ერკვევიან ტყავში, შეხებისას ხშირად აღნიშნავენ, რომ მსგავსი გამოცდილება აქამდე არ ჰქონიათ.

დროთა განმავლობაში ეს ტყავი პატინას იძენს და ვიზუალურადაც იცვლება – თითქოს ინახავს იმ გამოცდილებას, რომელსაც მფლობელთან ერთად აგროვებს. ამგვარად, თითოეული მანუსკრიპტი არა მხოლოდ საწერი საშუალება, არამედ პერსონალური ისტორიის მატარებელი ხდება.

"წიგნაკებისა და რვეულებისთვის ვიყენებთ იაპონურ Tomoe River-ის 52-გრამიან ქაღალდს, რომელიც მხოლოდ ერთ ქარხანაში იწარმოება და დღემდე რჩება მსოფლიოში ყველაზე თხელ ქაღალდად, ჭავლურ კალამს და წყლის ბაზაზე დამზადებულ მელნებს რომ უძლებს, არ იჟღინთება, იდეალურად იშრობს და სრულყოფილად გადმოსცემს მელნის ფერს. შიდა ყდებად კი ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის გერმანულ ქაღალდს, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი მუზეუმები და არქივები იყენებენ დოკუმენტებისა და ექსპონატების დასაარქივებლად. ის სამუდამოდ იცავს ფურცლებს გაყვითლების, ხოლო ნაწერს გახუნებისგან.

ამით "მანუსკრიპტში" ერთიანდება ტყავის დამუშავებისა და წიგნის კინძვის ტრადიციული ქართული ოსტატობა, საუკეთესო თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები და ვქმნით ბლოკნოტს, რომელიც სრულყოფილებასთან ყველაზე ახლოსაა. ამით ჩვენ ვყვებით წერის ქართულ ტრადიციასა და თანამედროვე ცოცხალ კულტურაზე. "მანუსკრიპტი" არის ადამიანის ოსტატობის, თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევებისა და ყოველდღიური წერის მრავალწლიანი გამოცდილების სინთეზი, რაც მას ანიჭებს თვისებებს, რომლებიც ერთად თავმოყრილი მის გარდა სხვაგან არსად გვხვდება".მწერალი აღნიშნავს, რომ "მანუსკრიპტის" გამოყენება იმდენნაირად შეიძლება, რამდენი ადამიანიც გადაწყვეტს მის გამოყენებას. წიგნაკებისა და რვეულების ყდაში ჩასმის მოქნილი სისტემა საშუალებას აძლევს ადამიანს, ერთ ყდაში რამდენიმე დანიშნულების წიგნაკი და რვეული მოაქციოს, მათი შევსების შემდეგ კი დაარქივების სისტემით უსაფრთხოდ შეინახოს და იმავე ტყავის ყდაში ახალი რვეულები და წიგნაკები ჩაამაგროს. შესაბამისად, კომბინაციები უსასრულოა და მფლობელის საჭიროებებსა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

"ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მასში წერა, მასთან ყოველდღიური ურთიერთობა სიამოვნებაა. ის არის ერთგული მეგობარი, თანამგზავრი, სადაც საჭიროა ძვირფასი აქსესუარი, ორიგინალური საჩუქარი, როცა გინდა, რომ შენი ქვეყანა კიდევ უფრო განსხვავებული კუთხით აჩვენო ვინმეს, ამავდროულად, ეს არის ის, რაც წერას ყოველდღიურ სასიამოვნო რიტუალად აქცევს. შესაბამისად, უკვე კვლევებით დამტკიცებულად ვიცით, რომ როდესაც წერა ყოველდღიურობად იქცევა, ის აუმჯობესებს მეხსიერებას, პროდუქტიულობას, ადამიანებს ეხმარება კონცენტრაციაში და კიდევ უფრო ააქტიურებს შემოქმედებით უნარებს", – განმარტავს მწერალი.

ბიზნესის განვითარება

"მანუსკრიპტის" განვითარება თავიდანვე არაერთ გამოწვევასთან იყო დაკავშირებული. ერთ-ერთი მთავარი სირთულე თავად ბრენდის შექმნა აღმოჩნდა ისეთ ინდუსტრიაში, სადაც საუკუნოვანი ისტორიის მქონე საერთაშორისო ბრენდები დომინირებენ და მომხმარებელი თითოეული დეტალის მიმართ განსაკუთრებულად მგრძნობიარეა.

ამასთან, გამოწვევას წარმოადგენს ადგილობრივი რეალობაც – საქართველოში ხელით წერის კულტურა ფართოდ გავრცელებული არ არის, რაც ბრენდის განვითარებას დამატებით სირთულეს უქმნის. როგორც ტორესა მოსი აღნიშნავს, ეს პრობლემა გამოწვეულია არა იმდენად ეკონომიკური ფაქტორებით, რამდენადაც წერის კულტურის დეგრადაციით.

მისი თქმით, ამ პირობებში "მანუსკრიპტის" გუნდს ერთდროულად ორ მიმართულებაზე უწევს მუშაობა: ერთი მხრივ, ბრენდის ჩამოყალიბება და განვითარება, ხოლო მეორე მხრივ – თავად წერის კულტურის პოპულარიზაცია საქართველოში. ეს მოიცავს მომხმარებლების ინფორმირებას, მაღალი ხარისხის ქაღალდისა და საწერი ინსტრუმენტების გაცნობას, ჭავლური კალმების პოპულარიზაციას და ზოგადად, კალმით ფურცელზე წერის ყოველდღიურ ცხოვრებაში დაბრუნების მცდელობას.

როგორც "მანუსკრიპტის" თანადამფუძნებელი აღნიშნავს, ამ პროცესში ზოგჯერ აუცილებელიც კი ხდება კონკურენტი საერთაშორისო ბრენდების მხარდაჭერა ქართულ ბაზარზე, რათა უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს ხარისხიანი პროდუქტის გამოცდა და განსხვავების შეგრძნება.

ცალკე გამოწვევად სახელდება ბიზნესის განვითარების მოდელიც – კერძოდ, ინვესტორების მოზიდვაზე უარის თქმა. მათი განმარტებით, ინვესტიციას ხშირად თან ახლავს კომპრომისები, რაც მსგავსი ბრენდის შენების პროცესში დაუშვებელია.

მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ტორესა მოსი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ყველა გამოწვევას წარმატებით უმკლავდებიან და არჩეულ გზას თანმიმდევრულად აგრძელებენ.

"მანუსკრიპტი" იდეალურად მიჰყვება თავის ამოცანებს. წელს ივნისში საკუთარი სტენდით ვიქნებით წარმოდგენილი ნიდერლანდებში საწერი ინსტრუმენტებისა და ბლოკნოტების ყველაზე დიდ გამოფენაზე. პარალელურად, მოლაპარაკების პროცესში ვართ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ბუტიკთან, რადგან ბრენდის ექსკლუზიურობიდან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკის ნაწილია წარმოდგენილი ვიყოთ მხოლოდ იქ, სადაც იყიდება ისეთი მაღალი ხარისხის საწერი ინსტრუმენტები, როგორებიც არის Aurora, Visconti, Montegrappa, Montblanc, Pelikan, Graf von Faber-Castell, Sailor, Pilot, Namiki, Yard O'Led, CaranD'ache და ა.შ. საქართველოშიც ამ პოლიტიკას მივყვებით და ჩვენი პარტნიორები არიან Engraver, Geosm, Drawbox და სანტა ესპერანსა", – ამბობს ის.

სამომავლო გეგმები

"მანუსკრიპტის" განვითარების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას სპეციალური და ლიმიტირებული გამოცემების შექმნა წარმოადგენს. როგორც ტორესა მოსი აღნიშნავს, მომხმარებლისთვის უნიკალური და განსხვავებული პროდუქტის შეთავაზება მათი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია.

უახლოეს გეგმებში უკვე ორი ახალი გამოცემაა, რომლის წარდგენაც სექტემბერში იგეგმება. ერთ-ერთი მათგანი იქნება "შემოქმედის რვეული" – პროექტი, რომლის დიზაინზეც გუნდი ცნობილ ქართველ არტისტებთან თანამშრომლობით მუშაობს. მეორე გამოცემა უკავშირდება Zibaldone-ს – იტალიაში წარმოშობილ ფორმატს, რომელიც დროთა განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა კულტურაში გავრცელდა და ქართულ საოჯახო ტრადიციაშიც მყარად დამკვიდრდა.

"ეს ოჯახის დიასახლისებისთვის ბრწყინვალე და ძვირფასი საჩუქარი იქნება, რომელიც შეიძლება თაობიდან თაობას გადაეცეს და დაგვეხმაროს ოჯახური რეცეპტების, გამოცდილებისა თუ შინაური სამედიცინო რჩევების შენარჩუნებაში", – აღნიშნავს ტორესა მოსი, "მანუსკრიპტის" თანადამფუძნებელი.

"მანუსკრიპტის" პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ოფიციალურ ვებგვერდზე – manuscripti.io, ასევე პარტნიორ მაღაზიებში, სადაც წარმოდგენილია პრემიუმ კლასის საწერი ინსტრუმენტები: Engraver, Geosm, Drawbox და "სანტა ესპერანსა".