Join our Waitlist for Expert Advice!

მარიამ ტარტარაშვილის გზა ეკონომისტობიდან დიზაინერობამდე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.


ფოტო: ბექა ჯოხარიძე

Entrepreneur გიამბობთ ქართველი დიზაინერის, მარიამ ტარტარაშვილის შესახებ, რომელმაც გრძელი გზა განვლო და არაერთ დაბრკოლებას გაუმკლავდა, რათა ოცნება რეალობად ექცია და გამხდარიყო დიზაინერი. მარიამი პროფესიით ეკონომისტია და წლების განმავლობაში მუშაობდა ბანკებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ქოლცენტრებში. ამდენად, ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება დაუგროვდა. მიუხედავად წარმატებისა, რომელსაც თავის პროფესიაში მიაღწია, მარიამის საოცნებო საქმიანობას დიზაინერობა წარმოადგენდა და ყოველთვის ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, შეექმნა განსხვავებული, დახვეწილი და გემოვნებიანი ტანისამოსი.

"ვფიქრობ, ჩემი ეს სურვილი განაპირობა იმან, რომ ბავშვობაში დედა ხშირად მიკერავდა ლამაზ ტანსაცმელს და როდესაც ვხედავდი, თუ რამხელა სიყვარულს აქსოვდა ყოველივე ამაში, როგორ აქცევდა ქსოვილებს ულამაზეს კაბებად, მეც მსურდა თავად შემექმნა. ხატვა კარგად გამომდიოდა და ხშირად ვუხატავდი სასურველი კაბების ესკიზებს. დიზაინერობა მუდამ საოცნებო პროცესად მიმაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ გამოცდები ბიზნესის ფაკულტეტზე ჩავაბარე, ოცნება არასდროს შემიწყვიტავს, ყოველთვის ვხატავდი ესკიზებს და ველოდი, როდის მექნებოდა ბრენდის შესაქმნელად საკმარისი თანხები.

მაგრამ ეს დღე არასდროს დადგა... ვგრძნობდი, რომ რაც უფრო დიდი დრო გადიოდა, მით უფრო მეტად მინდოდა ამ პროფესიის შესწავლა და ბრენდის შექმნა, მაგრამ ამასთან, იზრდებოდა პროფესიის შეცვლისადმი შიშიც. ძალიან ძნელია, ერთ დღეს მიატოვო სამსახური და გადაინაცვლო სულ სხვა სფეროში, სადაც დაუნდობელი კონკურენციაა, ბიზნესის დაწყება კი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამას ემატებოდა ფინანსური რესურსის არქონა, ვიყავი რიგითი დაქირავებული თანამშრომელი, საშუალო ხელფასით, თუმცა ერთ დღეს, ძალიან დიდი ფიქრის შედეგად მივიღე გადაწყვეტილება, წამოვსულიყავი სამსახურიდან და შემესწავლა ის, რის კეთებაც გულით მსურდა და უბრალოდ მივნდობოდი პროცესს. დავიწყე სასწავლო ცენტრის/სკოლის მოძიება, რაც ძალიან რთული აღმოჩნდა, ვინაიდან საქართველოში არ არის ისეთი ადგილი, სადაც გაივლი თანამედროვე სტანდარტზე მორგებულ კურსებს. ასეთ ცენტრში აითვისებთ ხატვას, დაგეხმარებიან ინდივიდუალური ხედვის ჩამოყალიბებაში, გასწავლიან კონსტრუირებას და მოდელირებას. ეს გახლავთ ადგილი, სადაც ისწავლი იმ ყველა ეტაპს, რომელსაც გადის თითოეული დიზაინერი, ვიდრე კოლექციას შექმნის. კარგმა დიზაინერმა მხოლოდ ესკიზების ხატვა კი არ იცის, არამედ გარკვეულია ტანსაცმლის შექმნის ყველა ეტაპში და თავადაც შეუძლია კერვა. ასევე, სირთულეს წარმოადგენდა ის ფაქტიც, რომ სწავლის პროცესი პანდემიას დაემთხვა და საკერავი თუ სახატავი მასალების მოძიება ძალიან მიჭირდა, ვიყავი უმუშევარი და ზოგადად კითხვის ნიშნის ქვეშ იყო არა მარტო ჩემი გეგმები, არამედ ბევრ წარმატებულ ბრენდს შეექმნა საფრთხე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, გადაწყვეტილი მქონდა ჯერ კარგად მესწავლა ეს სფერო და შემდეგ შემექმნა ბრენდი. სწორედ ამიტომ მომიწია უამრავი ევროპული ონლაინკურსის გავლა და კონსტრუირების შესწავლა, რასაც დაახლოებით სამი წელი მოვუნდი. მივხვდი, რომ მხოლოდ ესკიზის ხატვით და ამ მოდელის სამკერვალოსთვის შეკვეთით კონკურენტუნარიან ბრენდს ვერ შევქმნიდი. ამ სფეროში ჯერ კიდევ ძნელია პროფესიონალი კონსტრუქტორის, მკერავის მოძიება. ბაზრის გამოკვლევამ კი ნათლად დამანახა, რომ ვერცერთი სამკერვალო ვერ შემიკერავდა ისეთ ხარისხიან და რთულად შესაკერ მოდელებს, როგორიც მე მინდოდა და მომიწევდა თავად გადამემზადებინა კადრები, ასევე, საწყის ეტაპზე თავად უნდა შემეკერა და ერთდროულად ბევრი პროფესიის შეთავსება მიწევდა. ჩემმა დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო − სულ რაღაც რვა თვეა გასული პირველი კოლექციის გაყიდვაში ჩაშვებიდან და მხოლოდ დადებითი კომენტარები მესმის ჩემს ბრენდზე. ვცდილობ ყველა მომხმარებელს მივწერო და ვკითხო, როგორ მოსწონთ ხარისხი და რამდენად არიან კმაყოფილი შენაძენით. ეს დადებითი უკუკავშირი ძალიან მეხმარება ხარისხის გაუმჯობესებაში, მძენს მოტივაციას და მეხმარება დაბრკოლების დაძლევაში.


ფოტო: ლევან ჭყონია

მოგეხსენებათ, როგორი რთულია ბიზნესის დაწყება ქალისთვის: ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპი, რომ "ბიზნესი ქალის საქმე არ არის", ძნელია ნდობის მოპოვება და დაფინანსების მიღება. ახლა ძალიან ვამაყობ, რომ ბიზნესი ნული ლარით დავიწყე, მეტიც − საწარმოო საკერავი მანქანებისთვის 5 თვე ვაგროვებდი ფულს, ამისთვის კი ყველანაირ შეკვეთას ვიღებდი, სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე ვათავსებდი ჩემს ნამუშევრებს და ვყიდდი. ასე შეიქმნა ბრენდი Mariam tartarashvili. მართალია დროში გაიწელა ეს ყველაფერი, მაგრამ სამაგიეროდ, სანამ ბრენდი შეიქმნებოდა, ბევრმა გაიცნო ჩემი ნამუშევრები და შეიყვარა.


ფოტო: ლევან ჭყონია

ბრენდი Mariam tartarashvili გამოირჩევა ხელნაკეთი და ინდივიდუალური დეტალებით, ლიმიტირებული კოლექცია კი ჩემს მომხმარებელს საშუალებას აძლევს მიიღოს მაღალი ხარისხის განსხვავებული სამოსი, რომლის მორგებას მრავალი წელი შეძლებს. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ვცდილობ სამოსის თითოეული დეტალი იყოს მაქსიმალურად იდეალური, რაზეც უამრავ საათს ვხარჯავ. ამის შედეგად ვიღებ არა უბრალოდ ლამაზ სამოსს, არამედ ზუსტ ზომებს და იდეალურ დგომას სხეულზე", − აღნიშნავს მარიამი.

მას არაერთი სამომავლო გეგმა აქვს, რომელთა განხორციელებაზეც თავდაუზოგავად შრომობს. ამ ეტაპზე გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაზე მუშაობს, რომლის პრეზენტაციაც სულ მალე, მაისში იქნება. ამასთან, მარიამის გეგმაა Mercedes Benz Fashion Week-ში მონაწილეობის მიღება, ევროპისა და აზიის გამოფენებში მონაწილეობის მიღება, ახლო მომავალში კი კოლექციის გატანა მეზობელ ქვეყნებში. ვინაიდან ცნობადობა და მოთხოვნა სწრაფად იზრდება, მარიამი ატელიეს გაფართოებასა და შოურუმის გახსნაზეც მუშაობს.

"აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მე არ ვარ სწრაფი მოდის მიმდევარი. ამის ყველაზე დიდი მიზეზი ის არის, რომ სწრაფი მოდა უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს გარემოზე. აგრეთვე, პრიორიტეტულ საკითხად მიმაჩნია ისიც, რომ ბრენდის Mariam tartarashvili მომხმარებლებს შეუძლიათ ჩემი ტანისამოსის წლების განმავლობაში მოხმარება სტილიდან და მისი ხარისხიდან გამომდინარე. გარდა ამისა, ჩემ მიერ შექმნილი სამოსი არის რთულად კონსტრუირებადი, რომლის გადაკოპირება ძალიან რთულია. ამდენად, ამ თვალსაზრისით მიმაჩნია, რომ კონკურენტუნარიანობის მხრივ ჩემი დამზადებული თითოეული მოდელი განსაკუთრებულია", − აღნიშნავს მარიამი.


ფოტო: ლევან ჭყონია

იმ ადამიანებს კი, რომლებსაც აქვთ ოცნება, თუმცა მისი განხორციელების ეშინიათ, ვურჩევ, არ დაკარგონ დრო ჩემსავით და რაც შეიძლება მალე დაიწყონ იმ საქმის კეთება, რომელიც აბედნიერებთ, თუნდაც მცირე ნაბიჯებით. მთავარი დაწყებაა, შემდეგ კი უკვე ისეთი აზარტულია საკუთარი საქმის კეთება, რომ თავის დანებება შეუძლებელია. ძალიან ბევრი წელი დავკარგე ისეთ სამსახურში, რომელიც არაფერ ღირებულს არ მაძლევდა, გარდა დაკარგული წლებისა. ისიც მესმის, რომ დაწყება და გადაწყვეტილების მიღება ძალიან ძნელია. რეალურად, უმოქმედობაა უფრო რთული ასატანი.

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ლიდერობა

ლიდერი უნდა იყოს...

"ლიდერობა თანდაყოლილი ქარიზმა, შინაგანი თავდაჯერებულობაა."