მარიამ თევზაძე: "ჩემი მიზანია საიუველირო ინდუსტრიაში მეტი სანდოობის დამკვიდრება"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ინდუსტრიაში, სადაც ნაკეთობის ღირებულებას სულ უფრო ხშირად ნარატივი განსაზღვრავს, მარიამ თევზაძე, BIOLGEMS-ის დამფუძნებელი, გემოლოგი და დიზაინერი, სრულიად განსხვავებულ მოდელს ქმნის: სტრუქტურირებულს, ზუსტსა და, რაც მთავარია, გამჭვირვალეს.

მისი ხედვა გემოლოგიურ ექსპერტიზას, საავტორო დიზაინსა და ბაზრის სისტემურ აღქმას აერთიანებს - მიდგომას, რომელიც ილუზიის ნაცვლად სიცხადეს ანიჭებს უპირატესობას.

ბევრი ბრენდი ბრილიანტს საინვესტიციო აქტივად პოზიციონირებს. იზიარებთ ამ მოსაზრებას?

არა. და ეს ჩვენი ბრენდისთვის ფუნდამენტური პრინციპია. BIOLGEMS-ში ჩვენ არასდროს მივიჩნევთ ბრილიანტებს, იქნება ეს ბუნებრივი თუ ლაბორატორიულად გაზრდილი, ინვესტიციად.

ინვესტიცია არის:

  • ოქრო;
  • იშვიათი ფერადი ძვირფასი ქვები;
  • და, ცალკეულ შემთხვევებში, განსაკუთრებული მახასიათებლებისა და მასშტაბის ბუნებრივი ბრილიანტები.

ყოველივე დანარჩენი, დიდწილად, მარკეტინგია. როგორც გემოლოგის, ჩემი პასუხისმგებლობაა, ნაკეთობის ნამდვილი ღირებულება მარკეტინგული ნარატივისგან განვაცალკევო.

თქვენ ერთდროულად ხართ ბრენდის დამფუძნებელი, გემოლოგი და დიზაინერი. როგორ აისახება ეს მრავალმხრივობა ბრენდზე?

ეს განაპირობებს დამოუკიდებლობასა და სიზუსტეს. ჩემთვის დიზაინი და გემოლოგია ურთიერთგამომრიცხავი დისციპლინები არ არის. პირიქით, ისინი ერთიანი სისტემის ორი სხვადასხვა ნაწილია. ნაკეთობის ფორმა უნდა იყოს ქვის ბუნებასა და ფაქტურაზე მორგებული, დიზაინმა პატივი უნდა სცეს ბუნებრივობას.

ეს ხედვა განსაზღვრავს კოლექციების სტრუქტურას, მასალების შერჩევის პროცესსა და მომხმარებელთან კომუნიკაციას ღირებულების შესახებ.

BIOLGEMS-ისთვის მიმდინარე წლის გარდამტეხი მოვლენა JCK Awards-ში მონაწილეობა იყო - ეს გახლავთ ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გლობალური პლატფორმა. მართალია, დეტალები ოფიციალურად მაისში გახდება ცნობილი, მაგრამ მსოფლიოს ათასობით საიუველირო სახლს შორის BIOLGEMS-ის აღიარება მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელმაც ბრენდი განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანა.

როგორ აფასებთ ლაბორატორიულად გამომოყვანილი ბრილიანტების როლს თანამედროვე ბაზარზე?

ლაბორატორიულად გამოყვანილი ბრილიანტები ინდუსტრიის ტექნოლოგიური ევოლუციის შედეგია. მათ ბუნებრივი ბრილიანტის იდენტური კრისტალური სტრუქტურა აქვთ და სრულიად ახალ შესაძლებლობებს შლიან დიზაინში, მასშტაბსა და ხელმისაწვდომობაში.

თუმცა, აქ გადამწყვეტი სწორი პოზიციონირებაა. ეს არ არის იშვიათობის კატეგორია. ეს ტექნოლოგიის კატეგორიაა.


რა ტენდენციებია წამყვანი მოდის სახლების დონეზე?

აქ მკაფიო, ორმხრივი მიდგომა იკვეთება. ერთი მხრივ, ისეთი გიგანტები, როგორიცაა LVMH, ინვესტირებას ახდენენ ბრილიანტის სინთეზირების ტექნოლოგიებში (მაგალითად, პროექტი Lusix).

მეორე მხრივ, ისტორიული სახლები - Cartier, Van Cleef & Arpels, Boucheron - კვლავაც ბუნებრივი ქვების, იშვიათობისა და მემკვიდრეობის გარშემო აშენებენ თავიანთ საიუველირო იდენტობას.

De Beers-იც საგულისხმო მაგალითს გვაძლევს: მიუხედავად ლაბორატორიულ ქვებთან მუშაობისა, ისინი მათ მკაფიოდ მიჯნავენ ბუნებრივი ქვებისგან.

როგორ სთავაზობს BIOLGEMS ამ სტრუქტურას მომხმარებელს?

ბრენდი თავიდანვე სისტემად ჩამოვაყალიბეთ. ჩვენი ფილოსოფია გამჭვირვალობასა და კლასიფიკაციას ეფუძნება. მომხმარებელმა ყოველთვის ზუსტად იცის, რას შეიძენს:

  • საინვესტიციო აქტივს;
  • იმიჯს;
  • ტექნოლოგიას.

BIOLGEMS-ის კოლექციების შესახებ რომ გვითხრათ მეტი

INVESTMENT LINE - კატეგორია, რომელიც ორიენტირებულია გრძელვადიან ღირებულებაზე.

SMART INVESTMENT - დაბალანსებული მიდგომა, რომელიც აერთიანებს საინვესტიციო ქვებსა და ლაბორატორიულად გამოყვანილ ბრილიანტებს.

FINE JEWELRY - დიზაინისა და იმიჯის კატეგორია.

LAB ICONS - ტექნოლოგიური კატეგორია.

არის თუ არა ბაზარი მზად გამჭვირვალობის ასეთი ხარისხისთვის?

დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. გამჭვირვალობა თანამედროვე ფუფუნების ახალი ფორმაა.

როგორ აღწერდით BIOLGEMS ერთი წინადადებით?

BIOLGEMS არის მაღალი საიუველირო ხელოვნების სახლი, სადაც ყოველ ნაკეთობას აქვს განსაზღვრული კატეგორია, შინაარსი და გამჭვირვალედ დეკლარირებული ღირებულება.