მარკეტინგი, მედია და ბრენდები – ინტერვიუ Marketing Hub-ის დამფუძნებლებთან
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Marketing Hub ქართულ ბაზარზე შვიდი წლის წინ გამოჩნდა. მისი პირველი პარტნიორი Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi იყო და ეს თანამშრომლობა დღემდე გრძელდება. სააგენტოს პორტფელში მოდისა და თავის მოვლის ბრენდებთან ერთად საავტომობილო და თამბაქოს სექტორის კომპანიებიც არიან. Marketing Hub-ის თანადამფუძნებლები ნანკა კიკალია და მაკო ზაქარეიშვილი სააგენტოს შექმნაზე, ინფლუენსერ მარკეტინგსა და TheDiary-ის პირველ ბეჭდურ ნომერზე საუბრობენ.
როგორ გაჩნდა Marketing Hub-ის შექმნის იდეა?
ნანკა: მე და მაკოს უკვე გვქონდა მარკეტინგის, კრეატიულ პროექტებზე მუშაობისა და ბიზნესის მართვის მრავალწლიანი გამოცდილება. გადავწყვიტეთ, ეს გამოცდილება საკუთარ კომპანიაში გამოგვეყენებინა და Marketing Hub დავაარსეთ.
მაკო: პირველ წელს ორ კომპანიასთან ვიმუშავეთ. მათ შორის იყო Maqro Construction, რომლის ერთ-ერთი პროექტის გახსნაც ჩვენ მოვაწყვეთ. დღეს ჩვენს პორტფელში ქართული ბაზრის წამყვანი კომპანიები და საერთაშორისო ბრენდები არიან, მათ შორისაა Pandora, Geely, Archi, Ecoo, Geox, Parfois, Replay, Hennessy, Tiziana Terenzi, Tous, Time და მრავალი სხვა.
რა სერვისებს სთავაზობს Marketing Hub ბიზნესს?
ნანკა: ვმუშაობთ მარკეტინგულ სტრატეგიაზე, საზოგადოებასთან ურთიერთობაზე, სოციალური მედიის მართვაზე, ფოტო-ვიდეო ფროდაქშენზე, ინფლუენსერ მარკეტინგსა და ღონისძიებების ორგანიზებაზე.
ბიზნესის საჭიროების მიხედვით შეგვიძლია ჩავერთოთ კონკრეტული მიმართულებით ან კამპანიას დაგეგმვიდან განხორციელებამდე ვუხელმძღვანელოთ.
შეგიძლიათ გაიხსენოთ ერთი პროექტი და გვითხრათ, რა შედეგი მიიღო ბრენდმა?
მაკო: ერთ-ერთი ასეთი პროექტი S-Society-ის წარდგენა იყო. S-Society ექსკლუზიური საზოგადოებაა. ჩვენი ამოცანა იყო პირველი ღონისძიების ორგანიზება და იმ ადამიანების შერჩევა, რომლებიც S-Society-ის წევრები გახდებოდნენ. ბრენდის 145-წლიანი ისტორია იმავე პერიოდის მოდის ისტორიას დავუკავშირეთ. გამოვფინეთ წამყვანი ქართველი დიზაინერების კოსტიუმები და წარვადგინეთ ინსტალაციები, რომლებიც მოდის სხვადასხვა ეპოქას ასახავდა. პროექტზე ირაკლი რუსაძის ბრენდ SITUATIONIST-თანაც ვითანამშრომლეთ.
გახსნას არაერთი ინფლუენსერი, ცნობადი სახე და ბიზნესმენი დაესწრო. პირველივე ღონისძიებაზე S-Society საგანგებოდ შერჩეულ ადამიანთა წრეს გავაცანით. იმავე დღეს S-Society-ის Instagram-ის გვერდი ამოქმედდა და ასობით გამომწერი მოიზიდა. გახსნის შემდეგ ქალაქში პროექტზე საუბრობდნენ. აინტერესებდათ, რა იყო S-Society და როგორ შეიძლებოდა ამ დახურული საზოგადოების წევრობა.
რა გამოარჩევს Marketing Hub-ს ქართულ ბაზარზე?
ნანკა: ქართულ ბაზარზე ბევრი კარგი მოთამაშეა. ვფიქრობ, ჩვენ კრეატიულობა და პერფექციონიზმი გამოგვარჩევს. დიდ დროს ვუთმობთ როგორც კამპანიის იდეას, ისე შესრულების დეტალებს. პირველივე შეხვედრაზე ვაზუსტებთ, რა შედეგს ელის ბრენდი. ზოგ ბრენდს ახალი პროდუქტის წარდგენა სურს, ზოგს კი იმ აუდიტორიასთან სურს დაკავშირება, რომელსაც აქამდე ვერ სწვდებოდა. ამ ორ ამოცანას სხვადასხვაგვარი მიდგომა სჭირდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პირველივე პროექტის შედეგმა ბრენდს ჩვენთან თანამშრომლობის გაგრძელების საფუძველი მისცეს.
მაკო: საქართველოში ინფლუენსერ მარკეტინგის მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი სააგენტო ვართ. ეს პოზიცია წლების განმავლობაში ორივე მხარესთან დამყარებულმა ნდობამ მოგვიტანა. ბრენდები გვანდობენ კრეატორების შერჩევას, კრეატორები კი გვენდობიან, როცა მათ თანამშრომლობას ვთავაზობთ და კონტენტის იდეაზე ერთად ვმუშაობთ. ვიცით, რომელ კრეატორს რა აუდიტორია ჰყავს, რა ფორმატში მუშაობს კარგად და რომელი ბრენდი შეეფერება მის კონტენტს. შერჩევის შემდეგ კრეატიულ მიმართულებასაც ჩვენ ვგეგმავთ. კრეატორთან ერთად ვაზუსტებთ, რა უნდა გაიგოს აუდიტორიამ პროდუქტის შესახებ და როგორ ვუამბოთ მას ამაზე მისთვის ნაცნობ ფორმატში.
რომელ პარტნიორობებს გამოყოფდით?
მაკო: თითოეული თანამშრომლობა თავისებურად საინტერესოა. ერთი პარტნიორი შეიძლება ფარმაცევტული კომპანია იყოს, მეორე კი ავტოგასამართი სადგურების ქსელი. ერთთან ახალი ობიექტის გახსნის კამპანიას ვგეგმავთ, მეორეს კი მომხმარებლისთვის ახალი მომსახურების გაცნობაში ვეხმარებით. განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩვენს მრავალწლიან პარტნიორებს, მათ შორის MBFW Tbilisi-ს, TIME-ს, ICR-ს, Delfos-ს და კიდე მრავალ კომპანიას და როცა ისინი ახალი ამოცანით ისევ ჩვენ მოგვმართავენ, ეს ჩვენთვის წინა პროექტის საუკეთესო შეფასებაა.
რას მიიჩნევთ მარკეტინგის მთავარ გამოწვევად ქართულ ბაზარზე?
ნანკა: ხშირად ვხვდებით კომპანიებს, რომლებსაც კარგი პროდუქტი აქვთ, თუმცა მარკეტინგისთვის ბიუჯეტი წინასწარ არ აქვთ გათვალისწინებული და ამის საჭიროებასაც ვერ ხედავენ. გვინახავს, როგორ გასულა ასეთი ბრენდი ბაზრიდან ისე, რომ პოტენციურ მომხმარებელს ხმაც კი ვერ მიაწვდინა. მცირე ბიუჯეტითაც შესაძლებელია დაწყება, თუ ზუსტად იცი, ვინ არის შენი მომხმარებელი და რომელი არხით შეგიძლია მასთან მისვლა. ჩვენი გუნდი სწორედ ამ მიზნების განხორციელებაში ეხმარება ბიზნესს.
როგორია Marketing Hub-ის სამომავლო გეგმები?
მაკო: 2027 წელს სხვადასხვა სექტორიდან ახალი პროექტები გვემატება და ფართოვდება იმ კომპანიების წრეც, რომლებთანაც მარკეტინგის მიმართულებით გრძელვადიან თანამშრომლობას ვგეგმავთ.
გაზაფხულზე TheDiary-ის პირველი ბეჭდური ნომრის გამოშვებას ვგეგმავთ. ჟურნალში იქნება სტატიები ცხოვრების სტილზე და ექსკლუზიური ინტერვიუები. ვფიქრობ, ჟურნალი ჩვენი პარტნიორი ბრენდებისთვის კომუნიკაციის ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმა გახდება.
ნანკა: ჩვენს გუნდს მედიის მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მედიაში მუშაობა 2010 წელს დავიწყე, როცა პირველი ქართული ონლაინჟურნალი Pavi-Tch შევქმენი. შემდეგ ბრიტანულ გამოცემა OK!-ში ვიმუშავე. მოგვიანებით მე და მაკო HELLO!-ის ქართულ გამოცემაზე ერთად ვმუშაობდით. ესპანური ¡HOLA!-ს საერთაშორისო ბრენდის ქართული გამოცემა იმ პერიოდში საქართველოში ყველაზე პოპულარულ ჟურნალი იყო.
პანდემიის დროს კი უკვე საკუთარი მედიაპლატფორმა TheDiary შევქმენით. დღეს TheDiary-ის გუნდი არა მხოლოდ სარედაქციო მასალებს ამზადებს, არამედ Marketing Hub-ის პარტნიორ ბრენდებთან კომერციულ პროექტებზეც მუშაობს. TheDiary-ის ბეჭდური ჟურნალი ორენოვანი იქნება და პირველ ეტაპზე წელიწადში ორჯერ გამოვა.