მარკეტინგის არქიტექტურის სტუდია: როგორ აქცევს დავით ჩქოტუა ქაოსურ მარკეტინგს გამართულ კომერციულ სისტემად

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რა ხდება კომპანიაში, როცა გაყიდვები იკლებს? ხშირად მენეჯმენტი გამოსავალს სარეკლამო ბიუჯეტის გაზრდაში, ახალი სააგენტოს დაქირავებაში ან ვებგვერდის განახლებაში ხედავს. თუმცა, 13-წლიანმა დარგობრივმა გამოცდილებამ დავით ჩქოტუას დაანახა, რომ რეალური პრობლემა იშვიათად იმალება სარეკლამო კამპანიებში და მისი ფესვები ბევრად უფრო ღრმად, ბიზნესის შიდა არქიტექტურაში უნდა ვეძებოთ.

სწორედ ამ სისტემური ხარვეზის აღმოსაფხვრელად შეიქმნა მარკეტინგის არქიტექტურის სტუდია (Marketing Architect Studio). კომპანიის მიზანია, შეცვალოს ბაზარზე დამკვიდრებული მიდგომა და მარკეტინგი დაანახოს ბიზნესს არა როგორც იზოლირებული აქტივობების ერთობლიობა, არამედ როგორც ერთიანი კომერციული სისტემის საინჟინრო პროექტი.

"ბევრი ბიზნესი პრობლემას არასწორ ადგილას ეძებს. ხშირად ფიქრობენ, რომ გამოსავალი არის მეტი რეკლამა ან ახალი სააგენტო. რეალურად კი ხარვეზი შეიძლება სრულიად სხვაგან იყოს: შეთავაზებაში, გაყიდვების პროცესში, მომხმარებლის გამოცდილებაში, სისტემის არქონაში ან არასწორ პრიორიტეტებში. ჩვენი როლია, ბიზნესს დავეხმაროთ, სწორად გადაწყვიტოს, რა უნდა გაკეთდეს და რა – არა", – ამბობს დავით ჩქოტუა, "მარკეტინგის არქიტექტურის სტუდიის" დამფუძნებელი და დირექტორი Entrepreneur-თან ინტერვიუში.

Marketing Architect Studio-ს მთავარი სტრატეგიული გამოწვევა ახალი საბაზრო კატეგორიის, "მარკეტინგის არქიტექტურის" დამკვიდრება აღმოჩნდა. ბაზრისთვის გაცილებით ნაცნობია ტრადიციული სააგენტოების ან საკონსულტაციო კომპანიების მოდელი, სადაც დამკვეთი თავად განსაზღვრავს დავალებას, შემსრულებელი კი მას ბრმად ასრულებს. ჩარჩოებიდან გამოსვლამ გუნდისგან დიდი გამბედაობა და კომუნიკაციის ახალი ენის შექმნა მოითხოვა.

სტუდია არ მუშაობს "ყველასთვის". კომპანიამ თავიდანვე მკაფიოდ გაფილტრა სამიზნე აუდიტორია და ორიენტირებულია იმ მცირე და საშუალო ბიზნესებზე, რომლებსაც უკვე აქვთ ფინანსური ბრუნვა, აქვთ დამოუკიდებელი მარკეტინგული კამპანიების წარმოების გამოცდილება და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ წერტილოვანი აქტივობები გრძელვადიან ზრდას არ უზრუნველყოფს.

"გაცილებით მარტივია ბაზარზე გამოხვიდე როგორც სააგენტო, რადგან ამ მოდელს ხალხი იცნობს და მარტივად ხვდება, რაში იხდის ფულს. ჩვენ კი ახალ კატეგორიას ვაყალიბებთ. ეს ნიშნავს, რომ ჯერ უნდა აუხსნა ბაზარს, რატომ არ უნდა დაიწყოს ბიზნესმა პრობლემის მოგვარება პირდაპირ შემსრულებლის დაქირავებით, და რატომ სჭირდება მას, პირველ რიგში, ზუსტი დიაგნოზი, ხოლო შემდგომ უკვე გადაწყვეტის არქიტექტურა".

სტუდიის საქმიანობა მხოლოდ თეორიული რეკომენდაციებით არ შემოიფარგლება. დავით ჩქოტუას ხედვით, რეალური ცვლილებების მისაღწევად საჭიროა სრულფასოვანი ეკოსისტემა, რომელიც ბიზნესს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე შესაბამის ინსტრუმენტებს სთავაზობს:

  • საგანმანათლებლო პლატფორმა: "მარკეტინგის არქიტექტურის კურსი", რომელიც ბიზნესის მფლობელებსა და სფეროს სპეციალისტებს სისტემურ აზროვნებასა და ხელსაწყოების სწორ გამოყენებას ასწავლის.
  • დარგობრივი ლიტერატურა: ოქტომბერში იგეგმება დავით ჩქოტუას წიგნის, "მარკეტინგი არ მუშაობს, ხმაური თვალის ასახვევად" გამოცემა, რომელიც ფილოსოფიის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას ემსახურება.
  • სერვის-პარტნიორთა ქსელი: ბიზნესები კონკრეტული ამოცანების განსახორციელებლად უკავშირდებიან სტუდიას. სტუდია აფასებს მათ საჭიროებოებებს და არჩევს შესაბამის შემსრულებლებს – ფრილანსერებს, გუნდებს ან კომპანიებს, რომლებიც სტუდიის მიდგომას იზიარებენ და მის სტანდარტებთან შესაბამისად მუშაობენ.
  • კორპორაციული მიმართულება: ვორქშოფები შიდა გუნდების გადასამზადებლად და ახალი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების დასანერგად.
  • ტექნოლოგიური ინოვაცია (AI): პროექტი AI Marketing Architect, რომელიც შეზღუდული ბიუჯეტის მქონე სტარტაპებსა და ბიზნესებს პირველადი ციფრული დიაგნოსტიკისა და სწორი სტრატეგიული ვექტორის განსაზღვრაში დაეხმარება.

"ჩვენთვის საინტერესოა არა მხოლოდ პრობლემაზე მითითება, არამედ გადაწყვეტილების შეთავაზება. ინსპირაციას მაძლევს ის, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი სერვისის ბიზნესი. ეს არის მცდელობა, ქართულ ბაზარზე ახალი კულტურა ჩამოყალიბდეს: ნაკლები ხმაური, ნაკლები ქაოსი და მეტი ბიზნესურად გამართული გადაწყვეტილებები".

უახლოესი ერთი წლის განმავლობაში Marketing Architect Studio გეგმავს პოზიციონირების გამყარებას და რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც კომერციული გამოწვევების წინაშე დგანან. სტუდიის სამუშაო მოდელი მკაცრად სტრუქტურირებულია და მომხმარებელი გადის წინასწარ გაწერილ ეტაპებს:

  • საჭიროებების იდენტიფიცირება (დიაგნოზი);
  • გადაწყვეტის დიზაინი (არქიტექტურა);
  • შესაბამისი რესურსების მობილიზება აღსრულებისთვის.

გლობალურად პოზიციონირებამდე დავით ჩქოტუა ლოკალური ბაზრის ხარისხობრივ ტრანსფორმაციაზე ფოკუსირდება. მისი კომპანია მიზნად ისახავს, გახდეს პირველი არჩევანი მაშინ, როდესაც ბიზნესს არა უბრალოდ აბსტრაქტული "მეტი მარკეტინგი", არამედ გაზომვადი, მოგებაზე ორიენტირებული კომერციული არქიტექტურა სჭირდება.