მათემატიკური სიზუსტე კრეატიულ ინდუსტრიაში: როგორ მუშაობს Eventive Georgia
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
წარმოიდგინეთ საღამო, სადაც ყველაფერი იდეალურად არის ორგანიზებული: განათება ზუსტად იმ წამს იცვლება, როცა მუსიკა პიკს აღწევს; ფურშეტის თითოეული დეტალი ბრენდის ფილოსოფიას იმეორებს, სტუმრები კი თავს არა უბრალოდ ღონისძიების მონაწილედ, არამედ დიდი, ცოცხალი ისტორიის ნაწილად გრძნობენ. დამსწრე საზოგადოება, როგორც წესი, მხოლოდ ამ ფინალურ შედეგს ვხედავთ, თუმცა მის მიღმა ძალიან დიდი სამუშაოა. ქართულ ივენთინდუსტრიაში ამ საქმეს Eventive Georgia ხელოვნების დონეზე ავითარებს. მათთვის ღონისძიება მხოლოდ ტექნიკური ორგანიზება როდია – ეს იდეის სრულყოფილ გამოცდილებად ქცევის ხელოვნებაა.
ბიზნესის დინამიკა და დამკვეთის მოთხოვნები მკვეთრად არის შეცვლილი. თანამედროვე აუდიტორიას აღარ ხიბლავს ერთი გრანდიოზული, მაგრამ კონტექსტიდან ამოგლეჯილი დეტალი. დღევანდელ დამკვეთს სჭირდება სრულად გამართული, ავთენტიკური გარემო, სადაც ვიზუალი, ტექნიკური სიზუსტე და გემო სრულ სინქრონშია. სწორედ ამიტომ, Eventive Georgia-მ უარი თქვა ბაზარზე დამკვიდრებულ ფრაგმენტულ მიდგომებზე და შექმნა ერთიანი ეკოსისტემა. აქ ერთ სივრცეში იყრის თავს ივენთის კონცეფცია, ლოჯისტიკა, სადღესასწაულო ინვენტარის გაქირავება, ტექნიკური უზრუნველყოფა და კვება. დამკვეთი იღებს არა ცალკეულ სერვისს, არამედ სიმშვიდესა და ხარისხის გარანტიას პირველადი მონახაზიდან ბოლო სტუმრის გაცილებამდე.
მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა მოთხოვნა ჩარჩოებს სცდება? ივენთმენეჯმენტში ყველაზე დიდი შეცდომა იდეის არსებულ რესურსებზე მორგებაა. Eventive Georgia-ში ეს წესი პირიქით მუშაობს: მათთვის მთავარი პროექტის სულია. თუ დიზაინერი ან კლიენტი ისეთ არასტანდარტულ კონცეფციას აცნობს, რაც ბაზარზე ფიზიკურად არ არსებობს, გუნდი თავად იწყებს ამ ელემენტების შექმნას ან მოძიებას. ჩანაფიქრი კომპრომისების გარეშე – სწორედ ესაა მათი ხელწერა.
ეს მოქნილობა კომპანიას ორ სრულიად განსხვავებულ პლატფორმაზე მუშაობისას ეხმარება – იქნება ეს კორპორაციული ღონისძიება თუ გადასაღები მოედანი. კორპორაციული ღონისძიება უზარმაზარ მასშტაბს, სტრატეგიულ გათვლებსა და პროცესების უწყვეტ მართვას მოითხოვს. გადასაღები მოედანი კი სრულიად სხვა ადრენალინია. იქ ყველაფერი უპაწაწინეს დეტალებზეა დამოკიდებული და სიტუაცია შეიძლება რამდენიმე წამში შეიცვალოს.
მსგავსი ფორსმაჟორი ბევრისთვის კრიზისია, Eventive Georgia-სთვის კი ჩვეულებრივი სამუშაო გარემო. ინდუსტრიის ამ ყოველდღიურობას ისინი წინასწარ გაწერილი, ალტერნატიული გეგმებით ხვდებიან. როდესაც დრო კრიტიკულად მცირეა, პროცესები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს და საბოლოო შედეგის მიღწევა აღარ ფერხდება. ეს არის ერთგვარი შვეიცარიული საათის მექანიზმი, რომელიც საშუალებას აძლევს გუნდს, გრანდიოზული მასშტაბის პროექტებიც კი წამზომის სიზუსტით ჩააბარონ დამკვეთს.
იმისთვის, რომ დიდ მასშტაბებზე მუშაობისას ხარისხი არ დაიკარგოს, კომპანიამ მკაცრი, მრავალეტაპიანი კონტროლის სისტემა დანერგა. ყოველი პროექტის წინ იწერება დეტალური სამუშაო გეგმა, ხოლო ინვენტარი და ტექნიკური რესურსები საერთაშორისო ტრენდების მიხედვით მუდმივად ახლდება.
ეს მიდგომა განსაკუთრებით თვალსაჩინოა კვების მიმართულებით. ღონისძიებაზე ფურშეტით მომსახურება დიდი ხანია გასცდა უბრალოდ სტუმრების გემრიელად გამასპინძლებას; ის ღონისძიების იდეური გაგრძელებაა. მენიუს ვიზუალი, თეფშების განლაგება, სერვირების სტილი – ყველაფერი პირდაპირ კავშირშია ბრენდის იდენტობასთან. სტუმრების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. იქნება ეს კამერული შეხვედრა თუ მრავალათასიანი მიღება, შიდა კოორდინაციის წყალობით, ინვენტარის, ლოჯისტიკისა და კვების გუნდები თავიდანვე ერთიან სტრატეგიაზე მუშაობენ. შედეგად, თითოეული სტუმარი ზუსტად ერთნაირ, პრემიუმ კლასის გამოცდილებას იღებს.
ადგილობრივ ბაზარზე სტანდარტების დაწესება მხოლოდ დასაწყისია. Eventive Georgia-ს გუნდი შორს იყურება. მათი სამომავლო ხედვა ლოკალურ ჩარჩოებს სცდება და რეგიონულ ასპარეზზე გადადის.
მომდევნო წლების მთავარი სტრატეგიული ფოკუსი საერთაშორისო კორპორაციული პროექტები და MICE ტურიზმის განვითარება იქნება. კომპანიას აქვს ყველაფერი: ტექნიკური ბაზა, გამოცდილება და, რაც მთავარია, ამბიცია იმისთვის, რომ კავკასიის რეგიონში პრემიუმ ივენთმენეჯმენტის მთავარ მოთამაშედ იქცეს.