მდიდარი მამა, ღარიბი მამა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ის, რაც თავში გაქვთ, განსაზღვრავს იმას,

რაც ხელში გექნებათ" – რობერტ კიოსაკი

რობერტ კიოსაკის ბესტსელერი "მდიდარი მამა, ღარიბი მამა" სამართლიანად არის აღიარებული ბიზნესლიტერატურის კლასიკად. ამ წიგნის მთავარი ღირებულება არა რთულ ფინანსურ ფორმულებში, არამედ აზროვნების ფუნდამენტურ ტრანსფორმაციაშია.

ეს არის წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ფინანსური ინტელექტის გამოყენებით ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარება, როგორ შეიძლება ადამიანმა აიძულოს ფული, იმუშაოს მისთვის, ნაცვლად იმისა, აიძულოს საკუთარი თავი, იმუშაოს სხვისთვის.

კიოსაკის ყველაზე ცნობილი წესი მარტივია: "მდიდრები ყიდულობენ აქტივებს, ღარიბები და საშუალო ფენა კი ვალდებულებებს, რომლებიც მათ აქტივები ჰგონიათ".

უმრავლესობას გვგონია, რომ სახლი, მანქანა ან ახალი ტელეფონი ჩვენი ქონებაა. კიოსაკი ამას ძალიან მარტივი წესით ხსნის:

აქტივი არის ის, რასაც შენს ჯიბეში ფული შემოაქვს, მაგალითად ბინა, რომელსაც აქირავებ. ვალდებულება კი არის ის, რასაც შენი ჯიბიდან ფული გააქვს, მაგალითად ავტოგანვადება ან მაღალპროცენტიანი იპოთეკური სესხი.

ადამიანის შეცდომა ისაა, რომ ვალდებულებებს ყიდულობს და ჰგონია, რომ ქონებას აგროვებს.

კიოსაკის ფორმულით, მთავარია, ნაბიჯ-ნაბიჯ შევქმნათ პასიური შემოსავალი. ყოველთვიური ხელფასიდან მცირე თანხა მაინც გადავდოთ და ჩავდოთ ისეთ რამეში, რაც მომავალში მცირე, მაგრამ სტაბილურ შემოსავალს მოიტანს.

მდიდარი მამის მთავარი გზავნილი ანტრეპრენერებისთვის არის გადასვლა "დასაქმებულის აზროვნებიდან" "ბიზნესის მფლობელისა და ინვესტორის აზროვნებაზე". ნამდვილი ანტრეპრენერობა არ არის უბრალოდ საკუთარი თავისთვის სამუშაო ადგილის შექმნა ანუ თვითდასაქმება. ეს არის მზარდ ბიზნესმოდელებში ინვესტირება, რომლებიც ღირებულებასა და ფინანსურ თავისუფლებას ქმნიან.

"მდიდარი მამა, ღარიბი მამა" მილიონერებისა და ბიზნესმენებისთვის დაწერილი წიგნი არაა. ეს წიგნი, პირველ რიგში, არის ადამიანებისთვის, ვინც ყოველთვიურად ელოდება ხელფასს, ებრძვის გადასახადებს და აინტერესებს, რატომ არ რჩება დანაზოგი?

სკოლაში გვასწავლიან: "კარგად ისწავლე – იპოვე კარგი სამუშაო – აიღე ხელფასი".

რა ხდება რეალობაში? იღებ ხელფასს. ყიდულობ უკეთეს ტელეფონს, ტანსაცმელს, იღებ სესხს მანქანის ან ბინისთვის – გადასახადები იზრდება, შესაბამისად, უფრო მეტი ფული გჭირდება. იწყებ უფრო მეტ მუშაობას, იღებ ცოტათი მეტ ხელფასს... და ისევ ყიდულობ უფრო ძვირიან ნივთებს.

ამ წრეს კიოსაკი "ვირთხების რბოლას" უწოდებს. წიგნის მთავარი გაკვეთილია ისაა, რომ ხელფასის მომატება პრობლემას ვერ აგვარებს. პრობლემას მხოლოდ ფულის მართვის ცოდნა ანუ ფინანსური ინტელექტი მოაგვარებს.

სკოლაში არ გვასწავლიან, როგორ მუშაობს გადასახადები, რა არის ინფლაცია, როგორ დავზოგოთ ან გავამრავლოთ ფული. შედეგად, წარმატებული ექიმები, იურისტები თუ მასწავლებლები ხშირად ფინანსურ კრიზისში არიან.

წიგნი გაიძულებს, ინტერესი გამოიჩინო შენივე ფინანსების მიმართ: ისწავლო შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა, გაიგო, როგორ მუშაობს ბანკები და ინვესტიციები, არ გეშინოდეს ფულზე ლაპარაკის და მისი მართვის.

ადამიანების უმეტესობა ფინანსურ თავისუფლებას ვერ აღწევს არა იმიტომ, რომ ცოტა იმუშავა, არამედ შიშის გამო – ფულის დაკარგვის შიშის გამო.

კიოსაკი ამბობს, რომ უსაფრთხოების გადაჭარბებული ძიება გვკეტავს სიღარიბეში. მარცხი სწავლის ნაწილია. თუ არასდროს არაფერი გაგირისკავს, სულ ერთ ადგილზე დარჩები.

მარცხი სწავლის პროცესის განუყოფელი ნაწილია. კიოსაკი აღნიშნავს, რომ მას არ შეხვედრია მდიდარი ადამიანი, რომელსაც ოდესმე ფული არ დაუკარგავს, მაგრამ უნახავს უამრავი ღარიბი ადამიანი, რომელთაც ერთი თეთრიც არასდროს დაუკარგავთ, რადგან არასდროს გაურისკავთ.

ეს წიგნი ადამიანს ასწავლის, რომ სიმდიდრე არ არის ის, თუ რამდენს გამოიმუშავებ. სიმდიდრე არის ის, თუ რამდენის შენარჩუნებას და გამრავლებას ახერხებ.

მდიდრები არ მუშაობენ ფულისთვის, არამედ ფული მუშაობს მათთვის. ადამიანების უმეტესობა საკუთარ დროსა და ენერგიას ყოველთვიურ ხელფასზე ცვლის. მდიდრები კი ქმნიან ან ყიდულობენ აქტივებს, რომლებიც მათთვის შემოსავლის გენერირებას მაშინაც ახდენენ, როცა სძინავთ.

და როგორ უნდა მოიქცე, თუ მდიდრებისგან განსხვავებით ასეთ აქტივებს არ ფლობ? პასუხი მარტივია – ყველაზე დიდი აქტივი შენი გონებაა. საუკეთესო ინვესტიცია, რაც შეგიძლია გააკეთო, საკუთარ ცოდნაში ინვესტირებაა, რასაც მოჰყვება პატარა, მაგრამ ჭკვიანური ნაბიჯები, რაც მომავალში დიდ კაპიტალად გადაიქცევა.

იმუშავე იმისთვის, რომ ისწავლო და არა მხოლოდ იმისთვის, რომ გამოიმუშაო. ნუ აირჩევ სამუშაოს მხოლოდ მაღალი ხელფასის გამო. ეძებე პოზიციები, სადაც შეიძენ კრიტიკულ უნარებს: გაყიდვებს, მარკეტინგს, კომუნიკაციას, მოლაპარაკებებისა და გუნდის მართვის ხელოვნებას. ეს უნარები მომავალში ბევრად მეტ ფულს მოგიტანს.

დაბოლოს, გახსოვდეს – ღარიბი მამისთვის მთავარი იყო სტაბილური სამსახური, მდიდარი მამისთვის მთავარი იყო ცოდნა!

ცოდნა, რომელსაც მოქმედებისთვის გამოიყენებ!

"თითოეული დოლარით, რომელიც თქვენს ხელში ხვდება, თქვენ – და მხოლოდ თქვენ – გაქვთ ძალა, განსაზღვროთ თქვენი მომავალი. თუ მას სულელურად გაფლანგავთ, სიღარიბეს ირჩევთ, თუ ვალდებულებების შესაძენად გამოიყენებთ, საშუალო ფენას შეუერთდებით, ხოლო თუ საკუთარ გონებაში ჩადებთ და აქტივების მოპოვებას ისწავლით, თქვენს მიზნად და მომავლად სიმდიდრეს აირჩევთ. არჩევანი თქვენზეა", – რობერტ კიოსაკი.

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge