მე ამისგან გავაკეთებ! Entrepreneur-ის ახალი პროექტი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ყველას გვახსოვს ელდარ შენგელაიას ცნობილი ფილმის "არაჩვეულებრივი გამოფენა" საფინალო კადრი, სადაც ახალგაზრდა მოქანდაკე, ნანატრი შესაძლებლობით აღტაცებული, სიხარულით თითქოს ცას სწვდება და მთელი სამყაროს გასაგონად შესძახებს – "მე ამისგან გავაკეთებ!.."
სწორედ ამ ყველასათვის საყვარელი ფილმის პერსონაჟის ფრაზა იქცა ჩვენი ახალი პროექტის მთავარ სლოგანად, პროექტის, რომლის მიზანიც საკუთარ ძალებში დარწმუნებული მომავალი ანტრეპრენერების მოტივაცია და მათთვის საკუთარი ბიზნესიდეის ხორცშესხმასა და რეალობად ქცევაში დახმარებაა.
თუმცა, სანამ საკუთარი ბიზნესიდეით პოტენციურ ინვესტორებს დააინტერესებთ, ჯერ თავად იდეას ხომ არ გადავხედოთ?
საიდან მოდის შენი იდეა? აქვს თუ არა მას პოტენციალი, იქცეს სიცოცხლისუნარიან, მოგებიან ბიზნესად?
არის ეს იდეა ახალი და ინოვაციური, განსხვავებული და ბაზარზე უკვე არსებულ ბიზნესებზე რამით უკეთესი?
მოდი, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, რის კეთება გვიყვარს ყველაზე მეტად? რა გვიტაცებს? რა აღგვაფრთოვანებს?
ამავე დროს, კარგად დავაკვირდეთ არსებულ ბაზარს, ტენდენციებსა და ტრენდებს, რაც ადამიანების ცხოვრების სტილს განსაზღვრავენ, იმ ხარვეზებსა და პრობლემებს, რაც ხშირად გვხვდება მომსახურებისა თუ წარმოების პროცესში.
იქნებ სწორედ ჩვენ მიერ მოფიქრებული ბიზნესიდეა შეცვლის უკეთესობისკენ გარემოს, რომელიც ხარვეზებითა და დეფექტებით გაჯერებული ბიზნესპროცესების ნაკლებობას არ განიცდის და რაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება?
გვახსოვდეს, ანტრეპრენერებისთვის პრობლემა და წინააღმდეგობა ახალი შესაძლებლობის საწინდარია. სწორედ აქ ხედავენ ისინი, ერთი მხრივ, პრობლემის მოგვარებისა და, მეორე მხრივ, ახალი ბიზნესიდეის განვითარების შესაძლებლობას.
ამისთვის საჭიროა მუდმივი დაკვირვება ყველაფერზე, რაც ჩვენ გარშემო ხდება და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.
იდეები ანტრეპრენერების მთავარი სიმდიდრეა. რაც უფრო ცნობისმოყვარეა ადამიანი, რაც უფრო მეტად მიილტვის ახალი ცოდნისა და გამოცდილებისკენ, მით უფრო კრეატიული და ინოვაციური გადაწყვეტილების მოფიქრება შეუძლია ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად. ამას კი ისე აკეთებს, რომ ადამიანებს ცხოვრებაც გაუადვილოს და, ამავე დროს, საკუთარი იდეა კომერციულად მოგებიან ბიზნესად აქციოს.
ხშირია შემთხვევა, როცა ბიზნესიდეა, ნაცვლად იმისა, რომ "მყიდველის" ინტერესებზე იყოს გათვლილი, მხოლოდ "გამყიდველის" ინტერესებზეა მორგებული.
არადა, ნებისმიერი ბიზნესის წარმატება გაყიდვებზე მოდის. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მიერ შექმნილი პროდუქტი თუ მომსახურება მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული, თუ მომხმარებელთა დიდ ნაწილს მასში შესაბამისი თანხის გადახდის სურვილი ექნება.
და მაინც, ბევრი იდეა გაქვს, მაგრამ თითქოს არცერთი არაა ის, რაც უნდა იყოს და ყველას რაღაც აკლია? ნუ შეშინდები, ეს ჩვეულებრივი ამბავია. სწორ ბიზნესიდეამდე მისვლა საქმის ნახევარზე მეტია.
დაუსვი შენს თავს ეს კითხვები და ახალი იდეებიც არ დააყოვნებს:
- რა არის შენი ჰობი?
- რის კეთება გიყვარს ყველაზე მეტად?
- რა არის შენი გამორჩეული ნიჭი?
- რა გინახავს სხვაგან ისეთი, რასაც შენს ქვეყანაშიც ისურვებდი?
- არის რამე ისეთი, რაც ძალიან გიყვარს და ბაზარზე ჯერ კიდევ არაა ხელმისაწვდომი?
- როგორც მომხმარებელს, რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად მომსახურების მიღებისას?
- რა პროდუქტს ან მომსახურებას შეიძენდი დღეს, ბაზარზე რომ არსებობდეს?
- რომელია შენი საყვარელი მაღაზია, კაფე, რესტორანი, სასტუმრო თუ ფიტნეს-დარბაზი და როგორ შეიძლება ის უკეთესი გახდეს?
- რამ შეიძლება დაგიზოგოს დრო და ფული?
- რომელია საუკეთესო მომსახურება შენ გარშემო და როგორ შეიძლება ის გარდაიქმნას ახალ მომსახურებასა თუ პროდუქტში?
- რა შეგიძლია აწარმოო უკეთ, სწრაფად და იაფად?
- როგორ შეიძლება ადამიანი გახადო უფრო დაცული და ბედნიერი?
ამ და სხვა კითხვებზე პასუხი დაგეხმარებათ უფრო სწორი ბიზნესიდეის პოვნაში, რაც ადამიანებს ცხოვრებას გაუადვილებს, გააბედნიერებს და შენს იდეასაც სიცოცხლისუნარიან ბიზნესად აქცევს.
და მაინც, რა არის ის ბიზნესიდეა, რომელიც საკუთარ ძალებში დარწმუნებულს, სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის მოტივაციით დამუხტულს ფეხზე წამოგაგდებს, ჰაერში აგიტაცებს და ყველას გასაგონად დაგაძახებინებს – "მე ამისგან გავაკეთებ!.."
გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
editor@entrepreneur.ge