"მეღვინეობა"– დიზაინი, თამაში და ქართული მემკვიდრეობა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ქართულ მეღვინეობას, როგორც კულტურულ და ეკონომიკურ ფენომენს, ახალი ინტერპრეტაცია შეემატა, სამაგიდო თამაში "მეღვინეობა", რომელიც ერთდროულად განათლებასა და გართობას ემსახურება. პროექტის ავტორი საკუთარი პროფესიული ხედვის გაფართოებას ცდილობს და დიზაინი ადამიანებთან უშუალო ურთიერთობის სივრცეში გადმოაქვს.
"ბავშვობიდან განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი ნებისმიერი ნივთისა თუ ობიექტის ფუნქციასა და ვიზუალს, რამაც საბოლოოდ არქიტექტორობამდე მიმიყვანა. სამაგიდო თამაშის შექმნის იდეა 2025 წლის ზაფხულის შვებულებისას გაჩნდა.
რაჭაში ოჯახური მარნებისა და მცირე მეღვინეობებში სტუმრობამ ჩემი დიდი ინტერესი გამოიწვია. შემდეგ ყაზბეგში დასვენებისას ჩვენმა გერმანელმა სტუმარმა გაგვიზიარა გერმანული სამაგიდო თამაში, რომლითაც მთელი საღამო კარგად გავერთეთ. იმ დღესვე გამიჩნდა იდეა, რომ უნდა არსებობდეს მსგავსი სამაგიდო თამაში მეღვინეობის თემატიკაზე, რომელიც ერთდროულად გაართობს და გააცნობს მოთამაშეებს ქართული ყურძნის ჯიშებს, მათ წარმოშობასა და უნიკალურობას. შვებულებიდან დაბრუნებისთანავე ეს იდეა კონკრეტულ მიზნად იქცა", – ნიკა ხვედელიძე, სამაგიდო თამაშის – "მეღვინეობა" – ავტორი.
პროდუქტის შექმნის პროცესი სამეგობროს კოლექტიური მუშაობის მაგალითად იქცა.
"გარდა იმისა, რომ სამაგიდო თამაში "მეღვინეობა" საქართველოშია დამზადებული, ასევე ხუმრობით ვამბობ, რომ ქართულადაა დამზადებული. ეს პროექტი შესასრულებლად საკმაოდ უნიკალური და სპეციფიკური აღმოჩნდა, რასაც დამოუკიდებლად ვერ გავუმკლავდებოდი. კარგად გავიაზრე, ამ პროექტის შექმნას რა უნარები სჭირდებოდა და ჩემს უახლოეს მეგობრებს დავუკავშირდი.
თითოეული კარტისა და ყუთის ილუსტრაციაზე იმუშავეს მხატვრებმა, ნიკა ვახტანგიშვილმა და ნინი ლოლაძემ. ტიპოგრაფიული ლოგო "მეღვინეობა" კი ანა სანიკიძემ შეასრულა. ყურძნის ჯიშების ავთენტურობის შესანარჩუნებლად და სწორად წარმოსაჩენად კონსულტაციას მეღვინე გია ჩუბინიძე გვიწევდა.
დიზაინის პროცესში დემოვერსიებს მუდმივად ვბეჭდავდით და ვუზიარებდით სამაგიდო თამაშების მოყვარულ მეგობრებსა და კოლეგებს, რომლებიც საპასუხოდ თავიანთ აზრებს გვიზიარებდნენ. ამისთვის მადლობას ვუხდი ანა გარშინას, სერგი დევრისაშვილს, ნიკა ხიპაშვილს, ნიკოლოზ ყიფშიძეს, მარიამ ბაწელაშვილს, ოთარ ხვედელიძესა და ბარბარე კიკილაშვილს".
დიზაინის ეტაპი მუდმივ უკუკავშირს ეფუძნებოდა, თუმცა, როგორც ავტორი აღნიშნავს, "მხოლოდ დიზაინის მომზადება ალბათ საქმის 40%-იც არ აღმოჩნდა". პროცესში ჩაერთო ბიზნესგეგმის შედგენა, ფინანსური ანალიზი, ბაზრის კვლევა, საავტორო უფლებების მოპოვება, ფოტო და ვიდეოფროდაქშენი, 3D დიზაინი, მუსიკის ლიცენზირება, პოლიგრაფია, მარკეტინგი, გაყიდვები, ლოგისტიკა და ა.შ.
"ყველა ქართველის სოციალური პასუხისმგებლობაა ჩვენი კულტურის შესახებ ცნობადობა შეძლებისდაგვარად ავამაღლოთ და "მეღვინეობა" სწორედ ამ მისიის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გახდეს".
დღეს თამაში ხელმისაწვდომია ჩვენს ოფიციალურ ვებსაიტზე www.megvineoba.ge და სოციალურ ქსელებში, ხოლო სამომავლოდ ავტორი არქიტექტურის პარალელურად ახალი პროდუქტების შექმნას გეგმავს, სათამაშოებიდან და ავეჯიდან დაწყებული, საერთაშორისო ბაზრისთვის განკუთვნილი დიზაინის ობიექტებით დასრულებული.
"მეღვინეობა" ამ გზის დასაწყისია, სადაც დიზაინი, კულტურა და განათლება ერთ საერთო სივრცეში იყრის თავს.