Memo Project – ელექტრონული მუსიკა, როგორც გამოცდილება და კულტურული მოძრაობა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართული მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებაში ბოლო წლებში მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიმჩნევა. თუმცა იყო დრო, როდესაც ბაზარზე ძირითადად მხოლოდ ანდერგრაუნდ მიმართულება დომინირებდა და აშკარად იგრძნობოდა მრავალფეროვნების, ახალი ხედვისა და განსხვავებული ფორმატის ნაკლებობა. სწორედ ამ მოცემულობაში შეიქმნა Memo Project, პლატფორმა, რომელმაც მუსიკალურ სივრცეში ახალი სიტყვა შემოიტანა.

"ბიზნესის დაწყების პერიოდში ბაზარი ერთფეროვანი იყო და კონცეფციური მრავალფეროვნება აკლდა. Memo Project ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, ვინც მუსიკალურ ინდუსტრიაში განსხვავებული მიდგომა დაამკვიდრა. ფორმატი, რომელიც სცდებოდა ერთ ჟანრსა და ერთ სტილს.

ჩვენ შევქმენით ივენთის ისეთი მოდელი, რომელიც ერთდროულად შეიძლება არსებობდეს როგორც დიდი მასშტაბის პროექტის, ასევე მცირე ღონისძიების სახით, ხარისხისა და იდეის დაკარგვის გარეშე", – ხატია რაზმაძე, კომპანია Memo Projects-ის დამფუძნებელი, არტისტ-დირექტორი და პროდაქშენის ხელმძღვანელი.

როგორც ხატია გვიყვება, Memo Project-ის იდეა ელექტრონული მუსიკის მიმართ პირადი ინტერესიდან და საერთაშორისო სცენებზე მიმდინარე პროცესების დაკვირვებიდან დაიბადა. ხატიას სურვილი იყო, ქვეყანაში შემოეტანა ის ახალი ცნობიერება და ენერგია, რომელიც უკვე არსებობდა ევროპაში და აქტიურად ვითარდებოდა მსოფლიოს ელექტრონული მუსიკის სცენებზე.

"მსურდა ჩემი ხედვით იდეების განხორციელება და ადამიანებისთვის იმ ენერგიის გაზიარება, რაც იმ პერიოდში მსოფლიოს ელექტრონული მუსიკის სცენებზე ტრენდული იყო. მინდოდა მუსიკა არა მხოლოდ პროდუქტად, არამედ სრულფასოვან გამოცდილებად ქცეულიყო".

Memo Project-ის კონცეფცია თავიდანვე გულისხმობდა სხვადასხვა ლოკაციაზე, უფრო ფართო ჩართულობითა და განსხვავებული მასშტაბით ღონისძიებების ორგანიზებას.

პროექტის მიზანი იყო შეექმნა გარემო, სადაც ადამიანები დამღლელი კვირის შემდეგ შეძლებდნენ ხარისხიანი დროის გატარებას. სწორედ ამიტომ კონცეფციის ცენტრში მუსიკა, ემოცია და იდეა ერთიან, მთლიან გამოცდილებად გაერთიანდა.

"ეს იყო ნაბიჯი გაურკვევლობისკენ. თუმცა პირველი ღონისძიებების შემდეგ მივხვდი, რომ ეს ფორმატი რეალურად სჭირდებოდა ქართულ აუდიტორიას და, ამავე დროს, იყო საქმე, რომლის კეთებაც გულწრფელად მსიამოვნებდა. თუ იდეას ბოლომდე გრძნობ და გჯერა, გაბედულება ერთადერთი სწორი არჩევანია".

Memo Project-ის განვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო მსმენელის მოთხოვნის სწორად აღქმა და დაკმაყოფილება, ბაზარზე არსებულ ტენდენციებზე დროული რეაგირება, არტისტების შესაბამისი შერჩევა და მათი ხარისხიანი მიწოდება აუდიტორიისთვის.

"არტისტებთან მუშაობა მოითხოვს არა მხოლოდ ორგანიზებულობასა და ლოგისტიკის სიზუსტეს, არამედ ემპათიასა და შემოქმედებით გაგებას. ამავე დროს აუცილებელია აუდიტორიის მოლოდინების გამართლება, რაც ინტუიციასა და გამოცდილებას ეფუძნება.

ხშირად ყველაზე რთული სწორედ იმ ატმოსფეროს შექმნაა, რომელიც ყველა მხარეს დააკმაყოფილებს, არტისტს თავისუფლებას, აუდიტორიას ემოციას, ხოლო გუნდს ტექნიკურად გამართულ ღონისძიებას მისცემს".

როგორც ხატია იხსენებს, დამატებით გამოწვევას წარმოადგენდა ნდობის მოპოვება, როგორც პარტნიორების, ისე აუდიტორიის მხრიდან. ახალი კონცეფციის მიღება ყოველთვის მარტივი არ არის. თუმცა თანმიმდევრულმა მუშაობამ, ხარისხზე მუდმივმა ფოკუსმა და მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ შეუძლებელი მხოლოდ დროებითი განცდაა.

"არ დაელოდოთ იდეალურ დროს. დაიწყეთ იქიდან, სადაც ხართ. რესურსი და ძალები მოგეცემათ. ქალებსა და გოგონებს კი ვეტყოდი: თუ გაქვთ ეჭვები და შიშები, ეს ნორმალურია, მაგრამ ნუ მისცემთ მათ საშუალებას, შეგაჩერონ. ეს ზრდის ნაწილია და არა საზღვარი. თქვენი ხმა და იდეა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია".

Memo Project-ის განვითარების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იდენტობის შენარჩუნებას. ხატიასთვის მნიშვნელოვანია, რომ ზრდასა და მასშტაბირებასთან ერთად არ დაიკარგოს ის ავთენტურობა, რაც თავიდანვე განასხვავებდა პლატფორმას.

"ჩემი მთავარი ინსპირაცია Memo Project-ის იდენტობის შენარჩუნებაა. მნიშვნელოვანია, რომ განვითარებასთან ერთად არ დავკარგოთ ის ღირებულებები, რის გამოც ეს პროექტი შეიქმნა".

მისთვის ინსპირაცია მოდის თავად პროცესიდან, იდეის ფორმირებიდან მის რეალურ გამოცდილებად გარდაქმნამდე: სივრცის შერჩევა, არტისტების დაკომპლექტება და საბოლოოდ აუდიტორიის ემოციური რეაქცია.

განსაკუთრებულ მოტივაციას იძლევა ის მომენტები, როდესაც ღონისძიებები ადამიანებისთვის ყოველდღიურობისგან მცირე გაქცევად, თავისუფლებისა და ახალი ემოციების წყაროდ იქცევა.

ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს გუნდსაც, ადამიანებს, რომლებიც იზიარებენ საერთო ხედვას და თითოეულ დეტალს მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.

"უახლოესი ერთი წლის მთავარი ამოცანა სტრატეგიული მასშტაბირებაა, ხარისხისა და იდენტობის შენარჩუნებით. იგეგმება ახალი არტისტების აქტიური ჩართვა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სცენიდან, რათა პროექტი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდეს".

ამ ეტაპზე უკვე განხორციელებულია ორი წარმატებული პროექტი ევროპასა და ამერიკაში, რაც საერთაშორისო მიმართულებით გაფართოების რეალურ საფუძველს ქმნის.

ერთწლიანი გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა ლოკაციაზე კონცეპტუალური ღონისძიებების სერიაზე, რაც Memo Project-ს საშუალებას მისცემს, არსებობა განსხვავებული მასშტაბითა და ფორმატით განაგრძოს.

ხატია ამბობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მიზანი გაცილებით მასშტაბურია, Memo Project ჩამოყალიბდეს პლატფორმად, რომელიც მუსიკალურ ინდუსტრიაში მუდმივად ქმნის ახალ სიტყვასა და ახალ გამოცდილებას, არა მხოლოდ ღონისძიებების დონეზე, არამედ როგორც კულტურული მოძრაობა, რომელიც ადამიანებს მუსიკის საშუალებით აერთიანებს.