მენეჯმენტი, როგორც სტრატეგიული უნარი – "დავით კენჭაძის აკადემიის" საგანმანათლებლო მოდელი და ხედვა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ჩვენი ცხოვრება ზუსტად ისეთია, როგორ გადაწყვეტილებებსაც ვიღებთ, ხოლო მენეჯმენტი სწორედ ამ გადაწყვეტილებების მიღების ხელოვნებაა", – ამბობს დავით კენჭაძე, ანტრეპრენერი და მენეჯმენტის ექსპერტი, რომელიც უკვე 23 წელია საგანმანათლებლო სფეროში მუშაობს. მისი თქმით, თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნიკურ სამუშაოს სულ უფრო მეტად ხელოვნური ინტელექტი ითავსებს, მენეჯმენტის უნარები და ადამიანური კომუნიკაცია ყველაზე ძვირადღირებულ აქტივად იქცევა.
სწორედ ამ ხედვას ეფუძნება "დავით კენჭაძის აკადემია", რომლის მიზანია, დაეხმაროს ადამიანებს, გახდნენ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიები. აკადემია სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ, ჰიბრიდულ სასწავლო მეთოდოლოგიას: 75 ვიდეოლექციაზე – ფიზიკურ ლექციებს და საქართველოში პირველ, უნიკალურ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ბიზნესსიმულატორს. ეს მეთოდი სტუდენტებს აძლევს საშუალებას, რეალურ ქეისებზე დაყრდნობით ისწავლონ ბიზნესის მართვა და მიიღონ ცოდნა, რომელიც პრაქტიკაში მუშაობს.
"დავით კენჭაძის აკადემიის" რეპუტაციასა და სანდოობას, პირველ რიგში, დამფუძნებლის გამოცდილება და კარიერული წარმატებები განსაზღვრავს. მისი კარიერული გზა 28 ინდუსტრიასა და 33 ბიზნესპოზიციას მოიცავს. ის სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორიცაა "თიბისი ფეი" (სადაც მისი მმართველობისას ბრუნვა 1 624%-ით გაიზარდა) და "ელიტ ელექტრონიქსი". დავითს, როგორც ბიზნესკონსულტანტს, 200-ზე მეტ კომპანიასთან უმუშავია, ჩაუტარებია 2 600-ზე მეტი სემინარი 100 000-ზე მეტი ადამიანისთვის და ოთხჯერ მოუპოვებია Golden Brand-ის ჯილდო. დღეს ის წარმატებით მართავს საკუთარ ბიზნესს უძრავი ქონებისა და დასაქმების სფეროში (KENCHADZE.Real Estate, KENCHADZE.investments, KENCHADZE.Jobs), რომელიც ათასობით დასაქმებული ადამიანით მრავალმილიონიან გარიგებებს მოიცავს.
აკადემიის შესახებ დავით კენჭაძე Entrepreneur-ს ესაუბრა:
"განათლების სფეროში 2005 წლიდან ვარ ჩართული. ათასობით სემინარი ჩამიტარებია, უამრავი ვიდეო ჩამიწერია, რომელთაც დიდი აუდიტორია ჰყავს. ამ დროის განმავლობაში ყოველთვის ვმუშაობდი კორპორაციული მიმართულებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩემი კლიენტები იყვნენ კომპანიები, რომლებიც უკვეთდნენ თანამშრომლების გადამზადების კურსებს. ამას თავისი უარყოფითი მხარე აქვს – ადამიანებს, რომლებიც ესწრებიან ხოლმე მსგავს ტრენინგებს, დამსაქმებელი აგზავნის და, როგორც წესი, მოტივაცია არ აქვთ.
რაღაც დროს გაჩერებული ვიყავი და ერთხელაც სოციალურ ქსელში გავაზიარე იდეა მოზარდების კურსების შექმნის შესახებ. იმდენად დიდი სურვილი გაჩნდა, რომ გადავწყვიტე რეალობად მექცია. შემდეგ უკვე სურვილი გამოთქვეს უფროსებმაც. შესაბამისად, გამოხმაურებამ თავად აჩვენა, რომ ბაზარზე შეიცვალა სიტუაცია და ადამიანები თავადვე არიან მზად, მიიღონ ცოდნა და არ დაელოდონ დამსაქმებელ კომპანიებს.
ჩემი პროგრამები აკადემიაში არის ერთი მიმართულების – ეს არის მენეჯმენტი. მენეჯმენტი მოიცავს ყველაფერს, გარდა ტექნიკური დეტალებისა. ის ყველა ინდუსტრიასა და პროფესიულ ცოდნას მოიცავს. გამონაკლისის სახით შეგვიძლია გამოვყოთ სამედიცინო და იურიდიული სფეროები, სადაც ძირითადად განსხვავებული გაიდლაინებია. სხვა ყველა სფეროში, რა პროცესებიც მიმდინარეობს, რეალურად მენეჯმენტია. ავეჯის წარმოებაც კი მენეჯმენტია, კორპუსის აშენებაც. თუმცა უნდა განვასხვაოთ ის, რომ აქ არ ვსაუბრობთ ვიწრო ტექნიკურ სპეციალობებზე. მოკლედ რომ ვთქვათ, მენეჯმენტი არის ის, რაც ვიწრო სპეციალობებთან ერთად ამოძრავებს ყველა სფეროს. შესაბამისად, ჩვენი კურსები ფოკუსირებულია იმაზე, რასაც მოიცავს მენეჯმენტი. მენეჯმენტს როცა ვახსენებთ, აქ ბიზნესადმინისტრირებაც მოიაზრება", – ამბობს დავით კენჭაძე.
"დავით კენჭაძის აკადემიის" წარმატების გასაღები ინოვაციურ მეთოდოლოგიაში მდგომარეობს, რომელიც ცოდნის სწრაფ ათვისებასა და მის პრაქტიკულ ტრანსფორმაციაზეა ორიენტირებული.
პირველი ეტაპი ფუნდამენტური ცოდნის ბაზაა: ზრდასრულთა კურსების შემთხვევაში, სტუდენტები წვდომას იღებენ 75 ვიდეოლექციაზე. ეს არის კონცენტრირებული საგანმანათლებლო რესურსი ბიზნესადმინისტრირებისა და მენეჯმენტის მიმართულებით. მოზარდების შენთხვევაში ეს მასალა სპეციალურად არის ადაპტირებული და გამარტივებული ფორმატით – წარმოდგენილი.
მეორე, ყველაზე ინტერაქციული და ინოვაციური ნაწილი კი AI-სიმულატორია: აკადემიამ შექმნა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც სტუდენტებს რეალურ ბიზნესგარემოში ამუშავებს. მათ ეძლევათ შესაძლებლობა, გუნდებად გაიყონ და მართონ ვირტუალური კომპანიები კონკურენტულ გარემოში – ეს არის Management Strategy Game, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სიმულატორი, სადაც სტუდენტები ეჯიბრებიან ერთმანეთს და ხედავენ, როგორ აისახება მათი გადაწყვეტილებები შედეგებზე. სწორედ ამ ტიპის სიმულაციებს იყენებენ Harvard Business School-ში, INSEAD-ში და მსოფლიოს 500-ზე მეტ ბიზნესსკოლაში. სწავლების ეს მიდგომა უზრუნველყოფს სტუდენტების მაქსიმალურ ჩართულობას და თეორიული მასალის პრაქტიკულ უნარებად გარდაქმნას.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს გამორჩეული, უნიკალური სასწავლო პროგრამა, რომელიც ყველა პირობას შეუქმნის სტუდენტებს სრულყოფილი ცოდნის მისაღებად. სწორედ ამიტომ გავაკეთეთ ვიდეოგაკვეთილები, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, რომ არაფერი გამორჩეთ. ასევე, ჩვენ გარდა არავის აქვს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სიმულაციური მეთოდი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ჩემ მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილება, რაც საშუალებას მაძლევს, ვასწავლო არა მხოლოდ თეორია, არამედ ის, რაც რეალურად პრაქტიკაში მუშაობს. აკადემიის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება სწორედ ეს გამოცდილებაა, რადგან ამ დროის განმავლობაში უამრავი პროცესის მონაწილე ვიყავი. ბიზნესში უამრავი რამ მაქვს ნანახი, უამრავი შეცდომაც დამიშვია, უამრავ წარმატებასაც მივაღწიე სხვადასხვა პოზიციაზე ბიზნესის მართვაში. მთელი ეს გამოცდილება ჩადებულია იმ 75 ვიდეოლექციაში. ხშირად ამბობენ, რომ ინტერნეტში უამრავი რესურსი მოიპოვება, როგორც ვიდეოს, ასევე წიგნების სახით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს თეორიულ ინფორმაციაზე დაფუძნებული მასალაა, ხოლო ჩვენი სასწავლო ცენტრის ვიდეომასალა პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ ცოდნასაც მოიცავს, რაც უნიკალურია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს აკადემიაში სტუდენტების გარკვეული ნაწილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ სწავლობს და მუშაობს, გვინდოდა, რომ სასწავლო ფორმატი მაქსიმალურად ყოფილიყო ხელმისაწვდომი, რადგან მოსწავლეები სხვადასხვა ქვეყნიდან გვყავს. სწორედ ამიტომ, ფორმატი არის ჰიბრიდული – როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკური ლექციები".
აკადემიის დასრულების შემდეგ სტუდენტები ორგვარი პერსპექტივის წინაშე დგებიან: პირველი – დამოუკიდებლად გამოიყენონ ათვისებული ცოდნა საკუთარ ბიზნესსა თუ კარიერაში, და მეორე – გაიარონ რთული საგამოცდო ბარიერი და მოიპოვონ დავით კენჭაძის პირადი "თავდებობა".
ეს უკანასკნელი გაცილებით მეტია, ვიდრე სტანდარტული სარეკომენდაციო წერილი. ვინაიდან დავით კენჭაძე ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დასაქმების სააგენტოს დამფუძნებელია, მისი სიტყვა ბიზნესსექტორში განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს.
"გამოცდის ფორმატი გვაძლევს საშუალებას, მრავალმხრივ დავრწმუნდეთ ამ ადამიანების უნარებსა და მიღებული ცოდნის სიღრმეში. ჩვენთვის მთავარი ის კი არ არის, რომ მათ, უბრალოდ, დაიზეპირონ მასალა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის გახდეს მართლაც ძლიერი მენეჯერი", – განმარტავს დავით კენჭაძე.
დავით კენჭაძის ხედვით, ადამიანის ცხოვრების ხარისხი პირდაპირპროპორციულია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა. მისი თქმით, ჩვენი ყოველდღიურობა, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, არჩევანის უწყვეტი ჯაჭვია, სადაც მთავარი გამოწვევა გონების სტრატეგიული მართვაა.
მენეჯმენტი აქ მხოლოდ ბიზნესტერმინი არ არის – ეს არის აზროვნების სტილი, რომელიც მიზნის დასახვასა და მის მისაღწევად საჭირო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს.
"მენეჯმენტი მოიცავს ყველაფერს: დროის ეფექტურ განაწილებას, კარიერულ წინსვლასა და კონფლიქტების მართვას. ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც იმის ცოდნაა, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ დასახულ მიზანს. სწორედ ამ ფუნდამენტური უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული აკადემიის სასწავლო პროგრამა, რომლებიც სტუდენტებს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ ცხოვრებისა და ბიზნესის მართვის პრაქტიკულ ინსტრუმენტებს სთავაზობს", – დავით კენჭაძე.
დავით კენჭაძის თქმით, თანამედროვე შრომის ბაზარზე ფუნდამენტური გარდატეხა ხდება: თუ ადრე მთავარი აქცენტი აკადემიურ ცოდნაზე კეთდებოდა, დღეს უპირატესობა პრაქტიკული უნარებს ენიჭება. ტექნიკური და მექანიკური სამუშაოს ნაწილს ხელოვნური ინტელექტი (AI) ეტაპობრივად ანაცვლებს, რაც კიდევ უფრო ზრდის მენეჯერული კომპეტენციის ფასს.
"ტექნოლოგია ვერასოდეს ჩაანაცვლებს გადაწყვეტილების მიღების უნარსა და ადამიანურ კომუნიკაციას – ორ უმთავრეს კომპონენტს, რომელსაც მენეჯმენტი მოიცავს", – აღნიშნავს ის.
მისი თქმით, მომავალში ყველაზე მოთხოვნადი და ძვირადღირებული სწორედ ის სტრატეგიული აზროვნება იქნება, რომელიც კრიტიკულ სიტუაციებში სწორი არჩევანის გაკეთებასა და გუნდის ეფექტურ მართვას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდებისთვის მისი მთავარი რჩევაა პროფესიული განვითარების მენეჯმენტის მიმართულებით დაგეგმვა, რადგან ეს არის სფერო, სადაც ადამიანური ინტელექტი შეუცვლელი რჩება.
საბოლოო ჯამში, "დავით კენჭაძის აკადემიის" საქმიანობა სცდება მხოლოდ ბიზნესგანათლების ჩარჩოებს. ეს არის მცდელობა, შეიქმნას ისეთი საზოგადოება, სადაც ადამიანები საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიებად იქცევიან. აკადემიის მიზანი ამბიციური, თუმცა რეალურია: უკეთესი სამუშაო ადგილები და მყარი კარიერული პოზიციები კურსდამთავრებულისთვის.
დავით კენჭაძისთვის ეს პროცესი მხოლოდ ბიზნესი არ არის – ეს 23-წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით გამყარებული საყვარელი საქმეა. "ჩვენი გუნდი მუდმივად ეძებს გზებს სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად, რათა ადამიანებს რეალიზებაში დავეხმაროთ. წარმატებული კურსდამთავრებული – სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია", – დავით კენჭაძე.