Join our Waitlist for Expert Advice!

მერე ვერ იტყვი: მე მომკლეს, ბაბუ შენ ცოცხალი ხარ, და 26-ში ვიწროს გადიხარ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ღია წერილის ავტორი: ბასა ქართველიშვილი

ეს წერილი განკუთვნილია იმ ამომრჩევლისთვის, ვინც წლების მანძილზე 41-ს აძლევდა ხმას, ამჯერად კი ეჭვობს, დაუჭიროს მხარი, შეეწინააღმდეგოს, თუ საერთოდ არ მივიდეს არჩევნებზე (ან მივიდეს და ყველა გადახაზოს).

პირველ რიგში, შევთანხმდეთ, რომ ამაზე ცხადი არჩევანი იშვიათია. ხელისუფალმა ნათლად გვითხრა; მე იმას გადმოგიგდებთ, რასაც სწორად მივიჩნევ, თქვენ კი, ზედმეტი კითხვების გარეშე, იღებთ და ყლაპავთ. ვინც კრინტს ძრავს, ჯაშუშია. მოკეტეთ, და ლოკეთ ძვლები.

თავმოყვარეობა, კაცობა, ქალობა, ადამიანური ღირსება - ასეთი გრძნობები, პოლიტიკური მოწოდებებით არ ღვივდება. ასე რომ, შევეშვათ; და მარტივი ჭეშმარიტება ვაღიაროთ: არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი.

2012 წლიდან, ოცნებას ვაძლევდი ხმას. ყველა არჩევნებზე. აქამდე, დიდწილად, ან ოცნება იყო, ან ნაციონლური მოძრაობა. ამ უკანასკნელისთვის, ხმა არასოდეს მიმიცია და არც ოდესმე ვაპირებ. შენი საქმისა შენ იცი. ოღონდ თავს ნუ მოიკატუნებ, ისევ ეგ ორიაო. სალაზღანდაროდ არ ვართ შეკრებილი, ქვეყნის ბედი წყდება. ასე რომ, კეთილი ინებე და სამიდან ერთ პოზიციაზე შეჯერდი:

1. არა ნაცებს
2. არა ქოცებს
3. არა ნაცებს - არა ქოცებს

ეს არჩევანი გელოდება 26 ოქტომბერს და, მანამდე დაფიქრება თუ ვერ მოასწარი, იქ, ბიულეტენთან მარტო დარჩენილს, 26 წამიც გეყოფა, წყნარად გაიაზრო, ვინ ვინ არის, და შენ ვის ემხრობი. ერთ რამეზე შევთანხმდეთ მხოლოდ: მერე ვერ იტყვი: მე მომკლეს, ბაბუ.

რატომ უნდა დამიჯერო

ისტორიის მკვლევარი ვარ. ფაქტების ძიება ჩემი საქმეა. მათი ანალიზიც, აღნუსხვაც, გაზიარებაც. ამ ხელობას ვემსახურები და გარანტიას გაძლევ, რომ ამ არჩევნების გახსენებისას, "მე მომკლეს, ბაბუ" არ ჭრის. მოგიწევს შვილიშვილისთვის (ან შვილთაშვილისთვის) თვალებში ჩახედვა; მისი მკაფიო და პირდაპირი კითხვის მოსმენა: სად იდექი 2024 წლის 26 ოქტომბერს, ბაბუ? თუ არ გინდა მაგ კითხვის მოსმენისას დაიწვე ცოცხლად, უნდა იმოქმედო.

2024 წელია, ისტორია დღეს სხვაგვარად იწერება. ლუსტრაციის ხარისხი სხვაა. შენი ფეისბუქ კომენტარებიც კი ადვილად არქივდება. სირაქლემასავით, თავს ვერსად გაყოფ. ღვიძლი შვილიშვილი ამოგთხრის.

ნუ გიკვირს, უბრალო არჩევნები არ არის. ბევრი ამ ოქტომბერს 1991 წელს ადარებს, ზოგი - 2003-ს, 2012-ს და ასე შემდეგ. ამ შედარებებს თავის ხიბლი აქვს, მაგრამ თუ მართლაც ისტორიული პარალელები გაინტერესებს, დღევანდელობა 1921 წლის თებერვალს ჰგავს, თანაც, გაჭრილი ვაშლივით.

ფიქრობ, მაშინ მხოლოდ ორი ცუდი კაცი იყო საქართველოში და მათ შემოაჭენეს რუსული ჯარი, ჩვენ კი უძლურნი აღმოვჩნდით მილიონი წითელარმიელის წინაშე? მამაცად ვიბრძოლეთ და დავეცით? რა თქმა უნდა, არა. ასიათასობით აჭრილი ქართველი დაბოგინობდა მაშინაც, ზოგი პრორუსულად განწყობილი, ზოგი - ბებიამისურად, ზოგიც - ფანატიკოსი, თანაც, აი ზუსტად ასევე, როგორც დღეს, კისერ მოღერებულები, ჩოხაში გამოწყობილები, ევროპელებს დედას აგინებდნენ და კაცი ვააარო, ადამიანი, გაჰკიოდნენ.

მაშინ არაბული ნავთობ ინდუსტრია არ იყო ჯერ განვითარებული და ევროპა, უპირველეს ყოვლისა, ბაქოს ნავთობით მარაგდებოდა. ამიტომ გაჩნდა ჩვენთან რკინიგზაც და პირველი ენერგეტიკული მაგისტრალებიც, საქართველოს გავლით ხდებოდა ევროპაში ნავთობის მიწოდება - იმედია, არ გეგონა, რომ რუსმა აგიშენა რკინიგზა, იმიტომ, რომ ჯიგრები იყვნენ პაპაშენი და პაპამისი.

მაშინაც, როგორც დღეს, საქართველოსადმი ინტერესი იყო. გერმანელებსაც, ბრიტანელებსაც, მთელ ევროპას უნდოდა, რომ თავისუფალი, ძლიერი სატრანზიტო ქვეყანა ვყოფილიყავით. უნდოდათ ჩვენი დახმარება, გვეხმარებოდნენ კიდეც, სამხედრო საქმეშიც, ეკონომიკაშიც, პოლიტიკაშიც. მაგრამ, ასიათასობით ყეყეჩი, დაუნახავი, უვარგისი ქართველი რუსეთისკენ გვექაჩებოდა. და, ბოლო-ბოლო, გადაგვქაჩეს.

ქართული ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდება, იცი ეგ შენ. ქართველი კომუნისტების დამსახურება იყო, რუსი რომ შემოვიდა 100 წლის წინ. და ისევ მსგავსი გათახსირებულების სინდისზე იქნება, თუ მობრუნდენ. დაგუგლე, წაიკითხე ცოტა იმ დროზე. მე კი მანამდე ორ ისტორიას გიამბობ.

ეს ერთ-ერთი კლასიკური კომუნისტი, ბოლშევიკი და, როგორც დღევანდელ მედროვეებს უყვართ თქმა, უსამშობლო კაცია. 1918-1921 წლების დამოუკიდებელ საქართველოში, მისი საქმე ხელისუფლების საწინააღმდეგო ბოლშევიკური აჯანყებების მოწყობა იყო. ამის გულისთვის დააპატიმრეს კიდეც, თუმცა რუსეთმა (სხვა ბოლშევიკებთნ ერთად) მალევე იხსნა ციხიდან და მოსკოვში გადაიყვანა. საქართველოს დაცემის შემდეგ, თბილისში დაბრუნდა და წარმატებით იღვაწა თავისი არსისა და მოწოდების შესაბამისად. დატოვა შთამომავლობა, რომელთაგან არაერთმა იპოვა თავის გზა და დღესაც წარმატებით განაგრძობს მოღვაწეობას.

ამ სურათზე კი, ერთ-ერთი, ჩემი დიდი პაპაა. მას კომუნისტები, ბოლშევიკები და სხვა მსგავსი არაფრისტები დასანახავად ეჯავრებოდა. დამოუკიდებელ საქართველოში, დედაქალაქის სამსახურში იდგა, შემდგომ რუსების წინააღმდეგ აჯანყებაში მონაწილეობდა, რისთვისაც ბერიამ გაასამართლა და წლებით ციხეში გამოკეტა. ნიჭიერი კაცი იყო, მაგრამ, როგორც სჩანს, ქვეყანა ფეხებზე არ ეკიდა. ამიტომ გარისკა სიცოცხლეც, თავისუფლებაც, კარიერაც, თუმცა ერთი წამითაც არ უნანია. ქუჩაში ამაყად გამოდიოდა, მზეს არასოდეს ემალებოდა, შვილიშვილების ყველა კითხვაზე ჰქონდა ღირსებით სავსე პასუხი. არავითარი მე მომკლეს ბაბუ.

ხოდა რას ვამბობ იმ ამბებიდან 100 წლის თავზე

ვდგევარ ამ უბრალო ქართველების შთამომავალი, არ შერცხვენილი, არავისგან დავალებული, არ გამწირავი, სხვის ჭირზე არ აწყობილი, ვდგევარ და ვითხოვ: დღეს არ მომიკლათ სამშობლო ისევ! არ ჩაუკუჭოთ რუსეთს უბეში, არ გაატანოთ მაგ უღმერთოებს კიდევ ვინ იცის რამდენი წლით და მე გირიგდებით. ვივიწყებ ყველა ტკივილს და წყენას, ჩემი ვენახის გაჩეხვით გამთბარ თქვენს ბროლის კერას, ჩემი წინაპრის საკანში ჯდომით ნაშოვნ თქვენს ჩინებს, მუცლის ღმერთებში გადაცვლილ ქრისტეს, დაცინულ გმირებს.

ვივიწყებ ბოლო 6 თვის ბოდვას, წუმპედ რომ გდიხართ და გაჰკივიხართ, კაცი ვარ, კაცი! ილიას, დავითის, თამარის ხსოვნას რომ არცხვენთ ქცევით, რომელსაც სხვა ვინ იკადრებდა, თუ არა მტერი!!!

ყველაფერს გპატიობთ და ვუბრუნდებით ევროპულ ოჯახს. ქრისტიანობას და არა მონღოლურ კულტებით ტკბობას. ვბრუნდებით იქ, სადაც უმადურობის ადგილი არ არის. სადაც მოყვარეს მტრისგან არჩევენ - ხვდები ჩანაფიქრს?

თუ გამიბედავ ისევ რუსეთის თემით მევაჭრო, ვითომ რომ აი, მათთან ალაგებ ურთიერთობას. თითქოს ომსა და მონობას შორის სხვა არრა არის! თუ გამიბედავ კიდევ მაქეთკენ მექაჩო ძალით, ორმოცდაერთის შემოხაზვით, ან სხვა მუქარით, მანდ დაგისრულებ პატიებას, ხატებს ვფიცავარ! და მოგექცევი ზუსტად ისე, მტერს რომ უხდება.

მოვივლი ინტერნეტს, მთა-ბარს, არქივებს, აღგნუსხავთ ყველას, ვინც ეს ქვეყანა ისევ გაწირეთ. ვინც ამ ფერხულში სიძულვილის მსახურად იდგა, ხელოვნურ ინტელექტსაც დავიხმარებ, თუკი დამჭირდა. ერთ დიდ სირცხვილის, ქვეყნის მტრების ჟურნალად შეგკრავთ და მოვუყვები მთელ საქართველოს, ერსაც და ბერსაც, რა უვარგისი თათქარიძეთა მოდგმის ყოფილხართ.

ამას იმიტომ კი არ ვიზამ, რომ ბოღმა მერჩის. არამედ იმიტომ, რომ 100 წელი ვადაა უკვე. თუ ამ ასმა წელმაც ვერაფერი შეგაგნებინა, ესეიგი, შენი არსებით, ქვეყნის მტერი ხარ. მტრის სახელი კი ყველა ქართველმა უნდა იცოდეს. წესი წესია, ასე ასწავლიან ისტორიკოსებს.

ასე რომ, დაივიწყე "მე მომკლეს, ბაბუ". შენ ცოცხალი ხარ, და 26-ში ვიწროს გადიხარ.

ბასა ქართველიშვილი
basa.kartvelishvili@gmail.com

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

როგორ ვმართოთ დრო ეფექტიანად?

თინათინ რუხაძე − ACT-ის თანადამფუძნებელი და ხედვის ლიდი

ტექნოლოგიური ტრენდები

რა აკლია ქართველს?

პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ

Business News

AI ინსტუმენტები, რომელიც რეალურად მუშაობს

20 ინსტრუმენტი, რომელსაც რეკომენდაციას უწევენ მეწარმეები