"მერქანი" – 25-წლიანი გამოცდილება ავეჯის წარმოების ინდუსტრიაში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

როდესაც საქმე სივრცის მოწყობას ეხება, დეტალებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ხარისხიანი შედეგი არა მხოლოდ პროფესიონალიზმს, არამედ სანდოობასა და პარტნიორულ დამოკიდებულებასაც მოითხოვს. ამიტომ კომპანია, რომელსაც ამ პროცესს ვანდობთ, უნდა გამოირჩეოდეს პასუხისმგებლობით, ღირებულებებზე ორიენტაციით და სიღრმისეულად ესმოდეს, რა შეუძლია შეცვალოს ერთმა სწორად დამუშავებულმა დეტალმა. სწორედ ასეთია კომპანია "მერქანი", რომელიც უკვე 25 წელია ქართულ ბაზარზე საქმიანობს და რომლის რეპუტაციაც ამ პრინციპებზეა აგებული.

მერქანი 2000 წელს დაფუძნდა. კომპანია, ე.წ. რბილი ავეჯის გარდა, ყველა სახეობის ავეჯს და შიდა კარებს ამზადებს. "მერქანის" უკეთ გასაცნობად კომპანიის დამფუძნებლებს, ედუარდ გულავრიშვილსა და დათუშა დარსალიას ვესაუბრეთ.

როგორც დამფუძნებლები ამბობენ, თავდაპირველად კომპანია კომერციული მიზნებით შეიქმნა, თუმცა დროთა განმავლობაში საყვარელ საქმედ და ჰობიდაც კი იქცა.

"კომპანია ჩვენმა მესამე პარტნიორმა, სიმონ გახარიამ დააფუძნა, შემდეგ კი ჩვენც შევუერთდით. სიმონი ორი წლის წინ გარდაიცვალა, თუმცა "მერქანი" დღესაც მის იდეებზე დგას. ჩვენზე, ალბათ, მომხმარებლებმა უნდა ისაუბრონ, თუმცა მაინც გავიმეორებთ იმას, რაც ყველაზე ხშირად მოგვისმენია – გვეუბნებიან, რომ პროექტებს ვუდგებით არა როგორც კომერციულ საქმეს, არამედ ისე, როგორც საკუთარი სახლის მოწყობას მივუდგებოდით. მართლაც, ასე ვმუშაობთ თითოეულ პროექტზე", – ამბობს ედუარდ გულავრიშვილი.

"ეს არის ჩვენი ნიშა – მაქსიმუმს ვდებთ საქმეში და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დამკვეთის წარმოსახვაში არსებული იდეალური შედეგი რეალობად ვაქციოთ. ცხადია, პროფესიონალური მიდგომა იმასაც ნიშნავს, რომ რეალურად დაანახვო დამკვეთს, რა არის შესაძლებელი და რა – არა. შემდეგ კი მასთან ერთობლივი მუშაობით მოძებნო საუკეთესო გადაწყვეტა. ხშირად ხდება, რომ დამკვეთს კონკრეტული სურვილი აქვს, თუმცა ბიუჯეტის, სივრცის ან სხვა ობიექტური გარემოების გამო იდეის განხორციელება ვერ ხერხდება, ამიტომ კონსულტაციის ეტაპზევე ვათანხმებთ დეტალებს, ვაძლევთ რეკომენდაციებს და ვაკვალიანებთ. აღსანიშნავია, რომ კონსულტაცია ჩვენთან უფასოა", – დათუშა დარსალია.

მომხმარებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ კომპანიასთან თანამშრომლობისას თავს მშვიდად გრძნობენ – იციან, რომ მათი მომავალი სახლი ან კომერციული სივრცე პროფესიონალების ხელშია. როგორც "მერქანის" დამფუძნებლები გვიყვებიან, ყოფილა შემთხვევები, როცა დამკვეთი ქვეყანაში არ იმყოფებოდა, თუმცა უთქვამს, რომ ფიზიკური სიშორე ვერ იგრძნო, რადგან ყველა დეტალის საქმის კურსში იყო.

კომპანიაში წარმატების შეფასებისას, ედუარდ გულავრიშვილი და დათუშა დარსალია ამბობენ, რომ "მერქანის" პოზიცია ბაზარზე მნიშვნელოვნად განსაზღვრა ადამიანურმა ფაქტორებმა – დამკვეთთან კეთილსინდისიერმა და მეგობრულმა დამოკიდებულებამ.

"ხარისხზე ცალკე საუბარიც აღარ ღირს. დღეს საქართველოში ისეთი მაღალი კონკურენციაა, რომ შესაბამისი ხარისხის გარეშე კომპანია, უბრალოდ, ვერ იარსებებს. გარდა ხარისხისა, მნიშვნელოვანია გამოცდილება, რაც დაგვიგროვდა. დღეს უკვე ზუსტად ვიცით, რომელ მომხმარებელს რა შევთავაზოთ და როგორ გავუმარტივოთ საქმე", – აღნიშნავს დათუშა დარსალია.

"მერქანის" დამკვეთების უმრავლესობა დიზაინერია და კომპანიას გამზადებული ნახაზებით მიმართავს. თუმცა, თუ პროექტში დიზაინერი არ ერთვება და მომხმარებელს ჯერ არ აქვს ზუსტი წარმოდგენა, რა სურს, პროცესში "მერქანის" მთელი გუნდი ერთვება. კომპანიას ჰყავს როგორც ინტერიერის, ასევე ავეჯის დიზაინერები.

"პირველ ეტაპზე გავდივართ კონსულტაციას – დამკვეთი გვაცნობს თავის პროექტს, სურვილებსა და მოლოდინებს. ვსაზღვრავთ ბიუჯეტს, მივდივართ ადგილზე და ვნახულობთ ობიექტს, ვეცნობით სივრცეს, შემდეგ ვთანხმდებით ღირებულებაზე, მზადდება დიზაინი, ნახაზი და შემდეგ იწყება უშუალოდ სამუშაო პროცესი", – განმარტავს ედუარდ გულავრიშვილი.

ინდუსტრია, რომელშიც "მერქანი" ოპერირებს, ძალიან სწრაფად ვითარდება – იცვლება ტექნოლოგია, ტრენდები, ცხოვრების სტილი, შესაბამისად, იცვლება სივრცეების ვიზუალური და ფუნქციური დანიშნულება. "მერქანის" გუნდისათვის სიახლეებთან ადაპტირება მუშაობის თანმდევი პროცესია. კომპანიის წარმომადგენლები მუდმივად ესწრებიან სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციას, ბაზრობებს, გამოფენებს და ეცნობიან გლობალურ ტენდენციებს. თუმცა, ამავდროულად, აღნიშნავენ, რომ განვითარებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკა და გამოცდილებაა.

"მერქანის" ერთ-ერთი უპირატესობა ევროპული დანადგარებია, რომლითაც კომპანია მუშაობს. "ევროპული ტექნოლოგიით ვქმნით ქართულ ხარისხს", – ამბობენ დამფუძნებლები. კომპანია ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მასალების ხარისხს. ყველა მასალას, რომელსაც "მერქანი" იყენებს, აქვს შესაბამისი უვნებლობის სერტიფიკატი.

კომპანია წლების განმავლობაში მარკეტინგული ჯგუფის და სტრატეგიის გარეშე მუშაობდა და დამკვეთების ბაზაც ბუნებრივად ჩამოყალიბდა. რეპუტაცია კმაყოფილი დამკვეთის რეკომენდაციამ განსაზღვრა.

"ამ დროის განმავლობაში შევძელით კომერციული სარგებელი და ადამიანური ფაქტორი შეგვეთავსებინა – ამას დამკვეთი ყოველთვის გრძნობს. ვცდილობთ, რომ კომუნიკაციას მაქსიმალური დრო დავუთმოთ. ჩვენი მომხმარებლები სხვადასხვა პროფესიის არიან და ყველას არ ესმის ამ სფეროს სპეციფიკური ტერმინოლოგია. ამიტომ ვცდილობთ, ყველაფერი მარტივად და გასაგებად ავუხსნათ. სწორედ ამიტომაც არის კომუნიკაცია ჩვენთან მარტივი. ამას ხშირად აღნიშნავენ", – ამბობს Entrepreneur-თან საუბრისას ედუარდ გულავრიშვილი.

ავეჯის წარმოების სფეროში ერთ-ერთი დიდი გამოწვევა პროფესიონალი ხელოსნების დეფიციტია. "მერქანი" პროფესიონალი კადრების რესურსის სახით მაღალი ხარისხის სერვისს უზრუნველყოფს. მომხმარებლისთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევასთან ერთად, დიდი ყურადღება ეთმობა სწორი კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბებას.

"ვცდილობთ, გუნდში შევქმნათ ღირსეული და მეგობრული სამუშაო გარემო. სწორედ ამიტომ მუშაობენ ჩვენთან თავიანთი საქმის ერთგული პროფესიონალები. ამ გუნდის გარეშე "მერქანი" არ იქნებოდა იქ, სადაც დღეს არის. ის, რომ ყველა ჩვენი განხორციელებული პროექტი დამკვეთის კმაყოფილებით სრულდება, ამ ადამიანების დამსახურებაა. შედეგად ადამიანები გვანდობენ საკუთარ სახლებზე ზრუნვას, გვიწევენ რეკომენდაციას და ხშირ შემთხვევაში განმეორებითადაც თანამშრომლობენ ჩვენთან", – დათუშა დარსალია.

"მერქანის" წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც სანდოობის მაღალი ხარისხი განაპირობა, ვადების დაცვაა. გუნდი მაქსიმალურად ცდილობს, რომ პროექტი დათქმულ დროს ჩაჰბარდეს დამკვეთს.

"რა თქმა უნდა, ყოფილა ვადების გადაცილების შემთხვევებიც, თუმცა წლების განმავლობაში ეს მინიმუმამდე დავიყვანეთ. უმეტეს შემთხვევაში კი დაგვიანებას აქვს საპატიო მიზეზი, რომელიც დამკვეთისთვის ცნობილი და სრულიად გასაგებია. ჩვენი საქმიანობა წარმოებაა და წარმოების დროს ხშირად ხდება გაუთვალისწინებელი რამ – შესაძლოა აღმოჩნდეს ხარვეზიანი დეტალი. თუმცა ჩვენი ვალდებულებაა, რომ პასუხისმგებლობა ბოლომდე ავიღოთ და პრობლემა მოკლე დროში მოვაგვაროთ", – ამბობს ედუარდ გულავრიშვილი.

"მერქანმა" ამ დრომდე არაერთი მასშტაბური პროექტი განახორციელა: რამდენიმე სასტუმრო, რამდენიმე უნივერსიტეტი, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი და ბათუმის უნივერსიტეტი. კომპანიის გუნდისთვის განსაკუთრებით საამაყოა ის, რომ არაერთმა წამყვანმა ინტერიერის დიზაინერმა საკუთარი საცხოვრებლის მოწყობა სწორედ "მერქანს" ანდო. დამფუძნებლები ამბობენ, რომ დაგროვილი ცოდნით, ნდობით, გამოცდილებით და უკვე განხორციელებული პროექტებით, კომპანიას აქვს რესურსი, საქმიანობა კიდევ უფრო გააფართოოს და დიდ მასშტაბებზე იმუშაოს.

კომპანიამ 2025 წლის გაზაფხულზე ახალი სივრცეც წარადგინა – გაიხსნა შოურუმი, სადაც წარმოდგენილია "მერქანის" ექსკლუზიური დიზაინით დამზადებული შიდა კარები. დამფუძნებლების განმარტებით, ეს სივრცე იმიტომ შეიქმნა, რომ კომპანიის ხედვები დამთვალიერებლისა და პოტენციური მომხმარებლებისთვის უკეთ ეჩვენებინათ. აქ წარმოდგენილი კარების როგორც დიზაინი, ისე შესრულება "მერქანს" გვეკუთვნის. თითოეული მოდელი თანამედროვე დიზაინითა და მაღალი ხარისხით იქმნება.

ინტერვიუს ბოლოს ედუარდ გულავრიშვილი და დათუშა დარსალია კომპანიის სამომავლო მიზნებსაც გვიზიარებენ:

"ჩვენი მიზანია, შევქმნათ ბრენდი, რომელსაც ხალხი ენდობა და მასშტაბურადაც კიდევ უფრო ცნობადია. გვინდა, რომ "მერქანი" იყოს კომპანია, რომელიც მომხმარებლებისა და დასაქმებულებისთვისაც დადებით ცვლილებებთან ასოცირდებოდეს. გეგმის ნაწილი ჩვენი პროდუქციის ექსპორტიცაა და ამ მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ".