მეტი შედეგი, ნაკლები დრო – როგორ ცვლის Flashcards.ge განათლებას AI-ის დახმარებით
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სტუდენტები დღესაც დიდ დროს ხარჯავენ ინფორმაციის დასამახსოვრებლად, თუმცა შედეგი ხშირად არ არის ეფექტური. სწორედ ამ პრობლემის პასუხად შეიქმნა Flashcards.ge – პლატფორმა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სწავლას უფრო სწრაფ და ინტერაქტიულ პროცესად აქცევს.
"იდეა ძალიან მარტივი დაკვირვებიდან დაიბადა. ვხედავდით, რომ სტუდენტები დიდ დროს ხარჯავდნენ ინფორმაციის დამახსოვრებაზე, თუმცა შედეგი ხშირად არ იყო ეფექტური. მეც ამ პროცესში ვიყავი და მივხვდი, რომ სწავლა ზედმეტად ნელი და არაორგანიზებული იყო. სწორედ აქ გაჩნდა იდეა, შეგვექმნა ინსტრუმენტი, რომელიც ამ პროცესს გაამარტივებდა და შედეგზე ორიენტირებულს გახდიდა. დღეს უკვე ვხედავთ, რომ იმავე პრობლემას ძალიან ბევრი სტუდენტი აწყდება, რაც კიდევ უფრო გვარწმუნებს, რომ სწორი მიმართულებით ვმუშაობთ", – ამბობს Flashcards.ge-ის დამფუძნებელი, გიორგი.
პლატფორმის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ სტუდენტები დღესაც "მე-20 საუკუნის მეთოდებით სწავლობენ".
"სკოლებსა და უნივერსიტეტებში ისევ დომინირებს დაზეპირება და არაეფექტური სწავლის მეთოდები. ტექნოლოგია სწრაფად განვითარდა, თუმცა სწავლის მიდგომები ბევრგან იგივე დარჩა, რის გამოც სტუდენტები ეჩვევიან ამ მოდელს და ხშირად ალტერნატივას არც ეძებენ. სხვა ქვეყნებთან შედარებით დიდი სხვაობა არ არის, თუმცა საქართველოში უფრო აშკარაა დაზეპირებაზე ორიენტირებული მიდგომა. ბევრ განვითარებულ ქვეყანაში მეტი ყურადღება ეთმობა სისტემურ სწავლას, განმეორებას და ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას. საქართველოში კი ხშირად მთავარი მიზანი გამოცდის ჩაბარებაა და არა ცოდნის გრძელვადიანი შენარჩუნება", – ამბობს ის.
როგორ მუშაობს პლატფორმა?
Flashcards.ge იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც მომხმარებლის მიერ მიწოდებული მასალიდან ავტომატურად ქმნის სასწავლო ბარათებს, ტესტებსა და მოკლე შეჯამებებს. სისტემა ოპტიმიზებულია ისე, რომ სწავლა იყოს სწრაფი, ინტერაქტიული და მორგებული კონკრეტულ მომხმარებელზე. პრაქტიკაში კი ეს იმას ნიშნავს, რომ სტუდენტს შეუძლია რამდენიმე წუთში მიიღოს ის, რისთვისაც ადრე საათები სჭირდებოდა.
გიორგი აღნიშნავს, რომ პლატფორმა ქართულენოვან ტექსტებს ისეთივე ხარისხით ამუშავებს, როგორც ინგლისურენოვანს, რაც, მისი თქმით, თავიდანვე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო.
"ვმუშაობდით ქართულენოვან მონაცემებზე, ვტესტავდით სხვადასხვა მოდელს და მუდმივად ვაუმჯობესებდით შედეგებს. დღეს უკვე გვაქვს სისტემა, რომელიც ქართულ ენაზეც სტაბილურად და მაღალი სიზუსტით მუშაობს, თუმცა ამ მიმართულებით განვითარება არ ჩერდება და მუდმივად ვაგრძელებთ გაუმჯობესებას".
პლატფორმის დამფუძნებელი ხაზს უსვამს, რომ ყველაზე რთული სისწრაფესა და სიზუსტეს შორის ბალანსის პოვნა იყო.
"გვინდოდა, რომ შედეგი ყოფილიყო როგორც სწრაფი, ისე ხარისხიანი. ამისთვის დავამატეთ დამატებითი შემოწმების ეტაპები და მუდმივად ვტესტავთ გენერირებულ მასალას. მომხმარებელს ასევე აქვს შესაძლებლობა, გადაამოწმოს და დაარედაქტიროს კონტენტი. საბოლოოდ, ჩვენი მიზანია, რომ მიღებული მასალა რეალურად გამოსადეგი იყოს სწავლაში და არა უბრალოდ გენერირებული ტექსტი", – ამბობს გიორგი.
მომხმარებლები და ზრდა
პლატფორმის ძირითადი მომხმარებლები არიან სტუდენტები და აბიტურიენტები, რომლებიც აქტიურად ემზადებიან გამოცდებისთვის. ისინი იყენებენ პლატფორმას მასალის სწრაფად დასამუშავებლად, ფლეშქარდების შესაქმნელად და განმეორებისთვის. გიორგი ამბობს, რომ ბევრი მათგანი Flashcards.ge-ს არა მხოლოდ გამოცდების პერიოდში, არამედ ყოველდღიურ სასწავლო ინსტრუმენტად იყენებს.
ის აღნიშნავს, რომ პირველი 100 მომხმარებელი მარკეტინგის გარეშე მოიზიდეს – სრულიად ორგანულად, პირადი კონტაქტებითა და რეკომენდაციებით.
"ყველაზე კარგად იმუშავა იმან, რომ პროდუქტს რეალური ღირებულება ჰქონდა, სტუდენტები თავად უზიარებდნენ ერთმანეთს. ეს გვიჩვენებს, რომ ძლიერი პროდუქტი თავისით იწყებს გავრცელებას, დამატებითი მარკეტინგის გარეშეც", – აღნიშნავს Flashcards.ge-ის დამფუძნებელი.
გამოწვევები და სამომავლო გეგმები
გიორგის ამბობს, რომ ამ ეტაპზე პლატფორმის მთავარ გამოწვევას სწრაფი და სტაბილური ზრდა წარმოადგენს.
"უკვე ვხედავთ, რომ პროდუქტზე რეალური მოთხოვნა არსებობს და ახლა ყურადღებას მასშტაბირებაზე ვამახვილებთ ისე, რომ შევინარჩუნოთ პროდუქტის ხარისხი და მომხმარებლის გამოცდილება".
მისი თქმით, მათ უკვე აქვთ კომუნიკაცია რამდენიმე ინვესტორთან და ამ ეტაპზე აკვირდებიან საუკეთესო შესაძლებლობებს სწორი პარტნიორობისთვის.
"Flashcards.ge სწრაფად იზრდება და ყოველდღიურად ვხედავთ რეალურ მოთხოვნას სტუდენტების მხრიდან, რაც გვაძლევს ძალიან მკაფიო სიგნალს პროდუქტის პოტენციალზე. ახლა ჩვენი მთავარი ფოკუსი არის ზრდის დაჩქარება და პროდუქტის კიდევ უფრო გაუმჯობესება, ხოლო სწორი ინვესტორი ამ პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს და დაგვეხმარება პროდუქტის უფრო სწრაფად განვითარებასა და ფართო მასშტაბით გავრცელებაში.
ხელოვნური ინტელექტი მთლიანად ცვლის სწავლების წესს. სწავლა არის არა მხოლოდ ინფორმაციის მიღება, არამედ მისი სწორად გამოყენება და ინდივიდზე მორგება. მომავალში ეს პროცესი გახდება ბევრად სწრაფი, პერსონალიზებული და შედეგზე ორიენტირებული. Flashcards.ge-ის მიზანია, იყოს ამ ცვლილების აქტიური ნაწილი და ერთ-ერთი პირველი პლატფორმა საქართველოში, რომელიც სტუდენტებს ამ ახალ რეალობასთან ადაპტაციაში დაეხმარება", – ამბობს გიორგი, Flashcards.ge-ის დამფუძნებელი.